თენგიზი ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/5/1655 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 ნოემბერი 2024 18:38 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: თენგიზი ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - ანი ცეკვაშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1655) მომართა თენგიზ ორჯონიკიძემ. №1655 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 5 ნოემბერს. №1655 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 3 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის №1/6/1655 საოქმო ჩანაწერით, №1655 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. №1655 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 29 ივნისს.
2. №1655 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი განამტკიცებს სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებებს. ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ქ. ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989 წლის 19 იანვრის განაჩენით, მოსარჩელე თენგიზ ორჯონიკიძეს მსჯავრი დაედო სსკ 2063 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1989 წლის 08 დეკემბრის №4/57 დადგენილებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული.
6. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი 50 კაციან ჯგუფთან ერთად, მიემართებოდა მერაბ კოსტავას მიერ 1988 წლის დეკემბერში ორგანიზებულ სანქცირებულ აქციაზე დასასწრებად, რაშიც კომუნისტური რეჟიმის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს და უფლება არ მისცეს, ჩასულიყვნენ სოხუმში. მოსარჩელის მტკიცებით, მისი გასამართლება და დასჯა კომუნისტურ ეპოქაში დისიდენტების წინააღმდეგ საყოველთაოდ გამოყენებული სსკ 2063 მუხლით მოხდა, რაც აშკარად პოლიტიკური რეპრესია იყო.
7. კონსტიტუციურ სარჩელზე წარმოდგენილი ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის №3/1505-17 განჩინების თანახმად, თენგიზ ორჯონიკიძეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. განჩინებაში აღნიშნულია, რომ თენგიზ ორჯონიკიძემ 2017 წლის 28 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება, ისევე როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროს დაკისრებოდა კომპენსაციის სახით 2000 ლარის გადახდა. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის წარმოების მასალები და მიიჩნია, რომ თენგიზ ორჯონიკიძის სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში შემდეგ გარემოებათა გამო: „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლოს წესით. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად კი, პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსათვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. დასახელებული კანონი გამოქვეყნდა და, ამავდროულად, ამოქმედდა 2011 წლის 18 მაისს. შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება კანონმა 2012 წლის 18 მაისამდე განსაზღვრა. თენგიზ ორჯონიკიძემ სასამართლოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 28 თებერვალს. სარჩელი წარდგენილია „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რის გამოც იგი არ იქნა მიღებული განსახილველად.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ამგვარი ნორმატიული შინაარსით, ანუ პირებისათვის სასამართლოსთვის მიმართვის ვადის დაწესებით, სახელმწიფო უკვე ჩაერია მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიღებას შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. მოსარჩელის მოსაზრებით, კანონმდებელმა გაუმართლებლად შეზღუდა ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისთვის დაწესებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან დააწესა ხანდაზმულობა სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვისთვის 2012 წლის 18 მაისამდე, რაც გაუმართლებელია და არღვევს უკანონო პატიმრობისათვის სახელმწიფოსგან კუთვნილი კომპენსაციის მიღების უფლებას.
9. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, ზოგადად, აღნიშნა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვის ხანდაზმულობის ვადა არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან თუ სახელმწიფო კეთილი ნების ფარგლებში იღებს ამ პირთათვის სტატუსის მინიჭებისა და კომპენსაციით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას, მაშინ ასეთ გადაწყვეტილებას არ უნდა გააჩნდეს კონკრეტული ვადით შემოსაზღვრული ფარგლები. მიუხედავად ზემოხსენებული პოზიციისა, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დასკვნით სიტყვაში დააზუსტა არგუმენტაცია და მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადის არსებობა კი არ არის თავისთავად არაკონსტიტუციური, არამედ იგი არ არის იმდენად ეფექტიანი და ქმედითი, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი. შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადა, ზოგადად, უნდა არსებობდეს, თუმცა იგი უნდა იყოს მოქალაქისთვის უფლების დაცვის ქმედითი და ეფექტიანი საშუალება. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თენგიზ ორჯონიკიძემ ვადის დარღვევით მიმართა სასამართლოს.
10. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციით, განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხი არ უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, ვინაიდან კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი ზიანის a priori ანაზღაურებას, რომელიც პირს მიადგა საბჭოთა კავშირის რეპრესიის დროს, მაშინ როდესაც, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფალი მოკლებული იყო ეფექტიანი მმართველობის განხორციელების შესაძლებლობას. მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, სადავო ნორმა მიღებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს მიერ გამოხატული კეთილი ნების ფარგლებში იმ პირთა დარღვეული უფლებების საკომპენსაციოდ, ვინც განიცადეს საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიები, თუმცა, ამავე დროს, სახელმწიფომ აღნიშნული გადაწყვეტილება შემოფარგლა კონკრეტული ვადით, რაც, თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი განსაზღვრულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანს.
11. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, ზემოხსენებული პოზიცია სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი მმართველობის არარსებობის თაობაზე, დასტურდება, ერთი მხრივ, 1991 წლის საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, მეორე მხრივ კი, ამავე წელს ჩატარებული რეფერენდუმის ფარგლებში დასმული შეკითხვის არსით - „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“. რაც შეეხება სადავო ნორმით განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადას, საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ თავდაპირველად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის მიმართვის ვადა იყო 14 წელი, ხოლო შემდგომ სახელმწიფომ კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა, შესაბამისად, ამ საკითხის გადასაწყვეტად არსებობდა ჯამში 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოპასუხე მხარის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკუთრივ მოსარჩელის არგუმენტაცია არ იძლევა სადავო ვადის არაგონივრულობაში დარწმუნების მტკიცე საფუძველს, რის გამოც შეუძლებელია სათანადო დასაბუთებისა და ხელშესახები არგუმენტების გარეშე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა. მათი პოზიციით, საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს სადავო ნორმის სულისკვეთებისა და კონსტიტუციის ნორმის სწორ განმარტებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით დაცული სფერო
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
3. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების არცერთი უკანონო ქმედება. აუცილებელია, არსებობდეს ხელმისაწვდომი და ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში პირი შეძლებს უფლებებში აღდგენას და მიყენებული მატერიალური თუ არამატერიალური ზარალის ანაზღაურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს მიიღებს და მოწყვლადი გახდება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედებების ჩადენის მიმართ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/4/735 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
4. ზემოხსენებული კონსტიტუციური დანაწესი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). სწორედ აღნიშნული წინაპირობების კუმულატიურად არსებობის შემთხვევაშია სახეზე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ზარალი და მისი ანაზღაურების საფუძველი.
5. ამდენად, განსახილველ საქმეზე უნდა შეფასდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობა და დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ან მოსამსახურეთა უკანონო ქმედებისა და ზარალის მიყენების ფაქტის არსებობა.
6. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონსტიტუციური დებულებით დაცული სფეროს განმარტების შემდგომ, დავის გადაწყვეტის მიზნით, იმისთვის, რათა დადგინდეს სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი, აუცილებელია, სასამართლომ დაადგინოს, სადავო ნორმით ხორციელდება თუ არა კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით დაცულ უფლებრივ სფეროში ჩარევა, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეაფასოს მისი კონსტიტუციურობა. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის შინაარსსა და უფლებაში ჩარევის საკითხს თანმიმდევრულად შეაფასებს.
2. სადავო ნორმით გათვალისწინებული შინაარსის იდენტიფიცირება და არის თუ არა სახეზე ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით დაცულ სფეროში
7. „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, „პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში“. ხსენებული დებულება შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც მის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ჰქონდათ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების უფლება.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ამგვარი ნორმატიული შინაარსით, ანუ პირებისათვის სასამართლოსთვის მიმართვის ვადის დაწესებით, სახელმწიფო უკვე ჩაერია მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, კანონმდებელმა გაუმართლებლად შეზღუდა ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისთვის დაწესებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან დააწესა ხანდაზმულობა სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვისთვის 2012 წლის 18 მაისამდე, რაც გაუმართლებელია და არღვევს უკანონო პატიმრობისათვის სახელმწიფოსგან კუთვნილი კომპენსაციის მიღების უფლებას.
9. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულაში კანონმდებელმა ასახა ზემოაღნიშნული მიზნები და მიუთითა, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო აღიარებს საბჭოთა რეჟიმის დროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს თავისუფალი საქართველოს შექმნაში. კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც მისი რეგულირების ფარგლებს განსაზღვრავს, განმარტავს, რომ „ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე“.
10. ამავე დროს, ხსენებული კანონის პროექტზე დართული განმარტებითი ბარათის თანახმად, „კანონპროექტის მიღების მიზანია კომუნისტური მემკვიდრეობის დაძლევა, რაც მოიცავს მენტალობის ტრანსფორმაციას, რომლის მთავარი მიზანია რეპრესირებულთა ღვაწლის სათანადო აღიარება კანონის დონეზე და კომპენსაციის სამართლიანი და რეალური მექანიზმების შემოღება. ისტორიის ცოდნა ერთ-ერთი წინაპირობაა მომავალში ამგვარ დანაშაულთა თავიდან ასაცილებლად. კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულის მორალური შეფასება და დაგმობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომავალი თაობების აღზრდაში. სწორედ ამიტომ საკანონმდებლო დონეზე უნდა დაიგმოს კომუნისტური ტოტალიტარული სისტემის მიერ ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფა და გამოიხატოს ამ დანაშაულის მსხვერპლთა მიმართ სიმპათია, გაგება და აღიარება“.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კანონის მიზანი იყო არა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ ზოგადი, ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, არამედ კანონის მიღებამდე პერიოდში სახელმწიფოს მიერ უკვე განხორციელებული რიგი ქმედებების შეფასება და სახელმწიფოს მოქმედების შედეგად დაზარალებული პირების გარკვეულწილად კომპენსირება. ამდენად, სადავო კანონმა იმ პირების მიმართ, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ამ კანონის ამოქმედებამდე, ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე, შეიმუშავა კომპენსირების სპეციალური წესი. ამდენად, აშკარაა, რომ კანონის მიზნისა და სულისკვეთებიდან გამომდინარე, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს კანონის ამოქმედებამდე.
12. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა, ვინაიდან კონკრეტული ვადით შემოსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა კონკრეტული ვადით შემოფარგლავს, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსათვის მიმართვა წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების პროცედურის ნაწილს და, ამავე დროს, ხსენებული სტატუსის მიღების ერთადერთ გზას. ამ პროცესში პირველი ინსტანციის სასამართლო მონაწილეობს როგორც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და არა სხვა ორგანოს ქმედების კანონიერების მაკონტროლებელი. სასამართლოსათვის მიმართვა ემსახურება არა რომელიმე ორგანოს მიერ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმებას, არამედ თავად ამ სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. ამდენად, სადავო ნორმით ხდება არა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობასთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილებიდან დაცვის საპროცესო წესრიგის დადგენა, არამედ თავად ამ მატერიალური უფლების რეალიზების დროით შემოფარგვლა. სადავო ნორმა არსობრივად ადგენს, რომ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ პირს უფლება აღარ აქვს, მოითხოვოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობა. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ნორმის ძალით არ ხდება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ავტომატური აღიარება. გასაჩივრებული ნორმა შეეხება მხოლოდ იმ საკითხს, თუ კანონის ამოქმედებიდან რა ვადაში შეუძლია პირს ისარგებლოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვის უფლებით. სადავო ნორმას არ გააჩნია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანისთვის სასამართლო წესით შესაბამისი კომპენსაციის უპირობოდ მიღების/ანაზღაურების ნორმატიული შინაარსი. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა მიემართება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ვადის დაწესებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვის შესაძლებლობისთვის.
13. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დებულება განამტკიცებს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანისთვის სასამართლო წესით შესაბამისი კომპენსაციის მიღების უფლებას. ამ მიზნით, როგორც აღინიშნა, სასამართლოს პრაქტიკით, დადგენილია ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შესაბამისი წინაპირობებიც. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე თენგიზ ორჯონიკიძემ სადავო ნორმით დადგენილი ვადის დარღვევით მიმართა სასამართლოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე. სასამართლომ სწორედ ამ საფუძვლით არ მიიღო მოსარჩელის სარჩელი წარმოებაში. შესაბამისად, წარმოდგენილი №1655 კონსტიტუციური სარჩელით და საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე, მოსარჩელეს უნდა დაესაბუთებინა, რატომ მიაჩნია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადის დადგენა არაკონსტიტუციურად. ასევე, ხაზგასასმელია, რომ მოსარჩელე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, რომელიც ადგენს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების კონსტიტუციურ სტანდარტს. მოცემულ შემთხვევაში კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან და საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე გამორკვეული ინფორმაციიდან დგინდება, რომ სასამართლოსთვის მიმართვის ვადის დარღვევა მოხდა არა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან, არამედ საკუთრივ მოსარჩელის ბრალით. საკონსტიტუციო სასამართლო იღებს რა მხედველობაში, რომ სადავო ნორმით დადგენილი ვადა მიემართება დაინტერესებული პირის მიერ სასამართლოსთვის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას და არა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდისთვის განსახორციელებელი უფლებამოსილების ვადას, მიუთითებს, რომ სადავო ნორმიდან მომდინარე მოსარჩელის პრობლემა უკავშირდებოდა არა უშუალოდ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სასარგებლოდ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმას, არამედ, მისთვის უპირველეს სირთულეს წარმოადგენდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება. შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და ამისთვის დადგენილი შესაბამისი ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა ირიბად მართლაც მიემართებოდეს უკანონოდ განხორციელებული იძულებითი ღონისძიებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, საკმარისი არ არის მხოლოდ ირიბ და თეორიულ არგუმენტებზე აპელირება, არამედ, ამისთვის აუცილებელია, ცხადად იკვეთებოდეს არა მხოლოდ სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ უფლებას შორის შინაარსობრივი ურთიერთმიმართება, რაც კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის ისედაც საკმარისია, არამედ კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის ფაქტი.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო კანონი სპეციალური კანონია, რომლითაც გამოხატულია სახელმწიფოს კეთილი ნება, ზიანი აუნაზღაუროს მათ, ვის მიმართაც თავად სახელმწიფოს არ მიუძღვის ბრალი. ასეთ დროს, სახელმწიფოს არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რაც მან ნებაყოფლობით იკისრა. სწორედ ამ კუთხით არის შესაფასებელი ის, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს სახელმწიფო კეთილი ნების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებას. მსჯელობას შესაძლოა დაექვემდებაროს ისიც, ზოგადად, რამდენად აღსრულებადია იგი და ხომ არ შექმნა მან ისეთი დაბრკოლება ამ გზაზე, რომელიც არაფრად აქცევს ამ კანონის საფუძველზე წარმოშობილ უფლებას - პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და კომპენსაციის მიღების თაობაზე. ამ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელის მიერ არ მომხდარა ზემოხსენებულ საკითხებზე აპელირება. მოპასუხე მხარემ კი დეტალურად განმარტა კანონის მოქმედების ფარგლები და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განცხადებით მიმართვის ხანდაზმულობის ვადის არსებობის მიზანი, ამასთანავე, ყურადსაღებია, რომ კანონში დროთა განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განცხადებით მიმართვის ხანდაზმულობის ვადას მთლიანობაში შეადგენდა 15 წელი, რაც ცალსახად გამორიცხავს ამ ვადის არაგონივრულობაზე მსჯელობის შესაძლებლობასაც კი.
15. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძველს მოკლებულია ზემოხსენებული საკითხების შინაარსობრივი განხილვა, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს არა განცხადებით მიმართვის ხანდაზმულობის ვადის გონივრულობა ან ის, თუ რამდენად ეფექტიანად ისარგებლეს პოლიტიკური რეპრესიის შედეგად დაზარალებულმა პირებმა ამ კანონით, არამედ დავის საგანია ის, თავისი არსით, დაარღვია თუ არა განცხადებით მიმართვის 1-წლიანმა ვადამ კონსტიტუციით გარანტირებული კომპენსაციის მიღების უფლება. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რათა დადგენილიყო, გასაჩივრებული სადავო ნორმით გათვალისწინებული სასამართლოსთვის მიმართვის ვადის უშუალოდ კომპენსაციის მიღების/ზიანის ანაზღაურების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებანი, თუ კონკრეტულად რით გამოიხატა სახელმწიფოს მიერ განცხადებით მიმართვის ხანდაზმულობის ვადის დაწესებით კომპენსაციის მიუღებლობა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დასაბუთება არ ყოფილა წარმოდგენილი არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე გაუკეთებია აპელირება მოსარჩელე მხარეს. ამასთანავე, მოსარჩელე მხარეს არც კი უმსჯელია ამ ვადის არაგონივრულობაზე. შესაბამისად, ცხადია, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არსებითად არ მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების გარანტიას. შესაბამისად, სახეზე არ არის სადავო ნორმით გათვალისწინებული ვადით უფლებაში ჩარევის ფაქტი. სასამართლოს მითითებით, მხოლოდ ის, რომ სსრ კავშირის დროს, უდავოდ, არსებობდა პოლიტიკური რეპრესიები და მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის უკანონო იძულებით ღონისძიებებს, თავისთავად, არ გამოდგება სადავო ნორმის ზემოხსენებულ კონსტიტუციურ უფლებასთან წინააღმდეგობის მტკიცებულებად. ცხადია, რომ არც კონსტიტუციური სარჩელით და არც საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტები როგორც სასამართლოსთვის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განცხადებით მიმართვის ხანდაზმულობის ვადის არსებობის არაგონივრულობაზე, ისე ამ ვადის ისეთ სიმცირეზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით დაცული უფლების განხორციელებას შეუძლებელს ან აშკარად არაეფექტიანს გახდიდა, ხოლო მასთან ერთად ამ შეზღუდვის გაუმართლებლობას წარმოაჩენდა.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გასაჩივრებული რეგულაციით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ პირის მიერ სასამართლოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის ვადით არ ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლოს წესით ანაზღაურების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეაფასებს იმას, თუ რამდენად გამართლებულად შეზღუდა კომპენსაციის მიღების უფლება სახელმწიფომ, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1655 კონსტიტუციური სარჩელი („თენგიზი ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე