სიახლეები

2017 წლის 21 ივლისს 12:00 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი

2017 წლის 21 ივლისს 12:00 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) კონსტიტუციურ სარჩელზე  ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტებისა“ (შემდგომში „ცენტრისტები“)  და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ.

მოსარჩელე მხარე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობა, ვინაიდან იგი მიმართულია საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, რაც, მოსარჩელეთა განმარტებით, წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის კონსტიტუციურ საფუძველს.

მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, „დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს“. კონსტიტუციური სარჩელის ავტორების აზრით, გამართლებულია ისეთი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეზღუდვა, რომელიც თავისი მოღვაწეობით ხელყოფს ხსენებულ საჯარო ინტერესებს.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურობის დადგენისას ყურადღება უნდა მიექცეს „ცენტრისტების“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ცხადად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. კერძოდ, კონსტიტუციურ სარჩელში აღწერილია „ცენტრისტების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაკეთებული განცხადებები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავდა დაპირებას „რუსული პენსიისა“ და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსული სამხედრო ძალების დაკანონების თაობაზე. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული განცხადებები ახდენს „ცენტრისტების“ საქმიანობის მიზნების დეკლარირებას, მოახდინონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო შენაერთების კანონიერად ცნობა და ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტების“ საქმიანობის კონსტიტუციურობა.