საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/1/477 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 22 დეკემბერი 2011 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია – წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი თამარ ჭარბაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ზურაბ დეკანოიძე.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №477) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2009 წლის 2 დეკემბერს №1/4/477 საოქმო ჩანაწერით საქმე არსებითად განსახილველად იქნა მიღებული.
2. საქმის არსებითი განხილვის სხდომები გაიმართა 2011 წლის 11 და 12 ივლისს.
3. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობას, ამ კანონით დადგენილი წესით გაიარონ სამხედრო სარეზერვო სამსახური. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონის საფუძველზე, სამხედრო სარეზერვო სამსახურის მთავარი დანიშნულება არის სამხედრო ძალების მხარდაჭერა და საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის უზრუნველყოფა. რეზერვის შესაბამისი სახეების დაკომპლექტების წყაროებისა და დანიშნულების განხილვა მიუთითებს, რომ სარეზერვო მომზადება და მით უფრო საგანგებო თუ საომარი მდგომარეობის დროს განსაზღვრულ ოპერაციებში მონაწილეობა პირდაპირ კავშირშია საბრძოლო მოქმედებების შესწავლასა და განხორციელებასთან. სახალხო დამცველის აზრით, საგანგებო და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა შეიძლება იყოს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პირს არ მოუწევს უშუალოდ იარაღის ხელში აღება და ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სარეზერვო სამსახური მოიცავს საბრძოლო მომზადების ეტაპს. აქედან გამომდინარე, პირებს, რომელთაც ევალებათ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა, შესაძლოა მათი რელიგიური თუ არარელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, წარმოეშვათ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა ასეთი სამსახურის მიმართ.
5. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირებს, მათ შორის სტუდენტებს, არ აქვთ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველზე სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისგან გათავისუფლების უფლება, თუ არ არსებობს ამავე კანონის მე-8 მუხლით დადგენილი რომელიმე საფუძველი. ამასთან, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც “მოიხადეს არასამხედრო, ალტერნატიული, შრომითი სამსახური”. მოსარჩელის აზრით, ნორმის ფორმულირებიდან აშკარაა, რომ იგი შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახებამდე, გაწვეულნი იყვნენ სამხედრო სამსახურში და კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამო, სამხედრო სამსახურის ნაცვლად, მოითხოვეს და უკვე გაიარეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. ამ ნორმის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რეზერვში გაწვევისას კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებს არ აქვთ შესაძლებლობა, მოითხოვონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა. ამასთან, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების და არა სამხედრო სამსახურის შემადგენელ ნაწილს. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური განხილულია მხოლოდ სამხედრო სამსახურის ალტერნატივად. შესაბამისად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირს აღნიშნული კანონმდებლობა არ აძლევს შესაძლებლობას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად, მოითხოვოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა.
6. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულია როგორც რელიგიისა და რწმენის ქონის (როგორც აბსოლუტური უფლების), ასევე მათი გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დაცულია როგორც შინაგანი რწმენა, ისე რწმენის გარეგანი თავისუფლება.
7. მოსარჩელის განმარტებით, რწმენისა და სინდისის თავისუფლებაში, სხვა საკითხებთან ერთად, იგულისხმება პირის უფლება, თავისუფლად აირჩიოს და ჰქონდეს ეს თუ ის რელიგიური ან არარელიგიური მრწამსი. აქედან გამომდინარეობს პირის უფლება, შეასრულოს რაიმე მოქმედება საკუთარი მრწამსის შესაბამისად ან საერთოდ არ ჩაერთოს თავისი შეხედულებების საწინააღმდეგო მოქმედებებში. შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის და მისი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის უფლება, რწმენისა და სინდისის თავისუფლების ფუნდამენტური ასპექტია, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით. მოსარჩელეს არგუმენტად მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ გამოხატა მყარი პოზიცია, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა დამოუკიდებლადაა დაცული რელიგიის თავისუფლების ფარგლებში და შესაბამის შემხვედრ ვალდებულებებს წარმოშობს.
8. მოსარჩელის აზრით, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმა ზოგადი და ნეიტრალურია. მისი მიზანი არ არის რელიგიური უმცირესობების შევიწროება. თუმცა სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რწმენის თავისუფლებაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ნეიტრალურმა კანონმაც, როდესაც პირებისგან ისეთი ქმედების შესრულებას მოითხოვს, რომელიც ეწინააღმდეგება მათ რელიგიასა და რწმენას.
9. სახალხო დამცველის აზრით, რწმენის თავისუფლების მიზნებისთვის როგორც სამხედრო სამსახური, ისე სარეზერვო სამხედრო სამსახური თანაბრად უნდა იქნეს განხილული და შეფასებული, ვინაიდან ორივე შემთხვევაში იდენტურია საფუძვლები, რომლებიც კეთილსინდისიერ წინააღმდეგობას წარმოშობს.
10. მოსარჩელის აზრით, სადავო აქტის კონსტიტუციურობის შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მის მიმართებაზე საქართველოს კონსტიტუციის 101–ე მუხლთან, რომლის თანახმად, ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. საამისო უნარების შეფასებისას კი, ფიზიკური შესაძლებლობების გარდა, განხილულ უნდა იქნეს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებაც. შესაბამისად, 101-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება უნდა განიმარტოს მე-19 მუხლის გათვალისწინებით.
11. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება, როგორც რწმენის თავისუფლების ერთ-ერთი გამოვლინება, შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, როდესაც მისი გარეგნული გამოხატვა გარკვეული საფრთხის შემცველია საზოგადოებრივი უსაფრთხოების, უშიშროებისა თუ სხვათა უფლებებისთვის. თუმცა კონსტიტუციის მე-19 მუხლის მესამე პუნქტი ამ უფლების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ მისი გამოვლენის შემთხვევაში და მხოლოდ სხვათა უფლებების დაცვის მოტივით.
12. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით ირღვევა ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი. მას მიაჩნია, რომ, ერთი მხრივ, პირებს, რომლებიც არსებითად უთანასწოროები არიან, კერძოდ, რეზერვისტებს, რომელთაც აქვთ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა და რეზერვისტებს, რომელთაც არ აქვთ ასეთი წინააღმდეგობა, კანონმდებლობა თანაბარ ტვირთს აკისრებს. ხოლო მეორე შემთხვევაში, პირებს, რომლებსაც გააჩნიათ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა, ეძლევათ საშუალება, პირველადი გაწვევის შემთხვევაში, გაიარონ ალტერნატიული სამსახური და ამით ჩაანაცვლონ სამხედრო სამსახური, რეზერვში გაწვევის ეტაპზე კი იგივე რწმენის მქონე პირებს კანონი არ აძლევს მისი გამოყენების საშუალებას.
13. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, სადავო ნორმა წარმოადგენს ზოგად ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნიდან, რომლის მიხედვითაც ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. მოპასუხის განმარტებით, სამხედრო ვალდებულების მოხდის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს სწორედ რეზერვი.
14. მოპასუხე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, კონსტიტუციის 101-ე მუხლის საფუძველზე, დააკისროს პირს სამხედრო ვალდებულების შესრულება, ან, დისკრეციის ფარგლებში უარი თქვას, გარკვეული მოსაზრებების გამო, ასეთი ვალდებულების დაკისრებაზე. თუმცა იმ პირთა უფლებების დასაცავად, რომელთაც რწმენისა და სინდისის, აღმსარებლობის გამო არ სურთ სამხედრო სამსახურის გავლა, საქართველოს კანონმდებლობა ადგენს მთელ რიგ შეღავათებს. კერძოდ, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ გაიწვევიან ის პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, ანუ თავის დროზე სათანადო მოტივით განაცხადეს უარი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ დროისათვის პირს არ აქვს გავლილი ალტერნატიული სამსახური, მოპასუხის მტკიცებით, მას უფლება აქვს სარეზერვო სამსახურში გამოძახებისას მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და მოიხადოს ალტერნატიული შრომითი სამსახური. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამგვარი პირი იქნება გაწვეული რეზერვში, თავისთავად არ დაირღვევა მისი რწმენის თავისუფლება, რადგან კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტს და არა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.
15. მოპასუხე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს ადამიანის სიტყვის, რწმენის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, რაც გულისხმობს ინდივიდის უფლებას, ჰქონდეს ნებისმიერი რწმენა, გაავრცელოს და გაუზიაროს ნებისმიერი ინფორმაცია სხვას, თუ იგი არ ლახავს სხვათა უფლებებს. ანუ ამ შემთხვევაში სუბიექტი არის თვითონ ინდივიდი, მოქალაქე, ხოლო მეორე პუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, რწმენის, სინდისისა და აღმსარებლობის გამო. შესაბამისად, სახელმწიფომ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირპროპორციულად იქნება კავშირში რელიგიური შეხედულებების გამო, პიროვნების მიმართ ზეწოლის განხორციელებასთან. კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ინდივიდისათვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობის გამართლებას. რელიგიური თუ სხვა მოსაზრების საფუძველზე სახელმწიფოს მიერ დაწესებული კონსტიტუციური ვალდებულების შეუსრულებლობის შესაძლებლობა დაკავშირებულია სახიფათო პრეცედენტთან, რომლის აღიარებამაც შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ სამხედრო სამსახურის, არამედ მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეტატიკური აზროვნების უარყოფა.
16. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების სპეციფიკურ ფორმას, რომლის მიზანია, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო ძალების მხარდაჭერა. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ პირს ეკისრება გარკვეულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების ვალდებულება. მოპასუხის აზრით, სამხედრო სარდლობის მთავარი მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად ეფექტური ჯარისკაცები ჰყავდეს, შესაბამისად, მათ ინტერესშია, მოხდეს სამხედრო კონტიგენტის დიფერენცირება, რომ მათ პრობლემები არ ჰქონდეთ ამ ამოცანების შესრულებაში. ბუნებრივია, თუ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირი მოხვდება რეზერვში, მას დაეკისრება სხვა ტიპის მოქმედებების განხორციელება, რომელსაც არ ექნება სამხედრო ხასიათი. იმ შემთხვევაში კი, თუ სამხედრო ქვედანაყოფის ადმინისტრაცია შეძლებს კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგისათვის ისეთი ფუნქციების დაკისრებას, რაც არ იქნება დაკავშირებული სამხედრო ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანების შესრულებასთან, სრულად იქნება დაცული მისი რელიგიური და მსოფლმხედველობრივი მრწამსი.
17. მოპასუხე მიუთითებს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რამდენიმე თვეს გრძელდება, ხოლო რეზერვის სამსახურის ვადები ძალიან შემცირებულია. რეზერვის მთავარი დანიშნულება არ არის საბრძოლო ოპერაციების დაწყება, ანუ ის არ არის პირველადი შემსრულებელი ამ სამხედრო დავალებების. მისი ფუნქცია არის სამხედრო ძალების მხარდაჭერა, რაც შეიძლება გამოიხატოს ისეთი ტიპის საქმიანობის შესრულებაში, როგორიცაა, მაგალითად, გარკვეული ლოჯისტიკური საქმიანობის შესრულება ან უკვე განეიტრალებული ტერიტორიის ფიზიკური დაცვა და ა.შ. შესაბამისად, რეზერვისტები შედარებით მარტივ დავალებებს ასრულებენ, ვიდრე ძირითადი სამხედრო ბატალიონებისა და სამხედრო ქვედანაყოფების წევრები, როდესაც ისინი მთავარ სამხედრო დავალებებს ასრულებენ.
18. მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ “არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ერთობლივი წაკითხვის საფუძველზე, რეზერვისტს შეიძლება მიეცეს შესაძლებლობა, გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ცვლის სამხედრო სამსახურს. სამხედრო სარეზერვო სამსახური კი არის სამხედრო სამსახურის ერთ-ერთი სახე. შესაბამისად, პირს ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი, წავიდეს რეზერვში და შეასრულოს არასაბრძოლო სამხედრო დავალებები და მეორე შემთხვევაში, შეუძლია, მოითხოვოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით სარეზერვო სამსახურის შეცვლა. თუმცა ასეთ შემთხვევაში ფორმალურ პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს ის გარემოება, რომ ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა, კანონის საფუძველზე, ეფუძნება პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებულებას, ხოლო სარეზერვო სამსახურში გაწვევა ხორციელდება თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, სადავო ნორმით არ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი.
20. მოპასუხეს ასევე მიაჩნია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის საფუძველზე სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალდებულებაა. ამგვარი საყოველთაო ვალდებულებისაგან სავალდებულო წესით აზროვნების გამო გათავისუფლება, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, პირიქით დაარღვევდა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, რომელიც ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.
21. მოპასუხის აზრით, ვინაიდან სახელმწიფოს შესაძლებლობა აქვს, სამხედრო სარეზერვო სამსახურის ფარგლებში შექმნას იგივე პირობები, რაც ალტერნატიული შრომითი სამსახურის დროს, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნები დაცულია.
22. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, №477 კონსტიტუციურ სარჩელზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „კონსტიტუციის 42–ე მუხლმა“ წარმოადგინეს სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებები.
23. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ სადავო ნორმის შესაბამისად, სამხედრო სარეზერვო სამსახური შესაძლოა მსოფლმხედველობრივ წინააღმდეგობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ სინდისის, რელიგიის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებასთან.
24. სასამართლოს მეგობარი განმარტავს ადამიანის შინაგანი მრწამსის კატეგორიას (forum internum) და აღნიშნავს, რომ ადამიანზე ზემოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ზემოქმედების ობიექტის იძულებას, იმოქმედოს თავისი სინდისის საწინააღმდეგოდ, არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის მოქმედების სფეროში, რომელიც ამავე მუხლით რეგლამენტირებულ თავისუფლებათა შეზღუდვას ეხება. შესაბამისად, ხაზგასმით ითქვა, რომ forum internum აბსოლუტურად გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს და დაუშვებელია ნებისმიერი მიზნით ან ინტენსივობით შინაგან მრწამსში ჩარევა. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე, იზღუდება მხოლოდ ზემოაღნიშნულ თავისუფლებათა გამოვლინება (forum externum), როდესაც ილახება სხვათა უფლებები.
25. სასამართლოს მეგობარი ასევე ეხება საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლს და აღნიშნავს, რომ ეს დებულება შინაარსობრივად მიემართება სადავო ნორმას, რადგან ორივე დანაწესის თანახმად, სამხედრო ვალდებულების მოხდა ზოგად, საყოველთაო მოთხოვნას წარმოადგენს, სამხედრო ვალდებულების ადრესატია ყოველი საამისო უნარის მქონე მოქალაქე, გამონაკლისის გარეშე.
26. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი განმარტავს ასევე კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ფარგლებს. მოყვანილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის 22-ე ზოგადი კომენტარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის განმარტების თაობაზე, ასევე, გაეროს დისკრიმინაციის პრევენციისა და უმცირესობათა დაცვის ქვეკომისიის თანამომხსენებლისა და ვენეციის კომისიის შესაბამისი განმარტებანი, რომლებიც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების მნიშვნელობას ეხებიან.
27. სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით უზრუნველყოფილი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებასთან შესაბამისობის შემოწმებისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ადამიანს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება შესაძლოა გაუჩნდეს უშუალოდ სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიმართ. ამის მიზეზი კი თავად სამხედრო სარეზერვო სამსახურის ბუნებაა. მისი მიზნებიდან გამომდინარე, იგი სამხედრო ხასიათისაა და არა სამოქალაქო დანიშნულების, მასში ჩართულ პირს უხდება ცეცხლსასროლ იარაღთან შეხება და მისი გამოყენება. შესაბამისად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში იარაღის გამოყენება და სხვა სამხედრო ხასიათის აქტივობა არის ის პირველადი ვალდებულება, რომელმაც შესაძლოა წარმოშვას კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება. აქედან გამომდინარე, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ისევე უნდა წარმოადგენდეს სამხედრო სარეზერვო სამსახურის შემცვლელ, სამხედრო ვალდებულების მოხდის განსხვავებულ ფორმას, როგორც ეს გადაწყვეტილია სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემთხვევაში.
28. „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ წერილობით მოსაზრებაში შინაგანი რწმენის საფუძველზე სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის თქმის უფლება, ანუ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა განიხილება როგორც რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლების პრაქტიკული განხორციელების მექანიზმი.
29. სასამართლოს მეგობარი ყურადღებას ამახვილებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის 1993 წლის 30 ივლისის №22 ზოგად კომენტარზე, რომელშიც შინაგანი რწმენის საფუძველზე სამხედრო სამსახურისადმი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის შემადგენელ ნაწილად იქნა განხილული.
30. სასამართლოს მეგობარი მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას კონვენციის მე–9 მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, როგორც „ცოცხალი ინსტრუმენტის“ სამართლებრივ ბუნებაზე. აღინიშნა, რომ კონვენციით დასახული მიზნებისა და დებულებების მიღწევისათვის საჭიროა დოკუმენტის დინამიურად და ევოლუციურად განმარტება.
31. სასამართლოს მეგობარი თავის წერილობით მოსაზრებაში ეხება ასევე ზოგადად ევროპის საბჭოს პოზიციას კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საკითხთან მიმართებით და მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაზე, რომლის მიხედვითაც, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება აღიარებულია უშუალოდ აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით მოცულ უფლებად.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლოს მეგობარი ასკვნის, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტისა თუ ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოების პოზიციის გათვალისწინებით, სამხედრო სამსახურისადმი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება დაცულია აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით.
II
1. მოცემულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა უპასუხოს შემდეგ საკითხს: მოიცავს თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ადამიანის უფლებას, რელიგიური ან სხვა რწმენის შესაბამისად, უარი განაცხადოს სამხედრო სამსახურზე?
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით:
„1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
3.დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია სხვადასხვა თავისუფლებები, თუმცა, სასამართლოს მიზანს, მოცემული დავის ფარგლებში, არ წარმოადგენს მთლიანად მე-19 მუხლის ამომწურავი განმარტება. სასარჩელო მოთხოვნა ეხება სადავო ნორმით რწმენის თავისუფლების დარღვევას, ამიტომ სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ ამ თავისუფლების სასარჩელო მოთხოვნის მიზნებისათვის განმარტების აუცილებლობით.
4. რწმენის თავისუფლება ადამიანის თვითგამორკვევის საწყისი და საფუძველია. ყველა სხვა უფლების მსგავსად, ეს თავისუფლებაც ადამიანის ღირსების პატივისცემის გამოხატულებაა. "ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/407 საქმეზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
5. რწმენის თავისუფლება გულისხმობს ადამიანის შინაგან თავისუფლებას, დამოუკიდებლად, თავად განსაზღვროს საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი თუ მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით განვითარების მიმართულებები, პრიორიტეტები, ჩამოყალიბდეს მათ შესაბამისად, საზოგადოებაში იცხოვროს ინდივიდუალური თვითრეალიზაციის შესაძლებლობით და ამ განცდით იპოვოს საკუთარი თავი. ამ თვალსაზრისით, რწმენის თავისუფლება არის ადამიანის მოსაზრებების, გრძნობების და მათ შესაბამისად ცხოვრების საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ ის მოიცავს როგორც რელიგიურ, ისე არარელიგიურ რწმენას და შესაბამისად, არ წარმოადგენს მხოლოდ რელიგიის თავისუფლების იდენტურ ცნებას. ის მოიცავს რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროს, მაგრამ არ შემოიფარგლება მისით.
6. რწმენის თავისუფლება ერთგვარად მსოფლმხედველობის თავისუფლებაა, რადგან შესაძლებლობა, იცხოვრო და განვითარდე საკუთარი ინტერესების, სურვილის, გემოვნების, წარმოდგენების და შეხედულებების, ამასთან შესაძლებლობების შესაბამისად, ქმნის ადამიანის “მე”-ს, მის შინაარსს, პიროვნებას, განსაზღვრავს მის დანიშნულებას პირად, კერძო გარემოცვასა თუ საზოგადოებაში, ორიენტაციას აძლევს მის ცხოვრებას. ამიტომაც ამ თავისუფლებაში უხეში, გადამეტებული ჩარევა, ისეთი მოპყრობა, რომელიც იწვევს ადამიანის აზროვნების წესის შეცვლას, იწვევს მის სულიერ ტანჯვას.
7. რწმენის თავისუფლება ძალზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, რადგან ის საკუთარი (ამასთან ერთმანეთისგან განსხვავებული) რწმენის შესაბამისად ჩამოყალიბებული, თავისუფლად თვითრეალიზებადი ადამიანებისაგან შედგება. Eეს უფლება, მოიცავს რა კონკრეტული რწმენის სხვადასხვა შინაარსითა და ფორმით მანიფესტაციას – მის გამოვლენას, გამოხატვას, ის პოტენციურად ძალიან დიდი შესაძლებლობის მატარებელია, გავლენა მოახდინოს საზოგადოების განვითარებაზე, განსაზღვროს საზოგადოების განწყობები. ამიტომDრწმენის თავისუფლება წარმოადგენს რა ადამიანის პიროვნული განვითარებისა და ავტონომიის საყრდენს, იმავდროულად, განაპირობებს მთლიანად საზოგადოების არქიტექტურას, განსაზღვრავს მისი დემოკრატიულობის ხარისხს, რადგან პლურალიზმი ზოგადად და მათ შორის, რელიგიური (ან სხვა შინაარსის რწმენის განვითარების თვალსაზრისით) პლურალიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. აქედან გამომდინარე, ეს თავისუფლება, როგორც მინიმუმ, მოითხოვს სხვადასხვა რწმენის მიმდევართა ჰარმონიული თანაცხოვრების შესაძლებლობის გარანტირებას, რაც რწმენის თავისუფლების თითოეულ სუბიექტს აკისრებს ვალდებულებას, საკუთარი თავისუფლება შეზღუდოს სხვათა ასეთივე თავისუფლებით – ეს არის რწმენის ფუნდამენტური თავისუფლების თანმდევი ვალდებულება.
8. მაშასადამე, ეს უფლება, სასიცოცხლოდ აუცილებელია და არსებითად განმსაზღვრელია ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობის, განვითარებისა და თვითრეალიზაციისათვის, ამასთან, ზუსტად მისი ასეთი დანიშნულებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად კონკურირებადია: ა)სხვათა (სხვა ადამიანთა) ამავე თავისუფლებასთან ბ)სხვა უფლებებთან და კანონიერ ინტერესებთან; ამიტომ, ერთი მხრივ, რწმენის თავისუფლების აღიარება, მისი სრულყოფილად განხორციელების უზრუნველყოფა და მეორე მხრივ, ამ თავისუფლებით ეფექტურად სარგებლობა, სხვათა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებითა და პატივისცემით, ერთნაირად წარმოადგენს გამოწვევას სახელმწიფოს, ადამიანების და მთლიანად საზოგადოებისთვის.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ნებისმიერი უფლების სწორი, სრულყოფილი რეალიზაციისათვის და ეფექტური დაცვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცდუნება და რისკი, როგორც უფლებაში გადამეტებული ჩარევისა, ისე თავად უფლებით ბოროტად სარგებლობისა, ერთნაირია, რაც, საბოლოო ჯამში, არღვევს ინტერესთა შორის გონივრულ ბალანსს და ერთნაირად უქმნის საფრთხეს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესებს. მიუხედავად ამისა, რწმენის თავისუფლების შინაარსიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, არარეალურია მისი ფარგლების ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრა, რწმენის თავისუფლებით დაცული სფეროს დიაპაზონის კონკრეტულად იდენტიფიცირება, ყველა იმ მოსაზრების, განცდის, ამა თუ იმ შინაარსის მრწამსის დასახელება, რომლებიც დაცულია რწმენის თავისუფლებით. ისევე, როგორც შეუძლებელია მკვეთრი და ხელშესახები კრიტერიუმების ამომწურავად ჩამოთვლა, რომლებზე დაყრდნობითაც უტყუარად მოხდება საკითხების საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ და მის ფარგლებს გარეთ დარჩენილ საკითხებად გამიჯვნა. ამ თავისუფლების რეალიზაცია და ეფექტურად დაცვა ყოველი კონკრეტული საქმისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, გააზრებას და გადაწყვეტას მოითხოვს. შეფასების ზოგადი კრიტერიუმების, უნივერსალური მიდგომების ჩამოყალიბების მცდელობამ შესაძლოა თავად უფლება დააზარალოს. უფლება, რომლის შინაარსი ადამიანის გონების შესაძლებლობებზე, აზროვნების პროცესზეა დამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ მუდმივად ვითარდება და ფართოვდება, შეუძლებელია სრულად ხელშესახები და ამომწურავად კონკრეტული იყოს.
10. მოცემულ შემთხვევაშიც, საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას რწმენის თავისუფლების სრულყოფილი განმარტების საჭიროების წინაშე. როგორც უკვე აღინიშნა, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მან უნდა გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმის თაობაზე, განეკუთვნება თუ არა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული რწმენის თავისუფლებით დაცულ სფეროს.
11. მნიშვნელოვანია, რომ სასარჩელო მოთხოვნის მიზნებისათვის, მე-19 მუხლით დაცული რწმენის თავისუფლების განმარტება მოხდეს ამ მუხლით გათვალისწინებული შინაარსის ფარგლებში, მაგრამ, იმავდროულად, თავად უფლების არსის გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანი და დანიშნულებაა კონსტიტუციურ უფლებათა ისეთი განმარტება, რომელიც კონსტიტუციის მიზნების, კონსტიტუციით განმტკიცებული ღირებულებების და თავად ძირითადი უფლების არსის შესაბამისია, რაც უზრუნველყოფს უფლებით პრაქტიკულად, რეალურად და ეფექტურად სარგებლობას და არ გამოფიტავს მას თეორიულ და ილუზორულ უფლებამდე.
12. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული რწმენის თავისუფლება, თავისი ყველაზე საწყისი გაგებით, გულისხმობს, სახელმწიფოსგან ჩარევის გარეშე, ამა თუ იმ რწმენის გაზიარებას, არჩევას, საკუთარი თავის მისდამი მიკუთვნებას (პოზიტიური თავისუფლება), ან უარყოფას, შეცვლას (ნეგატიური თავისუფლება), ანუ ადამიანის აზროვნების შინაგანი სფეროს დაცვას. ამ დონეზე რწმენის თავისუფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება გამოიხატოს ადამიანზე იდეოლოგიური, ფსიქოლოგიური და მორალური ზემოქმედებით, დაშინებით, იძულებით უარი თქვას კონკრეტულ რწმენაზე, შეიცვალოს ის (და გაიზიაროს რომელიმე სხვა რწმენა).
13. იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, რწმენის თავისუფლება მოიცავს მისი გამოვლენის – რწმენის შესაბამისად ცხოვრების წარმართვის უფლებასაც (მოქმედების სფერო). რწმენის თავისუფლება არარეალური და არარეალიზებადი იქნება, მის შესაბამისად ადამიანების კომუნიკაციის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. უფლებას შინაარსი გამოეცლება, თუკი მისი ნაწილი არ იქნება კონკრეტული რწმენის საფუძველზე და მის შესაბამისად ქმედება, ეს პრაქტიკულად ამ უფლების უარყოფამდე მიგვიყვანს, რადგან რწმენის მხოლოდ ქონა არაფერს იძლევა თავად ამ უფლებით სრულყოფილად სარგებლობის თვალსაზრისით. თუ არ არის გარანტიები რწმენის შესაბამისად ცხოვრების წესის წარმართვისა და განვითარებისათვის, აზრი ეკარგება საერთოდ ამ უფლების აღიარებას.
14. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს ადამიანის შინაგანი სფეროს, მისი შინაგანი სამყაროს აბსოლუტურ დაცვას და ადგენს ფარგლებს, შეზღუდვის შესაძლებლობას მათი გამოვლენისას. ადამიანის თავისუფლება, საკუთარი ცხოვრება წარმართოს მისი რწმენის შესაბამისად, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით, სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, შეიძლება შეიზღუდოს.
15. ნიშანდობლივია, რომ კონკრეტულ რწმენაზე დაფუძნებული ქმედება, შესაძლოა გასცდეს მე-19 მუხლით დაცულ სფეროს და კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა უფლების (მაგალითად, გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, განათლების თავისუფლების, შეკრების თავისუფლების) რეალიზაციას გულისხმობდეს. აშკარაა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლების გადაკვეთის პოტენციური შესაძლებლობა. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, უფლების დაცვისა და მეორე მხრივ, კერძო და საჯარო ინტერესების სწორად დაბალანსებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდეგი საკითხის სწორად გადაწყვეტას – კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება დაცულია თუ არა კონსტიტუციის მე-19 მუხლით.
16. “კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის” წარმოშობის საფუძველია ადამიანის რწმენა, რომელიც მას უკრძალავს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. შესაბამისად, კეთილსინდისიერი წინაღმდეგობის მქონე პირები, როგორც წესი, უარყოფენ იარაღით ხელში სამსახურს ომისა და მშვიდობის დროს, რადგან ომი გარდაუვლად გულისხმობს ძალის გამოყენებას, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. ხოლო სამხედრო სამსახური ემსახურება რა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, პოტენციურად თავდაცვითი ომისთვის მზადებასაც ნიშნავს. მაშასადამე, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა გულისხმობს არა მხოლოდ საომარ მოქმედებებზე, არამედ მშვიდობიანობის პერიოდში სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის თქმასაც.
17. აღსანიშნავია, რომ რწმენა და შეხედულებები, რომელიც წარმოადგენს კეთილსინდისიერი წინაღმდეგობის საფუძველს, თავისი შინაარსით, არ არის აუცილებელი იყოს რელიგიური ხასიათის. მაგალითად, პაციფიზმი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რწმენად იქნა აღიარებული მაშინაც, როდესაც ის გარკვეულ რელიგიას არ უკავშირდება (Arrowsmith v. United Kingdom; Le Cour Grandmaison and Fritz v. France).
18. დაცული არის თუ არა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა რწმენის თავისუფლებით - ამ საკითხის გადაწყვეტისადმი მიდგომა არ იყო ერთგვაროვანი. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უპირატესობას ანიჭებდა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის, როგორც რწმენის ფუნდამენტური უფლების ნაწილის, კონკრეტული სახელმწიფოების მიერ აღიარების ფაქტს. მან არაერთ საქმეზე განაცხადა, რომ კონვენციის მე-9 მუხლი, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “b)” ქვეპუნქტთან ერთობლიობაში, არ უწესებს სახელმწიფოებს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების აღიარების ვალდებულებას.
19. თუმცა, საბოლოო ჯამში, მიღწეულია საერთაშორისო თანხმობა დემოკრატიულ საზოგადოებაში კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის (შესაბამისი პირობების არსებობისას) რწმენის თავისუფლებით დაცვის არა მხოლოდ შესაძლებლობის, არამედ აუცილებლობის თაობაზეც. 2011 წლის 7 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ აღნიშნულ საკითხზე თავის ბოლო გადაწყვეტილებაში (Bayatyan v Armenia) განაცხადა, რომ განმცხადებლის სარჩელი უნდა შეფასდეს მე-9 მუხლზე დაყრდნობით დამოუკიდებლად. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ დაადგინა: კონვენციის მე-9 მუხლი პირდაპირ არ მიუთითებს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებაზე. თუმცა ის გულისხმობს, რომ სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის თქმა, როდესაც ეს მოტივირებულია სერიოზული და დაუძლეველი კონფლიქტით სამხედრო სამსახურის გავლის ვალდებულებას და პირის სინდისსა და მის ღრმა ჭეშმარიტად გულწრფელ რელიგიურ თუ სხვა მრწამსს შორის, წარმოადგენს რწმენას ან მრწამსს, რომელიც აკმაყოფილებს დასაბუთებულობის, სერიოზულობის, ორგანიზებულობისა და მნიშვნელოვნების საკმარის დონეს, რათა დაცული იყოს კონვენციის მე-9 მუხლით (Bayatyan v Armenia, პარ.110).
20. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციაში 1518 (2001), აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება წარმოადგენს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებათა ფუნდამენტურ ასპეტქს (Council of Europe, Parliamentary Assembly, Recommendation 1518 (2001), Exercise of the right of conscientious objection to military service in Council of Europe member states, para.2). აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ასამბლეა დოკუმენტში ეხება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას; 1993 წლის ივლისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღო ზოგადი კომენტარი “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლთან დაკავშირებით, სადაც ჩაიწერა: “პაქტი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების ერთმნიშვნელოვან რეგლამენტაციას არ ახდენს, თუმცა კომიტეტს სჯერა, რომ შესაძლებელია ამგვარი უფლების ამოკითხვა მე-18 მუხლში, რამდენადაც მომაკვდინებელი ძალის გამოყენების ვალდებულება შესაძლოა სერიოზულ წინააღმდეგობაში მოვიდეს პირის სინდისის თავისუფლებასთან და მისი რელიგიისა და მრწამსის გამოვლენის უფლებასთან” (Human Rights Committee – General Comments, General Comment No.22: The right tu freedom of thought, conscience and religion(Art.18), 30.007.1993.). კომიტეტმა ეს მიდგომა დაადასტურა თავისი პრაქტიკითაც (გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2006 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Yeo-Bum Yoon and Myung-Jin Choi v. Republik of Korea, პარ.8.3.).
21. კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის რწმენის თავისუფლების ნაწილად მიჩნევასთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია საქართველოს პარლამენტის მიდგომა:
საქართველოს კანონი “არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” პრეამბულაში მიუთითებს რა კანონის დანიშნულებასა და მისი რეგულირების საგანზე, აღნიშნავს, რომ “ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს”. ამავე კანონის პირველი მუხლი კანონის მიზანს შემდეგნაირად განსაზღვრავს: “ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის საფუძველზე ეს კანონი განსაზღვრავს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, როგორც აზრის თავისუფლად გამოხატვის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის თავისუფლებასა და სამხედრო ვალდებულებას შორის გონივრულ და ჰუმანურ კომპრომისს”. ხოლო მე-2 მუხლი ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არასამხედრო, ალტერნატიული, შრომითი სამსახურის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას: საქართველოს კანონმდებელი სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდის შესაძლებლობას (კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებას) უკავშირებს და აფუძნებს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლებას.
22. მრწმენის თავისუფლებით გარანტირებული კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის უშუალოდ მე-19 მუხლით. კერძოდ: კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირების უარი სამხედრო სამსახურზე მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული რწმენის შენარჩუნებას და მის შესაბამისად ცხოვრებას, ანუ ამ კონკრეტული რწმენის როგორც ქონა, ისე მისი გამოვლენა (სამხედრო სამსახურზე უარის თქმის ფორმით) წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღებას უშუალოდ და მხოლოდ მათი პირადი ცხოვრების წესის თაობაზე. მათ მიზანს არ წარმოადგენს საკუთარი რწმენის განსაჯაროება, სხვებისათვის გაზიარება, შთაბეჭდილების ან გავლენის მოხდენა, დარწმუნება. ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ რწმენის შესაბამისად კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამოვლენა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც სახელმწიფო მათ ავალდებულებს, მოიქცნენ საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ. ანუ ამ რწმენის შესაბამისად ცხოვრება არ მოითხოვს მის მიმდევართა რაიმე ფორმით აქტიურობას, კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და შესაბამისად, საზოგადოებაზე ამა თუ იმ შინაარსით გავლენის მოხდენას, არამედ მისი გამოვლენის ერთადერთი ფორმა პირობადებულია მხოლოდ და მხოლოდ ამ რწმენის დაცვის, შენარჩუნების აუცილებლობით, რის გამოც, შედეგის თვალსაზრისით, ძალიან უმნიშვნელოა სხვაობა ამ რწმენის ქონასა და მის გამოვლენას შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული რწმენის თავისუფლებით.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის შემდეგ არგუმენტს: კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა არ უნდა იქნეს მიჩნეული რწმენის თავისუფლების ნაწილად იმის გამო, რომ, ვინაიდან ადამიანების რწმენა ძალზე მრავალმხრივი და განსხვავებული შეიძლება იყოს, ზოგადად რწმენის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ დადგენილ ვალდებულებებზე უარის თქმა უკონტროლოდ გაზრდის, სხვადასხვა მოტივაციის საფუძველზე, რწმენაზე აპელირებით, ასეთ მსურველთა რიცხვს. ამასთან, მოპასუხის მტკიცებით, ძალიან რთულია, თუ არა შეუძლებელი, სახელმწიფოსთვის ზუსტი და ამომწურავი კრიტერიუმების დადგენა, რომლებზე დაყრდნობითაც უტყუარად მოხდება რეალურად კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირების გამოვლენა. მოპასუხის ასეთი პოზიცია ვერ გამოდგება წონად არგუმენტად, რადგან ადმინისტრაციული ხელსაყრელობა უპირობო კონსტიტუციური სტანდარტი ვერ იქნება. სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ უფლების სუბიექტების რეალურობის შემოწმების შეუძლებლობა ან ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სირთულეების არსებობა, ვერ იქნება უფლების გაუქმების საფუძველი.
24.მოცემულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანს არ წარმოადგენს უნივერსალური კრიტერიუმების დადგენა, რომლითაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის რეალურად არსებობა-არარსებობის ფაქტის შემოწმება-დადგენა. თუმცა რწმენის თავისუფლების არსიდან გამომდინარე ნათელია, რომ რწმენა უნდა კარნახობდეს მას იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც მის პიროვნულ იდენტურობას ეხება. პიროვნება, კონკრეტულ ვითარებაში, შინაგანად უნდა გრძნობდეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მისთვის მბოჭავ და უპირობოდ/აბსოლუტურად მავალდებულებელ გადაწყვეტილებას.
25. ვინაიდან რელიგიის და რწმენის ფართო განმარტებამ შესაძლოა უფლებით დაცული სფერო გახადოს უკონტურო, არ არის საკმარისი, რომ პირი მიუთითებდეს საკუთარი ქმედების ამა თუ იმ რწმენით მოტივირებულობაზე, არამედ მან საკუთარი გადაწყვეტილება უნდა წარმოაჩინოს, როგორც დამაჯერებელი, სერიოზული, რომელიც უალტერნატივოდ მოითხოვება მისი მრწამსის მიერ. რწმენის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების დროს მნიშვნელოვანია, რომ ქმედება ეხებოდეს საკითხს, რომელთანაც პირი აიგივებს თავის პიროვნულ იდენტობას. რწმენის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს “პიროვნული მეს” განსაზღვრაში.
26. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული რწმენის თავისუფლების განმარტების პარალელურად, აუცილებელია თავად სადავო ნორმის გაანალიზება.
27. “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის სადავო ნორმის მიხედვით, “ამ კანონით განსაზღვრული წესით სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა”.
28. გადაწყვეტილების მიზნებისათვის აუცილებელია სადავო ნორმის სისტემური განმარტება:
სამხედრო ძალების რეზერვის შექმნის მიზანი და დანიშნულება მოცემულია “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად: “სამხედრო ძალების რეზერვი იქმნება მობილიზაციის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო ძალების მხარდასაჭერად”. ბუნებრივია, ამ მიზნის ფარგლებში, ამოცანები და ფუნქციები შეიძლება იყოს განსხვავებული, მათ შორის, არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის გარდაუვლად უკავშირდებოდეს სამხედრო მოქმედებებს, რომლებიც უშუალოდ იარაღის გამოყენებას მოითხოვს. საბრძოლო მომზადება შეიძლება გულისხმობდეს რიგ სხვა საკითხებსაც, მაგალითად, ლოჯისტიკის საკითხების სწავლებას, სამხედრო სამედიცინო პერსონალის მომზადებას. თუმცა, საბრძოლო მომზადების მრავალმხრივობის მიუხედავად, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ზუსტად იარაღის გამოყენების სავალდებულო სწავლებასაც გულისხმობს. ზუსტად ასეთი საქმიანობა, ბუნებრივად, უფრო ხშირი და კანონზომიერია. ბრძოლისათვის მზადება წარმოუდგენელია იარაღის გამოყენების სწავლების გარეშე. მაშასადამე, სამხედრო სარეზერვო სამსახური ცალსახად მოიცავს ისეთ ასპექტებს, რომელზე უარის თქმაც შეიძლება გახდეს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საგანი. შესაბამისად, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებს ერთნაირად შეიძლება გაუჩნდეთ წინააღმდეგობა როგორც სამხედრო სამსახურის, ისე სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის მიმართ.
29. ნიშანდობლივია, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის მიზანი კანონის არაერთ ნორმაშია მითითებული. მაგალითად, მე-4 მუხლის პირველ პუნქტში დამატებით აღნიშნულია, რომ პირის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა ხდება საბრძოლო მომზადების მიზნით. ეს ჩანაწერი ასევე არაორაზროვნად მიუთითებს სამხედრო სარეზერვო სამსახურში მყოფი (გაწვეული) პირების ზუსტად საბრძოლო მომზადებაზე, ანუ ისეთ წვრთნაზე, რომელსაც გადიან სამხედრო მოსამსახურეებიც.
30. სამხედრო ძალების რეზერვის მიზანი უფრო დაკონკრეტებულია მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში, რომელიც, ერთი მხრივ, ეთმობა სამხედრო ძალების რეზერვის კატეგორიების აღწერას, თუმცა იმავდროულად თითოეული კატეგორიის მიზნების აღწერით უფრო სრულყოფილ წარმოდგენას იძლევა მთლიანად სამხედრო ძალების რეზერვის დანიშნულებაზე. კერძოდ: აქტიური ძალების რეზერვის მიზანია პირთა მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, სამობილიზაციო მზაობა; ეროვნული გვარდიის რეზერვის მიზანია საომარი მოქმედებების დროს სამხედრო ძალების ზურგის ოპერაციებში მონაწილეობა, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა; ინდივიდუალური რეზერვის ძირითადი მიზანია შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების როტაცია და შევსება.
31. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას უკავშირებს მხოლოდ ინდივიდუალურ რეზერვს. ინდივიდუალური რეზერვის დაკომპლექტება ხდება სხვადასხვა კატეგორიის პირებით, მათ შორის, პირებით, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სარეზერვო სამსახური. ამასთან, პირები, რომლებიც გაივლიან სამხედრო სარეზერვო სამსახურს, ირიცხებიან მხოლოდ ინდივიდუალურ რეზერვში. ეს ზუსტად რეზერვის ის კატეგორიაა, რომელიც თავისი მიზნისა და დანიშნულებიდან გამომდინარე, უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული როგორც საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოქმედებებში, ისე აქედან გამომდინარე, შესაბამისი ფორმით მომზადებაში.
32. ინდივიდუალურ რეზერვში მყოფი პირები შეიარაღებული ძალების მოქმედ ქვედანაყოფებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების იდენტურ საქმიანობას ახორციელებენ, რადგან ზუსტად ამ კატეგორიის რეზერვისტებით ხდება შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების როტაცია და შევსება. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, არ არსებობს არსებითი სხვაობა რეზერვისტის და სამხედრო მოსამსახურის საქმიანობას შორის, ხოლო მეორე მხრივ, ამ კატეგორიის რეზერვის უშუალო დანიშნულებას ზუსტად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და მისთვის მზადება წარმოადგენს. შესაბამისად, აქ არსებობს საფუძველი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გაჩენისთვის (საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე), ამასთან, არ არსებობს სხვაობა ამ საფუძვლების გაჩენისთვის სამხედრო მოსამსახურეებსა და რეზერვისტებს შორის.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოპასუხის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური თავისი შინაარსით, საბრძოლო მომზადების ინტენსივობითა თუ ხარისხით არსებითად განსხვავდება სამხედრო სამსახურისგან, რის გამოც, რეზერვისტებს არ უნდა ჰქონდეთ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის უფლება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მსჯელობა ამ ნაწილში წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, ის ამტკიცებს, რომ რეზერვისტებს ეს უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა, მეორე მხრივ, ასაბუთებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ან არ გამორიცხავს მათ შესაძლებლობას, მოითხოვონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. ამასთან, მოპასუხე იმასაც აღნიშნავს, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურში ასეთი პირების გაწვევის შემთხვევაში მათი დატვირთვა ხდება ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფუნქციების იდენტურად.
34. “არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური არის საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახური, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლების საფუძველზე”. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მშვიდობიან პერიოდში გაიწვევენ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე. ამ განმარტებების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ცვლის არა მთლიანად სამხედრო ვალდებულებას, არამედ სამხედრო ვალდებულების მხოლოდ სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდას.
35. ნიშანდობლივია, რომ კანონმდებლობაში არაფერი მიუთითებს კანონმდებლის ნებაზე, რომ რეზერვში გასაწვევმა პირებმა, სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა ანალოგიურად (მსგავსად), მოითხოვონ ალტერნატიული შრომითი სამსახური. იმავდროულად პრობლემა მდგომარეობს არა იმაში, რომ კანონმდებლობაში არის ხარვეზი – ანუ საკმარისი რეგულაციების არარსებობა იწვევს რეზერვისტების შეუძლებლობას, მოითხოვონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, არამედ მთელი რიგი ნორმები პირდაპირ გამორიცხავენ რეზერვისტების ასეთ შესაძლებლობას.
36. კანონმდებლობა არაორაზროვნად მიუთითებს კანონმდებლის განზრახვაზე, მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას მისცეს წვევამდელებს შესაძლებლობა, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, მოითხოვონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. ანუ კანონმდებელი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის შესაძლებლობას უკავშირებს მხოლოდ წვევამდელის სტატუსს – მხოლოდ პირველად სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს (წვევამდელებს) აქვთ შესაძლებლობა, სამხედრო ძალებში გაწვევისას თქვან უარი სამხედრო სამსახურზე და მოითხოვონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. კერძოდ, “არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, “მოქალაქე, რომელმაც უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება და აქვს სამხედრო სამსახურის გაუვლელობის ამ კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვევის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში განცხადებით მიმართავს რაიონის (ქალაქის) გამწვევ კომისიას”. იგივე გარემოებაზე მიუთითებს ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, ასევე მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც: “მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია აფორმებს წვევამდელს და აძლევს საბუთს...”. მაშასადამე, კანონმდებლობაში ყველგან, სადაც საუბარია ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის შესაძლებლობაზე, ის უკავშირდება მხოლოდ წვევამდელებს.
37. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, მოქალაქეთა პირველადი აღრიცხვა ხდება 17 წლის ასაკიდან და პირველად აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეს ეწოდება წვევამდელი. პირის რეზერვისტად რეგისტრაციის წესი განსხვავებულია (23 წლამდე პირი ვერ იქნება რეზერვისტი) და იგი მოცემულია “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში (მე-4 და მე-7 მუხლები). ნიშანდობლივია, რომ კანონი არაერთ ნორმაში განასხვავებს ერთმანეთისაგან წვევამდელს და რეზერვისტს.
38. იმავდროულად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის უფლება პროცედურულად უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვევის გამოცხადების ეტაპს (მუხ.7). ზუსტად ამ ეტაპს უკავშირდება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის ვადები, პროცედურები, გასაჩივრების მექანიზმები (მუხ.8). მაშასადამე, ამ უფლების განხორციელება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ა)სტატუსი (წვევამდელი); ბ)ეტაპი (პრეზიდენტის მიერ სამხედრო ძალებში გაწვევის გამოცხადება); გ)შესაბამისი პროცედურები. ამ კომპონენტების გარეშე ეს უფლება ვერ ხორციელდება, რადგან ის ზუსტად მათ არსებობას უკავშირდება. ეს ლოგიკურად გამორიცხავს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ეტაპზე ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის შესაძლებლობას, რადგან ამ უფლების რეალიზაციისათვის ზემოთ დასახელებული არც ერთი კომპონენტი არ არსებობს: სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა განსხვავდება სამხედრო სამსახურში გაწვევისგან. რეზერვში გაწვევა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევ პირთა კონტიგენტი, როგორც წესი, არ არის წვევამდელი.
39. კანონმდებელი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის უფლებას მხოლოდ წვევამდელს რომ უკავშირებს და ასეთ შესაძლებლობას არ აძლევს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევ (ან რეზერვში მყოფ) პირებს, ამაზე დამატებით მიუთითებს “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს რა სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების საფუძვლებს, იძლევა მათ (საფუძვლების) ამომწურავ ჩამონათვალს, ამასთან აკონკრეტებს, აღწერს თითოეულ საფუძველს. ამ მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან თავისუფლდებიან “პირები, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური”. ანუ, ერთი მხრივ, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირები თავისუფლდებიან სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან, მაგრამ არა ყოველთვის, არამედ ეს საფუძველი ვარგისია მხოლოდ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისას – პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ეტაპზე კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველზე უკვე გათავისუფლებული უნდა იყოს სამხედრო სამსახურისგან და გავლილი უნდა ჰქონდეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. შესაბამისად, იგულისხმება, რომ პირმა სამხედრო სამსახურში გაწვევისას (წვევამდელის სტატუსის ეტაპზე) უკვე გამოიყენა სამხედრო სამსახურზე უარის თქმის და არასამხედრო, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის უფლება. მაშასადამე, არაორაზროვანია კანონმდებლის ნება იმის თაობაზე, რომ ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის უფლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ სამხედრო სამსახურში გაწვევის ეტაპთან (წვევამდელის სტატუსთან). ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ამ საფუძვლის ასეთი ფორმულირება და იმავდროულად სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალის არსებობა არ იძლევა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, ზოგადად, ნებისმიერ ეტაპზე, პირები, რომლებსაც აქვთ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა თავისუფლდებიან სარეზერვო სამსახურის გავლისაგან.
40. შესაბამისად, პირები, რომლებსაც სამხედრო სამსახურში გაწვევისას არ ჰქონდათ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა და 27 წლის ასაკამდე არ უსარგებლიათ ალტერნატიული შრომითი სამსახურით ან ისარგებლეს სამხედრო სამსახურისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლებით და იმავდროულად სარეზერვო სამსახურში გაწვევის (რეზერვში ჩარიცხვის) ეტაპისთვის აქვთ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მოითხოვონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ: 1) სამხედრო სარეზერვო სამსახური თავისი შინაარსითა და სიმძიმით უტოლდება სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რის გამოც, ის სამხედრო სამსახურის მსგავსად, პოტენციურად წარმოშობს ლეგიტიმურ საფუძვლებს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობისათვის; 2)საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავს რეზერვში გასაწვევ პირთა ან სარეზერვო სამსახურში მყოფთა შესაძლებლობას, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოითხოვონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; 3)შესაბამისად, სადავო ნორმით ხდება რწმენის თავისუფლებაში ჩარევა.
42. უფლებაში ჩარევის პროპორციულობისა და, შესაბამისად, კონსტიტუციურობის შეფასებისთვის, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი.
43. პლურალიზმი და განსხვავებული აზრების შემწყნარებლობა წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების განმასხვავებელ ძირითად ნიშნებს და მის საყრდენს. ამიტომ დემოკრატიული საზოგადოების შექმნისა და შენარჩუნების საზღაური ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ უმრავლესობის ინტერესები ყოველთვის ან ძირითადად უპირატესი ვერ იქნება. დემოკრატია ეყრდნობა კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის არსებობას, რაც, მათ შორის, გულისხმობს სამართლიან მიდგომას უმცირესობების წარმომადგენლებისადმი. შესაბამისად, განსხვავებული რწმენის მქონე პირების უფლებით სარგებლობის გონივრული და ადეკვატური მექანიზმებით დაბალანსებაც, უზრუნველყოფს პლურალიზმის სტაბილურობას, საზოგადოებაში ჰარმონიის მიღწევასა და შენარჩუნებას.
44. იმავდროულად, მიუხედავად რწმენის თავისუფლების უდიდესი მნიშვნელობისა, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისათვის, ისე თითოეული ადამიანის პიროვნული ავტონომიისა და თვითრეალიზაციისთვის, სახელმწიფოს არა აქვს ვალდებულება, მართლზომიერ ქმედებად მიიჩნიოს ადამიანების ყოველგვარი გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი საკუთარი რწმენის შესაბამისად იღებენ. ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო უფლებამოსილია და ვალდებულიც, ჩაერიოს რწმენის თავისუფლებაში, რათა უზრუნველყოს სხვათა ავტონომიის პატივისცემა, ცალკეული ინდივიდებისა თუ საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა.
45. ინდივიდის თავისუფლების იდეა სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ სხვათა უფლებებით და თავისუფლებებით, ასევე სხვა ლეგიტიმური ინტერესებით შეზღუდვის პირობებში. შესაბამისად, უფლებათა უმრავლესობის შეზღუდვა აუცდენელია, რადგან მათი რეალიზაცია ხშირად წარმოშობს ღირებულებათა კონფლიქტს. ღირებულებათა კონფლიქტის სირთულე ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთს უპირისპირდება კანონიერი ინტერესები, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარეს გააჩნია უფლება ამ ინტერესების დაცვაზე და მოლოდინიც, რომ მისი კანონიერი ინტერესი რეალიზებადი იქნება. ამ დილემიდან გამოსავალი დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთადერთია – სამართლიანი ბალანსის მიღწევა. მაშინ როდესაც ინტერესების დაპირისპირება აუცდენელია, წარმოიშობა მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა.
46. ამიტომ ადამიანები თავიანთი რწმენისათვისაც (რელიგიისთვის) უნდა მოელოდნენ გარკვეული საზღაურის გაღებას, რადგან ისინი საზოგადოების წევრები არიან, სადაც მათ მსგავსად, სხვა ადამიანებიც საჭიროებენ თვითრეალიზაციას, რაც შეუძლებელია თითოეული მათგანის ღირსების, უფლებების, ავტონომიის პატივისცემის გარეშე. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ გარკვეული ვალდებულებების დაკისრება პიროვნებაზე, რომელიც ცდილობს, დაიცვას თავისი რწმენის მოთხოვნები და იცხოვროს მათ შესაბამისად, თავისთავად ყოველთვის არ ნიშნავს რწმენის თავისუფლების დარღვევას.
47. “დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც სხვადასხვა რელიგიები თანაარსებობენ ერთსა და იმავე მოსახლეობაში, შესაძლოა აუცილებელი იყოს შეზღუდვების დაწესება (რელიგიისა და რწმენის გამოხატვაზე) ცალკეული ჯგუფების ინტერესების შეთანხმებისა და ყველას რელიგიური რწმენის პატივისცემის უზრუნველყოფის მიზნით” (Kokkinakis v. Greese, 260-A Eur.Ct. H. R. (ser.A) 1993).
48. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებია, რომ სახელმწიფომ უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფისას უნდა შეძლოს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსება, მხოლოდ ასეა შესაძლებელი როგორც უფლებით სარგებლობის, ისე კონკრეტული საჯარო მიზნების მიღწევა. “თანამედროვე სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პრიორიტეტების სწორად და სამართლიანად განსაზღვრა, ხელისუფლებისა და ადამიანის ურთიერთობის გონივრულად დაბალანსებული სისტემის შექმნა” (2007 წლის 2 ივლისის 1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
49. რწმენის თავისუფლების რთული ბუნება და მრავალმხრივი, განუსაზღვრელი შინაარსი არ უნდა გადაიქცეს გადაულახავ დაბრკოლებად იმისათვის, რომ შესაბამისი საჯარო ინტერესების დასაცავად მოხდეს მისი თანაზომიერი შეზღუდვა. ანუ უფლების ასეთი ბუნება არ უნდა გახდეს ამ უფლებით ბოროტად სარგებლობის საფუძველი, ადამიანები არ უნდა გადაიქცნენ საკუთარი თავების კანონმდებლებად, და მხოლოდ თავად არ უნდა გადაწყვიტონ, რა არის მათი სინდისისა და რწმენის შესაბამისი და მხოლოდ იმ კანონებს არ დაემორჩილონ, რომლებიც, მათი აზრით, ჯეროვანია.
50. როგორია ამ საკითხის გადაწყვეტის თაობაზე პასუხი საქართველოს კონსტიტუციაში? რა შეიძლება იყოს ის ლეგიტიმური მიზნები, რომელთა დასაცავადაც რწმენის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს? როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ გონივრული ბალანსი ინტერესებს შორის იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საჯარო მიზნები და იმავდროულად, არ ხელყოს რწმენის თავისუფლება?
51. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი რწმენის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს მისი გამოვლინების შემთხვევაში მხოლოდ სხვათა უფლებების და თავისუფლებების დაცვის მიზნით. ამასთან, ამ შემთხვევაში ლეგიტიმურ მიზნად განიხილება ის მიზნები (ქვეყნის თავდაცვა, სახელმწიფო უსაფრთხოება), რომლის მიღწევასაც ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება. თუმცა პრინციპული მნიშვნელობა აქვს შემდეგ საკითხზე პასუხის გაცემას – ქვეყნის დაცვის კონსტიტუციური ვალდებულება წარმოშობს საფუძველს უფლებაში თანაზომიერი ჩარევისთვის, თუ ის საერთოდ გამორიცხავს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის კონსტიტუციით დაცვის შესაძლებლობას, რასაც მოპასუხე მხარე აფუძნებდა თავის არგუმენტაციას. კერძოდ, მათი მტკიცებით, 101-ე მუხლი ადგენს საქართველოს ყველა (თითოეული) მოქალაქის კონსტიტუციურ ვალდებულებას, რაც თავისთავად გამორიცხავს კონსტიტუციითვე ცალკეული ადამიანების კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების დაცვის შესაძლებლობას.
52. საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის მიხედვით:
“1.საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა.
2.ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი”.
53. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციის 101-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება გამორიცხავს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის კონსტიტუციით დაცვის შესაძლებლობას. ქვეყნის დაცვა არ გულისხმობს მხოლოდ იარაღით ხელში ქვეყნის დაცვას – უმეტესწილად ეს მართლაც ასოცირდება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან, თუმცა ასეთი მოქმედებები ვერ ამოწურავს ქვეყნის “დაცვის” შინაარსს. იმავდროულად, სამხედრო ვალდებულება შეიძლება საერთოდ არ იყოს დაკავშირებული იარაღის გამოყენებასთან. ნიშანდობლივია, რომ 101-ე მუხლი თავად არ აკონკრეტებს სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას. ამიტომ არასწორია იმის მტკიცება, რომ 101-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება უტოლდება მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურს და გულისხმობს მხოლოდ ამ შინაარსით სამხედრო ვალდებულების მოხდის შესაძლებლობას.
54. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ თუ კონსტიტუციის 101-ე მუხლი გამორიცხავს სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მოტივით, მაშინ კანონმდებელი ასეთ გამონაკლისს ვერ დაუშვებდა არა მხოლოდ რეზერვისტებისთვის, არამედ ვერც სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ამ შემთხვევაში არ გამოდგება არგუმენტად მოპასუხის მიერ დასახელებული ის გარემოება, რომ კანონმდებელი უფლებამოსილია გამოავლინოს კეთილი ნება და ადამიანს კონსტიტუციით გათვალისწინებულზე მეტი უფლება მიანიჭოს. ზოგადად, კანონმდებელი ამაში, რა თქმა უნდა, შეზღუდული არ არის, მაგრამ იმ ზღვრამდე, სანამ ეს თავად კონსტიტუციასთან არ მოვა წინააღმდეგობაში.
55. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდის ალტერნატივას. Aანუ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამოქალაქო სამსახურით ჩანაცვლების გზით. ამასთან,Kკანონმდებლობა ორიენტირებულია, რომ ალტერნატიული შრომითი სამსახური წარმოადგენდეს სამხედრო სამსახურის რეალურ და ადეკვატურ ალტერნატივას, რათა არ მოხდეს სამხედრო ვალდებულების მოხდის ტვირთის არათანაბარი გადანაწილება ქვეყნის მოქალაქეებზე (მაგალითად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოხდის ხანგრძლივობა უნდა იყოს სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობაზე უფრო მეტი და სხვა).
56. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს სამოქალაქო სამსახურს, არის გონივრული კომპრომისის მიღწევის გზა კონსტიტუციურ უფლებასა და ქვეყნის დაცვის კონსტიტუციურ ვალდებულებას შორის. ის თავისი სიმძიმით უნდა წარმოადგენდეს რა სამხედრო სამსახურის რეალურ და ადეკვატურ ალტერნატივას, ზუსტად ამის წყალობით და იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო ვალდებულება, ისევე როგორც ქვეყნის დაცვა, მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებსა და მათთვის მზადებაში არ გამოიხატება, წარმოადგენს როგორც ქვეყნის დაცვის, ისე სამხედრო ვალდებულების მოხდის შესაძლებლობას. მაშასადამე, კონსტიტუციის 101-ე მუხლი არ გამორიცხავს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდგეობა არ არის ან ვერ იქნება მოაზრებული რწმენის თავისუფლების შემადგენელ უფლებრივ კომპონენტად.
57. იმავდროულად, აუცილებელია ბალანსის დაცვას პირის რწმენის თავისუფლებასა და ქვეყნის დაცვის ვალდებულებას შორის, ისე, რომ ამ კონსტიტუციური ღირებულებების ჰარმონიზაციით მოხდეს რწმენის თავისუფლების დაცვა და ამასთან არ მოხდეს ვალდებულების შესრულებისაგან თავის იოლად არიდება. თუ ეს ვერ იქნება მიღწეული, საფრთხე ერთნაირად შეექმნება როგორც საჯარო ინტერესებს (ქვეყნის უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა, სხვათა უფლებები), ისე თავად რწმენის თავისუფლებასაც, რომლის არსიც ზიანდება, როდესაც მას საყოველთაო მოქალაქეობრივი და კონსტიტუციური ვალდებულებისაგან თავის არიდებისათვის იყენებენ. ნებისმიერი უფლება, რწმენის თავისუფლების ჩათვლით, დაცული და გარანტირებული უნდა იყოს მხოლოდ მისი ნამდვილი არსის ფარგლებში, ამიტომ უფლების ფარგლების ხელოვნურად გაფართოება, როგორც მისი არასწორად განმარტების, ისე გამოყენების მეშვეობით, საფრთხეს შეუქმნის კონსტიტუციურ ღირებულებებს შორის ბალანსის შენარჩუნებას.
58. ზოგადად, პიროვნების იძულება, მოიქცეს თავისი რწმენის საწინააღმდეგოდ, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა რწმენის უარყოფის ეკვივალენტური იყოს და ამიტომ ძალიან ახლოს იდგეს რწმენის თავისუფლების შინაგანი სფეროს (forum internum) დარღვევასთან. შესაბამისად, სახელმწიფომ რწმენის კონკრეტული გამოვლენის უარყოფის იძულებით, შეიძლება გავლენა მოახდინოს თავად შინაგან მრწამსზე.Uთუმცა, აშკარაა, რომ ასეთი მიდგომა, ზედმეტად ზოგადია და ყველა შემთხვევის მიმართ მისი ერთმნიშვნელოვნად გამოყენება უფლების არასწორად განმარტების რისკის მატარებელია. ამასთან, ამ თვალსაზრისით მკვეთრი და ხელშესახები, ამასთან უნივერსალური კრიტერიუმების ჩამოყალიბება არარეალურია და მოცემულ შემთხვევაში ეს არც სასამართლოს ამოცანას არ წარმოადგენს. Yყოველი კონკრეტული საქმე ინდივიდუალურ შესწავლასა და გააზრებას მოითხოვს.
59. ნებისმიერი რწმენა და მის შესაბამისად ცხოვრება, ზუსტად მისი კონკრეტული გამოვლინებებით რეალიზდება, ამიტომ, თუ პირი იძულებული იქნება მათზე უარი თქვას, ის ვერც კონკრეტული რწმენის მიმდევარი იქნება. როდესაც კონკრეტული შინაარსის რწმენა დაცულია რწმენის თავისუფლებით და იმავდროულად მასში ხდება ისეთი ინტენსიური და უხეში ჩარევა, რაც ამ რწმენაზე უარის თქმის ტოლფასი ხდება, ეს ჩარევა შეიძლება შეფასდეს როგორც უფლების შინაგან სფეროში ჩარევა. მოცემულ შემთხვევაში, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული რწმენის თავისუფლებით. როგორც აღინიშნა, ის ომისა და ზოგადად იარაღის გამოყენებისადმი უარყოფაში გამოიხატება, მხოლოდ ეს არის ამ რწმენის შინაარსი. სადავო ნორმა გულისხმობს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირების იძულებას, იმოქმედონ საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ. ისინი დგებიან ალტერნატივის წინაშე – ან უნდა მოიხადონ სამხედრო სარეზერვო სამსახური მათი რწმენის საწინააღმდეგოდ, ან იმოქმედონ საკუთარი რწმენის შესაბამისად, მაგრამ ამისათვის დაეკისრებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამ ადამიანებს არ აქვთ სხვა შესაძლებლობა, დარჩნენ ამ კონკრეტული რწმენის მიმდევარნი. სამხედრო სამსახურში, რეზერვში თუ ომში წასვლის ვალდებულების მოხდისას, მათ უბრალოდ ვერ დარჩებათ შეგრძნება, განცდა, გაცნობიერება საკუთარი რწმენის შესაბამისად ცხოვრებისა. მაშასადამე, სახელმწიფო მოითხოვს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებისაგან, მოიქცნენ საკუთარი რწმენის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად ნიშნავს მათდამი მოთხოვნას, თავიანთი ქცევით უარყონ საკუთარი რწმენა.
60. სამხედრო სარეზერვო სამსახურში კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირთა გაწვევა უდავოდ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გზას, მაგრამ ის ვერ უზრუნველყოფს ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევას, რადგან წარმოადგენს რწმენის თავისუფლებაში გაუმართლებლად მძიმე ჩარევას, ჩარევის ყველაზე მძიმე ფორმას, რომელიც პრაქტიკულად უფლებით სარგებლობის შეუძლებლობას უტოლდება. მაშინ როდესაც იგივე მიზნების მიღწევა შესაძლებელია უფლებაში ნაკლებად ჩარევის გზით. რწმენის თავისუფლებასა და ქვეყნის დაცვის ვალდებულებას შორის გონივრული ბალანსის დაცვა მოითხოვს ამ ინტერესების თანაარსებობის უზრუნველყოფას და არა ერთის დაცვას მეორის ხელყოფის ხარჯზე. სწორედ ინტერესთა დაბალანსების გზას წარმოადგენს სახელმწიფოების უმრავლესობის მიერ სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ სამოქალაქო სამსახურის გავლის ვალდებულების შემოღება, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის ადეკვატურ ალტერნატივას უნდა წარმოადგენდეს. ნიშანდობლივია, რომ რწმენის თავისუფლებისა და დასახელებული საჯარო ინტერესების დაბალანსების გზად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური შემოიღო საქართველოს კანონმდებელმაც, ოღონდ ეს შესაძლებლობა არ გაავრცელა ყველა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირზე, რითაც დაარღვია მათი რწმენის თავისუფლება.
61. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. კერძოდ: ა) პირებს, რომლებიც არსებითად უთანასწოროები არიან (რეზერვისტები, რომელთაც აქვთ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა და რეზერვისტები, რომელთაც არ აქვთ ასეთი წინააღმდეგობა), თანაბარ ტვირთს აკისრებს – მათ ერთნაირად ევალებათ სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდა; ბ)არსებითად თანასწორი პირების მიმართ (კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე წვევამდელებისა და ასეთი წინააღმდეგობის მქონე რეზერვისტების მიმართ) ადგენს განსხვავებულ მოპყრობას. კერძოდ, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე წვევამდელებს აქვთ ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის და, შესაბამისად, სამხედრო სამსახურისაგან გათავისუფლების უფლება, მაშინ როდესაც ასეთი წინააღმდეგობის მქონე რეზერვისტებს ასეთი შესაძლებლობა არ აქვთ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ უკვე მოიხადეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური).
62. სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით შეფასებამდე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, ნორმა, მისი ბუნებიდან, მიზანმიმართულებიდან, დანიშნულებიდან გამომდინარე, საერთოდ იძლევა თუ არა შესაძლებლობას, მისი ამ თვალსაზრისით შეფასებისათვის.
63. ცხადია, კანონები (ნორმები) სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის თაობაზე ზოგადი და ნეიტრალურია, მათი მიზანი კონკრეტული რელიგიური ან სხვა უმცირესობების შევიწროება არ არის. სადავო ნორმაც, ამ თვალსაზრისით, ნეიტრალურია – მისი მიზანია ზოგადად სარეზერვო სამსახურის მოხდის ვალდებულების დადგენა, ის არ არის გამიზნული უშუალოდ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის პოზიტიურ ან ნეგატიურ რეგლამენტაციაზე, საერთოდ არ არის მიმართული რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირებისკენ, ანუ თავისი არსითა და დანიშნულებით ნეიტრალურია რწმენის (რელიგიის) მიმართ. თუმცა ნიშანდობლივია, რომ ის იმავდროულად მნიშვნელოვან ტვირთს აკისრებს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებს, რადგან, ისევე როგორც ყველა მოქალაქეს, მათაც უდგენს სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის ვალდებულებას. კანონმდებლობის დანარჩენი მიზანმიმართულებაც ამაზევე მიუთითებს.
64. უნდა აღინიშნოს, რომ კანონის ნეიტრალური ბუნება თავისთავად და ყოველთვის არ გამოდგება იმის უპირობოდ სამტკიცებლად, რომ მისი ნეიტრალობა აბსოლუტურად გამორიცხავს გაუმართლებელ დიფერენციაციას.
65. იმავდროულად, კანონის ყველას მიმართ თანაბრად გამოყენება ყოველთვის არ მეტყველებს მის სამართლიანობაზე – ზოგადი და ნეიტრალური კანონი, თუ ის ითვალისწინებს ყველას მიმართ, მათ შორის არათანასწორთა მიმართ თანაბარ მოპყრობას, თავადვე არღვევს თანასწორობის პრინციპს. მაშასადამე, ზოგადი დანიშნულების კანონი შეიძლება არაპირდაპირ დისკრიმინაციული იყოს, რადგან ის ადამიანთა განსაზღვრულ ჯგუფს, დანარჩენებთან შედარებით, აკისრებდეს გაცილებით მძიმე ტვირთს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია იმის თქმა, რომ prima facie უნდა გამოირიცხოს ზოგადი და ნეიტრალური კანონების შეფასების შესაძლებლობა თანასწორობის უფლებასთან მიმართებით.
66. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად : « ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ».
67. « კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს » (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება).
68. კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, « არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით » (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392).
69. იმის გარკვევისათვის, სადავო ნორმა საერთოდ იწვევს თუ არა დიფერენცირებულ მოპყრობას, უნდა დადგინდეს პირთა წრე, ვიზეც სადავო ნორმა უშუალოდ ვრცელდება და რეგულირების საგანი. « მე-14 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს : 1) პირები (პირთა ჯგუფები) წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორებს; ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირები შედარებად კატეგორიებს უნდა წარმოადგენდნენ ; ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში ; ერთი და იგივე პირები გარკვეულ ურთიერთობასთან, ვითარებასთან მიმართებით შეიძლება განხილულ იქნენ არსებითად თანასწორად, ხოლო სხვა გარემოებებთან მიმართებით – არა. 2) აშკარა უნდა იყოს არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა (ან არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა) ამა თუ იმ ნიშნის საფუძველზე, უფლებებით დაცული სფეროების მიხედვით » (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება).
70. სადავო ნორმა ადგენს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ვალდებულებას, გაიარონ სამხედრო სარეზერვო სამსახური. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცია მიმართულია ყველა მოქალაქისადმი, ის არ ეხება ზოგადად სამხედრო ვალდებულებას ან სამხედრო სავალდებულო სამსახურს. Mმისი რეგულაციის უშუალო სფერო არის მხოლოდ სამხედრო სარეზერვო სამსახურის ველდებულების დადგენა. შესაბამისად, ეს ნორმა საერთოდ არ ეხება წვევამდელებს და მათ რეზერვვალდებული პირების თანაბრად ან მათგან განსხვავებულად არ უდგენს პრივილეგიებს ან აკრძალვებს. მაშასადამე, სადავო ნორმა არ ეხება ყველას, ვინც ზოგადად სამხედრო ვალდებულება უნდა მოიხადოს მისი ყველა ფორმით (სამხედრო სავალდებულო სამსახურის თუ სამხედრო სარეზერვო სამსახურის ფორმით), არამედ მისი ინტერესი ვრცელდება მხოლოდ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ზოგადი ვალდებულების დადგენაზე. ბუნებრივია, ის, რომ სადავო ნორმა არ ვრცელდება წვევამდელებზე, ეს თავისთავად ვერ აბათილებს იმ რეალობას, რომ ზოგადად კანონმდებელი ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის მიმართ განსხვავებულ შესაძლებლობებს ადგენს წვევამდელებისა და რეზერვისტებისთვის. Mროგორც აღინიშნა, კანონმდებლობის ანალიზმა აჩვენა, რომ რეზერვში გასაწვევ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებს, წვევამდელებისაგან განსხვავებით, არ აქვთ ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის უფლება (ამ დროს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის პირები, ვინც უკვე მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური). მაგრამ სადავო ნორმის, კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართების სწორად დადგენისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სადავო ნორმა არ ეხება წვევამდელებს, ის მხოლოდ რეზერვისტებს ეხება.
71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმა იწვევს არსებითად თანასწორთა მიმართ არათანაბარ მოპყრობას – ანუ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე წვევამდელებისა და კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე რეზერვისტების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, რადგან წვევამდელები არ წარმოადგენენ სადავო ნორმის რეგულირების სუბიექტებს.
72. რაც შეეხება მოსარჩელეთა მოსაზრებას სადავო ნორმით არსებითად უთანასწოროთა მიმართ თანასწორი მოპყრობის გზით დისკრიმინაციის თაობაზე, ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა გაარკვიოს: ა) სადავო ნორმა ეხება თუ არა არსებითად უთანასწორო პირებს და ბ)ადგენს თუ არა მათ მიმართ თანაბარ მოპყრობას. მხოლოდ ამ საკითხების გარკვევის შემდეგ არის შესაძლებელი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
73. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა შეეხება რეზერვში გასაწვევ პირებს. თუმცა სარეზერვო სავალდებულო სამსახურის მიმართ ნაწილს აქვს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა, მეორე ნაწილს – არა. შესაბამისად, ეს პირები უნდა იქნენ განხილულნი არსებითად უთანასწოროებად მათი რწმენის მიხედვით.
74. სადავო ნორმა, სიტყვასიტყვით, ადგენს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ვალდებულებას. ვინაიდან რეზერვისტები შეიძლება იყვნენ განსხვავებული რწმენის მქონე პირები, მათ შორის, იმ რწმენის მატარებლებიც, რომელიც უკრძალავს მათ ძალადობას, სიცოცხლის მოსპობას, ნეიტრალური შინაარსის კანონი მათთვის ერთნაერი ვალდებულების დადგენით, ფაქტობრივად მათ განსხვავებულ, უთანასწორო რეჟიმს უდგენს. შესაბამისად, სახეზეა არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორად მოპყრობა. თუმცა, დიფერენცირებული მოპყრობა (ამ შემთხვევაში, არსებითად არათანსწორთა მიმართ თანაბარი მოპყრობა) თავისთავად დისკრიმინაციას არ ნიშნავს. « …... დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს» (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება).
75. დიფერენცირებული მოპყრობის კოსტიტუციურობის სწორად შეფასებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დიფერენციაციის ნიშანს. მოცემულ შემთხვევაში, დისკრიმინაციის ნიშნად უნდა მივიჩნიოთ მე-14 მუხლით გათვალისწინებული “რელიგია და სხვა შეხედულებები”.Nნებისმიერ შემთხვევაში, იქნება კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა განპირობებული რელიგიური თუ სხვა რწმენით, როგორც რელიგია, ისე სხვა შეხედულებები არის კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის ძირითადი ნიშნები, რომელთა საფუძველზეც აკრძალულია გაუმართლებელი დიფერენციაცია.
76. « ...თანასწორობის უფლების თავისებურებებიდან გამომდინარე, დიფერენციაციის დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეული მათგანისადმი ვერ ექნება იდენტური, ერთგვაროვანი მიდგომა. ... კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას, სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია. ... თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თანასწორობის პრინციპი კანონმდებელს, შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, არჩევანის თავისუფლებას უტოვებს იქამდე, სანამ ხელმისაწვდომია დიფერენცირებული მოპყრობის ობიექტური დასაბუთება ».
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსხვავებულია სასამართლოს კრიტერიუმებიც დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის. « კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს. ... “მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება).
77. ვინაიდან კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე და ასეთი წინააღმდეგობის არმქონე რეზერვისტების დიფერენციაცია მოხდა “რელიგიის და სხვა შეხედულების” საფუძველზე, ე.ი. კლასიკური, კონსტიტუციის მე-14 მუხლში სპეციფიკურად მითითებული ნიშნით, გამოყენებულ უნდა იქნეს „მკაცრი შეფასების ტესტი“.
78. ნიშანდობლივია, რომ მოპასუხეს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის მტკიცებისთვის სახელმწიფოს “დაუძლეველ ინტერესზე” საერთოდ არ მიუთითებია. როგორც აღინიშნა, მათი აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება საერთოდ გამორიცხავს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის, როგორც კონსტიტუციით დაცული უფლების, არსებობას, შესაბამისად, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების მინიჭება სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. ამ საკითხის თაობაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა ამავე გადაწყვეტილებაში. იმავდროულად, მოცემულ შემთხვევაშიც, ძალაში რჩება, ზოგადად სადავო ნორმის შემოღების ლეგიტიმური მიზნები, რომლებიც სასამართლომ შეაფასა სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით კონსტიტუციურობის გარკვევისას.
79. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სადავო ნორმა იწვევს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირთა რწმენის თავისუფლების დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია იგივე რეგულაცია თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შესაბამისი იყოს. ბუნებრივია, ამა თუ იმ კონსიტუტიცური უფლების დარღვევა ყოველთვის, იმავდროულად თანასწორობის უფლების დარღვევას არ გულისხმობს. მაგრამ, როდესაც ნორმა, ერთი მხრივ, იწვევს კონკრეტული პირების რწმენის თავისუფლების დარღვევას, ხოლო, მეორე მხრივ, ზუსტად რწმენის ნიშნით, ახდენს იგივე პირების დიფერენცირებას დანარჩენი პირებისაგან, ანუ რწმენის ნიშნით დიფერენცირებულ პირთაგან ნაწილის რწმენის თავისუფლების დარღვევას იწვევს, შეუძლებელია ის კანონის წინაშე რწმენის ნიშნით თანასწორობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს პასუხობდეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, სადავო ნორმა საჯარო მიზნების მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და იწვევს თანასწორობის უფლების დარღვევას.
80. ნათელია, რომ კანონი, რომელიც პირდაპირი ჩანაწერით (გზით), სიტყვასიტყვით აკრძალავს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამოვლენის შესაძლებლობას და დაავალდებულებს პირებს, მათი რწმენის გაუთვალისწინებლად, სხვა მოქალაქეების მსგავსად მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, ანუ კანონი, რომლის უშუალო მიზანიც არის კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირთა სხვა მოქალაქეებთან გათანაბრება სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულებასთან მიმართებით, დაარღვევს მათი რწმენის თავისუფლებას. ასევე ლოგიკურია, რომ კანონი, რომელიც არაპირდაპირი გზით იდენტური შედეგის მომტანია, დამოუკიდებლად იმისა, რომ მისი რეგულირების საგანი და უშუალო მიზანი განსხვავებული რწმენის ადამიანების გათანაბრება არ არის, ასევე არღვევს ადამიანის უფლებას რწმენის გამოვლენაზე.
81. იმავდროულად უნდა აღინიშნოს: ვინაიდან ნეიტრალური კანონები, ზოგადი ვადლებულებების დადგენით, შესაძლოა ყველა მოქალაქის ინტერესებს ერთნაირად ვერ ითვალისწინებდეს, ბუნებრივია, ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ ზოგადი ვალდებულებების შემოღება არ უნდა ხდებოდეს, ან, ვინაიდან ისინი ცალკეული ადამიანების კონკრეტული უფლების დარღვევას იწვევენ, ისინი თავისი არსით სრულად ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას. მოცემულ შემთხვევაში, თავისთავად ის გარემოება, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის ზოგადი ვალდებულება იწვევს კონკრეტული ადამიანების რწმენის და თანასწორობის უფლებებში გაუმართლებელ ჩარევას, არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ასეთი ზოგადი ვალდებულების დადგენისაგან იმ მოტივით, რომ ეს ვალდებულება თავისთავად კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში დავის საგანს საერთოდ არ წარმოადგენს საკითხი, ზოგადად სავალდებულო სამხედრო სარეზერვო სამსახურის, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურობის თაობაზე. ამიტომ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს და კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ამ ინსტიტუტის მართლზომიერებასა თუ კონსტიტუციურობას.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1.დაკმაყოფილდეს საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №477) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის მოვალეობას ადგენს იმ პირთა მიმართ, ვინც რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე.
2.არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
4.გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5.გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6.გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი