სიახლეები

2017 წლის 7 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო უცხო ქვეყნის საწარმოს „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ - ის კონსტიტუციური სარჩელი N876

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 7 აპრილს არსებითად განსახილველად მიიღო №876 კონსტიტუციური სარჩელი („უცხო ქვეყნის საწარმო „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე ითხოვს თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის აკრძალვის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის აკრძალვის პრინციპთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს შეზღუდვა თამბაქოს ნაწარმის უფასო მიწოდებაზე, თუმცა დაუშვებელია მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასების კონტროლი.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების  „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.