საქართველოს მოქალაქე როინ გავაშელიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/629 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 26 თებერვალი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 თებერვალი 2016 21:13 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე როინ გავაშელიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ მიზეზით შეწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება, ასეთი პირები უფლებამოსილი იქნებიან მიიღონ ამ დადგენილების დანართი N1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ასევე „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სისხლის საერთო ანალიზი და შარდის საერთო ანალიზი, „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება … და დანართი N1.2-ით გათვალისწინებული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №629) მიმართა საქართველოს მოქალაქე როინ გავაშელიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 23 თებერვალს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 26 თებერვალს.
2. №629 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავს ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1.1-ით მოსარგებლე პირთა ჩამონათვალს, ხოლო ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს გამონაკლისს, რომლის თანახმად, დანართი N1.1-ით მოსარგებლე პირებს არ წარმოადგენენ 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირები. იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ მიზეზით შეწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება, ასეთი პირები უფლებამოსილი იქნებიან, მიიღონ ამ დადგენილების დანართი N1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ასევე „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სისხლის საერთო ანალიზი და შარდის საერთო ანალიზი, „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება (2014 წლის 1 იანვრიდან) და დანართი N1.2-ით გათვალისწინებული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე როინ გავაშელიშვილს, 2013 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ხელშეკრულება ჰქონდა დადებული კერძო დაცვის კომპანიასთან, რომელიც დაზღვევის მინიმალური პაკეტით უზრუნველყოფდა დასაქმებულებს. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ როინ გავაშელიშვილმა მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოითხოვა გეგმიური ქირურგიული ჩარევის დაფინანსება, რაზეც უარი ეთქვა, რადგან იგი წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სუბიექტს, რომელსაც უფლება ჰქონდა, ესარგებლა მხოლოდ ამავე ქვეპუნქტში ჩამოთვლილი მომსახურებით.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს. სადავო ნორმა აღნიშნული სიიდან გამორიცხავს პირებს, რომლებიც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ჩართული იყვნენ კერძო სადაზღვევო სქემაში, თუმცა ამა თუ იმ მიზეზის გამო, შეუწყდათ სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება. მოსარჩელის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, პირთა დასახელებული ჯგუფებიდან არც ერთი არ სარგებლობს კერძო სადაზღვევო პროგრამით. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს და წარსულში კერძო სადაზღვევო პროგრამით სარგებლობა ვერ გახდება საწინააღმდეგოს მტკიცების საფუძველი.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმის თანახმად, პირები, რომლებიც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ჩართული იყვნენ კერძო სადაზღვევო სქემაში, მაგრამ სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება შემდეგში შეუწყდათ, სარგებლობენ ე.წ. მინიმალური სადაზღვევო პაკეტით, ხოლო ზემოაღნიშნული დადგენილების N1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტში დასახელებული პირები, რომლებიც შესაძლოა წარსულში ჩართული იყვნენ კერძო სადაზღვევო სქემაში, მაგრამ არა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სარგებლობენ სრული სადაზღვევო პაკეტით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის აზრით, სახეზე გვაქვს არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც არ გულისხმობს განურჩევლად ყველა ადამიანის მოქცევას ერთსა და იმავე პირობებში. ის ადგენს საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულებას, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორებს შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო არსებითად უთანასწოროებს - პირიქით.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე კლასიკური ნიშანი. პირთა დიფერენცირება ხდება 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით პირთა კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართულობის საფუძვლით. მიუხედავად კლასიკური ნიშნის არარსებობისა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით ხდება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებაში ჩარევა მაღალი ინტენსივობით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ქმნის შეფასების მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას.
10. მოსარჩელე მხარის განმარტების თანახმად, რთულია, მოცემულ შემთხვევაში განისაზღვროს სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმური საჯარო მიზანი. მართალია, სოციალური უფლებები, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებისაგან განსხვავებით, არ მიეკუთვნება მყისიერად აღსრულებად უფლებებს და მისი რეალიზების უზრუნველყოფა დიდწილად დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობაზე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ვერ მიიჩნევა უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად, რადგან სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების ვალდებულება და მასში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს ყველა პირს, ყოველგვარი გაუმართლებელი დიფერენცირების გარეშე.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება.
12. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №652 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
2. №629 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე შუამდგომლობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებაზე. თუმცა სარჩელში არ არის მითითებული არც ერთი არგუმენტი ამ შუამდგომლობის დასასაბუთებლად.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
4. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებანი, რომლებიც დაარწმუნებდა საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების აუცილებლობაში. მოსარჩელე მხარემ არ ასაბუთებს მისთვის იმგვარი ზიანის მიყენების საფრთხის არსებობას, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისთვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №629 (საქართველოს მოქალაქე როინ გავაშელიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა