სიახლეები

„შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2017 წლის 27 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (რეგისტრაციის №745) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 23¹ მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

სადავო ნორმა ადგენს ელექტროენერგიის ბაზრის კონკრეტული სუბიექტების მიერ ელექტროენერგიის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ვალდებულებას და საფასურის გამოთვლის წესს. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია ის გარემოება, რომ იგი, როგორც კვალიფიციური საწარმო - პირდაპირი მომხმარებელი, ვალდებულია, ბაზრის ოპერატორს გადაუხადოს გარანტირებული სიმძლავრის საფასური მის მიერ ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად, და არა ასეთი სიმძლავრის წყაროს (თბოელექტროსადგურის) გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების რეალური საჭიროების გათვალისწინებით. მოსარჩელის თქმით, გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გამოთვლის ამგვარი წესი წარმოადგენს გაუმართლებელ ფინანსურ ტვირთს, რომელიც რეალურად ემსახურება სხვა საწარმოს დაფინანსებას და არა მთლიანად ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას.