სიახლეები

„შპს „ტიფლისი 777“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1250)

2018 წლის 25 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის „შპს „ტიფლისი 777“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1250) არსებითი განხილვა.

სადავო ნორმის თანახმად, თუ გაკოტრების საქმის წარმოებისას სამ აუქციონზე ვერ მოხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია და კრედიტორებმა არ მიიღეს ის საერთო საკუთრებაში, ქონების მესაკუთრე ხდება სახელმწიფო.

მოსარჩელის განმარტებით, სამეურვეო ქონების მართლზომიერი მესაკუთრე არის მოვალე. შესაბამისად, თუ ქონება არ გაიყიდება აუქციონზე და მას კრედიტორები არ მიიღებენ საკუთრებაში, ის უნდა დაუბრუნდეს მოვალეს. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, ასეთი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა მოვალის საკუთრების უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი) დარღვევას იწვევს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის მე-6 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.