სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა №1553 კონსტიტუციურ სარჩელზე

2021 წლის 15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა, საქმეზე „„შპს იურიდიული ოფისი ლეგალ რაითს ჯორჯია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1553).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-20მუხლების შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ბაჟის განსხვავებულ ზედა ზღვრულ ოდენობებს, პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში.

მოსარჩელის არგუმენტაციით, იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ბაჟის განსხვავებული, ფიზიკურ პირთან შედარებით, მაღალი ზღვრული ოდენობის დაწესება იწვევს იურიდიული პირის დისკრიმინაციას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელე, ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ქმნის სასამართლოში დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართვისათვის ბარიერებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელ სხდომაზე სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ა“, „ბ.ა“ და „გ.ა“ ქვეპუნქტების სიტყვების „ფიზიკური პირისათვის“ და ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“ და „გ.ა“ ქვეპუნქტების სიტყვების „ფიზიკური პირისათვის“ და „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და 31-ე მუხლის პირველ პუნქტებთან მიმართებით.