სიახლეები

2017 წლის 7 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქეების - იმედა ქარქაშაძის, მევლუდ ჯანჯღავას, ხათუნა ჩხაიძის, სოფიო გოგლიჩიძის, დიან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 7 აპრილს არსებითად განსახილველად არ მიიღო №870 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - იმედა ქარქაშაძე, მევლუდ ჯანჯღავა, ხათუნა ჩხაიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე ითხოვდა ,,იურიდიული დახმარების შესახებ“   საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის ნორმატიულ შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, სიტყვის, აზრისა და შრომის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებრივ კომპონენტებთან მიმართებით. კერძოდ, მოსარჩელე ასაჩივრებდა სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ეხება იურიდიული დახმარების საბჭოს უფლებას, ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და დახმარების ხარისხის შეფასებისთვის დაადგინოს ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც მოსარჩელის აზრით ეწინააღმდეგება ადვოკატსა და კლიენტს შორის არსებული ურთიერთობის კონფიდენციალურ ხასიათს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ნორმით დადგენილია იურიდიული დახმარების საბჭოს ზოგადი კომპეტენცია განსაზღვროს, თუ რა კრიტერიუმებით შეფასდება ცენტრში დასაქმებული ადვოკატის მიერ შესრულებული სამუშაო, ხოლო იურიდიული კონსულტაციისა და დახმარების შეფასების წესი და კონკრეტული კრიტერიუმები მოცემულია სხვა სამართლებრივ აქტში. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას და სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება გასაჩივრებულ ნორმას.

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

განჩინება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

დავის საგანი: ,,იურიდიული დახმარების შესახებ“   საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16 მუხლებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით.