საქართველოს მოქალაქე ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/5/652 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 26 თებერვალი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 თებერვალი 2016 21:13 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა. იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ მიზეზით შეწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება, ასეთი პირები უფლებამოსილი იქნებიან, მიიღონ ამ დადგენილების დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ასევე, „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სისხლის საერთო ანალიზი და შარდის საერთო ანალიზი, „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება (2014 წლის 1 იანვრიდან) და დანართი №1.2-ით გათვალისწინებული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №652) მიმართა საქართველოს მოქალაქე ვალერიანე მიგინეიშვილმა. №652 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 4 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 26 თებერვალს.
2. №652 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება იმავე დადგენილების №1.1 დანართით განსაზღვრული პირობებით მოსარგებლე პირთა წრე. იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აღნიშნული პირობებით ვერ სარგებლობენ 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ მიზეზით შეწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება, ასეთი პირები უფლებამოსილი იქნებიან, მიიღონ ამ დადგენილების დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ასევე, „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სისხლის საერთო ანალიზი და შარდის საერთო ანალიზი, „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება (2014 წლის 1 იანვრიდან) და დანართი №1.2-ით გათვალისწინებული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2015 წლის 28 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ მიიღო წერილი, რომლის თანახმად, იგი იყო „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე მინიმალური პაკეტით, ვინაიდან სადავო ნორმის საფუძველზე, იგი არ წარმოადგენდა პროგრამით მოსარგებლეს. ამასთან, წერილში დამატებით იყო აღნიშნული, რომ 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, მოსარჩელე ჩართული იყო „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბი სი აის“ კერძო სადაზღვევო სქემაში.
6. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია და ადგენს გაუმართლებელ დიფერენცირებას პირთა შორის. მოსარჩელე გამოყოფს შედარებად ჯგუფებს და ასახელებს, ერთი მხრივ, 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს, ხოლო, მეორე მხრივ - იმ პირებს, რომელთაც ამგვარი დაზღვევა 2013 წლის 1 ივლისისთვის შეწყვეტილი ჰქონდათ. მოსარჩელის განმარტებით, დასახელებული ორი კატეგორიის პირებს შორის განმასხვავებელი ნიშანი არის კერძო სადაზღვევო სქემის დატოვების დრო, თუმცა პირველი კატეგორიის პირთა უფლებრივი მდგომარეობა გაცილებით არახელსაყრელია მეორესთან შედარებით.
7. მოსარჩელე განსხვავებული მოპყრობის დასასაბუთებლად მიუთითებს იმ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელსაც სახელმწიფო უნაზღაურებს პირთა ერთ ჯგუფს და ხელმისაწვდომი არ არის არსებითად თანასწორი სხვა ჯგუფისთვის. მოსარჩელის განმარტებით, პირები, რომელთაც კერძო სადაზღვევო სქემა დატოვეს 2013 წლის 1 ივლისამდე, სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებათა გაცილებით უფრო ფართო მოცულობით, ვიდრე პირები, რომელთაც დაზღვევა შეუწყდათ 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ, მათ შორის, ისეთ სამედიცინო მომსახურებებთან მიმართებითაც, როგორიცაა ონკოლოგიური დაავადების გამოკვლევა და მკურნალობა.
8. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობა უნდა შეფასდეს შეფასების მკაცრი ტესტით დიფერენცირების ინტენსივობის ხარისხიდან გამომდინარე, ხოლო უშუალოდ დიფერენცირების ინტენსივობას განაპირობებს იმ სფეროს ან უფლების მნიშვნელობა, რომელთან მიმართებითაც ხდება განსხვავებული მოპყრობა. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა მოსარჩელის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირთა წრეს უზღუდავს სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შეზღუდვა განსაკუთრებით ინტენსიურია ონკოლოგიურ დაავადებებთან მიმართებით, ვინაიდან მკურნალობის საფასურიდან გამომდინარე, სათანადო სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი, არამედ სხვა პირებისთვისაც. ამასთან, სადავო ნორმა თანაბრად ვრცელდება იმ პირებზეც, რომელთაც 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან გამომდინარე, შესაძლოა, შეუწყდეთ კერძო სადაზღვევო მომსახურება, რის შედეგადაც არ ექნებათ სათანადო ფინანსური შესაძლებლობა ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ.
9. მოსარჩელის აზრით, მკაცრი ტესტით შეფასების აუცილებლობაზე მიუთითებს დიფერენცირების მუდმივი ხასიათი, კერძოდ, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს რაიმე ვადას 2013 წლის 1 ივლისიდან, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნებოდა, შეწყვეტილი დაზღვევის კერძო სქემის სანაცვლოდ პირის სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს მიერ დაფინანსება.
10. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად შესაძლოა დასახელდეს საბიუჯეტო რესურსების დაცვის ინტერესი, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ჯანმრთელობის დაცვა არ წარმოადგენს ინდივიდის უბრალო პრივილეგიას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს ფართო დისკრეცია მოცემულ სფეროში ადამიანთა დიფერენცირებასთან მიმართებით ფინანსური სახსრების უქონლობის გამო, ვინაიდან მკურნალობის აღმოუჩენლობა დაკავშირებულია ფიზიკურ ტკივილთან, შესაძლებლობების შეზღუდვასთან და პირის გარდაცვალებასთან. ამდენად, სახელმწიფო რესურსების დაზოგვა ინდივიდის ტანჯვის სანაცვლოდ, მოსარჩელის აზრით, გაუმართლებელია.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ აკმაყოფილებს მკაცრი შეფასების ტესტს, ვინაიდან საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ინტერესი არ არის იმდენად მწვავე და დაუძლეველი, რომ გამართლებული იყოს სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობით გამოწვეული ტანჯვა. იმავდროულად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი შემზღუდველი საშუალება გამოუსადეგარია, ვინაიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯები გაცილებით აღემატება იმ ფინანსურ სახსრებს, რომლის გაღების აუცილებლობა იარსებებდა დროული და გეგმიური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს.
12. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №652 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №652 (საქართველოს მოქალაქე ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ).
2. N629 და N652 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა