ვებგვერდი დამუშავების პროცესშია. ვებგვერდის წინა ვერსიაზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს.

ხშირად დასმული კითხვები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით ან წარდგინებით შეუძლია მიმართოს: პრეზიდენტმა, მთავრობამ, პარლამენტმა, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, სასამართლომ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, გენერალურმა პროკურორმა, ეროვნული ბანკის საბჭომ, გენერალურმა აუდიტორმა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითმა ან აღმასრულებელმა ორგანომ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ, სახალხო დამცველმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის არსებით ელემენტს წარმოადგენს ნორმატიული აქტების (კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების) კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა.

კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლო:

ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე;

გ) საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი ვარაუდით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას;

დ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს დავას შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის სარჩელის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის სარჩელის ან წარდგინების საფუძველზე იხილავს საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხს;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იხილავს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს;

ზ) პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან შესაბამისი პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხს;

თ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს რეფერენდუმის ან არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას;

ი) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით;

საქართველოს მოქალაქეები, სხვა  ფიზიკური და  იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს თუ მათ მიაჩნიათ, რომ კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი არღვევს ან შესაძლებელია უშუალოდ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.

კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის (მოსარჩელეთა) მიერ.

კონსტიტუციურ სარჩელს თან უნდა ერთოდეს:

ა) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;

ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არაუმეტეს 2 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადა კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის.

დიახ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა აუცილებელია.

  • ფიზიკური პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე 10 ლარი;

საკონსტიტუციო სასამართლოს არა აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, სახელმწიფო ბაჟის გაზრდის ან შემცირების უფლება.

  • სახელმწიფო ბაჟის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში შემდეგ სახაზინო კოდზე:

ანგარიში/სახაზინო კოდი 302 003 161, 302 003 150; სახელმწიფო ბაჟი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, როგორც წესი, განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა, თუ სხვაგვარად შეუძლებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევა.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა, როგორც წესი, ტარდება ზეპირი მოსმენით. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის და მოპასუხის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე არსებითად განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე.

ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დამტკიცებული ფორმით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თავისი წერილობითი მოსაზრებით. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება, რომელიც შესაძლებელია აისახოს ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. სასამართლოს მეგობრის ფორმა იხ.:

სამართალწარმოების მონაწილეები არიან მოსარჩელე და მოპასუხე. მხარეებს უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი ინტერესების დაცვა მიანდონ ადვოკატს ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირს. ასევე, მხარეებს უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება მიანდონ ნდობით აღჭურვილ პირს – წარმომადგენელს.

მხარეთა წარმომადგენლები არიან ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებსაც მხარეებმა კანონით დადგენილი წესით გადასცეს თავიანთი უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია, აგრეთვე თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მხარის წარმომადგენლის რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო ან შესაბამისი დაწესებულებისთვის დადგენილი წესით;

მხარეთა ინტერესების დამცველნი–ადვოკატები არიან პირები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საადვოკატო საქმიანობა, ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირები, რომლებიც სამართალწარმოებაში მონაწილეობენ მხოლოდ მხარეებთან ან მათ წარმომადგენლებთან ერთად. მათი დანიშვნის უფლება აქვს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს.

საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.

საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან. პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი. პლენუმის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კოლეგიის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი. კოლეგიის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ განიხილება:

  • საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე − დავა შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;
  • პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;
  • საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
  • საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი;
  • ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით (ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები.

ამასთან, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. ასეთ შემთხვევაში საქმის პლენუმზე განხილვის საკითხს წყვეტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განიხილება:

  • საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები;
  • დავა რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ;
  • საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხი;
  • საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხი;
  • დავა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე;
  • საქართველოს კონსტიტუციასთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი;
  • საქართველოს კონსტიტუციის 59-ე−64-ე მუხლებთან ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი (სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები);
  • საერთო სასამართლოების წარდგინება

ორგანული კანონის კონსტიტუციურობა.