ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/3/1689 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 7 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 მარტი 2025 18:05 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
(ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას;
(ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1689) მომართა ალექსანდრე ახალაძემ. №1689 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 21 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 7 მარტს.
2. №1689 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ხსენებული მუხლის მე-4 ნაწილით კი დადგენილია გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლებს.
4. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არაკონსტიტუციურია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამგვარი განცხადების შეტანა დაიშვება, თუ დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დანაშაულებრივი ქმედების ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების დადგენის შემთხვევაში ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება, ასევე, დასაშვებია, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის კონსტიტუციურ გარანტიას.
6. №1689 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის №2/322-10 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელე ალექსანდრე ახალაძეს დაეკისრა მოპასუხის სასარგებლოდ 26 500 აშშ დოლარის გადახდა ისევე, როგორც სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. ხსენებული გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 7 მარტს.
7. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილებით, მოსარჩელე ცნობილი იქნა დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მიმდინარეობდა მისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. ხსენებულ საქმეზე ბრალდებულად იქნა ცნობილი პირი, რომლის სასარგებლოდაც, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის №2/322-10 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეს დაეკისრა თანხის გადახდა. მოცემულ საქმეზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინებით, ბრალდებული პირის გარდაცვალების გამო, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგინდა პირის ბრალეულობა და ფაქტები, რომელთა მიხედვითაც მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძვლად გამოყენებული სესხის ხელწერილი და სხვა წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, ალექსანდრე ახალაძეს, როგორც დაზარალებულს, უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემაზე.
8. მოსარჩელე მხარის მითითებით, 2019 წლის 14 ივნისს დაიწყო ახალი გამოძიება ალექსანდრე ახალაძის ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რომელსაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის განცხადება პირის თაღლითობაში თანამონაწილეობის გამო გამოძიების დაწყების თაობაზე. ხსენებულ საქმეზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2021 წლის 2 დეკემბრის დადგენილებით, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, გამოძიება შეწყდა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, ქუთაისის რაიონული პროკურატურის ზემოაღნიშნული დადგენილებიდან ირკვევა, რომ საქმეში წარდგენილია ყალბი დოკუმენტები, პირთა შეგნებულად ცრუ ჩვენება, მხარეთა დანაშაულებრივი ქმედება. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა აღიარების ხელწერილს, მოწმეთა ჩვენებას, წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას, რაც წარმოადგენს ცრუ ინფორმაციასა და სასამართლოს განგებ შეცდომაში შეყვანას.
9. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო რეგულირებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების გამო პირს ერთმევა უფლება, კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების საპროცესო ინსტიტუტით, იმის მიუხედავად, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძველი წარმოიშვა სადავო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მას გადაწყვეტილებით ადგება ქონებრივი ზიანი, რამდენადაც მის მიმართ განხორციელდება უკანონო გადაწყვეტილების აღსრულება ფულადი თანხის გადახდის ფორმით.
10. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე, მათ შორის, ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი, ერთი მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას, მეორე მხრივ კი, სადავოა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
3. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, უკვე შეფასდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების ზემოაღნიშნული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. კერძოდ, 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის რეგლამენტირებით, კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე საქმის წარმოების განახლების ზოგადი წესის შექმნა შემთხვევებისთვის, რომლებიც არ თავსდება ხსენებული მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულ სხვა საფუძვლებში. ხსენებული ქვეპუნქტი შეეხება იმგვარ ვითარებას, რომლის ფარგლებშიც მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლათ მათთვის მინიჭებული საპროცესო საშუალებებით და გავლენა მოეხდინათ სამართლებრივ შედეგებზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, პირის საპროცესო უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის ხარისხი მკვეთრად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, რომელთა ფარგლებშიც მხარე საერთოდ არ ყოფილა მოწვეული საქმის განხილვაზე ან/და არ შეეძლო, სადავოდ გაეხადა კონკრეტული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მოცემულობა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48, 49).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით საქმის წარმოების განახლებას საფუძვლად უდევს არა მატერიალური და პროცედურული დარღვევა, არამედ ის ფაქტი, რომ მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული და მასზე გავლენის მოხდენის პოტენციალის მქონე მტკიცებულება ან გარემოება. ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების სამართლიანობის ხარისხი არ მცირდება და იგი კანონისა და კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისი წესით მიღებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეთა მიერ საკუთარი უფლებების სრულყოფილად რეალიზების შესაძლებლობა დამოკიდებულია მათ ნებასა და უნარებზე, თუმცა მხარე ამას ვერ ახერხებს. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობის ზოგადი ინტერესის გარდა, ყურადღება გაამახვილა იმ პირის უფლებებზე, ვის სასარგებლოდაც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, საქმის წარმოების განახლება a priori გულისხმობს იმას, რომ პირს, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მოუწევს ახალი მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა, რათა სასამართლომ საქმე არ გადაწყვიტოს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების სასიკეთოდ. ამგვარ ვითარებაში, ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, წარდგენილი მტკიცებულებების ხელახლა შეფასებისას, იზრდება სასამართლოს წინაშე არასანდო მტკიცებულებათა წარდგენის ალბათობა და ამგვარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტურად შეფასების რისკი. ასეთმა მოწესრიგებამ, შესაძლოა, თავად შექმნას ხელახალი შეცდომების დაშვებისა და პირთა უფლებების დარღვევის მომეტებული საფრთხე. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50-53).
6. 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირმა, რომელსაც სურს მის წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება, სასამართლოსთვის მიმართვისას უნდა მიუთითოს ისეთ გარემოებებზე/მტკიცებულებებზე, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. თავის მხრივ, აღნიშნული საპროცესო მოქმედებების განხორციელება არ არის დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებულ სირთულესთან ან ვადებთან, რის გამოც, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ხსენებულ შემთხვევაში, განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა წარმოადგენს გონივრულ დროს კონკრეტული საპროცესო მოქმედებების განსახორციელებლად. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ამომწურავად არის დადგენილი, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები, ისე განცხადების წარდგენისა და განხილვის პროცედურა. ამ მხრივ, მაგალითად, უფლების დაცვის არასწორი სტრატეგიისა თუ მცდარი პროცედურული მექანიზმის არჩევა ვერ გამოდგება სადავო ნორმით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა იმაზეც, რომ დასახელებული კოდექსით გათვალისწინებულია მექანიზმი, რომელიც იძლევა განცხადების წარდგენისას დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას ხარვეზის შესავსებად განმცხადებლისათვის დამატებითი დროის განსაზღვრის გზით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმატიული შინაარსი აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73-78).
7. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველთან მიმართებით, კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული საკითხები გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებით. №1689 კონსტიტუციურ სარჩელში, ზემოაღნიშნულ ნორმასთან მიმართებით, არ არის იდენტიფიცირებული რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც სასამართლოს არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის გამოყენების საჭიროება.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1689 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
9. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
10. №1689 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, მათ შორის, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამგვარი განცხადების შეტანა დაიშვება, თუ დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.
11. მოსარჩელე, სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო რეგულირებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების გამო, პირს ერთმევა უფლება, კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების საპროცესო ინსტიტუტით, იმის მიუხედავად, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძველი წარმოიშვა სადავო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სადავო რეგულირებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები ემსახურება იმგვარი ღირებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორებიცაა სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების, მართლმსაჯულების სწორად განხორციელებისა და დავის საბოლოოდ გადაწყვეტის, ისევე როგორც პროცესის მონაწილე მხარეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში, პირის უფლებების დაცვის/აღდგენის სამართლებრივმა ინტერესმა, შესაძლოა, გადაწონოს ზემოაღნიშნული ხანდაზმულობის ვადების რეგლამენტირებით დაცული სამართლებრივი სიკეთეები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობის კონსტიტუციური ინტერესი უკავშირდება სწორედ იმ გარემოებას, რომ შემდგარი მართლმსაჯულების პირობებში, აღარ უნდა შეიცვალოს სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი თუ ფაქტობრივი მოცემულობები. თუმცა მსგავსი ინტერესი ნაკლებად არსებობს იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომელთა მიღებაც მოხდა კონსტიტუციისა და კანონის ფუნდამენტურ მოთხოვნათა დარღვევით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
14. თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მხარეთა შორის დავის გადაწყვეტისას მართლმსაჯულება ვერ ჩაითვლება აღსრულებულად/შემდგარად, თუკი იგი არ აკმაყოფილებს სამართლიანობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, გადაწყვეტილება ნაკლებად შეიძლება იქნეს მიჩნეული ობიექტური მართლმსაჯულების პროდუქტად, თუკი იმ პირს, რომლის უფლებებსა და ინტერესებსაც უშუალოდ ეხება გადაწყვეტილება, არ მიეცემა პროცესში მონაწილეობისა და საკუთარი პოზიციების დაცვის შესაძლებლობა. „ასეთ დროს, მართლმსაჯულების ხარვეზთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ცნობილი არ იყო სასამართლოში დავის განხილვის თაობაზე, ვერ მიიღო მასში მონაწილეობა, მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, საერთოდ არ განხორციელებულა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42).
15. ამრიგად, იმისათვის, რათა სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც, გარკვეული ხარისხით მაინც, წარმოაჩენს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მიუთითებს ვითარებაზე, როდესაც მხარეთა შორის დავის გადაწყვეტისას მართლმსაჯულება არ შემდგარა/არ შეიძლება ჩაითვალოს აღსრულებულად, რის გამოც უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შესაძლებლობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
16. აღნიშნულის საპირისპიროდ, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის დასაბუთება, ერთმანეთისგან განსხვავებულ საქმის წარმოების განახლების საფუძვლებთან მიმართებით, შემოიფარგლება, ერთიან კონტექსტში, სადავო რეგულირებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების გამო, კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, სასამართლოსადმი მიმართვისა და გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების საპროცესო ინსტიტუტით სარგებლობის შეზღუდვაზე ზოგადი აპელირებით. აღნიშნულს მიღმა, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს დაანახებდა, რომ სადავოდ გამხდარ ვითარებაში, შესაძლოა, იკვეთებოდეს შემთხვევა, როდესაც მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, არ შემდგარა/იგი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანობის მინიმალურ მოთხოვნებს - მაგალითად, დასახელებული საფუძვლებით გათვალისწინებული შემთხვევები გულისხმობს კონსტიტუციისა და კანონის ფუნდამენტური მოთხოვნების დარღვევას, რის გამოც დასაშვები უნდა იყოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1689 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
18. მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, აგრეთვე, სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას.
19. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით, მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე. თავის მხრივ, მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების სადავოდ გამხდარ საფუძვლებთან მიმართებით, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის უფლების 1-თვიანი ვადით შეზღუდვის არაკონსტიტუციური ხასიათის წარმოსაჩენად. მაგალითად, მოსარჩელეს არ მიუთითებია რაიმე გარემოებაზე, რომელიც იდენტიფიცირებადს გახდიდა იმას, რომ დადგენილი ვადა არაგონივრული დროა სადავოდ გამხდარი საფუძვლებით სასამართლოსადმი მიმართვისათვის საჭირო, კონკრეტული საპროცესო მოქმედების განსახორციელებლად ან/და იმას, რომ იგი მხარეს აკისრებს გადამეტებულ პროცესუალურ ტვირთს და ვერ ახერხებს მის დადგენილ ვადებში შესრულებას, რის გამოც საჭიროებს დამატებით ვადას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი ასევე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1689 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1689 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1689 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში