სიახლეები

2017 წლის 24 მარტს 11:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება N693,857 კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვის სხდომა

2017 წლის 24 მარტს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ და ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ კონსტიტუციურ სარჩელებზე (რეგისტრაციის N857 და N693).  

მოსარჩელეთა მტკიცებით,  სადავო ნორმებით მათ ეზღუდებათ  საერთო სასამართლოში საქმის ღია სხდომაზე განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის შესაძლებლობა, ვინაიდან საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების მესამე პირთათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილებაში არსებულ მონაცემთა დეპერსონალიზაციის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოები უარს აცხადებენ გადაწყვეტილების მესამე პირთათვის გადაცემაზე მხარეთა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

მოსარჩელეთა აზრით, საჯარო სხდომაზე ხდება ყველა იმ არგუმენტის, ინფორმაციის გამორკვევა, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება. შესაბამისად, აზრს მოკლებულია იმ ინფორმაციის დამალვა, რომელიც ღია პროცესზე იქნა განხილული.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.