ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/19/1265,1318 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 4 ივნისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ივნისი 2020 18:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) №1265 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
2) №1318 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინის 0,0003 გრამის ოდენობით უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე ნოე კორსავას წარმომადგენელი - გიორგი გოცირიძე; მოსარჩელე გიორგი გამგებლის წარმომადგენელი - გიორგი მახარაძე. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - ქრისტინე კუპრავა. სპეციალისტი - შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე - გური მენაბდიშვილი. მოწმე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსი, მთავარი ექსპერტი ალექსანდრე დადიანიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1265) მომართა საქართველოს მოქალაქე ნოე კორსავამ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 20 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1318) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი გამგებელმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2018 წლის 24 მაისს. №1265 და №1318 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 20 ივნისს.
2. №1265 და №1318 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, მათ შორის ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
4. №1265 და №1318 კონსტიტუციურ სარჩელებში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც ადგენდა, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
5. №1265 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის №1/1558-15 განაჩენით დამტკიცდა 2016 წლის 4 ივლისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, დიდი ოდენობით (0,00000126 გრამი) ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შეძენისა და შენახვისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ხუთი წელი.
6. №1318 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის №1/154-15 განაჩენით დამტკიცებული 2016 წლის 10 მაისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმების თანახმად, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, დიდი ოდენობით (0,0003 გრამი) ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შეძენისა და შენახვისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ექვსი წლის გამოსაცდელი ვადით.
7. მოსარჩელეთა განმარტებით, მეტამფეტამინის მოხმარება ხდება ინტრავენური გზით. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების სრულად, 100%-ით მოხმარება შეუძლებელია და ინექციისთვის გამოყენებულ შპრიცში ყოველთვის რჩება მიკროსკოპული ოდენობის მეტამფეტამინი, რომლის შეუიარაღებელი თვალით დანახვა, მით უფრო მისი გამოცალკევება შეუძლებელია. მოსარჩელეთა შემთხვევაში ინექციისთვის გამოყენებულ შპრიცში დარჩენილმა მეტამფეტამინის ოდენობამ ერთ შემთხვევაში შეადგინა 0,00000126 გრამი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 0,0003 გრამი.
8. მოსარჩელეთა თქმით, მართალია, მეტამფეტამინი წარმოადგენს ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი მიკროსკოპული ოდენობაც კი ავტომატურად უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას. იმისთვის, რათა აღნიშნულმა ნარკოტიკულმა საშუალებამ რეალური საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს მეტამფეტამინის ის ოდენობა, რომელიც არის მოსახმარად ვარგისი და საკმარისია ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. №1318 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განცხადებით, ნარკოტიკული თრობის მისაღწევად გამოიყენება 0,15 გ. მეტამფეტამინი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობების მეტამფეტამინს არ შეუძლია რაიმე ეფექტის მოხდენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და, შესაბამისად, აღნიშნული ოდენობების მეტამფეტამინის შეძენა და შენახვა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას.
9. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 109-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ მეტამფეტამინს არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, რის გამოც ნებისმიერი ოდენობის მეტამფეტამინი, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, კვალიფიცირდება როგორც დიდი ოდენობა, განურჩევლად იმისა, გამოყენებადია თუ არა იგი მოსახმარად. ამდენად, სადავო ნორმა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ დგას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისგან ან/და გავრცელებისგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საჭიროება.
10. მოსარჩელეთა აზრით, აშკარაა, რომ სისხლისსამართლებრივად სადავო ნორმის პრაქტიკული რელევანტურობა გამოიხატება მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტის შენახვის ფორმით დასჯაში, რისთვისაც დასჯადად ცხადდება მეტამფეტამინის მოხმარების ან/და გასაღების მიზნით შენახვისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქმედება. ამდენად, გასაჩივრებული რეგულაციის მეშვეობით, კანონმდებელი ისეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როგორიც მეტამფეტამინის დამზადების, შეძენისა და შენახვის პრევენციაა, დასჯადად აცხადებს ისეთ ქმედებას, რომელიც არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. ამგვარი ქმედებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესებით, სახელმწიფო ესწრაფვის მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, რაც პროპორციულობის გარეშე ინდივიდს აქცევს სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტად. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის და 0,0003 გ. მეტამფეტამინის შეძენისა და შენახვისთვის წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეები ითხოვენ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული განჩინებით. მათი განმარტებით, სადავო ნორმა წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას.
12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
13. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე №1318 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინის იმ ოდენობით უკანონო შეძენასა და შენახვას, რომელიც არ წარმოადგენს მოსახმარად გამოყენებად ოდენობას, ამასთან დააზუსტა, რომ იგი დავობს არა ნებისმიერი იმ ოდენობის მეტამფეტამინის შეძენისა და შენახვისთვის დაწესებული სასჯელის კონსტიტუციურობაზე, რომელიც არ წარმოადგენს მოსახმარად გამოყენებად ოდენობას, არამედ იმ სასჯელზე, რომელიც მიემართება უშუალოდ 0,0003 გრამი მეტამფეტამინის შეძენასა და შენახვას.
14. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელეები მსჯავრდებულნი არიან კონკრეტული ოდენობის – 0,00000126 გრამი და 0,0003 გრამი მეტამფეტამინის შეძენისა და შენახვისთვის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ისინი უფლებამოსილი სუბიექტები არიან, იდავონ სწორედ აღნიშნული ოდენობის მეტამფეტამინის შეძენისა და შენახვისთვის დაწესებული სასჯელის კონსტიტუციურობაზე და არა იმაზე, თუ რა ოდენობის მეტამფეტამინი წარმოადგენს მოსახმარად გამოუსადეგარ ოდენობას.
15. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სხვაობა სადავო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს შორის გამოიხატება ნარკოტიკული საშუალებების სახეობასა და მოცულობაში. განმწესრიგებელი სხდომის ფორმატში შეუძლებელია დადგინდეს, არის თუ არა 0,00000126 გ. და 0,0003 გ. მეტამფეტამინის შეძენა და შენახვა 0,00009 გ. დეზომორფინის შეძენისა და შენახვის იდენტური ან ნაკლები საფრთხის შემცველი ქმედება. ამასთან, განმწესრიგებელი სხდომის ფორმატში შეუძლებელია მეტამფეტამინის მოსახმარად უვარგისი ოდენობის დადგენაც. მეტამფეტამინიდან მომდინარე საფრთხეები ცალკე საჭიროებს გამოკვლევას საქმის არსებითი განხილვის ფორმატში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო ნორმის განჩინებით ძალადაკარგულად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. საქმეზე სპეციალისტად იქნა მოწვეული შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ექიმი ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი. სპეციალისტის თქმით, მეტამფეტამინი წარმოადგენს ძლიერმოქმედ სტიმულატორს. მისი მოხმარება იწვევს ენერგიის მოზღვავებას, მაღალ არტერიულ წნევას, ნივთიერებათა ცვლის ასწრაფებას, ტემპერატურის მატებას. ხშირია მეტამფეტამინის მოხმარებისგან განვითარებული ჰიპოთერმიის გამო ადამიანის გარდაცვალების შემთხვევები. ამასთან, მეტამფეტამინის ზემოქმედებისგან გამოწვეულ ზემოხსენებულ ეფექტებს ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მოიხმარს იმ ოდენობის მეტამფეტამინს, რომელსაც შეუძლია ნარკოგენული ეფექტის მოხდენა ადამიანის ორგანიზმზე. სამეცნიერო ლიტერატურის თანახმად, ჩვეულებრივი ადამიანისთვის მეტამფეტამინის მინიმალურ ეფექტურ დოზად მიჩნეულია 0,005 გ. სპეციალისტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მეტამფეტამინის ის ოდენობები, რომლებიც აღმოაჩნდათ მოსარჩელეებს, მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეტამფეტამინის ეფექტურ დოზას და ყოვლად გამოუსადეგარია ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად, განურჩევლად იმისა, თუ რა ფორმით მოხდება მისი მიღება და რაში იქნება იგი გაზავებული. მისი თქმით, მეტამფეტამინის ერთჯერადი მოხმარებისთვის ვარგისი ოდენობა – 0,005 გ. დაახლოებით 4000-ჯერ აღემატება №1265 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის ხელთ არსებულ მეტამფეტამინის ოდენობას – 0,00000126 გ.-ს და 17-ჯერ აღემატება №1318 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მიერ გასაჩივრებულ მეტამფეტამინის ოდენობას – 0,0003 გ-ს.
17. სპეციალისტმა განმარტა, რომ ნარკომანიით დაავადებულ პირებს ახასიათებთ ძლიერი მიჯაჭვულობა გარკვეული სახის ნივთებისადმი. მათთვის განსაკუთრებით სენსიტიურია ის ნივთები, რომლებშიც ისინი ამზადებენ ნარკოტიკულ საშუალებებს და, რომლითაც მოიხმარენ მას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი იშვიათად ცვლიან ნარკოტიკული საშუალებების დამზადებისთვის განკუთვნილ ჭურჭელს. აღნიშნულ ჭურჭელში ყოველთვის შეიძლება მასში დამზადებული ნარკოტიკული საშუალების ანაფხეკის პოვნა, თუმცა აღნიშნული ანაფხეკი ყოვლად გამოუსადეგარია მოსახმარად და ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად. მისივე თქმით, პრაქტიკულად, შეუძლებელია მოსარჩელეთა მიერ დასახელებული ოდენობის მეტამფეტამინის შემცველი იმდენი შპრიცის მოგროვება და მათში არსებული მეტამფეტამინის ანაფხეკების ერთად თავმოყრა, რომელიც გამოდგება მოსახმარად და ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად.
18. საქმეზე მოწმედ იქნა მოწვეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსი, მთავარი ექსპერტი ალექსანდრე დადიანიძე. მოწმის განმარტებით, საქართველოში მეტამფეტამინის მომხმარებელთა 99% ამ ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს ინტრავენური გზით. ამასთან, საქართველოში მეტამფეტამინი მზადდება კუსტარული წესით, რა დროსაც, როგორც წესი, მიღებული პროდუქტი შეიცავს არა მხოლოდ მეტამფეტამინს, არამედ ამფეტამინსა და სხვა დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც აგრეთვე ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, მის ხელთ არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, პრობლემას არ წარმოადგენს თითოეული აღნიშნული ნაერთიდან მეტამფეტამინის გამოყოფა და მისი ზუსტი ოდენობის განსაზღვრა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1265 და №1318 კონსტიტუციური სარჩელების ავტორები სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით დასახელებული ნორმით გარანტირებული უფლების ეკვივალენტური უფლება დაცულია მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმადაც, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. №1265 და №1318 კონსტიტუციური სარჩელების ავტორები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმებს გააჩნია იგივე შინაარსი, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვენ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადებას საქმის არსებითი განხილვის გარეშე. მაშასადამე, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამგვარად, დასახელებული ნორმა უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან მექანიზმად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ამ უკანასკნელის მხრიდან, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ამ უფლებათა შემდგომი დარღვევის პრევენციისთვის.
7. სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად ცნობისათვის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე არაერთხელ განმარტა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 მუხლში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. „სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის N1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 10).
9. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმები არსებითად იმავე შინაარსის, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით და რამდენად შეიძლება იგი მიჩნეულ იქნეს დასახელებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისათვის ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსების დადგენისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს: „სადავო ნორმა იწვევს თუ არა იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რომელსაც არღვევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს … გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. ამასთან, რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და დგება თუ არა არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო“, II-5). შესაბამისად, ზემოთ ხსენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად გააჩნია სადავო ნორმას უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასთან მიმართებით იმგვარი განმასხვავებელი ნიშნები, რამდენად არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც მისი კონსტიტუციურობის არსებითი განხილვის ფორმატში ხელახალი შეფასების საჭიროებას წარმოშობს.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ, ზოგადად, დეზომორფინის, ისევე როგორც ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების დამზადებისა და შენახვის დასჯადობა განპირობებულია მათი მოხმარების, რეალიზაციის საფრთხეების თავიდან აცილების, პრევენციის მიზნით. დეზომორფინი წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უაღრესად საშიშ ნარკოტიკულ საშუალებას. შესაბამისად, ზოგადად დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას. ამასთან აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია დეზომორფინის იმ ოდენობით დამზადება, შეძენა და შენახვა, რაც გამოსადეგია მოხმარებისთვის. „ადამიანის ჯანმრთელობისათვის დეზომორფინის საშიშროებას განაპირობებს მისი მოხმარების შესაძლებლობა, ამავე დროს, ბუნებრივია, იმისათვის, რომ დეზომორფინი იყოს მოხმარებადი, საჭიროა სახეზე იყოს მისი გარკვეული ოდენობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
12. საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ ექცეოდა ერთ გრამზე ნაკლები (მათ შორის 0,00009 გ.) ნებისმიერი ოდენობის დეზომორფინის უკანონოდ დამზადება, შეძენა და შენახვა, განურჩევლად იმისა, გამოდგებოდა თუ არა იგი მოსახმარად. სასამართლომ დაადგინა, რომ 0,00009 გ. დეზომორფინი არ წარმოადგენდა მოსახმარად ვარგის ოდენობას. შესაბამისად, ამ ოდენობის დეზომორფინის დამზადება, შეძენა და შენახვა არ უქმნიდა საფრთხეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სარჩელში სადავოდ გამხდარი - 0,00009 გ. დეზომორფინი წარმოადგენდა მის მოსახმარად გამოყენებულ შპრიცში დარჩენილ ანაფხეკებს. სასამართლოს განმარტებით, „დეზომორფინის ის ოდენობა, რომელიც რჩება მისი მოხმარების შედეგად და რომლის გამოცალკევებაც ობიექტურად შეუძლებელია ან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, არა მხოლოდ არ მიანიშნებს პირის განზრახვაზე, შემდეგ ჯერზე კვლავ მოიხმაროს დარჩენილი დეზომორფინი, არამედ არ წარმოშობს მისი მოხმარების ობიექტურ შესაძლებლობასაც კი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
13. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ემსახურებოდა მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
14. მოცემულ შემთხვევაში №1265 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს, სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობით უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, რაც გამოუსადეგარია მოსახმარად, ხოლო №1318 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც სასჯელის სახედ აწესებს თავისუფლების აღკვეთას 0,0003 გ. ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის.
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენისა და შენახვისთვის. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2 განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალებების მცირე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებს. აღნიშნული დანართის მე-3 ჰორიზონტალურ გრაფაში ზოგიერთ ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებით მითითებულია „-“, რაც ნიშნავს, რომ დასახელებულ ნარკოტიკულ საშუალებებს არ გააჩნია მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები. აღნიშნული დანართის შენიშვნის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას, კვალიფიცირდება დიდ ოდენობად. შესაბამისად, სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ ექცევა ამგვარი ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას, განურჩევლად იმისა, გამოყენებადია თუ არა იგი მოსახმარად. აშკარაა, რომ №1/8/696 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, სადავო ნორმაც სასჯელის სახედ ადგენს თავისუფლების აღკვეთას, მათ შორის, მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად გააჩნია სადავო ნორმას უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასთან მიმართებით იმგვარი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც წარმოშობს მისი კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასების საჭიროებას არსებითი განხილვის ფორმატში.
16. სხვაობა №1265 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსს შორის გამოიხატება, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალების სახეში (არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შემთხვევაში სახეზე იყო ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ფასდება ნებისმიერი ის ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც არ გააჩნია მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები), ხოლო, მეორე მხრივ, ნარკოტიკული საშუალების ოდენობაში – არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის კონკრეტულ ოდენობას - 0,00009 გრამს, №1265 კონსტიტუციური სარჩელის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებების ის ოდენობა, რომელიც უვარგისია გამოყენებისათვის, №1318 კონსტიტუციურ სარჩელში კი – 0,0003 გრამი მეტამფეტამინი.
17. ზოგადად, ნარკოტიკული საშუალების სახეს ისევე, როგორც მის ოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს მისგან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების კუთხით. ამასთან, აღნიშნული ფაქტორები რელევანტურია მაშინ, როდესაც სასამართლო აფასებს ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად ვარგისი ოდენობის შენახვისათვის გათვალისწინებული სასჯელის კონსტიტუციურობას. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით, საერთოდ არ მომხდარა იმ საფრთხეების შეფასება, რომლებიც უკავშირდება მოსახმარად გამოსადეგი ოდენობის დეზომორფინის დამზადებას, შეძენას, შენახვას. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა განაპირობა არა ნარკოტიკული საშუალების სახემ, არამედ კონკრეტული ოდენობიდან გამომდინარე მისმა მოსახმარად გამოუსადეგარმა ხასიათმა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დამკვიდრდა სტანდარტი, რომლის თანახმადაც, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იმ ოდენობის ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის, რომელიც არ წარმოადგენს მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). ბუნებრივია, ნებისმიერი სხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით დამზადება, შეძენა და შენახვა არ წარმოშობს რაიმე ისეთ დამატებით საფრთხეს, რაც არ იარსებებდა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვის შემთხვევაში.
18. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების მასაზე მითითებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღმოჩენილი ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევის მოსახმარად გამოუსადეგარ ოდენობად მიჩნევა, რიგ შემთხვევებში, მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული. სხდომაზე სპეციალისტად მოწვეულმა ექიმ-ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა განაცხადა, რომ მეტამფეტამინის მოსახმარად გამოსადეგ მინიმალურ ოდენობას, ჩვეულებრივი ადამიანისთვის წარმოადგენს 0,005 გრამი. ამდენად, მეტამფეტამინის ის ოდენობა, რომელიც ნაკლებია 0,005 გრამზე, როგორც წესი, არ გამოდგება ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად. თუმცა სპეციალისტმა განმარტა, რომ საქართველოში გავრცელებულია მეტამფეტამინის კუსტარულად მიღება მცენარე ეფედრას მეშვეობით. აღნიშნული მცენარე შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერებას – ფსევდო ეფედრინს, რომლის დაჟანგვის შედეგადაც მიიღება ხსნარი – „ეფედრას ვინტი“, რომელიც სხვა ნივთიერებებთან ერთად შეიცავს მეტამფეტამინს. აღნიშნული ნარევიდან მეტამფეტამინის ცალკე გამოყოფა რთული ლაბორატორიული სამუშაოების გარეშე, სახლის პირობებში, შეუძლებელია. ამასთან, შესაძლებელია, მიღებულ ხსნარში კონკრეტულად მეტამფეტამინის ოდენობა იყოს 0,005 გრამზე ნაკლები, თუმცა ეს a priori არ ნიშნავს, რომ დასახელებულ ხსნარს არ შესწევს ადამიანის ორგანიზმზე ნარკოგენული ეფექტის მოხდენის უნარი. „ეფედრას ვინტი“ მეტამფეტამინთან ერთად შეიცავს ისეთ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებს, როგორებიცაა – ამფეტამინი და ფსევდოეფედრინი. შესაძლოა, დამოუკიდებლად, არც ერთი ჩამოთვლილი ნივთიერების ხსნარში არსებული ოდენობა არ იყოს გამოსადეგი ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოთვლილი ნივთიერებები ზემოქმედებს თავის ტვინის ერთსა და იმავე რეცეპტორებზე, მათი კომბინირებული მიღების შემთხვევაში შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს ნარკოგენული ეფექტი.
19. ამასთან, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარევი შეიცავს ორ ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, ოდენობა განისაზღვრება იმ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, რომლის უკანონო ბრუნვისათვის (დადგენილი ოდენობით) გათვალისწინებულია სასჯელის უფრო მკაცრი ზომა. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, ნარევი ესაა ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული, უკანონოდ დამზადებული, ნებისმიერი სახეობის, ფორმისა და შემცველობის ნაზავი, რომელიც შეიცავს ერთ ან ერთზე მეტ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას. დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებებისგან შემდგარი ნარევის (მაგ., „ეფედრას ვინტი“) ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება არა თავად ნარევის, არამედ მასში შემავალი იმ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სასჯელის უფრო მკაცრი ზომა.
20. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მთელ რიგ ნარკოტიკულ საშუალებებს (მაგ., ამფეტამინს, მეტამფეტამინს) არ გააჩნია მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები და მათი ნებისმიერი ოდენობა (გარდა განსაკუთრებით დიდი ოდენობისა) წარმოადგენს დიდ ოდენობას. დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების ნარევში აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ქმედების დაკვალიფიცირება მოხდება სწორედ ამ ნარკოტიკული საშუალების ოდენობაზე გადაანგარიშებით (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნარევი შეიცავს სხვა აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდ ოდენობას), განურჩევლად იმისა, წარმოადგენს თუ არა ამ ცალკე აღებული კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა მოსახმარად, ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად საკმარის ოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარევში არსებული წამყვანი ნარკოტიკული საშუალების გამოუსადეგარი ოდენობა ავტომატურად არ მიანიშნებს ნარევის გამოუსადეგარობაზეც.
21. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 0,0003 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შეძენისა და შენახვისათვის, თავის თავში მოიაზრებს სასჯელს, მათ შორის ისეთი მოსახმარად ვარგისი ნარევისათვის, რომელიც დასახელებული ოდენობის მეტამფეტამინთან ერთად შეიცავს სხვადასხვა ისეთ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რომელთა მასა ცალ-ცალკე არ წარმოადგენს დიდ ოდენობას. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ზემოთ ხსენებული ნორმატიული შინაარსი არ ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას მხოლოდ მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვისათვის.
22. ამავე დროს, მოცემული საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსის, მთავარი ექსპერტის ალექსანდრე დადიანიძის №1408 კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში გაკეთებული განმარტება. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც საშუალებას იძლევა, აღმოჩენილ იქნეს ამა თუ იმ ხსნარში არსებული ნარკოტიკული საშუალების მიკროსკოპული ოდენობაც კი. გარდა ამისა, უმცირესი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენა შესაძლებელია როგორც მის მოსახმარად გამოყენებულ ინსტრუმენტზე, ასევე იმ საგანზე (მაგ., ქაღალდზე, რომელშიც რაღაც დროს გახვეული იყო ნარკოტიკული საშუალება), რომელშიც ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება. ყოველივე ზემოხსენებული კი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში საშუალებას იძლევა, ნივთის ფლობა, რომელზეც აღინიშნება იმ ნარკოტიკული საშუალების კვალი, რომელსაც არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა, დაკვალიფიცირდეს დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვად. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა ვრცელდება, როგორც მოსახმარად გამოსადეგ ნარკოტიკულ საშულებათა ნარევის შენახვაზე, ასევე ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად ანდა შესანახად გამოყენებული ნივთის (შპრიცის, ქაღალდის, რომელშიც რაღაც დროს გახვეული იყო ნარკოტიკული საშუალება) ფლობაზე, რომლის ზედაპირზეც შემორჩენილია ნარკოტიკული საშუალების მიკროსკოპულად მცირე ოდენობის კვალი.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის ქმედება ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით შეძენა-შენახვას, უნდა დადგინდეს კონკრეტული საქმის გარემოების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარის და საქმის განმხილველი სასამართლოს (სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით) შესაფასებელია წარმოადგენს თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას. სწორედ საერთო სასამართლოს შეუძლია, სათანადოდ დაიცვას და აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისათვის.
24. ცხადია, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ამა თუ იმ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა არ წარმოშობს რაიმე ისეთ დამატებით საფრთხეს, რასაც ადგილი არ ექნებოდა უშუალოდ დეზომორფინის ამავე ოდენობით შეძენა-შენახვის შემთხვევაში. შესაბამისად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, მსგავსად მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის დეზომორფინის შეძენისა და შენახვისა, ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რაც ვერ იქნება თვითკმარი საფუძველი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოსაყენებლად.
25. ამგვარად, №1265 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების სახე და მისი ოდენობა არ ქმნის ისეთ სხვაობას სადავო ნორმასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის, რომ საჭირო იყოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება არსებითი განხილვის ფორმატში. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 მუხლის მიზნებისთვის, სადავო აქტი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმას, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის პლენუმზე გადაცემის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, №1265 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.
27. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, №1318 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას აწესებს კონკრეტული ოდენობის – 0,0003 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის. მოცემული საქმის ფარგლებში უკვე განიმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის. ამასთან, კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა გამოსადეგია თუ არა მოსახმარად, უნდა შეფასდეს საერთო სასამართლოს მოსამართლის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ინდივიდუალური შეფასების გზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურობას.
28. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ №1318 კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაცია, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესების აშკარად არაპროპორციულ ხასიათთან დაკავშირებით, ისეთი მოსახმარად გამოსადეგი ნარევის შენახვისათვის, რომელიც სხვა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებთან ერთად ასევე შეიცავს 0,0003 გრამ მეტამფეტამინს. შესაბამისად, ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3, მე-4 და 41 პუნქტების, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1265 და №1318 კონსტიტუციური სარჩელები („ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. განჩინება ძალაშია მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე