საქართველოს მოქალაქე ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N652 |
ავტორ(ებ)ი | ვალერიანე მიგინეიშვილი |
თარიღი | 3 ივნისი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
2015 წლის 28 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოსარჩელემ მიიღო #04/5550 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ვალერიანე მიგინეიშვილი იყო: ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე მინიმალური პაკეტით, ვინაიდან ამავე დადგენილების მუხლი #2 პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამის მოსარგებლე პირი, გარდა ,,2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა, იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ მიზეზით შეწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება, ასეთი პირები უფლებამოსილი იქნებიან, მიიღონ ამ დადგენილების დანართი #1.1-ის პირველი პუნქტის ,,აა" ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ასევე ,,ა.დ" ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება (2014 წლის 1 იანვრიდან) და დანართი #1.2-ით გათვალისწინებული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ხოლო სადაზღვევო კომპანია ,,ქართუს" და სს ,,სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედე გლობალ ჯორჯიას" კერძო სადაზღვევო სქემით დაზღვეული პირები, რომელთაც 2014 წლის 1 იანვარს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეუწყდათ დაზღვევა, უფლებამოსილი იქნებიან, ისარგებლონ დადგენილების დანართი #1.1-ით განსაზღვრული მომსახურებით.
#04/5550 წერილით ვალერიანე მიგინეიშვილს დამატებით ეცნობა, რომ 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ჩართული იყო ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბი სი აის" (შემდგომში იმედი L) კერძო სადაზღვევო სქემაში პერიოდით 02.12.2012-02.12.2013.
აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-14 მუხლით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) დიფერენცირებული მოპყრობა არსებითად თანასწორთა შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 27 დეკემბერს საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული #1/1/493 გადაწყვეტილების მეორე თავის მე-2 პარაგაგრაფში აღნიშნა: ,,მე-14 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს : 1) პირები (პირთა ჯგუფები) წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორებს; ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირები შედარებად კატეგორიებს უნდა წარმოადგენდნენ; ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში ; ერთი და იგივე პირები გარკვეულ ურთიერთობასთან, ვითარებასთან მიმართებით შეიძლება განხილულ იქნენ არსებითად თანასწორად, ხოლო სხვა გარემოებებთან მიმართებით – არა. 2) აშკარა უნდა იყოს არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა (ან არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა) ამა თუ იმ ნიშნის საფუძველზე, უფლებებით დაცული სფეროების მიხედვით."
სადავო ნორმა ახდენს დიფერენცირებას: ნორმა, ერთი მხრივ, გამოჰყოფს 2013 წლის 1 ივლისისათვის კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ ადამიანებს, ხოლო მეორე მხრივ, პირთა ჯგუფს, რომელიც ამ დრომდე იყო კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული და 2013 წლის 1 ივლისს ამგვარი დაზღვევა შეწყვეტილი ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჯგუფი ერთსა და იმავე მდგომარეობაში იმყოფება. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ადამიანი, რომელსაც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო დაზღვევა ჰქონდა, არ იმყოფება იმ ადამიანების მსგავს მდგომარეობაში, რომელსაც დაზღვევა არასოდეს ჰქონია ან 2013 წლის 1 ივლისისათვის სახელმწიფოს სხვა სადაზღვევა სქემებში იყვნენ ჩართულნი. ამგვარად, 2013 წლის 1 ივლისისათვის კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული პირები მხოლოდ იმ კატეგორიასთან არიან შედარებადი, რომლებსაც კერძო დაზღვევა შეუწყდათ 2013 წლის 1 ივლისამდე.
ამ ორი კატეგორიის მოქალაქეებს შორის ერთმანეთისაგან განმასხვავებელი არის კერძო სადაზღვევო სქემის დატოვების დრო. პირველი კატეგორიის მქონე პირებმა კერძო სადაზღვევო სქემა დატოვეს 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ, ხოლო მეორე კატეგორიას მიკუთვნებულმა პირებმა 2013 წლის პირველ ივლისამდე. პირველი კატეგორია არახელსაყრელ მდგომარეობაშია ჩაყენებული მეორესთან შედარებით. ამგვარად, ახალი მემარჯვეენეები და კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის ტესტის პირველი საფეხური იმასთან დაკავშირებით, რომ პირთა ჯგუფები უნდა იყვნენ არსებითად თანასწორნი, მოცემულ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია. ამ ეტაპზე უნდა გავარკვიოთ, რამდენად ხდება ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფი პირების განსხვავებული მოყრობა. ამისათვის უნდა დავადგინოთ, რა ტიპის სამედიცინო მომსახურებას უნაზღაურებს სახელმწიფო პირთა ერთ ჯგუფს, რაც ხელმისაწვდომი არ არის არსებითად თანასწორი სხვა ჯგუფისათვის.
მეორე კატეგორიას მიკუთვნებული ადამიანები (ადამიანები, რომლებმაც კერძო სადაზღვევო სქემა დატოვეს 2013 წლის 1 ივლისამდე) სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემდეგი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობით:
ამბულატორიული მომსახურება, ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, ელექტროკარდიოგრაფია, მუცლის ღრუს ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინალურად) და გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია - ელექტროკარდიოგრაფია არ ითვალისწინებს თანაგადახდას, მუცლის ღრუს ექოსკოპია და გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია – ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან; ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა; გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა), სტაციონარული მომსახურება: გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება - ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე - 15 000 ლარი; გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები - წლიური ლიმიტი 15 000 ლარი; ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა) – წლიური ლიმიტი 12 000 ლარი. მშობიარობა – ლიმიტი 500 ლარი, საკეისრო კვეთა - ლიმიტი 800 ლარი.
პირველ კატეგორიას მიკუთვნებული პირებს (ადამიანები, რომლებმაც კერძო სადაზღვევო სქემა დატოვეს 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ) სახელმწიფო უნაზღაურებს შემდეგ სამედიცინო მომსახურებას: ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, 500 ლარის ლიმიტის ფარგლებში მშობიარობა, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარის ლიმიტის ფარგლებში. ასევე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება.
ამგვარად, სახელმწიფოს დაფინანსებით სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი, რითაც სარგებლობენ ის პირები, რომლებსაც კერძო დაზღვევა ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდათ 2013 წლის 1 ივლისამდე, არ არის ხელმისაწვდომი იმ პირებისათვის, რომელსაც კერძო დაზღვევა ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდათ 2013 წლის 1 ივლისს ან ამის შემდეგ. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ონკოლოგიური დაავადების გამოკვლევის, მკურნალობის ხარჯების სახელმწიფოს მიერ დაფარვა იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც კერძო დაზღვევა შეუწყდათ 2013 წლის 1 ივლისამდე და ამგვარ მომსახურებაზე უარის თქმა იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც კერძო დაზღვევა ჰქონდათ 2013 წლის 1 ივლისისათვის და მოგვიანებით სხვადასხვა მიზეზით შეუწყდა. ეს განსხვავებული მოპყრობა მიუთითებს იმაზე, რომ სხვადასხვა დროს კერძო დაზღვევის ნიშნით ხდება არსებითად თანასწორთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას.
2) მკაცრი შეფასების ტესტი
საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები ,,ახალი მემარჯვენეები" და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-3 პარაგრაფში განაცხადა: ,,დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია..."
ამავე გადაწყვეტილების მე-6 პარაგრაფში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, „მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”. დანარჩენ შემთხვევებში მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით."
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ვალერი გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 2014 წლის 13 ნოემბრის #1/4/557,571,576 გადაწყვეტილების მე-2 თავის მე-18 პარაგრაფში აღნიშნა: ,,დიფერენციაციის დისკრიმინაციულობის შეფასება განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა მოხდეს, როდესაც განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება ისეთ ნიშნებს, რომლებზე დაყრდნობითაც ისტორიულად ხშირი და ძალზე გავრცელებული იყო დისკრიმინაცია და რომელთა ჩამოთვლაც ზუსტად ასეთი მოპყრობის განმეორების შიშით და ამის საწინააღმდეგოდ ხდებოდა კონსტიტუციებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნიშნებს, პირობითად კლასიკური ნიშნები უწოდა და ამ სფეროში დიფერენციაციის დისკრიმინაციულობის შემოწმებისთვის “მკაცრი შეფასების” ტესტი შემოიღო." ამავე საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ ,,დროის თვალსაზრისით" ადამიანების დიფერენცირება არ წარმოადგენს კლასიკურ ნიშანს, ამის მიუხედავად სასამართლომ გამოიყენა ,,მკაცრი შეფასების" ტესტი, ვინაიდან დიფერენციაციის ინტენსივობა იყო მაღალი (ზემოხსენებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-20 პარაგრაფი).
დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხი განისაზღვრება იმ სფეროს ან უფლების მნიშვნელობით, რომელთან მიმართებაშიც ადგილი აქვს დიფერენცირებას. მაგალითად საქმეზე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო: ,,თანასწორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა არჩევნების პროცესში, მოქალაქეთა მიერ საარჩევნო უფლებით სარგებლობისას."(საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილების მეორე თავის მე-7 პარაგრაფი). სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ის სფერო და უფლება, რომელის ფარგლებშიც ხდება დიფერენცირება.
სახელმწიფოს ხარჯზე სამედიცინო მომსახურების უფლების მნიშვნელობაზე ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ისაუბრა საქმეზე მემორიალური საავადმყოფო მარიკოპას საგრაფოს წინააღმდეგ (Memorial Hosp. v. Maricopa County 415 U.S. 250 1974 https://supreme.justia.com/cases/federal/us/415/250/case.html)). აღნიშნული საქმე ეხებოდა ქრონიკული ასთმური და ბრონქიალური დაავადების მქონე სოციალურად დაუცველ პირს, რომელსაც არიზონას შტატის ერთ-ერთი საგრაფო უარს ეუბნებოდა მკურნალობის ანაზღაურებაზე, იმის გამო, რომ ვერ აკმაყოფილებდა ბინადრობის ერთწლიან ცენზს. არიზონას კანონმდებლობით იმისათვის, რომ სოციალურად დაუცველი პირის მკურნალობა დაფინანსებული, მას არიზონას შტატის შესაბამის საგრაფოში უნდა ეცხოვრა ერთი წელი. აღნიშნულ საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ თანაბარი მოპყრობის თაობაზე მე-14 შესწორების დარღვევა დაადგინა.
პირველ რიგში, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამედიცინო დახმარების მნიშვნელობა. მოსამართლე მარშალმა სასამართლოს სახელით განაცხადა:
,,ნათელია, რომ სამედიცინო მომსახურება არის არსებითად აუცილებელი სიცოცხლისათვის. სახელმწიფოს მიერ დადგენილ პრივილეგიებსა და ბენეფიტებს, რომლებიც დაკავშირებულია ძირითად საარსებო საშუალებებთან ყოველთვის უფრო დიდი კონსტიტუციური მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ სხვა ტიპის შეღავათებს. უცნაური იქნებოდა სახელმწიფოსათვის მოგვეთხოვა ადამიანის მიმართ სოციალური შემწეობის აღმოჩენა, რათა მომხდარიყო ამ ადამიანის დახსნა არაადეკვატური საცხოვრებელი პირობებისა და შიმშილისაგან, მაგრამ იმავდროულად სახელმწიფოსათვის უფლება მიგვეცა, უარი ეთქვა, სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე, თუკი დაავადებას თან ახლავს სუნთქვის უკმარისობა. არაკონსტიტუციურობის ეჭვს არ აქარწყლებს ის გარემოება, რომ სახელმწიფო ვალდებულია, აღმოუჩინოს მოქალაქეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. თუკი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად აუცილებელი განგრძობადი მკურნალობა, რაც თუნდაც არ არის დაკავშირებული გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასთან, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, არ დააფინანსოს ასეთი პაციენტის მკურნალობა. მართალია სუნთქვის უკმარისობა არ წარმოშობს სუნთქვის შეწყვეტის მყისიერ საფრთხეს, ამის მიუხედავად, სერიოზული დაავადების მკურნალობის გარეშე დატოვა, როდესაც გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ჯერ კიდევ არ არსებობს, ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ვაყენებთ მისი ჯანმრთელობის მძიმე და შეუქცევადი გაუარესების საფრთხის წინაშე. თუკი ადამიანს წლების განმავლობაში არ უტარდება მკურნალობა კიბოს, გულისა და რესპირატორულ დაავადებებთან დაკავშირებით, ამით ასეთი პირი შეუქცევადად განიცდის ტკივილს, ხდება შეზღუდული შესაძლებლობის და ბოლოს კარგავს სიცოცხლესაც. ამ კონტექსტში სამედიცინო დახმარებაზე უარი სისასტიკეა. ეს განსაკუთრებით ეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომელსაც არ გააჩნიათ საშუალებები საკუთარი ხარჯებით მკურნალობისათვის."
მკურნალობის საფასურის ზრდის პირობებში ხშირად, ონკოლოგიური ხასიათის მკურნალობის ჩატარება შეუძლებელი ხდება არა მხოლოდ სოციალურად დაუცველთათვის, არამედ სხვა პირებისათვის, განსაკუთრებით კი ისეთი ადამიანებისათვის, რომლებსაც მკურნალობის საშუალება არ გააჩნიათ სწორედ იმის გამო, რომ დაკარგეს სამუშაო და ამის გამო დატოვეს კერძო სადაზღვევო სქემაც. სადავო ნორმა სწორედ გამოყოფს ისეთი კატეგორიის ადამიანს, რომელმაც 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ სამსახურის გამო შესაძლოა გაწყვიტოს ურთიერთობა კერძო სადაზღვევო კომპანიასთან და იმავდროულად, უმუშევრობის გამო არ გააჩნდეს ფულადი სახსრები ონკოლოგიური გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩასატარებლად.
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ დაუდგენია დიფერენცირების მაღალი ინტენსივობა მაშინ, როდესაც უფლებით სარგებლობა განსაზღვრული ფულადი საფასურის გადახდასთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, საქმეში ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რეგისტრაციისათვის ევალებოდა დეპოზიტზე 5000 ლარის შეტანა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში განაცხადა: ,,ამ ინსტიტუტმა არ უნდა გამოიწვიოს უფლებით სარგებლობის შეუძლებლობა, მათ შორის, არ უნდა იყოს ისეთი შინაარსის, რაც არსებითად, საგრძნობლად, მნიშვნელოვნად დააცილებს პირებს უფლებით სარგებლობის თანაბარი შანსებისგან, ისეთი კონტრასტის გამოწვევის ჩათვლით, როგორიცაა უფლებით სარგებლობის შეუძლებლობა ... დეპოზიტის ოდენობა არ უნდა იყოს არათანაზომიერად მაღალი, უნდა იყოს გონივრული და იმ მიზნით პირობადებული, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოიყენოს თავისი პასიური საარჩევნო უფლება." სწორედ დეპოზიტის ოდენობის გამო აღნიშნულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმის კონსტიტუციურობა მაინც უნდა შეფასდეს “მკაცრი ტესტის” მიხედვით, რადგან სადავო რეგულაცია პირებს საგრძნობლად, არსებითად აცილებს თანაბარი სასტარტო პირობებისაგან, კერძოდ კი, ცალკეულ შემთხვევაში, ის საერთოდ გამორიცხავს პირთა შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ფარგლებში პასიური საარჩევნო ხმის უფლებით." (ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 11 აპრილს მიღებული №1/1/539 გადაწყვეტილების 21-ე პარაგრაფი).
მეორე საქმე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ უფლებით სარგებლობის სანაცვლოდ ფულადი საფასურის გადახდის ვალდებულება მიიჩნია ხელისშემშლელად იმისათვის, რომ ადამიანებს თანაბრად ესარგებლად აღნიშნული უფლებით, იყო ოგანეს დარბინიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 თავის 53-ე პარაგრაფში აღნიშნულია: ,,მოსარჩელეები ზოგადი განათლების დაფინანსებას საერთოდ ვერ იღებენ, მაშინ როდესაც სხვა შესადარებელი ჯგუფისათვის იგი სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სადავო ნორმები მკვეთრად აცილებს შესადარებელ ჯგუფებს საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან, შესაბამისად, დიფერენცირება ხასიათდება მაღალი ინტენსივობით."
ამგვარად, განსაზღვრული ტიპის, განსაკუთრებით, კი ონკოლოგიური ტიპის დაავადებებისათვის, პაციენტთა ერთი კატეგორიისათვის გამოკვლევისა და მკურნალობის სრულად დაფინანსება, სხვა შესადარებელი პირებისათვის ამგვარ დაფინანსებაზე უარის თქმა, შეუძლებელს ხდის ადამიანის მიერ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღებას, ამ სფეროში თანაბარ მონაწილეობას. ჯანდაცვის უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვერ ექნება ფართო დისკრეცია ამ სფეროში ადამიანის დიფერენცირებისათვის, ვინაიდან სახსრების უქონლობის გამო დროული მკურნალობის აღმოუჩენლობა იწვევს ტკივილს, შეზღუდულ შესაძლებლობას და სიკვდილს. ამიტომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს მკაცრი ტესტი.
მოცემულ შემთხვევაში მკაცრი ტესტის გამოყენების სასარგებლოდ მეტყველებს დიფერენციაციის მუდმივი ხასიათი. სადავო ნორმა არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, თუ რა დრო უნდა გავიდეს 2013 წლის 1 ივლისიდან იმისათვის, რომ შეწყვეტილი დაზღვევის კერძო სქემის სანაცვლოდ სახელმწიფომ დააფინანსოს პირი, რომელიც უმუშევრობის გამო ვერ ახერხებს დაზღვევის ახალ სქემაში ჩართვას. ვინაიდან ორ არსებითად თანასწორ ჯგუფს შორის დიფერენცირება მუდმივია, არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებულ პირებს არა აქვთ შესაძლებლობა თავი დააღწიონ დიფერენცირებულ მოპყრობას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს მკაცრი შეფასების ტესტი.
ამ მოსაზრებას მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ 2014 წლის 4 თებერვალს მიღებულ №2/1/536 გადაწყვეტილების მეორე თავის 30-ე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: ,,განუსაზღვრელი ვადით დადგენილი აბსოლუტური აკრძალვა მკვეთრად აშორებს განსახილველ სამართალურთიერთობაში თანასწორ პირებს ... თანაბარი შესაძლებლობისგან. შესაბამისად, დიფერენცირების ინტენსივობა არის მაღალი და სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მკაცრი შეფასების ტესტით. "
3) დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი და თანაზომიერების პრინციპი
ვინაიდან სადავო ნორმის შემოწმება ხდება მკაცრი შეფასების ტესტით, მოპასუხე მხარემ უნდა მოიუთითოს მწვავე და დაუძლეველ სახელმწიფო ინტერესზე. ამასთან შერჩეული ღონისძიება მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოსადეგი და ნაკლებადმზღუდავი.
ლეგიტიმური მიზანი, რასაც სადავო ნორმა შეიძლება ემსახურებოდეს, შეიძლება იყოს საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის ინტერესი (ნებისმიერ შემთხვევაში, ლეგიტიმურ ინტერესზე მთავრობამ უნდა მიუთითოს). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 12 სექტემბერს #2/3/540 საქმეზე ოგანეს დარბინიანი და სხვები პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 26-ე პარაგრაფში განაცხადა: ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ამოწურვადი რესურსების დაზოგვა, ზოგადად, შეიძლება წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს. ყურადსაღებია, რომ სახელწიფოს გააჩნია საკმაოდ ფართო მიხედულების ზღვარი, მაშინ როდესაც საქმე უკავშირდება შეზღუდვად რესურსებს და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, როგორიც სახელმწიფო ბიუჯეტია, პირველ რიგში, ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ რეალიზაციას უნდა მოხმარდეს."
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ჯანმრთელობის დაცვა არ არის უბრალო პრივილეგია. აღნიშნული მომსახურების გაწევა პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან. როგორც ამერიკის უზენაესმა სასამართლომ საქმეზე მემორიალური ჰოსპიტალი მარიკოპას საგრაფოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: საკუთარ მოქალაქეთა დიფერენცირების გზით სახელმწიფომ არ უნდა დაიცვას საზოგადოების ფინანსები. მხარეს მოეთხოვება მეტი ვიდრე ის, რომ ფულის დაზოგვით გაამართლოს უარი უფასო სამედიცინო მომსახურებაზე.
აღნიშნულ საქმეში მოსამართლე მარშალის თქმით, ,,საჭიროა დავაკვირდეთ მედლის მეორე მხარეს. ვინ იტვირთებს გადახდისუუნარო პაციენტის მკურნალობის ხარჯებს, თუკი სახელმწიფო უარს ამბობს ამ ხარჯების დაფარვაზე? კერძო ჰოსპიტალებს შეზღუდული ფინანსური რესურსები გააჩნიათ იმისათვის, რომ საკუთარ თავზე აიღონ პაციენტის მკურნალობის ხარჯები. ამის შემდეგ მკურნალობის ხარჯების გადახდის ვალდებულება გადადის პაციენტზე. ჰოსპიტალიზაცია ასტრონომიული რაოდენობის თანხასთან არის დაკავშირებული, რაც მძიმე ტვირთია უამრავი მოქალაქისათვის. ფინანსური პრობლემები, რომელთან გამკლავებაც კერძო საავადმყოფოებს უხდებათ, აიძულებთ მათ, ზურგი შეაქციონ ისეთ პაციენტს, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი მკურნალობის საფასურის გადახდა. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად შეამცირებს გადახდისუუნარო პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს. ამით ის გადახდისუუნარო პაციენტები, რომლებიც ვერ მკურნალობენ, სახელმწიფო ხარჯების დაზოგვის გამო განიცდიან ტანჯვას." ამგვარად, სახელმწიფო რესურსის დაზოგვა ადამიანის ტანჯვის ხარჯზე გაუმართლებელია. ამასთან ხარჯების დაზოგვას არათუ არ უნდა ეწირებოდეს ადამიანის სიცოცხლის კონსტიტუციური უფლება, არამედ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ოგანეს დარბინიანის საქმეში განაცხადა, სწორედაც რომ კონსტიტუციური უფლების რეალიზებისკენ უნდა იყოს მიმართული.
მოსამართლე მარშალმა იქვე მიუთითა: სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე ხარჯების დაზოგვა საკმაოდ ილუზორულია. დროული სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობის შემთხვევაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა იმდენად გართულდეს, რომ უფრო ძვირადღირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდეს საჭირო (ჩვენს შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს 2013 წელის 1 ივლისს კერძო დაზღვევის მქონე პირების ნებისმიერი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რომელიც შესაძლოა იმაზე ძვირი აღმოჩნდეს, ვიდრე გეგმიური სამედიცინო ჩარევა, რასაც 2013 წლის 1 ივლისს კერძო დაზღვევის მქონე პირებს საყოველთაო ჯანდაცვა არ უნაზღაურებს). მოსამართლე მარშალისვე აზრით, მკურნალობის გარეშე დატოვებული ავადმყოფობა იწვევს შეზღუდულ შესაძლებლობას, მათ შორის შრომისუუნარობას, ამით მკურნალობის გარეშე დარჩენილი პაციენტი და მისი ოჯახი ხდება სახელმწიფოს სოციალურ პროგრამებზე დამოკიდებული, რაც კიდევ დამატებით საბიუჯეტო დანახარჯებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფოს შესაძლოა მოუწიოს შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სოციალური ხარჯების მუდმივად, პაციენტის მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაფარვა. ამ ფონზე უფრო იაფი დაჯდება ის, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს პაციენტის მკურნალობა, რითაც აღმოიფხვრება შეზღუდული შესაძლებლობის გამომწვევი ავადმყოფობა. ამით ადამიანი შეინარჩუნებს შრომისუნარიანობას და მთელი სიცოცხლის განმავლობაში აღარ იქნება ფინანსური ტვირთი სახელმწიფოსათვის. ამგვარად, დროული სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობის შემთხვევაში სახელმწიფოს ხარჯები შესაძლოა იმაზე დიდი იყოს, ვიდრე ამგვარი დროული და გეგმიური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში იქნებოდა.
ამგვარად, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ვერ გადის ,,მკაცრი შეფასების ტესტის" მოთხოვნებს. საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა არ არის იმდენად მწვავე და დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი, რომ გაამართლოს სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობით გამოწვეული ტანჯვა. ამავე დროს სადავო ნორმით შერჩეული შემზღუდველი საშუალება გამოუსადეგარია, უვარგისია მიზნის - საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის - მისაღწევად, ვინაიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და შეზღუდული შესაძლებლობასთან დაკავშირებული ხარჯების გაღებით სახელმწიფო იმაზე მეტს ხარჯავს, რასაც დახარჯავდა დროული და გეგმიური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა