სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა №1678 და №1679 კონსტიტუციურ სარჩელებზე

2023 წლის 31 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1678 და 1679).

განსახილველ საქმეზე, სადავო ნორმები ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით, პაციენტს შეუზღუდოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგი უფლებები.

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების შესაბამისად, ექიმს უფლება აქვს, პაციენტს შეუზღუდოს მკურნალობაზე უარის თქმის უფლება, რაც, მოსარჩელის აზრით, მოიცავს სტაციონარის დატოვების უფლების შეზღუდვასაც. მოსარჩელე გაუმართლებლად მიიჩნევს პაციენტის არანებაყოფლობით სტაციონარულ მკურნალობას მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე და მიუთითებს, რომ აღნიშნული, უფლების შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, უნდა საჭიროებდეს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნასა და სასამართლოს თანხმობას. იმავდროულად, მოსარჩელისათვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმა ექიმს შესაძლებლობას აძლევს, პირობების მინიმალური შეზღუდვის უფლებიდან გადახვევით, პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ, მის მიმართ გამოიყენოს მაქსიმალური ტიპის მედიკამენტოზური შეზღუდვა - ე.წ „სწრაფი ტრანკვილიზება“.

გარდა ამისა, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო რეგულირების თანახმად, ექიმი უფლებამოსილია, პაციენტს შეუზღუდოს არჩევნებში მონაწილეობის, სანატორიული და საკურორტო მომსახურებით სარგებლობის, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის, მისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიღების, განათლების მიღებისა და სხვა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგი უფლებები. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელისათვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო რეგულირება არ ითვალისწინებს პაციენტის უფლებების შეზღუდვის კრიტერიუმებს, პროცედურას და მიღებული  გადაწყვეტილების დასაბუთებას, რაც, მისი აზრით, ზრდის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

 

დავის საგანი:

№1678 კონსტიტუციურ სარჩელზე: „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ექიმის უფლებას, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით, პაციენტს შეუზღუდოს ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-12 მუხლთან და მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

№1679 კონსტიტუციურ სარჩელზე: „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლთან და 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.