გადაცდომებზე რეაგირება

თანმიმდევრობა

  1. ყველა ნაშრომი, რომელიც წარედგინება რედაქტორს ან სარედაქციო საბჭოს უნდა იყოს ორიგინალი ან მითითებული უნდა იყოს მისი პირვანდელი გამოქვეყნების დრო და ადგილი, აგრეთვე დადასტურებული უნდა იყოს ავტორის უფლება, ხელახალ ან განახლებული რედაქციით გამოქვეყნების თაობაზე;
  2. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა იყოს აქტუალური, საკონსტიტუციო სამართლის პრობლემურ ან მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირებული;
  3. ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები;
  4. ნაშრომში კვლევის მეთოდოგოლიის არსებობის შემთხვევაში იგი სრულად უნდა იყოს დაცული.

  

პლაგიატის აკრძალვა 

  1. დაუშვებელია საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომებში პლაგიატი, ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება;

  2. ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ყველა ნაშრომი მოწმდება პლაგიატის სპეციალური პროგრამაში Turnitin:

    1. პროგრამის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები ინდივიდუალურად ფასდება რედაქტორის მიერ და ხდება მისი სისწორის დადგენა;

    2. პროგრამის მიერ დამთხვევის დადგენის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და მოეთხოვება განმარტების და შესწორების წარმოდგენა, რისთვისაც განისაზღვრება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე; 

    3. პროგრამის მიერ 10%-ზე მეტი ზუსტი დამთხვევის დადგენის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და მოეთხოვება განმარტების წარმოდგენა, არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე, ნაშრომი არ განიხილება გამოსაქვეყნებლად. თუ ავტორის განმარტება მიუთითეს გულწრფელ შეცდომაზე ან დამთხვევის მიზეზი მკვლევარის გამოუცდელობაა, სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია ავტორს განუსაზღვროს გონივრული ვადა, არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, შეცდომის გამოსასწორებლად.

  3. რედაქტორის/სარედაქციო საბჭოს მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ნაშრომი არ გამოქვეყნდება ჟურნალში. განმარტების ან/და ცვლილების მოთხოვნაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის შემთხვევაში რედაქტორი ან/და სარედაქციო საბჭო იტოვებს ამ ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას; 

  4. გამოქვეყნებულ ნაშრომში მესამე პირის მიერ პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი უფლებამოსილია მიმართოს ჟურნალის სარედაქციო საბჭოს ან რედაქტორს (ელ.ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: jcl@constcourt.ge) და მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა, აგრეთვე პლაგიატის პროგრამიდან ამონაწერი დამთხვევების შესახებ. პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში ჟურნალის მომდევნო გამოცემაში განთავსდება პლაგიატის შესახებ ინფორმაცია და რედაქტორი ან/და სარედაქციო საბჭო იტოვებს პლაგიატი ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას. 

 
 
ეთიკის საკითხები და დარღვევებზე რეაგირება
 
  1. ჟურნალი აღიარებს და პატივს სცემს ეთიკის წესებს. ჟურნალმა უნდა უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა რედაქტირების პროცესში, იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ავტორსა და სარედაქციო კოლეგიის წევრს/წევრებს ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი, ავტორს ან/და კოლეგიის წევრს უფლება აქვს, განაცხადოს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რაზედაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო;

  2. ავტორებს მოეთხოვებათ დაიცვან ეთიკის წესები, რაც გულისხმობს ავტორის/ავტორების სათანადო მითითებას, წყაროების სწორ გამოყენებას, ფალსიფიკაციის და ფაბრიკაციის გამორიცხვას, ნაშრომის შემუშავებაში მონაწილე პირთა სათანადო მითითებას, პერსონალური მონაცემების პატივისცემას და სხვა საკითხებს;

  3. ჟურნალი მიესალმება და ახალისებს გამოქვეყნებული ნაშრომების განხილვას და კრიტიკას აკადემიურ თუ სოციალურ სივრცეში. დასაშვებია, ნაშრომების შესახებ უკუკავშირის ჟურნალისათვის მიწოდება ელ.ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: jcl@constcourt.ge. ავტორებს აქვთ უფლება, სარედაქციო საბჭოს სთხოვონ ნაშრომში მითითებული უზუსტობის გასწორება, რაც მიეთითება მომდევნო გამოცემაში და ვებ-გვერდზე;

  4. ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში/ნაშრომებში აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ჟურნალის რედაქტორს ან სარედაქციო საბჭოს (ელ.ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: jcl@constcourt.ge) და მოითხოვოს საკითხის მოკვლევა და შესაბამისი რეაგირება. განაცხადი უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დარღვევის შესახებ (ნაშრომის ავტორი, სათაური, დარღვევის ტიპი, დასაბუთება). რედაქტორი ვალდებულია ყველა ასეთი განაცხადი განიხილოს გონივრულ ვადაში და დასაბუთებული პასუხი აცნობოს განმცხადებელს. განაცხადის თაობაზე ეცნობება ავტორს/ავტორებს და ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი განმარტება წარმოადგინონ. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას რეაგირების შესახებ დარღვევის შინაარსიდან გამომდინარე;

  5. რედაქტორი უფლებამოსილია დარღვევის შესახებ ინფორმაცია სოციალური მედიის ან სხვა წყაროს მეშვეობით გავრცელების შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება განაცხადზე იმგვარად, როგორც მოიქცეოდა წერილობითი განაცხადის შემთხვევაში;

  6. ჟურნალი უფლებამოსილია გამოიყენოს ნაშრომის უკან გამოხმობის (retracting), ცვლილებების განხორციელების ან განაცხადის გაკეთების მექანიზმი, თუ გამოქვეყნებულ ნაშრომში აღმოჩენილია რაიმე ტიპის დარღვევა. თითოეული ამ მექანიზმის გამოყენება ხდება დარღვევის მნიშვნელობიდან გამომდინარე და მათზე გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო. ბეჭდური გამოცემის მომდევნო ნომერში უნდა აისახოს შესაბამისი გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებით, ხოლო ვებ-გვერდზე ასეთი ინფორმაცია განთავსდება შესაბამისი ნაშრომის გვერდზე.