თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 31-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/2/1587 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 7 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 მარტი 2025 17:55 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა (2023 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და 31-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა (2023 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და 31-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1587) მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე − შოთა გეწაძე). №1587 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 9 აპრილს. №1587 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 7 მარტს.
2. №1587 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი აწესრიგებს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების საკითხს. დასახელებული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ დროებითი განჩინების მიღების წესს, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განისაზღვრება დროებითი განჩინების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო. წარდგინების ავტორისათვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადმინისტრაციულ დავაში, კერძო სამართლის სუბიექტთა ინტერესების ურთიერთდაპირისპირებისას, გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესის გამოყენების შესაძლებლობას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.
5. №1587 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა მანანა მარსაგიშვილის მოთხოვნა და მოსარჩელე ლიზა ქირიკაშვილს დაევალა მანანა მარსაგიშვილისთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
6. №1587 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიდგომის თანახმად, ადმინისტრაციულ დავაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არ დაიშვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით რეგლამენტირებული უზრუნველყოფის გარანტია ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესი. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ, რამდენადაც მოსამართლეთა უმრავლესობა საკითხს წყვეტს უზენაესი სასამართლოს განმარტებების შესაბამისად, სადავო ნორმების უზენაესი სასამართლოს მიერ გამოყენების პრაქტიკა გამორიცხავს ამ ნორმებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უზრუნველყოფის გარანტიის ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას.
7. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის პოზიციით, ადმინისტრაციულ დავაში არსებობს არა მხოლოდ ინტერესთა ვერტიკალური კონფლიქტი (კერძო და საჯარო ინტერესების დაპირისპირება), არამედ, აგრეთვე, ინტერესთა ჰორიზონტალური კონფლიქტი (კერძო ინტერესთა ურთიერთდაპირისპირება). როდესაც ადმინისტრაციულ დავაში აშკარაა ორი კერძო ინტერესის ურთიერთდაპირისპირება, სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო მიდგომა და სტანდარტი, ვინაიდან კერძო ინტერესი სათანადო დაცვას საჭიროებს იმის მიუხედავად, თუ რომელი ტიპის სამართალწარმოებაში იკვეთება ამ ინტერესებისათვის ზიანის მიყენების საფრთხე.
8. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, მოსარჩელის უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის ან მესამე პირის უფლებების მზღუდავ საშუალებას. სადავო ნორმებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსარჩელის ინტერესების დაცვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მოპასუხისათვის ან მესამე პირისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება, რაც წარმოშობს დაპირისპირებულ ინტერესთა დაბალანსებული გარანტირებისთვის საჭირო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება მოპასუხის უფლებების დაცვას და წარმოადგენს სწორედ ხსენებული ინტერესების გონივრულად დაბალანსების მექანიზმს, თუმცა, სადავო ნორმების მოქმედებისა და უზენაესი სასამართლოს მიერ ამ ნორმების მკაფიოდ დადგენილი განმარტების პირობებში, ასეთი მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდულია.
9. უფრო კონკრეტულად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ დავებში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება კერძო ინტერესები, საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ჭრილში, სადავო ნორმები არ შეიცავს მითითებას მოსამართლის მიერ კერძო ინტერესების შეპირისპირების ვალდებულებაზე, ხოლო უზენაესი სასამართლოს მიერ სადავო ნორმების განმარტების პრაქტიკა გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, უზრუნველყოფის გარანტიის ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესის გამოყენების შესაძლებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ საკითხის მსგავსი მოწესრიგება არღვევს საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებებს და ითხოვს სადავო რეგულაციების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
10. №1587 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, №1587 კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა პაატა ტურავამ.
12. სასამართლოს მეგობრის პოზიციით, წინამდებარე საკითხის განხილვისას, ყურადღება უნდა მიექცეს ადმინისტრაციული დავის თავისებურებებს. სასამართლოს მეგობრის განმარტებით, როდესაც პირი (მოსარჩელე) იყენებს მისთვის შემზღუდველი სამართლებრივი ბუნების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას კანონით დადგენილ ვადებში, სასამართლოსადმი მიმართვის გზით უფლების დაცვა ვერ განხორციელდება სრულყოფილად, თუ მოსარჩელის უფლება, ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი საშუალებებით, შეიზღუდება საპირისპირო ვალდებულებების დადგენით. სასამართლოს მეგობრის განმარტებით, აღნიშნული შექმნის ბარიერს, რომელსაც ექნება ხელოვნურად მბოჭავი ფუნქცია და ფორმალურს გახდის მოსარჩელის სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, აღმჭურველი აქტის ადრესატს (მესამე პირს), ამ აქტის მიმართ კანონიერი ნდობა წარმოეშობა გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ აქტის დროულად გასაჩივრების შემთხვევაში, მესამე პირის უფლება სამართლიან სასამართლოზე შემოიფარგლება სასამართლოს მხრიდან ინტერესთა შეპირისპირების საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით და არა მოსარჩელის უფლების დაცვის დროებითი საშუალებების საპირწონე ბერკეტებით აღჭურვით. ამავდროულად, აქტის გასაჩივრების ვადებში, მესამე პირის მიერ აღმჭურველი აქტის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება ვერ შექმნის სამართლებრივ სიკეთეს, რომელიც შეიძლება მოექცეს მის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებაში. ამდენად, სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
13. რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის სადავო ნორმატიულ შინაარსს, სასამართლოს მეგობრის პოზიციით, რამდენადაც დასახელებული ნორმით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ხდება და ის მიემართება მომავალში განსახორციელებელი ღონისძიების წინასწარ მოწესრიგებას, მოსარჩელის ეს უფლება არ უნდა იყოს შეუზღუდავი. მოსარჩელეს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ აღნიშნული საშუალების გამოყენებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს მოპასუხის (მესამე პირის) სამართლებრივ მდგომარეობაზე, შესაბამისად, მოპასუხეს (მესამე პირს) უნდა ჰქონდეს უფლების დაცვის ისეთი შემხვედრი საშუალების გამოყენების შესაძლებლობა, როგორიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიაა. შესაბამისად, სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტითა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილება
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1587 კონსტიტუციურ წარდგინებაში წარდგინების ავტორი სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2023 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. №1587 კონსტიტუციური წარდგინების საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, სადავო ნორმამ განიცადა ცვლილება. კერძოდ, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის №2623-XIმს-Xმპ საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის, სადავო ნორმა ძალადაკარგულია. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგ მიმინოშვილი, ინვერ ჩოკორაია და ჯემალ მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, უპირველესად, უნდა შეფასდეს, თუ რა გავლენას ახდენს სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილება წარდგინების ავტორის მიერ იდენტიფიცირებულ საკითხზე.
4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2023 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი რედაქცია), ერთი მხრივ, განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება, ხოლო, მეორე მხრივ, გათვალისწინებულია გამონაკლისი, კერძოდ, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევები, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება დაუშვებელია. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებისას, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება კერძო პირთა ინტერესები, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამ ინტერესთან დასაბალანსებლად გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტია ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესი. სწორედ აღნიშნულ ასპექტში ითხოვს იგი სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას.
5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, აღნიშნულ ნორმაში კომერციულ ბანკთან ერთად, გაჩნდა ტერმინი „მიკრობანკი“ და სიტყვა „შემთხვევებისა“, ჩანაცვლდა სიტყვით „შემთხვევისა“. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ ჩამოყალიბებული ნორმის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას, გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას, მათ შორის, მიკრობანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს ან/და მიკრობანკის სტაბილურ ფუნქციონირებას.
6. ამდენად, აშკარაა, რომ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის წარდგინების ავტორის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი და მისგან მომდინარე კონსტიტუციური პრობლემის მოცულობა დარჩა უცვლელი და იგი კვლავ არ იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესის გამოყენების შესაძლებლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებისას. ამდენად, სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილებები, სამართალწარმოების გაგრძელების მიზნებისათვის, უნდა ჩაითვალოს არაარსებითად. ასეთ შემთხვევაში კი, გასაჩივრებული დებულების არაარსებითი ცვლილებისას, სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობის შეფასება მიზნად ისახავს უფლების დაცვის ეფექტიანობის უზრუნველყოფასა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის ხელოვნური გაჭიანურების პრევენციას.
7. აღსანიშნავია, რომ საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტი, თავისი არსით, არ ემსახურება წარდგინების ავტორის ინტერესების დაცვას, არამედ ორიენტირებულია ადამიანის უფლებების განმტკიცებასა და კონსტიტუციის მოთხოვნებისა და დანაწესების დაცვის ობიექტურ ინტერესზე სამართლებრივ სახელმწიფოში. იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ამ მიზნების მიღწევა, აუცილებელია კონსტიტუციური წარდგინების განხილვა/გადაწყვეტასთან მიმართებით განხორციელებული სამართალწარმოება იყოს სწრაფი და ეფექტიანი. სამართალწარმოების ეფექტიანობა კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ, როდესაც განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, სადავო ნორმას ემატება ახალი განსაზღვრება/მოცემულობა, თუმცა, იგი შინაარსობრივად არ ცვლის კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მიერ სადავოდ გამხდარ შინაარსს, საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას და აფასებს მოქმედი ნორმის კონსტიტუციურობას (mutatis mutandis იხ., მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/5/1355,1389 გადაწყვეტილება საქმეზე „სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9-12; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის №1/7/1437 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
8. კონსტიტუციური წარდგინების განხილვისას, საკითხის გადაწყვეტის დროულობისა და ეფექტიანობის მომეტებულ ინტერესზე მეტყველებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დამკვიდრებული არაერთი მექანიზმი. მაგალითად, წარდგინების ინსტიტუტის ქმედითობის უზრუნველსაყოფად, როდესაც საქმეში ნათლადაა გამოკვეთილი კონსტიტუციური პრობლემა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უარს არ ამბობს საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე მაშინაც კი, როდესაც წარდგინების ავტორი არასწორად მიუთითებს კონსტიტუციურ ნორმას, რომელთან მიმართებითაც სადავო ნორმა უნდა შეფასდეს. ასეთ ვითარებაში, საკონსტიტუციო სასამართლო თავად განსაზღვრავს კონსტიტუციურ წარდგინებაში გამოკვეთილი პრობლემის რელევანტურ კონსტიტუციურ დებულებას, რათა საკითხის კონსტიტუციურობის დროული გადაწყვეტით, ხელი შეეწყოს საერთო სასამართლოში საქმის გაჭიანურების გარეშე განხილვას და არაეფექტური არ გახდეს კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტი (იხ. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-7,8).
9. თავის მხრივ, სადავო ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მასში განხორციელებული ცვლილების მიუხედავად, წარდგინების ავტორის მიერ იდენტიფიცირებულ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემა არ შეცვლილა. კერძოდ, მოქმედი ნორმის პირობებშიც, ადმინისტრაციული დავის განმხილველ მოსამართლეს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებისას, კვლავ არ შეუძლია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესის გამოყენება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინამდებარე წარდგინებით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმა. ადმინისტრაციული საქმისწარმოება კი საერთო სასამართლოში ხორციელდება იმ საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის მომენტში. შესაბამისად, ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური წარდგინებით მომართვის გამო, საერთო სასამართლოში არსებული საქმე შეჩერებულია, აღნიშნული საქმის განხილვა გაგრძელდება სადავო ნორმის არა იმ რედაქციის საფუძველზე, რომელიც კონსტიტუციური წარდგინების შემოტანის მომენტში მოქმედებდა, არამედ საერთო სასამართლოში საქმის განხილვის გაგრძელების დროს მოქმედი რედაქციის, ანუ მოქმედი ნორმის, შესაბამისად.
10. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მიერ პრობლემურად მიჩნეულ საკითხთან მიმართებით კანონმდებლობაში ცვლილებები არ განხორციელებულა/მოწესრიგება არ შეცვლილა, ხოლო საერთო სასამართლოში სამართალწარმოების გაგრძელებისას გამოსაყენებელი იქნება სადავო ნორმის მოქმედი რედაქცია, აზრს კარგავს წარდგინების ავტორისათვის მიმართვა მოთხოვნის დაზუსტებასთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით, არ იკვეთება რაიმე გარემოება, რომელიც წარმოაჩენდა, რომ წარდგინების ავტორს არ გააჩნია ინტერესი საქმის წარმოების გაგრძელებასთან მიმართებით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, სამართალწარმოება უნდა გაგრძელდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედი რედაქციის ფარგლებში.
სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური წარდგინებისათვის კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. „წარდგინების ავტორმა უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის №3/3/1341 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-4).
12. №1587 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დროებით განჩინებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. ასეთ სასამართლოს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო როდესაც დავა იხილება სააპელაციო ინსტანციაში – სააპელაციო სასამართლო“. აშკარაა, რომ დასახელებული ნორმის მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებითი განჩინების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა.
14. წინამდებარე კონსტიტუციური წარდგინების ანალიზიდან ცხადი ხდება, რომ წარდგინების ავტორის პრობლემას წარმოშობს სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესის გამოყენების შესაძლებლობას ისეთ ადმინისტრაციულ დავებში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება კერძო ინტერესები.
15. აშკარაა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ არეგულირებს ამა თუ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წესებს, შესაბამისად, მას არ გააჩნია წარდგინების ავტორის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი. თავის მხრივ, კონსტიტუციური წარდგინებიდან ნათლად იკვეთება, რომ წარდგინების ავტორისთვის პრობლემას არ წარმოადგენს დროებითი განჩინების საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ მიღების წესი.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1587 კონსტიტუციური წარდგინება, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს №1587 კონსტიტუციური წარდგინება, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს №1587 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 31-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს №1587 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში