საქართველოს მოქალაქეები - დიმიტრი ლომიძე და ტარიელ ჩოჩიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/15/699 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 ნოემბერი 2016 21:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი– სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებლი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - დიმიტრი ლომიძე და ტარიელ ჩოჩიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების, 1433 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების სიტყვების „პროკურორის“, 1436 მუხლის პირველი ნაწილის, 1438 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პროკურორის გადაწყვეტილებით“, 1439 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 1433 მუხლის მე-5 ნაწილის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებების, ასევე იმავე მუხლის მე-7 ნაწილის სიტყვის „პროკურორს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე და მე-40 მუხლებთან, 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთანმიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №699) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - დიმიტრი ლომიძემ და ტარიელ ჩოჩიშვილმა. №699 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 9 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 25 ნოემბერს.
2. №699 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრება პროკურორის უფლებამოსილება, კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან დოკუმენტის შენახვის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, გამოძიების ადგილის მიხედვით მიმართოს სასამართლოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს მომსახურების მომწოდებლისაგან მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით“, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 1432–14310 მუხლების დებულებები“.
4. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, მე-5 ნაწილის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებებით, იმავე მუხლის მე-7 ნაწილით, 1436 მუხლის პირველი ნაწილით, 1438 მუხლის პირველი ნაწილით, 1439 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განისაზღვრება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, შეწყვეტის, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/მასალის განადგურების და აღნიშნული ღონისძიების შესახებ შეტყობინების წესები.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. 30-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია შრომის თავისუფლება, 39-ე მუხლის მიხედვით კი, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“. იმავე მუხლის მეორე პუნქტით აღიარებულია, რომ არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. მე-3 პუნქტის თანახმად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია დაცვის უფლება, ხოლო 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს 2015 წლის 19 აპრილს ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გზით, როგორც შემთხვევის ადგილზე, ისე პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. მოსარჩელე არ აღიარებს პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს და აღნიშნავს, რომ თავდასხმა განხორციელდა პოლიციელთა მიერ, ხოლო მისი ქმედებები მიზნად ისახავდა მხოლოდ თავდაცვას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ როგორც შემთხვევის ადგილზე, ისე პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულია სათვალთვალო კამერები, თუმცა მათი ვიდეოჩანაწერის ასლის მიღება სადავო ნორმათა მოქმედების პირობებში მან ვერ შეძლო. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან ჩანაწერთა გამოთხოვის მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნული სახის ჩანაწერების გამოთხოვის უფლება მხოლოდ პროკურორს გააჩნია.
7. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ტარიელ ჩოჩიშვილი არის მოსარჩელე დიმიტრი ლომიძის ადვოკატი.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე კომპიუტერულ სისტემაში დაცული მონაცემების გამოთხოვის უფლებამოსილებით სარგებლობს მხოლოდ პროკურორი, ანუ ბრალდების მხარე. მოსარჩელის განმარტებით, დაცვის მხარეს არ გააჩნია უფლებამოსილება, მოიპოვოს მსგავსი სახის მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, თუ ალბათობის როგორი ხარისხით ასაბუთებს კონკრეტული მტკიცებულება ბრალდებულის უდანაშაულობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ, თუ დაცვის მხარეს ნებაყოფლობით არ მიეწოდა შესაბამისი პირისაგან აღნიშნული ტიპის ინფორმაცია, თვითონ არათუ ვერ მოიპოვებს მას, არამედ მოცემული მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობის მიმართვის უფლებითაც კი ვერ ისარგებლებს. მოსარჩელე ფიქრობს, რომ სადავო ნორმების შინაარსზე მსჯელობისას ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არსებული მდგომარეობით, ნებისმიერი ინფორმაციის დაცვა ხორციელდება ელექტრონულ კომპიუტერულ მატარებელზე, რაც ნიშნავს, რომ დაცვის მხარეს დიდი ოდენობის ინფორმაციაზე არ გააჩნია წვდომა.
9. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტს და სწორედ ამ ნორმით გარანტირებული მფარველობის მოვალეობა გულისხმობს მოქალაქეთა დაცვას არა მხოლოდ მესამე პირებთან, არამედ იმ სახელმწიფო დაწესებულებებთან მიმართებით, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში უშუალოდ სახელმწიფოს წარმოადგენენ. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოქალაქის ნორმატიულ მფარველობას, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა, თავი დაიცვას არასწორი ბრალდებისაგან.
10. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები ასევე არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ შრომის თავისუფლებას. მოსარჩელთა აღნიშვნით, ბრალდებულსა და მის წარმომადგენლებს, როგორც სპეციალურ სუბიექტებს, უნდა ჰქონდეთ თავიანთი საქმიანობის - დაცვის ვალდებულების რეალურად განხორციელების შესაძლებლობა, სადავო ნორმები კი ამგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს. მოსარჩელის განმარტებით, მსგავსი ტიპის შეზღუდვა დადგენილი არ არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეს არ წამოადგენს სახელმწიფო.
11. მოსარჩელე მხარე იმავდროულად მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით ირღვევა სისხლის სამართლის პროცესში აღიარებული მხარეთა თანასწორობის პრინციპი. მოსარჩელის მტკიცებით, მხარეთა თანასწორობის პრინციპის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი და მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ნორმა არ წარმოადგენს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებას, იგი მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცულ კონსტიტუციურ პრინციპს. ამასთან, ნორმით გათვალისწინებული უფლების ბენეფიციარს წარმოადგენს ნებისმიერი პირი, როგორც პოტენციური სამართალწარმოების მონაწილე.
12. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლიდან გამომდინარეობს პირის უფლება, დაიცვას თავი და შეაგროვოს მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულები. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ამ მუხლს, რადგან ინდივიდს ერთმევა შესაძლებლობა, მოიპოვოს მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავს მის დამნაშავეობას. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებული ინფორმაციის მიღების უფლებას, ვინაიდან მოცემული უფლებით გარანტირებულია ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმატითაა იგი დაცული - ელექტრონული თუ სხვა სახით.
13. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებას, ვინაიდან მოცემული მუხლით დაცულია არა მხოლოდ დამცველის მომსახურებით სარგებლობის ფორმალური უფლება, არამედ საკუთარ უფლებათა დასაცავად მტკიცებულებათა მოპოვების რეალური შესაძლებლობა. სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ აღნიშნული შესაძლებლობა მოჩვენებითია, ვინაიდან თანამდროვე ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, დაცვის მხარეს არ აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების საშუალება.
14. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. მოსარჩელის განმარტებით, მას აქვს ბრალდებულის სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში, შესაბამისად, მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი ერთადერთი საშუალების - ვიდეოთვალის ჩანაწერების გამოთხოვის გარეშე არსებობს მისი დამნაშავედ ცნობის მაღალი რისკი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაცვის მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა, გამოითხოვოს მტკიცებულებები, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მოსარჩელის უფლებების გამოუსწორებელ დარღვევას, ვინაიდან, ერთი მხრივ, მის მიმართ გამოტანილ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს შესაძლებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციის მიერ დასრულებული იყოს მსჯელობა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. მაშასადამე, აღნიშნული ნორმების თანახმად, პირი უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების, 1433 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების სიტყვების „პროკურორის“, 1436 მუხლის პირველი ნაწილის, 1438 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პროკურორის გადაწყვეტილებით“, 1439 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 1433 მუხლის მე-5 ნაწილის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებების, ასევე იმავე მუხლის მე-7 ნაწილის სიტყვის „პროკურორს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად: „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
3. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლი მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე და არა მეორე თავში, შესაბამისად, მოსარჩელე მხარე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით სადავო ნორმის შესაბამისობაზე, ისევე როგორც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე იმსჯელოს ნორმატიული აქტების შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების, 1433 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების სიტყვების „პროკურორის“, 1436 მუხლის პირველი ნაწილის, 1438 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პროკურორის გადაწყვეტილებით“, 1439 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 1433 მუხლის მე-5 ნაწილის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებების, ასევე იმავე მუხლის მე-7 ნაწილის სიტყვის „პროკურორს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, №699 კონსტიტუციური შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
5. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის №2/2/438 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-2).
6. მოსარჩელენი სადავოდ ხდიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე და მე-40 მუხლებთან, 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთანმიმართებით.
7. დასახელებული ნორმის თანახმად, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართოს მომსახურების მომწოდებლისაგან მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით“. აღსანიშნავია, რომ მოცემული ნორმა ადგენს კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ერთ კონკრეტულ სახეს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საგამოძიებო მოქმედებისგან. მოცემული ნორმის მიზანია, კომპიუტერული სისტემის გამოყენებით დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში პროკურორის მიერ გარკვეული ინფორმაციის გამოთხოვის წესის დადგენა, შესაბამისად, მოცემული ნორმა მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც კომპიუტერული სისტემა არის საშუალება, რომელიც გამოიყენება დანაშაულის ჩადენის პროცესში. იმავე ნორმის პირველი მუხლით კი განისაზღვრება ნებისმიერი დანაშაულის შესახებ არსებული იმ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე არ ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებით, კერძოდ, არ მიუთითებს, რაში გამოიხატება მისი შემზღუდველი ხასიათი ან რა სახით განაპირობებს უშუალოდ მოცემული ნორმა მათი უფლებების დარღვევას. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არ არის არც ერთი არგუმენტი სადავო ნორმის კონსტიტუციის დასახელებულ მუხლებთან შემხებლობის შესახებ, ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. მოსარჩელეები ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების სიტყვებს - „პროკურორის“, 1436 მუხლის პირველი ნაწილის, 1438 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვებს „პროკურორის გადაწყვეტილებით“, 1439 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებს, 1433 მუხლის მე-5 ნაწილის პირველ, მე-3 და მე-4 წინადადებებს, ასევე იმავე მუხლის მე-7 ნაწილის სიტყვას „პროკურორს“ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე და მე-40 მუხლებთან, 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმები მოთავსებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავში, რომლითაც განისაზღვრება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, შეწყვეტის, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/მასალის განადგურების და აღნიშნული ღონისძიების შესახებ შეტყობინების წესები.
9. აშკარაა, რომ ხსენებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელეთა მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. ხსენებული სადავო ნორმები არეგულირებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესს, ისინი არ წარმოადგენენ ნორმებს, რომლებიც გამორიცხავს დაცვის მხარის შესაძლებლობას, მოიპოვოს კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაცია. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არ მიემართება ხსენებული ნორმების რეალურ შინაარსს და მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის ისეთ შინაარსს, რომელიც მას არ გააჩნია, შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. მოსარჩელეების განმარტებით, კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის მიზანია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები იმ სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობის პროცესში, რომლებიც სახელმწიფოს წარმოადგენენ. კონსტიტუციის ხსენებული დებულება არ ადგენს პირის საპროცესო უფლებებს, რომელიც მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებშია გამოყენებადი. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. მოსარჩელეთა მტკიცებით, 136-ე მუხლის პირველი ნაწილი, კონსტიტუციის სხვა დებულებებთან ერთად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, შრომა თავისუფალია. მოსარჩელეები სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას დასახელებულ მუხლთან დაკავშირებით ასაბუთებენ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ სადავო ნორმები დიმიტრი ლომიძესა და მის დამცველებს უზღუდავს მათზე დაკისრებული საქმიანობის - დაცვის ვალდებულების რეალურად განხორციელების შესაძლებლობას.
12. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განისაზღვრება იმ სუბიექტთა წრე, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ. აღნიშნული ნორმა უფლებამოსილ პირებად განიხილავს „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. კანონის აღნიშნული დებულება „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ე.წ. „actio popularis“ შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს აქვს შესაძლებლობა, იდავოს უშუალოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე და არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად.
13. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, ცალსახაა, რომ მოსარჩელე დიმიტრი ლომიძე სასარჩელო მოთხოვნას არ უკავშირებს მისი შრომის უფლების პოტენციურ დარღვევას, არამედ სადავო ნორმები მისთვის პრობლემურია იმდენად, რამდენადაც მის დამცველებს ეზღუდებათ საქმიანობის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა. მოსარჩელე არ მიუთითებს არც ერთ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა უშუალოდ მისი უფლების დარღვევის ფაქტს ან უფლების დარღვევის საფრთხეს. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამგვარი დასაბუთების არსებობის შემთხვევაშიც შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და შესაბამის კონსტიტუციურ უფლებას შორის დამოუკიდებელი შეფასების საგანი იქნებოდა, თუმცა მოცემული არგუმენტაციის ფარგლებში ნათელია, რომ კონსტიტუციური სარჩელი მოსარჩელის ადვოკატთა უფლების დარღვევაზე აპელირების ნაწილში „actio popularis“ წარმოადგენს და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
14. მოსარჩელე ტარიელ ჩოჩიშვილი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს მის უფლებას, რეალურად შეასრულოს მისი საქმიანობა - განახორციელოს ბრალდებულის ჯეროვანი დაცვა. აშკარაა, რომ მოთხოვნის ამგვარად ჩამოყალიბება ეფუძნება სადავო ნორმის არასწორ აღქმას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს საგამოძიებო მოქმედებას, მოცემული ნორმის მიზანია, კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა ან დოკუმენტის არსებობასთან დაკავშირებით დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში პროკურორის მიერ გარკვეული ინფორმაციის გამოთხოვის წესის დადგენა. სადავო ნორმა განსაზღვრავს პროკურორის კონკრეტულ საპროცესო უფლებამოსილებას და საერთოდ არ შეეხება ადვოკატის საქმიანობის რამენაირ რეგულირებას. ამგვარად, სადავო ნორმა შემხებლობაში არ არის მოსარჩელესთან და შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ტარიელ ჩოჩიშვილის სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, რომლის თანახმადაც: „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
16. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის შინაარსსა და მასთან მიმართებით კონსტიტუციური დავის განხილვა-გადაწყვეტის შესაძლებლობებზე საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეში მიუთითა. კერძოდ, „აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის მიზანია, უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-22). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან დაკავშირებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ „აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებით გარანტირებული უფლების შინაარსი არის უფრო ფართო, ვიდრე ამას კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-22). ასევე, რომ მოსარჩელეს შეუძლია 39–ე მუხლზე აპელირება იმ შემთხვევაში, „როდესაც უფლება არ არის მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განჩინება №1/2/458 საქმეზე „დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-23).
17. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით აფუძნებს იმ არგუმენტაციას, რომ სადავო ნორმით ირღვევა მოსარჩელის უფლება შეჯიბრებით პროცესზე, რომელიც, მისი აზრით, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით. მოსარჩელის განმარტებით, მოცემული პრინიცპი არ წარმოადგენს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებას, თუმცა სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი იძლევა მასზე მითითების შესაძლებლობას.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეჯიბრებითი პროცესის პრინციპი სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანესი უფლებრივი კომპონენტია, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით. „შეჯიბრებითობის პრინციპი, სხვა საპროცესო გარანტიებთან ერთად, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის და საქმეზე „სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების“ მიღების უზრუნველყოფის საშუალებას, ინსტრუმენტს“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-20). საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის ძირითად პრინციპებსა და საერთაშორისო აქტებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე დაყრდნობით, ამასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლების არსის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი საკმაოდ ფართოდ განმარტა და სამართლიანი სასამართლოს უფლების ყველა ძირითადი უფლებრივი კომპონენტი სწორედ ამ ნორმით დაცულად მიიჩნია.
19. როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცულ სფეროში შეიძლება მოექცეს მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც არ ექცევა კონსტიტუციის სხვა ნორმათა დაცვის ფარგლებში. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება (მისი უფლებრივი კომპონენტები) არ ექცევა კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცვის ქვეშ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
20. მოსარჩელეები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებს იმავდროულად არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციის მითითებული ნორმით, ზოგადად რეგლამენტირებულია უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფციის გარანტია... სასამართლო მიუთითებს, რომ უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფცია წარმოადგენს სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც მათ შორის გულისხმობს, ყველას მოექცნენ იმ დაშვებით, რომ ის უდანაშუალოა მანამ, ვიდრე ჯეროვანი პროცედურის გავლით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62). საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით კი აღიარებულია, რომ არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
21. სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოსარჩელიეთა პრობლემას კონსტიტუციის მე-40 მუხლთან მიმართებით წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაცვის მხარეს არ ეძლევა საშუალება, დაადასტუროს საკუთარი უდანაშაულობა მისი გამამართლებელი მტკიცებულებების შეგროვების გზით. სარჩელში არ არის მითითებული არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარმოადგენს დაცვის მხარისთვის გარკვეული მტკიცებულების სასამართლოს მეშვეობით გამოთხოვის შესაძლებლობის არქონა პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ან რამდენად წარმოადგენს მოცემული რეგულირება მტკიცების ტვირთის დაცვის მხარეზე გადატანას. მოსარჩელე საერთოდ არ მიუთითებს არგუმენტაციას კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვის განმსაზღვრელ ნორმებსა და მის კონსტიტუციურ უფლებებს შორის კავშირის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელოს ამ ნაწილში №699 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
22. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. იგი მიუთითებს, რომ კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმატითაა იგი დაცული - ელექტრონული თუ სხვა სახით.
23. ხსენებულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმები არეგულირებს სისხლის სამართლის საპროცესო ღონისძიების ჩატარების შედეგად სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების წესს. მათი რეგულირების საგანს არ წარმოადგენს ზოგადად სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის საჯაროობა, ღია მმართველობის ხელშეწყობა და ა.შ. სადავო ნორმების საფუძველზე ინფორმაციის მოპოვების მიზანია დანაშაულის ჩადენის ფაქტის დამტკიცება ან გაქარწყლება და ეს ინფორმაცია რელევანტურია სისხლის სამართლის პროცესზე დავის ან ბრალდების განსახორციელებლად. საქმეზე მტკიცებულების მოპოვების მიზნით კომპიუტერული სისტემებიდან ინფორმაციის ამოღების მოთხოვნით სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის დაყენება დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა უფლების განხორციელებასთან და არა ზოგადად ინფორმაციის საჯაროობასთან. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი არეგულირებს ზოგადად საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ღიაობას, ღია მმართველობის დამკვიდრების და სხვა მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სადავო ნორმების რეგულირების სფერო არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროს. საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი და სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება არ გამორიცხავს ინფორმაციის საჯაროობის მომწესრიგებელი წესების მოქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში №699 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
24. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №699 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
25. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.
26. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი არის „...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ძირითადი არგუმენტაცია გამოუსწორებელ შედეგთან მიმართებით ემყარება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფრთხეს, მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოთხოვის შეუძლებლობის გამო. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დასასაბუთებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მისთვის საბოლოო ხასიათის და, შესაბამისად, გამოუსწორებელი შედეგის მატარებელია. მიუხედავად მოსარჩელის მითითებისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციის მიერ მსჯელობის დასრულების შესაძლებლობაზე, მოსარჩელეს არ აქვს მოყვანილი არგუმენტაცია, რა სახით გამოიწვევს, თუნდაც სამივე ინსტანციის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა მისი უფლებების გამოუსწორებლად დარღვევას. მოსარჩელე არ მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით განსაზღვრულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობა რატომ არ გამოდგება უფლებაში აღდგენის მექანიზმად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
28. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად უფლების შესაძლო დარღვევის საფრთხეზე, რაც არასაკმარისი წინა პირობაა სადავო ნორმების მოქმედების შესაჩერებლად. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებისთვის მოსარჩელე მხარემ სასამართლოს უნდა წარმოუდგინოს სარწმუნო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ნორმების მოქმედების შედეგად მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. შესაბამისად, მოსარჩელის ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმათა შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №699 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - დიმიტრი ლომიძე და ტარიელ ჩოჩიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №699 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - დიმიტრი ლომიძე და ტარიელ ჩოჩიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება: ა)საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 1433 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების სიტყვების „პროკურორის“, 1436 მუხლის პირველი ნაწილის, 1438 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პროკურორის გადაწყვეტილებით“, 1439 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 1433 მუხლის მე-5 ნაწილის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებების, ასევე ამავე მუხლის მე-7 ნაწილის სიტყვის „პროკურორს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე და მე-40 მუხლებთან, 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთანმიმართებით. ბ)საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან, მე-40 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთანმიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. №699 და №650 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა