სიახლეები

2017 წლის 21 ივლისს 16:00 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N745) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 21 ივლისს 16:00 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N745) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

სადავო ნორმა ადგენს ელექტროენერგიის ბაზრის კონკრეტული სუბიექტების მიერ ელექტროენერგიის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ვალდებულებას და საფასურის გამოთვლის წესს. მოსარჩელე მხარე პრობლემურად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ იგი, როგორც კვალიფიციური საწარმო - პირდაპირი მომხმარებელი, ვალდებულია, ბაზრის ოპერატორს გადაუხადოს გარანტირებული სიმძლავრის საფასური მის მიერ ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად, და არა ასეთი სიმძლავრის წყაროს (თბოელექტროსადგურის) გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების რეალური საჭიროების გათვალისწინებით. მოსარჩელის თქმით, გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გამოთვლის ამგვარი წესი წარმოადგენს გაუმართლებელ ფინანსურ ტვირთს, რომელიც რეალურად ემსახურება სხვა საწარმოს დაფინანსებას და არა მთლიანად ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა, ერთი საწარმოსთვის სხვა საწარმოს სამეწარმეო საქმიანობის დაფინანსების ვალდებულებას ითვალისწინებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებისა და კონკურენციის კონსტიტუციით გარანტირებულ პრინციპთან. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენილი ოდენობით გადახდის ვალდებულება მძიმე ტვირთად დააწვება მოსარჩელეს და შესაძლებელია, მისი გადახდისუუნარობა გამოიწვიოს. აღნიშნული ფაქტი, მოსარჩელის განმარტებით, მომეტებულად ზღუდავს მისი საკუთრების უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.