სიახლეები

2022 წლის 4 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2022 წლის 4 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1481).

 

დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

განსახილველ საქმეზე, სადავო ნორმა განსაზღვრავს სამოქალაქო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს და ადგენს სასამართლოსთვის იმავე სარჩელით განმეორებით მიმართვის შესაძლებლობას სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ცალკეული საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში.

 

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი მოსამართლეს ანიჭებს უფლებას, საქმის არსებითად განხილვის გარეშე, უარი თქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და იგი უკან დაუბრუნოს პირს. მოსარჩელის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, პირი იძულებულია, გაასაჩივროს სასამართლოს განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან აღმოფხვრას ხარვეზი და განმეორებით მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული კი დამატებით ვადებთან არის დაკავშირებული, რაც აფერხებს საქმის დროულად განხილვას და, ხშირ შემთხვევაში, აზრსაც კი უკარგავს დავის შემდგომ გაგრძელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ირღვევა სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და საქმის დროულად განხილვისა და გადაწყვეტის უფლება.

 

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.