საქართველოს მოქალაქე როინ გავაშელიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 629 |
ავტორ(ებ)ი | როინ გავაშელიშვილი |
თარიღი | 19 თებერვალი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი. მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია და გადაწყვეტილია კონსტიტუციით. მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. სარჩელი ასევე შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელე როინ გავაშელიშვილს 2013 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით დადებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება კერძო დაცვის კომპანიასთან. აღნიშნული კომპანია დაზღვევის მინიმალური პაკეტით უზრუნველყოფდა დასაქმებულებს. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, როინ გავაშელიშვილმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის სერვის ცენტრში წარადგინა დოკუმენტაცია და განცხადება გეგმიური ქირურგიული ჩარევის "საყოველთო ჯანდაცვის პროგრამის" ფარგლებში დაფინანსების თაობაზე. 2014 წლის 10 სექტემბერს მას უარი ეთქვა დაფინანსებაზე " საყოველთო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1, მე-2 მუხლის, 1-ლი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც: "ამ დადგენილებით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, გარდა:... 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა, იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ მიზეზით შეწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება, ასეთი პირები უფლებამოსილი იქნებიან მიიღონ ამ დადგენილების დანართი N1.1-ის პირველი პუნქტის "ა.ა " ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ასევე "ა.დ" ქვეპუნქტით განსაზღვრული სისხლის საერთო ანალიზი და შარდის საერთო ანალიზი, "ბ.დ" ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება და დანართი N1.2-ით გათვალისწინებული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება". |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" დანართი N1, მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის გ) ქვეპუნქტის სიტყვები, რომელიც ადგენს, ის პირები, რომლებიც 2013 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით ჩართული იყვნენ კერძო სადაზღვევო სქემაში, თუმცა ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდათ სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება, ვერ ისარგებლებენ სრული (ე.წ ბაზისური) პაკეტით და უფლებამოსილი იქნებიან მიიღონ ე.წ მინიმალური პაკეტით განსაზღვრული მომსახურება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. მე-14 მუხლის თანახმად: "ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა." აღნიშნული ნორმა ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპს. "კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს,ხოლო უთანასწოროებს პირიქით."(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ"). შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის შესაფასებლად თავდაპირველად აუცილებელია განისაზღვროს, რამდენად არიან დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფი პირები არსებითად თანასწორნი.
არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა:"სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას აუცილებელია, გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით. " (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"). "მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ, როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები."(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება N2/1/536 საქმეზე: "საქართველოს მოქალაქეები-ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე,ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი, და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ"). ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებსა და საქართველოში სტატუსის არმქონე პირებს. სადავო ნორმა აღნიშნული სიიდან გამორიცხავს იმ პირებს, რომლებიც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ჩართულნი იყვნენ კერძო სადაზღვევო სქემაში, თუმცა ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუწყდათ სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში დასახელებულ პირთა არცერთი ჯგუფი არ სარგებლობს კერძო სადაზღვევო პროგრამით, შესაბამისად ისინი აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობისათვის მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან. წარსულში კერძო სადაზღვევო პროგრამით სარგებლობა ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ პირთა ეს ორი ჯგუფი არსებითად თანასწორი არ არის. ვინაიდან, სავსებით დასაშვებია, ამჟამად სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეები ამავე 2013 წელს თუმცა არა 1 ივლისის მდგომარეობით ჩართული ყოფილიყვნენ კერძო სადაზღვევო სქემაში. აქედან გამომდინარე, პირთა ორივე შესადარებელი ჯგუფი არსებითად თანასწორად უნდა განვიხილოთ. სახეზე გვაქვს ასევე არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა. ვინაიდან პირთა ეს ორი ჯგუფი, რომლებიც არსებითად თანაწორებად განიხილება, განსხვავებული სამართლებრივი რეგულირების ქვეშ ექცევა. ის პირები, რომლებიც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ჩართულნი იყვნენ კერძო სადაზღვევო სქემაში, სარგებლობენ მხოლოდ ე.წ მინიმალური სადაზღვევო პაკეტით, მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტში ჩამოთვლილი პირებისაგან განსხვავებით, რომელთაც უფლება აქვთ ისარგებლონ სრული სადაზღვევო პაკეტით.
დიფერენცირების ნიშანი:მას შემდეგ,რაც დავადგინეთ, რომ სახეზე გვაქვს არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რომელი ნიშნით ხდება პირთა დიფერენციაცია. დიფერენციაციის ნიშნის მიხედვით ასევე შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომელი ტესტით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, მკაცრი თუ რაციონალური დიფერენციაციის ტესტით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში არ გვაქვს ნიშნების ამომწურავი ჩამონათვალი. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, არ შეიძლება, მე-14 მუხლი გავიგოთ, ისე რომ დისკრიმინაცია მხოლოდ მასში მოცემული ნიშნების საფუძველზე შეიძლება მოხდეს. "ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში." (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის N2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ") მოცემულ შემთხვევაში კლასიკური ნიშანი სახეზე არ გვაქვს. სრული სადაზღვევო პაკეტით მოსარგებლეებიდან პირთა გამოყოფა ხდება იმ საფუძვლით, რომ ისინი 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ჩართული იყვნენ კერძო სადაზღვევო სქემაში. შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, რომელი ტესტი უნდა გამოიყენოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მკაცრი თუ რაციონალური დიფერენციაციის ტესტი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოსაყენებელი ტესტი დიფერენციაციის შესაფასებლად:გამომდინარე იქიდან, რომ დიფერენცირების კლასიკური ნიშანი სახეზე არ გვაქვს, არ არსებობს ამ საფუძვლით მკაცრი ტესტის გამოყენების წინაპირობა, თუმცა მკაცრი ტესტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ თანასწორობის უფლებაში ჩარევა მაღალი ინტენსივობით ხდება. "დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან." (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები "ახალი მემარჯვენეები" და "საქართველოს კონსერვატიული პარტია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით სახეზე გვაქვს თანასწორობის უფლებაში ინტენსიური ჩარევა. ის პირები, რომლებიც 2013 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით ჩართული იყვნენ კერძო სადაზღვევო სქემაში, თუმცა აღარ სარგებლობენ კერძო დაზღვევით, უფლებამოსილი არიან გამოიყენონ მხოლოდ მინიმალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც მოიცავს ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებულ ამბოლატორიულ მომსახურებას, სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს, მშობიარობასა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. მაშინ როდესაც, ის პირები, რომლებიც აღნიშნული დროისათვის არ სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით, არიან სრული ე.წ. ბაზისური სადაზღვევო პაკეტით მოსარგებლეები. სრული ე.წ ბაზისური სადაზღვევო პაკეტი მოიცავს მრავალი სახის სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის: გეგმიურ ქირურგიულ ოპერაციებს, გადაუდებელ ამბოლატორიულ მომსახურებას, და ა.შ. აღნიშნული პირთა ჯგუფები მკვეთრად არიან დაშორებულებული თანაბარი პირობებისაგან. აქედან გამომდინარე, დიფერენციაციის შესაფასებლად გამოყენებული უნდა იქნეს მკაცრი ტესტი. "კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, უფლების შეზღუდვის შეფასების მკაცრი ტესტი გულისხმობს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებას. ამასთანავე, ამ ტესტის ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს სახელმწიფოს დაუძლებელი ინტერესი." ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის N2/3/540 გადაწყვეტილება "რუსეთის მოქალაქეები-ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები-მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"). მოცემულ შემთხვევაში, რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა დაუძლეველი ინტერესი ამოძრავებს სახელმწიფოს, როდესაც იმ პირებს, რომელთაც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემაში იყვნენ ჩართულნი, მხოლოდ მინიმალური სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლებას აძლევს. მთავრობისა და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებით, "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ეტაპობრივად იხვეწება და ფართოვდება. ამჟამად მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი და ანალიზი, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც გადაიხედება პროგრამის ადმინისტრირების საკითხი. მუშაობის პროცესში ასევე განხილული იქნება მოსარგებლეთა კატეგორიის ცვლილები საკითხიც." სოციალური უფლებები, როგორც საყოველთაოდ არის მიჩნეული, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მსგავსად სწრაფად აღსრულებადი უფლებები არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური უფლებების რეალიზების უზრუნველყოფა მეტწილად სახელმწიფოს ბიუჯეტის მოცულობაზე არის დამოკიდებული. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული არ შეიძლება მივიჩნიოთ ჩარევის ლეგიტიმურ მიზნად, ვინაიდან, სახელმწიფომ აიღო უკვე ვალდებულება განახორციელოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და შესაბამისად, ამ პროგრამით სარგებლობის უფლება უნდა მიეცეს ყველა პირს, ყოველგვარი გაუმართლებელი დიფერენციაციის გარეშე. პროგრამის დახვეწა და გაფართოვება არ არის სახელმწიფოს ის დაუძლეველი ინტერესი, რომელმაც შეიძლება გაამართლოს არსებითად თანასწორი პირების განსხვავებული სამართლებრივი რეგულირების ქვეშ მოქცევა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ის ლეგიტიმური მიზანი და სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი, რომელიც გაამართლებდა პირთა ჯგუფებს შორის დიფერენციაციას. ამიტომაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" დანართი N1, მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის გ) ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა