გიორგი კიკაბიძე და გენადი ქვაჩახია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1786 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კიკაბიძე, გენადი ქვაჩახია |
თარიღი | 9 ივნისი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
ბ. საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი: „აკრედიტირებული ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ |
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი: „თუ საპარლამენტო ჟურნალისტმა დაარღვია ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესები, მას აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია 1 თვით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით“. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ |
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი: „სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის მიერ ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს მასზე აკრედიტაციის გაცემა 1 თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 6 თვით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი: „პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს“. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 31 პრიმა მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტაციის წესს. მოსარჩელეები გიორგი კიკაბიძე და გენადი გვაჩახია არიან ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი და ოპერატორი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2023 წლის 11 მაისის N3554/2-1/23 და N3555/2-1/23 გადაწყვეტილებებით(დანართი 1,2) მოსარჩელეებს გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე 1 თვის ვადით შეუჩერდათ აკრედიტაცია საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ სათანადო სუბიექტებს იდავონ გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხზე.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) დავის საგანს წარმოადგენს საკანონმდებლო ნორმატიული აქტი, ასევე მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. დავის საგანი და სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. აღნიშნული მუხლის მე-2 მუხლის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს. პარლამენტის რეგლამენტის მითითებული ნორმის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის 6 თებერვალს გამოსცა „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“.
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“(შემდგომში „ბრძანება“) მიხედვით განსაზღვრულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აკრედიტაციის სახეები და წესი, აკრედიტაციის შეჩერებისა და გაუქმების საფუძველი. ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტში გაიცემა ორი სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია და სპეციალური აკრედიტაცია. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია გაიცემა საქართველოში რეგისტრირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალების (შემდგომ – მედიასაშუალება) ჟურნალისტზე 1 წლის ვადით, ყოველი კალენდარული წლისთვის და მოქმედებს კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ხოლო, სპეციალური აკრედიტაცია გაიცემა იმ ჟურნალისტზე, რომელსაც არ აქვს საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია. მოსარჩელე გიორგი კიკაბიძეს, როგორც ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს ბრძანების მიხედვით მინიჭებული ჰქონდა საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, ხოლო მოსარჩელე გენადი ქვაჩახიას, როგორც ტელეკომპანია ფორმულას ოპერატორს - სპეციალური აკრეტიცაცია.
ბრძანების მე-13 მუხლის ჩამოთვლის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების შემთხვევებს. კერძოდ, თუ საპარლამენტო ჟურნალისტმა დაარღვია ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესები, მას აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია 1 თვით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით. ხოლო, სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის მიერ ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს მასზე აკრედიტაციის გაცემა 1 თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 6 თვით. ბრძანების მე-14 მუხლის განსაზღვრავს აკრედიტირებული ჟურნალისტის საქართველოს პარლამენტის სასახლეში ყოფნის პერიოდს, ხოლო მე-15 მუხლში მოცემულია აკრედიტირებული ჟურნალისტის უფლებები და ვალდებულებები. კერძოდ, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: აკრედიტირებული ჟურნალისტი ვალდებულია: ა) ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს მისი სამუშაო ოთახი; გ) საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს
ინტერვიუ; დ) საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; ე) არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; ვ) დაემორჩილოს დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის კანონიერ მითითებებს; ზ) სააკრედიტაციო მოწმობა არ გადასცეს სხვა პირს; თ) სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე.
მოსარჩელეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მეორე და მეხუთე, ასევე მესამე პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად მიაჩნია საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ჟურნალისტის ან სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული უფლებრივი სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს აზრის და მისი გამოხატვის თავისუფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევი, განუყოფელი ელემენტია[1]. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“[2]
გამოხატვის თავისუფლება იცავს „ადამიანის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს საკუთარი აზრი, საგანგებოდ იცავს აზრისა და ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას, …მათ შორის არის პრესა, ტელევიზია, ინფორმაციის და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები“[3]. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული უფლების ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულებაა, უზრუნველყოს ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების მეშვეობით, რაც უმთავრესად, სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხორციელდება. ამდენად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტიანი პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტიან რეალიზაციას[4].
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სათანადო ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ინფორმირებულობის დონე, თითოეული ადამიანის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული უფლებით ეფექტური სარგებლობა და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების დემოკრატიული განვითარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებაში ჩაურევლობა არა მხოლოდ მათი მესაკუთრეების საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული უფლების ნაწილია, არამედ განეკუთვნება საზოგადოების თითოეული წევრის ინტერესს.[5] აღნიშნულ არგუმენტაციას უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს თავად საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება“[6].
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებაში მოიაზრება მათი ინსტიტუციური და ორგანიზაციული დამოუკიდებლობა, სახელმწიფოსაგან მათი თავისუფლება იმ მნიშვნელოვანი როლის განხორციელებისას, რომელიც მედიას ეკისრება ყოველ დემოკრატიულ სახელმწიფოში. კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება იცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ძირითად უფლებასა და შესაძლებლობას, იფუნქციონირონ მთავრობის კონტროლის, შეზღუდვებისა და ცენზურის გარეშე, დროულად მოიძიონ და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია და იდეები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებისა თუ თანამდებობის პირების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. კონსტიტუციის დასახელებული ნორმა ადგენს წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რათა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა კონსტიტუციური საჯარო წესრიგით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეასრულონ თავიანთი ფუნქცია საჯარო კომუნიკაციის პროცესში - განახორციელონ „საზოგადოებრივი დარაჯის როლი“, ხელი შეუწყონ განსხვავებული იდეების ცირკულაციას, საზოგადოებრივი პრობლემების სააშკარაოზე გამოტანას და მათზე საჯარო დისკუსიებს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება, უწინარესად, გულისხმობს სწორედ მათ ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ თავისუფლებას, მათ შესაძლებლობას, გარე ჩარევისაგან დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები ყველა შესაბამის საკითხზე, რაც კი მათ საქმიანობას შეეხება, დაწყებული მასმედიის საშუალების დაფუძნებიდან და მისი შიდა ორგანიზაციული საკითხებიდან, თვითრეგულაციის ჩათვლით, დამთავრებული ინფორმაციის მოპოვებითა და გავრცელებით.[7] ამავდროულად, როდესაც საქმე შეეხება კონკრეტული შინაარსის ინფორმაციის და არა ინფორმაციის გავრცელების საშუალების შეზღუდვას, იგი შეფასებადია არა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის, არამედ ამავე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების საფუძველზე.[8]
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას სამართლებრივი წესრიგი, რომელშიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დაცული იქნებიან იმგვარი ვალდებულებების დაწესებისაგან, რომლებიც დაუსაბუთებლად შეზღუდავენ მათ მიერ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობას და უარყოფით გავლენას მოახდენენ მათ მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული უფლებებით სრულყოფილ სარგებლობაზე.[9]
3. უფლებაში ჩარევა
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით დაცულია გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფლების მიღებისა და გავრცელების უფლებრივი ასპექტები, ხოლო კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვისთვის აუცილებელ კონსტიტუციურ სამართლებრივ გარანტიებს.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის შეჩერების საფუძველს ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს. გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე მოსარჩელე გიორგი კიკაბიძეს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ქეთევან კვინიკაძის 2023 წლის 11 მაისის N3555/2-1/23 გადაწყვეტილებით ერთი თვის ვადით შეუჩერდა აკრედიტაცია. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:
„როგორც თქვენთვის ცნობილია, „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებულია „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“.
2023 წლის 10 მაისს თქვენ დაარღვიეთ ზემოაღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნა, რაც დასტურდება 10 მაისს ტელეკომპანია „ფორმულა“-ს ეთერში, 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ თქვენ შეგიჩერდათ ჟურნალისტის აკრედიტაცია 1 (ერთი) თვის ვადით (2023 წლის 11 ივნისის ჩათვლით).“
2023 წლის 10 მაისს ტელეკომპანია ფორმულას 20:00 საათიანი საინფორმაციო სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე გიორგი კიკაბიძე საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ზარქუასთვის(პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრი) ცდილობს კითხვის დასმას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქემედების შესახებ პოზიციის დასაფიქსირებლად. კითხვის დასმის შემდეგ პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა მოუწოდებს ჟურნალისტს შეწყვიტოს გადაღება, რადგან არ სურს მისთვის კომენტარის მიცემა.
ერთი მხრივ 2023 წლის 10 მაისს ტელეკომპანია ფორმულას 20:00 საათიან საინფორმაციო სიუჟეტის, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ქეთევან კვინიკაძის 2023 წლის 11 მაისის N3554/2-1/23 და N3555/2-1/23 გადაწყვეტილებებიდან დგინდება, რომ მოსარჩელეებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საფუძველი გახდა პარლამენტის წევრის ირაკლი ზარქუასათვის კითხვის დასმა. შესაბამისად, სადავო ნორმები ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას იძლევა ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჟურნალისტები პარლამენტარებს უსვამენ კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე, ხოლო პარლამენტარებისთვის აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ წარმოადგენს მათ სურვილს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჟურნალისტური საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ აკრედიტირებული ჟურნალისტების მიერ. ჟურნალისტების მიერ პარლამენტარებისგან საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე მოსაზრების მიღების შეუძლებლობა კი გულისხმობს ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობის წართმევას და მისი მთავარი ფუნქციის - განახორციელოს „საზოგადოებრივი დარაჯის როლი“ განხორციელების შეუძლებლობას. აღნიშნული უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, რის მეშვეობითაც საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს იყოს ინფორმირებული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ. მედია, როგორც ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია ისეთი წესების არსებობა, რომელიც მედიას ხელს უშლის განახორციელოს მისი ძირითადი ფუნქცია - უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმები ითვალისიწნებს ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერებას, რითაც იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება. ამდენად, გასაჩივრებული ნორმებით ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებით, ასევე მესამე პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ უფლებაში ჩარევა.
4. უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა
მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ უფლებებში ჩარევა, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით დაცული უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის და მათი შეზღუდვაც შესაძლოა გამართლებული იყოს ისეთ შემთხვევებში, თუ არსებობს შეზღუდვის ლეგიტიმური ინტერესი, როელიც იქნება მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება. თუმცა, სანამ უშუალოდ თანაზომიერების ტესტის კრიტერიუმებზე ვიმსჯელებდეთ, მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ ჟურნალისტთა პარლამენტში აკრედიტაციის არსი და მისი მოწესრიგების განსხვავებული პრაქტიკები.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით ჟურნალისტთა აკრედიტაციის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულად განიმარტება(აკრედიტაცია როგორც უფლება ან/და პრივილეგია) ამის მიუხედავად იგი აღიარებულია ჟურნალისური საქმიანობის განხორციელებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებრივ გარანტიად. ჟურნალისტთა აკრედიტაციის პრაქტიკული დანიშნულება გულისხმობს დაწესებულებისთვის ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, წესრიგის დაცვას და ჟურნალისტების მხრიდან საკუთარი საქმიანობის წინასწარგანსაზღვრული წესების მიხედვით განხორციელებას[10]. პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის პროცედურას ვხვდებით არაერთ ევროპულ სახელმწიფოში[11], თუმცა მნიშვნელოვანია აკრედიტაციის პროცედურით დადგენილი წესები ინფორმაციის მოპოვებისთვის გაუმართლებელ ბარიერს არ ითვალისწინებდეს და მედიას/მის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევდეს განახორციელოს მისი უმთავრესი დანიშნულება - საზოგადოების ინფორმირება.
წინამდებარე საქმისთვის მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე CASE OF MÁNDLI AND OTHERS v. HUNGARY(https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-202540).
საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით მოსარჩელეები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ონლაინ მედია გამოცემებს, რომლებსაც უნგრეთის პარლამენტისგან მიღებული ჰქონდათ აკრედიტაცია 2016 წლის 25 აპრილის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად. 2016 წლის 25 აპრილს მომჩივნებმა უნგრეთის პარლამენტის შენობაში ჩაწერეს რამდენიმე ინტერვიუ მმართველი კოალიციის პარტიის წევრებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც შეეხებოდა უნგრეთის ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებებს. მომჩივნებმა პარლამენტის წევრებს კითხვები დაუსვეს წინასწარი შეთანხმების გარეშე პარლამენტის შენობის იმ ნაწილში, რომელიც არ იყო განკუთვნილი ვიფეო/ფოტო გადაღებისთვის(Cupola Hall). ინტერვიუების ჩაწერისას მომჩივნებმა პარლამენტის პრესს სამსახურისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ ისინი გადაღებას აწარმოებდნენ იმ ადგილას, რომელიც არ იყო განკუთვნილი გადასაღებად. ინტერვიუს ჩაწერის შემდგომ მომჩივნების მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამოქვეყნდა რამდენიმე ონლაინ მედიაში. 2016 წლის 26 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში პარლამენტის რეგლამენტის საფუძვლებზე მომჩივნებს შეუჩერა აკრედიტაცია და ამის შესახებ აცნობა მედიის ხელმძღვანელ პირებს. აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ: „პრესსამსახურის განმეორებითი გაფრთხილების მიუხედავად ჟურნალისტებმა გააგრძელეს ჩაწერა და არ დატოვეს პარლამენტის ის ტერიტორია, რომელიც განკუთვნილი არ იყო ინტერვიუს ჩასაწერად. ნებართვის გარეშე ინტერვიუს ჩაწერის შედეგად ჟურნალისტების მიერ მოხდა პარლამენტში მოქმედი წესების წესების მიზანმიმართულად დარღვევა, რის საფუძველზეც პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჟურნალისტებს შეუჩერდათ აკრედიტაცია“. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერდათ 5 თვის განმავლობაში.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა რამდენად წარმოადგენდა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომჩივნების აკრედიტაციის შეჩერება გამოხატვის თავისუფლების დარღვევას. კერძოდ, სასამართლოს პასუხი უნდა გაეცა კითხვებზე: პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება წარმოადგენდა თუ არა კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევას, რამდენად მოხდა უფლებაში ჩარევა კანონის საფუძველზე, ჰქონდა თუ არა უფლებაში ჩარევას ლეგიტიმური მიზანი და იყო თუ არა უფლებაში ჩარევა აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის.
ა.კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომჩივნებისთვის აკრედიტაციის 5 თვის ვადით შეჩერება გულისხმობდა მომჩივნებისათვის პარლამენტის შენობიდან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის წართმევას, რომელსაც მნიშვნელოვანი ღირებულება გააჩნია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მთავრობის არგუმენტი და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე იყო კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.
ბ. უფლებაში ჩარევა კანონის საფუძველზე
სასამართლომ აღნიშნული სამართლებრივი წინაპირობის შესამოწმებლად მხედველობაში მიიღო უნგრეთის პარლამენტის რეგლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებები, რომლებიც აწესრიგებდა პარლამენტში აკრედიტაციისა და აკრედიტაციის შეჩერების საკითხებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ჟურნალისტის მხრიდან დაირღვეოდა წესრიგი და ხელი შეეშლებოდა პარლამენტის ნორმალურ საქმიანობას. ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ უფლებაში ჩარევას ეროვნულ დონეზე გააჩნდა საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც წინასწარ იყო ცნობილი მომჩივნებისთვის.
გ. უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზანი
სასამართლომ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ ინტერესებად დაინახა პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა/პარლამენტში წესრიგის დაცვა და პარლამენტარების უფლებების დაცვის ინტერესი.
დ. უფლებაში ჩარევის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში
გადაწყვეტილების 66-ე პარაგრაფში სასამართლო მიუთითებს: „სასამართლო არ იზიარებს მთავრობის არგუმენტს, რომ ჟურნალისტების მიზანს არ წარმოადგენდა პარლამენტარებისგან საზოგადოებრივი მნიშნველოვბის საკითხებზე ინფორმაციის მიღება. სასამართლო ასკვნის, რომ ჟურნალისტების მიერ გადაღებული ინტერვიუები მიზნად ისახავდა პარლამენტარებისგან კომენტარის დაფიქსირებას უნგრეთის ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებებზე, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს და რომელთან დაკავშირებითაც მიმართულია მედიის ყურადღება. სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ პრესის თავისუფლება ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია პოლიტიკური ლიდერების შეხედულებების აღმოჩენისა და საზოგადოებაში გაზიარებისთვის. კონკრეტულად, პრესის თავისუფლება პოლიტიკოსებს აძლევს შესაძლებლობას შეხედულებების გამოხატვით გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე, რაც თავისმხრივ მთლიან საზოგადოებას გზას უხსნის თავისუფალ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ჟურნალისტების დაინტერესების საგანს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხი, რაზეც არსებობდა საზოგადოების ინფორმირების ინტერესი“.
გადაწყვეტილების 69-ე და 70-ე პარაგრაფებში სასამართლო მიუთითებს: „როგორც აქამდეც აღუნიშნავს სასამართლოს, პარლამენტი სასამართლოსთან მიმართებით იმყოფება უკეთეს მდგომარეობაში, რათა შეაფასოს რამდენად გააჩნდა კონკრეტულ ქმედებას ისეთი ხასიათი, რომელსაც შესაძლოა დაეზიანებინა საპარლამენტო დებატების ნორმალურ გარემოში წარმართვა და საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურად ფუნქციონირების ინტერესი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. თუმცა, მეორე მხრივ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნების მიერ წესების დარღვევა არ მომხდარა პლენარულ სესიაზე ან პოლიტიკური დებატების პროცესში, მოცემული საქმე უნდა განვასხვაოთ ისეთი შემთხვევებისგან, როდესაც პარლამენტის მიერ გატარებული ღონისძიებები ემსახურება საპარლამენტო დებატებისთვის საჭირო წესრიგის შენარჩუნებას. სასამართლო იზიარებს, რომ პარლამენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დააწესოს შეზღუდვები პარლამენტში ქცევის წესების შესახებ - მათ შორის განსაზღვროს სად შეიძლება ფოტო/ვიდეო გადაღება და სად არა, რა დროსაც სასამართლოს მიერ აღნიშნული წესების მიზანშეწონილობის შეფასება ლიმიტირებულია. ამდენად, სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს გამოყენებული სანქციის მიზანს, რომელიც რელევანტური იყო უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური ინტერესების მისაღწევად“.
შეზღუდვის აუცილებლობასთან მიმართებით გადაწყვეტილების 73-ე პარაგრაფში სასამართლო მიუთითებს: „სასამართლო მხედველობაში იღებს ეროვნული კანონმდებლობას, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებებს, რომელიც შეზღუდვას აწესებს ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეზღუდვის აუცილებლობის შეფასების გარეშე. მეტიც, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ პირთა მონაწილეობის შესაძლებლობას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა ეხებოდეს გადაწყვეტილება“. გადაწყვეტილების 75-ე პარაგრაფში მითითებულია: „როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, ასევე გადაწყვეტილება აკრედიტაციის შეჩერების შესახებ არ ითვალისწინებს მომჩივნებისთვის მისი გასაჩივრებისა და უფლებების დაცვის შესაძლებლობას“. გადაწყვეტილების 77-ე პარაგრაფში მითითებულია: „ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნებისთვის დაწესებული შეზღუდვა არ წარმოადგენდა პროპორციულ შეზღუდვას იმ ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის, რომელსაც კანონმდებლობა ისახავს მიზნად, რასაც ემატება პროცედურული გარანტიების არ არსებობა ჟურნალისტების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება წინამდებარე საქმესთან მიმართებით რელევანტურია იმდენად, რამდენადაც ეხება იდენტურ სამართლებრივ პრობლემას. როგორც ვნახეთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, პარლამენტს მართალია გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება პარლამენტში აკრედიტაციის წესების დადგენის და ამ წესების საფუძველზე ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხში, თუმცა ჟურნალისტებისთვის პარლამენტში საქმიანობაზე უარის თქმა უნდა მოხდეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი ინტერესის გათვალისიწნებით. ზემოთ მოხმობილ საქმეში სასამართლომ კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია აკრედიტაციის შეჩერების მომწესრიგებელი ისეთი კანონმდებლობა, რომელიც აკრედიტირებულ ჟურნალისტებისთვის არ ითვალისწინებს პროცედურულ გარანტიებს და ლეგიტიმური ინტერესების არსებობის მიუხედავად არ იძლევა შეზღუდვის საჭიროების შეფასების შესაძლებლობას.
საყურადღებოა ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 017 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე SELMANI AND OTHERS v. "THE FORMER YUGOSLAV REPUBLIC OF MACEDONIA". საქმის ფაქტობრივი გარმეოებების მიხედვით მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, დაცვამ მომჩივანი ჟურნალისტები, პარლამენტარებთან ერთად, გააძევა პარლამენტიდან და არ მისცა საშუალება საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია პარლამენტის შენობაში მომხდარ მოვლენებზე.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეში მთავრობა ჟურნალისტების პარლამენტიდან გაყვანის მიზეზად პარლამენტში წესრიგის დაცვას ასახელებდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გადაწყვეტილებაშ ხაზი გაუსვა ჟურნალისტების მნიშვნელოვან როლს და მათ ფუნქციას მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მედიას ზოგადად აქვს მოვალეობა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, საზოგადოებას აქვს უფლება რომ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მედიის ე.წ “watchdog” („მოდარაჯე ძაღლის“) როლი მნიშვნელოვანია და მაშინ, როდესაც ხდება მსგავსი მოვლენების გაშუქება, ჟურნალისტების ასეთი ადგილებიდან გაყვანის ნებისმიერი მცდელობა უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ შემოწმებას. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთი მიდგომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჟურნალისტები საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან საზოგადოების მიერ არჩეული პარლამენტის წევრების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება ხელისუფლება პარლამენტის სესიებზე წარმოშობილ ნებისმიერ არეულობას. (ევროსასამართლოს 2017 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე SELMANI AND OTHERS v. "THE FORMER YUGOSLAV REPUBLIC OF MACEDONIA", პ. 75). საყურადღებოა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების პარლამენტიდან გაძევება მოხდა წესრიგის დასაცავად, ევროსასამართლომ აღნიშნული მიზეზი არ მიიჩნია საკმარისად და დაადგინა, რომ მთავრობამ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ ჟურნალისტების პარლამენტის სესიიდან გაძევება აუცილებელი იყო დემოკრატიული საზოგადოებისათვის და რომ „მწვავე სოციალურ საჭიროების მოთხოვნებს“ აკმაყოფილებდა, რის გამოც დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჟურნალისტების პარლამენტში არ შეშვებას ან მათ გაძევებას უშვებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ცალსახად დგინდება „მწვავე სოციალური საჭიროება“ და აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. სხვა შემთხვევებში კი, ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლა და ისეთ ადგილებში არ შეშვება, როგორიც პარლამენტია, ევროსასამართლოს თანახმად, ითვლება კონვენციის მე-10 მუხლის დარღევვად.
გარდა პარლამენტის სესიებზე ჟურნალისტების მონაწილეობის აუცილებლობისა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ აქვს ყურადღება გამახვილებული პოლიტიკოსების მაღალი თმენის ვალდებულებაზე მაშინ, როდესაც საუბარია ისეთ საკითხებზე, რომლის ირგვლივაც მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები ან რომლისკენაც არის საზოგადოების ყურადღება მიმართული. ევროსასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური დებატის შეზღუდვის ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე დებატების შეზღუდვის შესაძლებლობა მცირეა (მაგ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Sürek v. Turkey (No. 1) [GC], No. 26682/95, § 61). მეტიც, მისაღები კრიტიკის საზღვრები უფრო ფართოა, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკოსს და არა კერძო პირს. უკანასკნელისაგან განსხვავებით, პოლიტიკოსი საზოგადოების ყურადღების ცენტრში თავს შეგნებულად აყენებს, მისი სიტყვა და საქმე გარდაუვლად ხდება როგორც ჟურნალისტების, ისე მთლიანად, საზოგადოების მეთვალყურეობის ობიექტი, ამიტომ პოლიტიკოსს თმენის მეტი ვალდებულება მართებს. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1986 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Lingens v. Austria, პ. 42). კერძოდ, ამ კუთხით სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიტიკური აზრის გამოხატვის ან საჯარო ინტერესის საკითხებზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის კონვენცია ცოტა სივრცეს ტოვებს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Brasilier v. France, პარ. 41.). პოლიტიკური დებატების პროცესში ევროპული სასამართლო უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებს გამოხატვის თავისუფლებას და მიიჩნევს, რომ მისი შეზღუდვა დაუშვებელია დამარწმუნებელი საფუძვლების გარეშე. შესაბამისად, ევროპულ სასამართლოს არსებითად განსხვავებული მიდგომა აქვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას მაშინ, როდესაც მისი ადრესატი, ერთი მხრივ, საჯარო პირია, ხოლო მეორე მხრივ, კერძო პირი.
შემდგომში კი უნდა შევაფასოთ გასაჩივრებული ნორმებით შექმნილი აკრედიტაციის შეჩერების პროცედურა რამდენად პასუხობს თანაზომიერების ტესტის მოთხოვნებს და სტრასბურგის სასამართლოს მითითებულ საქმეებზე დადგენილ სამართლებრივ სტანდარტებს.
5. ლეგიტიმური მიზანი
თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, უფლების შეზღუდვის გასამართლებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“[12]. მაშასადამე, იმისთვის, რომ სადავო ნორმა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, უპირველეს ყოვლისა იგი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოთვლის ყველა იმ შესაძლო ლეგიტიმურ მიზანს, რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული უფლებების ლეგიტიმური შეზღუდვა. კერძოდ, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით: ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს გასაჩვრებული ნორმებით დაწესებულ შეზღუდვა შესაძლოა თუ არა ემსახურებოდეს კონსტიტუციის მე-17 მუხლში მითითებულ რომელიმე ინტერესს.
გასაჩივრებული ბრძანების მე-13 და მე-15 მუხლების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე აკრედიტირებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეიძლება შეუჩერდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც: ა. ჟურნალისტი ხელს უშლის პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას; ბ. საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის ნებართვის გარეშე გადაიღებს მის სამუშაო ოთახს; გ. საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების მიერ ინტერვიუს ჩაწერას უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს; დ. საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე გადაიღებს მათ დოკუმენტებს, მათ ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანს ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; ე. დაუშვებს მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამს, სექსისტურ, დისკრიმინაციულ მიმართვას და მოქმედებას; ვ. არ დაემორჩილება დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის კანონიერ მითითებებს; ზ. სააკრედიტაციო მოწმობას გასასცემს სხვა პირს და თ. სააკრედიტაციო მოწმობას არ ატარებს გამოსაჩენ ადგილზე.
დასახელებული საფუძვლებიდან ბრძანების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მოცემულ ქცევის წესებს გააჩნიათ ისეთი ინტერესი როგორიცაა სხვათა უფლებების დაცვა და სხვათა უფლებების კონტექსტში პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ნორმალური ფუნქციონირება/წესრიგის დაცვა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ინტერესები ჯდება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ისეთ საფუძველში როგორიცაა „სხვათა უფლებების დაცვა“. თუმცა, წინამდებარე დავის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია რა ლეგიტიმური მიზანი შეიძლება გააჩნდეს ბრძანების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აკრედიტაციის შეჩერებას და უშვებს თუ არა კონსტიტუცია აღნიშნული ინტერესით მე-17 მუხლით დაცული უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას.
გასაჩივრებული ნორმები აკრედიტირებული ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას ითვალისწინებს ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების მიერ ინტერვიუს ჩაწერას უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტენ ინტერვიუს. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების დაცვა ჟურნალისტთა კითხვებისგან, რომელზე პასუხიც მითითებული პირებისთვის შესაძლოა არ იყოს სასურველი, რის გამოც უარს იტყვიან ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემაზე. ამას მოწმობს უშუალოდ მოსარჩელეებითვის აკრედიტაციის შეჩერების შემთხვევაც, რომელსაც საფუძვლად დაედო ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც არ ისურვა პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ და მოსარჩელეებს სთხოვა შეეწყვიტათ ინტერვიუ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული არცერთი საფუძველი არ ითვალისწინებს პარლამენტარების და საჯარო მოხელეების არასასურველი კითხვებისგან დაცვის მიზნით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვას. მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ მოსარჩელეები პარლამენტის წევრს ირაკლი ზარქუას კითხვას უსხვამდნენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ მოსაზრების დასაფიქსირებლად, რაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხია და რის გარშემოც მიმდინარეობს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია. ჟურნალისტების მიერ კრიტიკული კითხვების დასმა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას გააცნობს არჩეული პარლამენტარების მოსაზრებებებს წარმოადგენს ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული პროცესების წარმართვის მნიშვნელოვან მექანიზმს. საზოგადოებას ყოველთვის გააჩნია ინტერესი იმაზე თუ რას ფიქრობენ მათ მიერ არჩეული პარლამენტარები კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. აღნიშნული მოსაზრებების მიღებისა და საზოგადოებისთვის გაცნობის შესაძლებლობა კი გააჩნიათ აკრედიტირებულ ჟურნალისტებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტში ახორციელებენ ჟურნალისტურ საქმიანობას და პარლამენტარებს უსვამენ კითხვებს, მათ შორის ისეთ კრიტიკულ კითხვებსაც, რომელებზე პასუხის პარლამენტარებისთვის შესაძლოა სცდებოდეს დისკომფორტის ფარგლებს. თუმცა, დემოკრატიული სახელმწიფოში მოქმედი წესრიგისთვის უცხოა ისეთი შეზღუდვების არსებობა, რომელიც ჟურნალისტებს შესაძლებლობას არ მისცემდა პარლამენტარებისთვის დაესვათ კრიტიკული კითხვები, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში შესაძლებლობას წაართმევდა განეხორციელებინათ მთავარი პროფესიული ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირება.
პარლამენტარების, მათ შორის ირაკლი ზარქუას პრეროგატივას წარმოადგენს არ მოსწონდეთ ჟურნალისტები, ის მედია საშუალებები, რომლებშიც ჟურნალისტები მუშაობენ, მაგრამ მათ პრეროგატივას არ წარმოადგენს ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის მისაღები არ არის ის კითხვები, რომლებსაც ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტის შენობაში აჟღერებენ. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტარებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და პარლამენტში მყოფ პირებს არ მოსწონთ აკრედიტირებული ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვები და არ სურთ მათთვის ინტერვიუს მიცემა, მათ შესაძლებლობა აქვთ რომ არ მისცენ აღნიშნულ ჟურნალისტებს ინტერვიუ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტები შეურაცხოყოფას მიაყენებენ აღნიშნულ პირებს, ანდაც სურვილის საწინააღმდეგოდ შეეცდებიან ინტერვიუს აღებას და დაარღვევენ წესრიგს გასაჩივრებული ბრძანების ზემოთ მითითებული საფუძვლები შესაძლებლობას იძლევა ასეთი შემთხვევების არსებობისას მათ შეუჩერდეთ აკრედიტაცია. ამდენად, გასაჩივრებულ ნორმას არ გააჩნია ისეთი ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით აღიარებულია უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ ინტერესად.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავსად ზემოტ მოყვანილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა, გასაჩივრებული ნორმებიც არ ითვალისწინებენ მთელ რიგ პროცედურულ გარანტიებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად. კერძოდ:
1. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალისტების პოზიციების გათვალისიწნების გარეშე;
2. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დაბალანსების საკითხი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ არ ხდება იმის შეფასება რა უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის ჟურნალისტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება პარლამენტის შენობაში, თუ პარლამენტარისთვის შექმნილი დისკომფორტი, რომელიც ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის/ინტერვიუს ჩაწერით არის გამოწვეული;
3. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორის ვინაობა და აკრედიტაციის შეჩერება ეხება არა მხოლოდ იმ ჟურნალისტს, რომელიც უარის თქმის შემდეგ კვლავ განაგრძობს ინტერვიუს, არამედ სპეციალური აკრედიტაციის მქონე იმ პირებსაც, რომელბიც ტექნიკურად უზრუნველყოფენ ინტერვიუს ჩაწერას. ამას ადასტურებს მოსარჩელე გენადი ქვაჩახიასთვის აკრედიტაციის შეჩერება, რომელიც ტექნიკურად ახორციელებდა ინტევიუს ჩაწერას(მოსარჩელე გახლავთ ოპერატორი) და მისი მხრიდან დგილი არ ჰქონია კითხვების დასმას.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ ისიც, რომ სადავო ნორმის მოქმედებას გააჩნია მსუსხავი ეფექტი ჟურნალისტების მიერ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, გამოხატვის თავისუფლება „მსუსხავ ეფექტს“ განიცდის იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდი მოსალოდნელი პასუხისმგებლობის/სანქციის შიშით, იძულებულია, თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან და თვითშეზღუდვა აისახება გამოხატვის თავისუფლების ნორმატიულად შეუზღუდავ ნაწილზეც. „„მსუსხავი ეფექტის“ გავლენით ნორმის ზემოქმედება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე შესაძლებელია გასცდეს მისი რეგულირების სფეროს და ფაქტობრივად შეზღუდოს ის ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგებაც კანონმდებლის მიზანს არც კი წარმოადგენდა. გამოხატვის თავისუფლების სფეროს ამგვარად რეგულირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საზოგადოების გაუმართლებელი ჩაკეტვა, მისი მოქმედების თავისუფლების თვითშეზღუდვა, აიძულოს ადამიანები, მოახდინონ თვითცენზურა გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს იმ ნაწილში, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც არ არსებობს, რაც, თავისთავად, ამ უფლების არათანაზომიერად შეზღუდვის ტოლფასია“[13]. საქართველოს პარლამენტის თავმდომარის ბრძანების საფუძველზე აკრედიტაციის შეჩერება მოსარჩელეების გარდა შეეხოთ სხვა ჟურნალისტებსაც. კერძოდ, 2023 წლის 6 აპრილს საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა სხვადასხვა მედიის სამ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, კერძოდ, „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფიო გოზალიშვილს, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორს ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თათია წოწონავას და ოპერატორს ზუკა ჩხვირკიას. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მედიის წარმომადგენლებმა დეპუტატებს კითხვები დაუსვეს აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირებასა და ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით[14]. ასეთი პრაქტიკის არსებობას გააჩნია მსუსხავი ეფექტი ჟურნალისტების მიერ საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას, ვინაიდან აკრედიტაციის შეჩერების შიშით, მათ შესაძლოა თავი შეიკავონ პარლამენტარებისთვის კრიტიკული კითხვების სასმისგან, რაც თავის მხრივ საზოგადოებას წაართმევს შესაძლებლობას გაეცნოს საკუთარი წარმომადგენლების მოსაზრებებს ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკურ საკითხებზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებს არ გააჩნია ისეთი ლეგიტიმური ინტერესი, რომლის საფუძველზეც შესაძლოა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული უფლებების შეზღუდვა. ამდენად, კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მეორე და მეხუთე, ასევე მესამე პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ჟურნალისტის ან სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის N2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, II-59.
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის N3/7/1483 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-18.
[8] იქვე, II-20.
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის N2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, II-61.
[10] Dunja Mijatovic, Organisation for Security and Co-operation in Europe The Representative on Freedom of the Media, Accreditation of Foreign Journalists in the OSCE Region, 4-8.
[11] საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საერთასორისო პრაქტიკები მედია აკრედიტაციასთან დაკავშირებით.
[12] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15.
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 8.
[14] ხელმისაწვდომია: საქართველოს პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი არაკონსტიტუციურია - gdi.ge
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა