საქართველოს მოქალაქე ნადია ხურციძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N650 |
ავტორ(ებ)ი | ნადია ხურციძე |
თარიღი | 14 მაისი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი კონსტიტუცური სარჩელი უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, რადგან იგი აკმაყოფილებს "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონით და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელი აგრეთვე შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის მიღებასთან დადგენილ პრაქტიკასაც. კანონის მოთხოვნებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით სარჩელი უნდა იქნეს მიღებული შემდეგისა გამო: - მოვლენები რომლებიც წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის აღძვრას: 2015 წლის 5 მარტს ნარკოტიკების შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებულ იქნა მოსარჩელე ნადია ხურციძე, ხოლო 6 მარტის „დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ“ ნადია ხურციძეს ბრალად დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. (იხ. ბ. სხვა დოკუმენტების დანართი 1) 2015 წლის 7 მარტის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ხურციძეს შეუფარდა პატიმრობა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი აღმკვეთ ღონისძიებაზე დაუშვებლად ცნო (იხ. ბ. - დანართი 2). ბრალდება ეფუძნება სხვადასხვა მტკიცებულებას, მაგრამ ძირითადი და უშუალოდ ბრალდების მაკვალიფიცირებელი მტკიცებულებები არის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი, (ბ. - დანართი 3) ბრალდებულის უადვოკატოდ მიცემული ჩვენება (ბ. - დანართი 4) და 4 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც ბუნდოვანია და ურთიერთგამომრიცხველი (ბ. - დანართები 5, 6, 7, და 8). სამი პოლიციელის განცხადებით ნადია ხურციძე სხვა პირების თანდასწრებით, ღამის სამ სთ-ზე, ორი მოწმის თანდასწრებით, წვიმიან ამინდში მივიდა ავტომობილის საბარგულთან, რომლითაც მას ჩამოუტანეს ჩანთები, გახსნა ისინი ამოიღო კამფეტების შეკვრა და ჩაიდო ჯიბეში, ამის შემდეგ მოკიდა ჩანთებს ხელი და წამოიღო თავისი ავტომობილისკენ, რა დროსაც იგი დააკავეს და ამოუღეს ჯიბიდან ნარკოტიკი, რომლებიც თითქოს იყო შოკოლადის კამფეტებში (იხ. ბ. - დანართი 5, 6 და 7). პოლიციელი ქალბატონი თამარ გაბრიჭიძე, რომლის ხელმოწერა ჩხრეკისა და ამოღების ოქმზეცაა, აცხადებს რომ მან დააკავა, დაჩხრიკა ნადია ხურციძე და ამოუღო ნარკოტიკის შემცველი კამფეტები ქურტუკის ჯიბიდან, ოღონდ ბრალდებულმა ნარკოტიკი ამოიღო არა მანქანასთან, არამედ ჯერ ჩანთები წამოიღო, ხოლო შემდეგ გახსნა ჩანთები, ამოიღო იქედან შეკვრა, ჩაიდო ჯიბეში და ამის შემდგომ მოხდა დაკავება (იხ. ბ. - დანართი 8). გამოძიებაში ადვოკატის ჩართვის შემდეგ ადვოკატისთვის ბრალდებულისაგანაც და სხვა წყაროსგანაც ცნობილი გახდა, რომ ქალბატონი პოლიციელი არც დაკავებისას ყოფილა ადგილზე და არც ჩხრეკა უწარმოებეია და საერთოდ არც არავითარი ნარკოტიკი არც უნახიათ ადგილზე და მითუმეტეს ქურთუკის ჯიბიდან არ ამოღებულა. აღნიშნული ქალბატონი გაბრიჭიძე პოლიციაში მივიდა მხოლოდ ბრალდებულის ნარკოტიკულ შემოწმებაზე გადასაყვანად, მას შემდეგ რაც მას დაურეკეს, აგრეთვე აღმოჩნდა რომ დაკავება და ჩხრეკა მოხდა იმ ადგილზე სადაც იყო გზის სათვალთვალო ვიდეოკამერები (იხ. ბ. - დანართი 9). ამ გარემოებათა დადასტურება პირდაპირ და უშუალოდ გამოიწვევდა ჩხრეკისა და ამოღების ოქმის უკანონოდ ცნობას, მის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობას, გამოიწვევდა ბრალდებულის გათავისუფლებას, მიანიჭებდა დაცვას დიდ უპირატესობას დაცვის განხორციელებაში და დიდი ალბათობით გამოიწვევდა შემდგომში საქმის შეწყვეტას ან გამამართლებელ განაჩენის გამოტანას. ამის შესაბამისადაც დაიგეგმა დაცვის სტრატეგია. დაცვის მხარემ ორჯერ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობებით მტკიცებულებათა გამოთხოვისათვის განჩინების გამოცემის მოთხოვნით, კერძოდ ვიდეოკამერებიდან ფირების გამოთხოვისა და შპს „მაგთი-კომიდან“ ინფორმაციის გამოთხოვისთვის, რომლითაც დადასტურდებოდა ტერიტორიულად სად იმყოფრბოდა პოლიციელი დაკავების პერიოდში, იყო თუ არა დაკავების ადგილზე, მაგრამ სასამართლომ ორივე შემთხვევაში მიგვითითა სსსკ-ის 136 მუხლის 1 და მე-4 ნაწილებზე და უარი გვითხრა შუამდგომლობის განხილვაზე. სასამართლოს განმარტებით აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება დაცვის მხარეს არ შეუძლია სადავო ნორმებზე მითითებით. (იხ. ბ. - დანართი 10, 11, 12, 13). გამომძიებელსაც ეთხოვა აღნიშნული ვიდეომასალებისა თუ სხვა მასალის გამოთხოვის შესახებ, მაგრამ ბრალდებამ მიგვითითა შეჯიბრებითობის პრინციპზე და დადგენილებით უარი გვითხრა განცხადების დაკმაყოფილებაზე. ხოლო ფოსტით გაგზავნილი საჩივარი პოლიციის კანცელარიამ არ მიიღო და უკან დაგვიბრუნა. (იხ. ბ. - 14, 15, 16, 17, 18). აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირბით მივმართედ სახალხო დამცველის აპარატს, მაგრამ ოფიციალური პასუხით განგვიცხადეს, რომ „სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან გამოიკვლიოს მტკიცებულებები“. (ბ. დანართი 19). აღნიშნული დარღვევების თაობაზე გაცხადებულ იქნა შსს-ის გენერალურ ინსპექციაში, რომელმაც მოგვიანებით საქმე გადააგზავნა პროკურატურაში (ბ. - დანართი 20). გამოძიება გრძელდება დღესაც და ქალბატონი ხურციძე იმყოფება ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. წინასასამართლო სხდომა დანიშნულია 27 მაისს. ეს განჩინება არ გადმომცემია მხოლოდ ტელეფონით მაცნობეს, სავარაუდოთ პროკურატურის შუამდგომლობისა გამო (იხ. ბ. დანართი 21).
ა. უფლებამოსილი სუბიექტი ნადია ხურციძე უფლებამოსილია შეიტანოს კონსტიტუციური სარჩელი, რადგან იგი საქართველოს მოქალაქეა (დანართი 1), მას მიაჩნია რომ სადავო ნორმები არღვევს კონსტიტუციის მეორე თავით დადგენილ მის უფლებას სამართლიან სასამართლოზე და დაცვის უფლებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 39-ე მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამდენად, ნადია ხურციძე უფლებამოსილი სუბიექტია, როგორც მოსარჩელე. ბ. სარჩელი არ არის პოპულისტური სარჩელი უშუალოდ ეხება ნადია ხურციძის უფლებების დაცვას. შესაბამისად, იგი იცავს საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის დანათქმს „თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. გ) სარჩელში წარმოდგენილი საკითხები მთლიანად არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, რადგან იგი ეხება ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით. აღნიშნული საკითხის შემოწმება კი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციიდან გამომდინარე უფლებამოსილებაა. საერთო სასამართლოების უფლებამოსილება არ ვრცელდება კანონის კონსტიტუციურობის დადგენაზე. სარჩელის მიხედვით სადავო ნორმები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის 1 და 3 პუნქტებს, ხოლო 42 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავშია მოთავსებული და ამდენად, ეს მოთხოვნაც დაცულია. დ) სარჩელში დასმული სადავო საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. 2015 წლის 27 აპრილისთვის 552 სარჩელზე 2015 წლის 4 მარტის (ლიბერთი ბანკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გამოტანილ გადაწყვეტილებამდე მსგავსი ნორმის კონსტიტუციურობაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიუღია, არც განჩინებებით და არც საოქმო ჩანაწერებით არაა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში მსგავსი შინაარსის ნორმა შეფასებული. უფრო მეტიც 27 აპრილამდე შემოსულ არც ერთი სარჩელიც კი არ შეხებია და არც ეხება სადავო დებულებებს (ნორმებს). ე) კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ არის დარღვეული კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული რაიმე ვადა წარმოდგენილი საკითხის განხილვისათვის. (მოქალაქის სარჩელებზე რაიმე ვადა არაა დადგენილი). ვ) არ არსებობს გასაჩივრებულ საკანონმდებლო აქტზე იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა. გასაჩივრებული ნორმები საკანონმდებლო შემოქმედების შედეგია და წარმოადგენენ კანონს და თან კანონმდებლობა აღნიშნულ ურთიერთობების დასარეგულირებლად ორგანულ კანონს ან/და კონსტიტუციურ შეთანხმებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, შესაძლებელია სრულფასოვნად მსჯელობა სადავო აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე. ზ) სარჩელი არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას სარჩელი არ შეიცავს ყალბ, არაზუსტ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, არც ბრალდებულის თუ მისი ადვოკატის ჭირვეულ განცხადებებს აქვს ადგილი. თ) დაცულია ფორმალური მხარე - წარმოდგენილია დისკი სარჩელის ელექტრონული ვერსიით; - მინდობილობა ახლავს სარჩელს; - ადვოკატის უფლებამოსილების ასლი; - ადვოკატის ორდერი; - ბაჟი გადახდილია (ბაჟის ქვითარი); - სარჩელს ერთვის სადავო აქტების ტექსტი; - ხელს აწერს უშუალოდ მოსარჩელე; - მითითებულია მისამართები; - მითითებულია რეკვიზიტები; - სხვა ფორმალური მოთხოვნები; შესაბამისად, დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 16 მუხლის მოთხოვნები ი) გასაჩივრებულია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 136 მუხლის 4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც გამორიცხულია დაცვის მხარის უფლება თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ეს ნორმა გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის 1 პუნქტთან და 42 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 136 მუხლის 4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც გამორიცხულია დაცვის მხარის უფლება თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ეს ნორმა გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის 1 პუნქტან და 42 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
კ) აშკარა და ცხადი მიმართება გასაჩივრებულ ნორმებსა და კონსტიტუციის მითითებულ ნორმებს შორის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს, მასში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის აზრით ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული დებულების სწორად და ადექვატურად გასაგებათ მივმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას (განჩინებებს რომლებიც განმარტავენ ზემოაღნიშნულ კანონის დებულებას). „საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გარკვევისათვის აუცილებელია, მოსარჩელემ საფუძვლიანად წარმოადგინოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა, თუ რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს სადავო ნორმას და შესაბამისი კონსტიტუციური ნორმით დაცულ მის უფლებრივ სფეროს შორის“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის განჩინება N1/5/489/498, „საქართველოს მოქალაქეები - ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-2). სხვაგვარად რომ ვთვათ ერთის მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 136 მუხლის 1 ნაწილისა და მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლებითაც გამორიცხულია დაცვის მხარის უფლება თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით, და მეორეს მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის 1 პუნქტს „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“ და საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის 3 პუნქტს „დაცვის უფლება გარანტირებულია“, შორის უნდა იყოს აშკარა და ცხადი ურთიერთმიმართება. აღნიშნულს ნორმების ურთიერთმიმართება აშკარაა, მაგრამ რადგან კანონი და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მოითხოვს ამ მიმართების მოსარჩელის მხრიდან დასაბუთებას ჩვენც წარმოგიდგენთ. საქართველოს კონსტიტუციის 40 მუხლი აღჭურავს ბრალდებულს მთელი რიგი სისხლის სამართლის საპროცესო უფლებებით, კერძოდ უდანაშაულობის პრეზუმცია, ბრალდების ტვირთის პროკურორზე (ბრალმდებელზე) დაკისრება, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის 6, 7, 8 პუნქტების დაცული და გამყარებული უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის, მოწმეთა თანასწორ პირობებში დაკითხვის, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებაზე უარის უფლებები და სხვა კონსტიტუციური დებულებები. სწორედ ამ კონსტიტუციურ-სამართლებრივი დებულების რეალიზაციაა როცა ბრალდებულს და მის ადვოკატს აქვს მთელი რიგი საპროცესო უფლებამოსილებები, ჩაატარონ გამოძიება, მოძიონ მტკიცებულებები, ინფორმაციის თუ დოკუმენტის გამოთხოვა, ამ უფლებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლოზე შუამდგომლობის მიმართვით განჩინებით მოიპოვონ ეს მტკიცებულებები თუ ინფორმაცია და ა.შ. მაგ სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი „მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება“, ან სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით „ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; ...“ ან კიდევ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 39. ბრალდებულის უფლება მოიპოვოს მტკიცებულება 1. ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. 2. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა ბრალდების მხარისათვის ცნობილი არ გახდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება. მოსარჩელე ნადია ხურციძე არის ბრალდებული (იხ. ბ. დანართი 1), იგი სარგებლობს იმ კონსტიტუციური უფლებებით, რომლებიც შეეხება ბრალდებულზე, დაკავებულზე, თუ დაპატიმრებულზე (მაგ. კონსტიტუციის 40, მუხლი, 42 მუხლი), ანუ ბრალდების სტატუსის მიღებისას ბრალდებულის კონსტიტუციური გარანტიები მოქმედებს, მტკიცებულებათა მოპოვება, გამოძიება, დაცვა და ა.შ. ხოლო ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა ვერ მოპოვების შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მტკიცებულებათა გამოთხოვისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს. და ეს ყოველივე გამომდინარეობს არა მხოლოდ სსსკ-ის ნორმებიდან, არამედ თვით კონსტიტუციის იმ მუხლებიდან რომლებიც აღჭურავენ ბრალდებულს საპროცესო გარანტიებით, მათ შორის სასამართლოზე მიმართვის უფლებიდან. მოიძიოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც გაამართლებს ბრალდებულს, ან საერთოდ მიანიშნებს ორგანოთა მხრიდან ისეთ უკანონობას რომელიც დაუშვებლად აქცევს მტკიცებულებებს, შეამსუბუქებს ბრალს თუ სასჯელს ეს არის ბრალდებულის უფლება, რომლითაც აღჭურვილია ბრალდებული ნადია ხურციძე. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ნადია ხურციძეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით და განჩინებით გამოითხოვის მისი გამამართლებელი მტკიცებულებები. გავმეორდები და ვიტყვი რომ მიუხედავათ იმისა რომ ეს ნორმები სსსკ-დან სიტყვა-სიტყვით კონსტიტუციაში არაა მოხსენიებული იგი მაინც კონსტიტუციის ნამდვილი არსიდან გამომდინარეობს და მისი ვიწრო ინტერპრეტაცია ბრალდებულს მეტწილად დატოვებდა კონსტიტუციურ-სამართლებრივი სივრცის მიღმა, რაც გამოფიტავდა კონსტიტუციის ძირითად არსს. მსგავსი ინტერპრეტაცია მისცა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ კონსტიტუციურ ნორმას მისი განმარტებისას (№2/1-392 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-2). ამდენად, სასამართლოს გზით გამოითხოვოს მტკიცებულება და განახორციელოს ბრალდებულის უფლებები რეალობაში, ნადია ხურციძის როგორც ბრალდებულის უფლებაა. მისი ეს უფლება საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის 1 პუნქტით დაცულ სფეროშია რადგან „სამართლებრებრივი სახელმწიფოს პირველადი ფუნქციაა ადამიანის უფლება-თავისუფლების სრული რეალიზაცია და ადექვატური დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს“. (ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531, II-1.). „„უფლება“ ვერ იქნება პირის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის რეალური გარანტია, ის იქნება მხოლოდ თეორიული და ფიქციური, თუ მას არ ახლავს სასამართლო წესით მისი დაცვის შესაძლებლობა“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება N 1/3/421,422 “საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II-1). სარგებლობს რა ნადია ხურციძე ბრალდებულის კონსტიტუციური გარანტიებით და ამავე დროს ამ გარანტიებისათვის კანონმდებლობა იცნობს სასამართლოს გზით უფლების დაცვას (გამოითხოვოს გარკვეული სახის ინფორმაცია თუ დოკუმენტი) ნადია ხურციძე არის საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის 1 პუნქტით დაცული სიკეთით მოსარგებლე, ამ უფლების უშუალოდ მატარებელი სუბიექტი. თუკი საწინააღმდეგო აზრს დავუშვებდით და ვიტყოდით რომ ეს მოთხოვნები სასამართლოსადმი მტკიცებულებათა გამოთხოვის კუთხით არ ჯდება 42 მუხლის 1 პუნქტით დაცულ სფეროში, მაშინ გამოვიდოდა რომ ყველაზე რეპრესიულ სისხლის სამართალში ადამიანი დარჩებოდა ობიექტად ძლიერი რესურსის მქონე სახელმწიფო საგამოძიებო ორგანოების წინაშე. მითუმეტეს რომ აღნიშნული შუამდგომლობის უფლებამოსილებით სარგებლობს პროკურორი. ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას თუ დავუბრუნდებით აუცილებელია შევეხოთ „კოზლოვსკის“ საქმეს, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით სარგებლობისათვის იგი „...მოითხოვს იმ კონკრეტული უფლების არსებობას, რომლის დაცვაც განაპირობებს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას“. როგორც აღინიშნა მოსამართლისადმი განჩინების მოთხოვნა ემსახურება ბრალდებულის უფლებათა განხორციელებას მოიძიოს, გამოითხოვოს მტკიცებულება, შესაბამისად სახეზეა ის „უფლება“, რომლის გამოც ნადია ხურციძემ უნდა მიმართოს სასამართლოს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. (იხ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის განჩინება № 1/2/440. „ანატოლი კოზლოვსკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ეხლა მიმოვიხილოთ მოსარჩელის წარმოდგენილ მტკიცებულებასა და სადავო ნორმებს შორის, ერთი მხრივ, და სადავო ნორმების მიმართება ნადია ხურციძის კონსტიტუციურ უფლებებთან მეორე მხრივ, რომელზე დადებითი პასუხიც მოგვცემდა „ჭელიძის“ საქმეზე მიღებული პრეცედენტით დადგენილ წინაპირობებს: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაერთხელ განიმარტა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობები. სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხზე მსჯელობისას, სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს რამოდენიმე კონცეპტუალურ კითხვას. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია განიმარტოს, თუ რა იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაში და რაში მდგომარეობს სასამართლოს ამოცანა კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისას. იღებს რა კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს შინაარსობრივი მიმართება ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ ნორმებსა და ამ ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხოლო მეორე მხრივ კი - კონსტიტუციის იმ ნორმებს შორის რომლებთან მიმართებითაც არის დამდგარი კონსტიტუციურობის საკითხი. სწორედ ეს მიმართება აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს საფუძველს, რომ არსებითი განხილვისას მას ექნება ობიექტური შესაძლებლობა იმსჯელოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინება N2/1/499, „საქართველოს მოქალაქე გვანცა ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-1). - შინაარსობრივი მიმართება გასაჩივრებულ ნორმებსა და ამ ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის ნადია ხურციძის მხრიდან იმ მასალების მოძიება, რომელზეც უარი გვეთქვა, გამორიცხავდა მისადმი ბრალდებას ან/და უკანონოდ აქცევდა ბუნდოვან და ურთიერთგამომრიცხველი ჩვენებებით წარმოდგენილ ბრალდებას, თუ დაკავებისა და ჩხრეკის ოქმს. მოსარჩელეს პირდაპირი ინტერესი აქვს დაადასტუროს ის ფაქტები რომ მისი ჯიბიდან არ ამოღებულა ნარკოტიკი, რომ მისი ჩხრეკა მიმდინარეობდა უკანონოდ, რომ ქალბატონი, რომელმაც თითქოს დაჩხრიკა იგი საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, მან სხვა პოლიციელების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. ეს მოვლენები, როგორც აღინიშნა, ხდებოდა ვიდეოთვალების თვალწინ და ამ ვიდეომასალებზე აღბეჭდილ ფირებზე უკეთ ვერცერთი მტკიცებულება ვერ დაადგენს მის უდანაშაულობას, ამ ფირისთვის კი აუცილებელია განჩინება. (დანართი 9). აგრეთვე მნიშვნელოვანია რომ ბრალდებულს ხელი ვერ მიუწვდება მაგთი-კომიდან თუ სხვა სატელეფონო კომპანიიდან დეტალურის გამოთხოვაზე (დანართი 12, 13). სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136 მუხლის 1 ნაწილი თავისი პირდაპირი მნიშვნელობით და 136 მუხლის 4 ნაწილი თავისი მითითებითი ბუნებით ართმევს უფლებას ბრალდებულს სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებიც კომპიუტერულ მონაცემთა სისტემაშია ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაშია. ანუ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმით ნადია ხურციძეს არ შეუძლია სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს ეს გამამართლებელი მტკიცებულებები, რადგან კანონმდებელმა ამის უფლება მიანიჭა მხოლოდ პროკურორს, მაშინ როცა სხვა რაიმე ეფექტური გზაც კი არ დატოვა კანონმდებელმა ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად. არაეფექტური გამოდგა ბრალდების მხარისთვის ამ მოთხოვნით მიმართვაც (დანართი 15). სადავო ნორმების შინაარსიდან ჩანს რომ მსგავსი საპროცესო მოქმედებისათვის საჭიროა სასამართლოს განჩინება, მაგრამ ამ განჩინებას ბრალდებული და მისი ადვოკატი ვერ მიიღებს, ხოლო პროკურორი, შეჯიბრებით პროცესში მისი მოწინააღმდეგე, აღნიშნული უფლებით სარგებლობს და საკუთარი მიხედულებით. ნორმის შინაარსს თუ დავაკვირდებით, ჩვენ არ ვითხოვთ სადავო მუხლიდან მეორე ნაწილით მოცემული ნორმის სუბიექტად თავის წარმოჩენას, პირიქით ჩვენ მომხრე ვართ დანაშაული გამოიძიოს ბრალდებამ, დანაშაულის შემცველი მასალები თვითონ ითხოვოს, მაგრამ „სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი“ აშკარად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბრალდებულისთვის. თუ იგი შეიცავს გამამართლებელ მტკიცებულებებს რატომ უნდა იყოს მისი გამოთხოვა პროცესუალური მოწინააღმდეგის ნებაზე დამოკიდებული, მაშინ როცა ეს ბრალდებულის კონსტიტუციური გარანტიაა - მისი უფლებები დაიცვას სასამართლოთი. ამდენად, ნათელია მიმართება წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და სადავო ნორმებს შორის, სწორედ რომ მტკიცებულებები მოწმობს რომ ნადია ხურციძემ ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სწორედ აღნიშნული ნორმების გამო, და რომ არა გასაჩივრებული ნორმა ნადია ხურციძე ისარგებლებდა და სასამართლოს მეშვეობით დაიცავდა მის უფლებებს სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში (იხ დანართი 10, 11, 12, 13). საწინააღმდეგო რომ წარმოვიდგინოთ, აღნიშნული ნორმის არარსებობის პირობებში ნადია ხურციძემ მიმართა სასამართლოს, მან გამოიტანა განჩინება და ნადია ხურციძეც როგორც ბრალდებული, სასამართლო საშუალებით გამოითხოვდა კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებიდან მტკიცებულებებს, ინფორმაციას თუ დოკუმენტაციას და ისარგებლებდა კონსტიტუციით დაცული საპროცესო გარანტიებით. წაართვა რა შესაძლო გამამართლებელი მტკიცებულების სასამართლოს გზით გამოთხოვის შესაძლებლობა კანონმდებელმა საფრთხის ქვეშ დააყენა ბრალდებულის უფლებათა ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობა და ზოგადად ბრალდებულის კონსტიტუციური გარანტიები. 42 მუხლის 1 პუნქტის ასპექტში მნიშვნელოვანია შევეხოთ ამ უფლების შემადგენელ ისეთ კომპონენტებს, რომელზეც ჩვენ ვაპელირებთ და ისიც არსებითად განსახილველად მიღების კუთხით (მოთხოვნის არსი და დასაბუთება ქვემოთ).
ა. თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი სადავო ნორმები აშკარა მიმართებაშია სამართლიანი სასამართლოს უფლების აღნიშნულ პრინციპთან. კერძოდ თუ თავიდანვე დაშვებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედება სისხლის სამართლის პროცესში (სსსკ-ის 9 მუხლის პირველი ნაწილი „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე), მაშინ აღნიშნული სადავო ნორმებით ხდება ამ პრინციპში და შესაბამისად, კონსტიტუციის 42 მუხლის 1 პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევა, რაც ნიშნავს რომ პირდაპირ არის მიმართება სადავო ნორმებსა და კონსტიტუციის 42 მუხლის 1 პუნქტს შორის. ჩვენი დავის კონტექსტში ეს ნიშნავს რომ ბრალდებული ნადია ხურციძე და პროკურატურა არიან შეჯიბრებით პროცესში თანასწორი სუბიექტები, მაგრამ სადავო ნორმით მისი ესეთი თანასწორობა და შეჯიბრებითობა უგულებელყოფილია, ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტის გამოთხოვის კუთხით. მნიშვნელოვანი ვუწოდე კომპიუტირიზებულ სფეროს და ბანალურად მიმაჩნია ამ სფეროს განსაკუთრებულობაზე ბევრი საუბარი, უბრალოდ ავღნიშნავ, სფეროს რომელზეც იგი ვრცელდება, ესენია კომპიუტირიზებული სისტემები, ტელეკომუნიკაციები, ტელეკომები, ინტერნეტი, გასაგებია რამხელა შესაძლებლებობის არეალის მოცილება ხდება ბრალდებულის უფლების დაცვის სფეროდან, მაშინ როცა პროცესუალური მოწინააღმდეგე-პროკურორი ამ უფლებით სარგებლობს.
ბ. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის არქონა გავმეორდები საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტს „სამართლებრებრივი სახელმწიფოს პირველადი ფუნქციაა ადამიანის უფლება-თავისუფლების სრული რეალიზაცია და ადექვატური დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს“. (ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531, II-1.). ბრალდებულის საპროცესო უფლებები მოიპოვოს მტკიცებულება ზოგ შემთხვევაში ექვემდებარება სასამართლო დაცვას, აღნიშნულს თვით სსსკ-ის მე-9, 38, 39 მუხლები იცნობენ, ხოლო კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში აღნიშნული მუხლების მოქმედება უგულებელყოფილია. შესაბამისად ეს სფერო ისეთ ღია სივრცეს ტოვებს სადაც შეიძლება იყოს გამამართლებელი მტკიცებულებები, მაგრამ სადავო მუხლების გამო იგი მოძიებული არ იქნეს პროკურორის მხრიდან, იმიტომ რომ არ ჩათვლის საჭიროდ, ხოლო ბრალდებული და დაცვის მხარე ვერ მოიპოვებს საერთოდ, რაც ზრდის რისკს უდანაშაულო ადამიანის დასჯისა. შუამდგომლობით გამოითხოვოს მისი გამამართლებელი მტკიცებულებები იქიდან სადაც ისინი არიან, ეს ბრალდებულის მნიშვნელოვანი გარანტიაა, რითაც ბრალდებული ნადია ხურციძე ისარგებლებდა, რომ არა სადავო ნორმები სსსკ-ის 136 მუხლისა, და ზემოაღნიშნული ფაქტები მეტყველებს, რომ ნადია ხურციძის კონსტიტუციის 42 მუხლის 1 პუნქტით დაცულ უფლებას სასამართლოს საშუალებით ხელი მიუსტვებოდეს, მისი როგორც ბრალდებულის გამამართლებელ გარემოებებზე, მათ შორის კომპიტერულ სისტემაში ან კომპიტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებებზე, პირდაპირი კავშირია წარმოდგენილ მტკიცებულებებთან და ინტერესთან, თუ არ ჩავთვლით სადავო დებულებებს, რომლებიც ხელს უშლის ბრალდებულ ხურციძეს განახორციელოს ეს შესაძლებლობა, ეს ნორმები კონსტიტუციური უფლებების რეალიზაციის ჯაჭვში ხელის შემშლელი რგოლია. კონსტიტუციის 42 მუხლის მე-3 პუნქტით ნადია ხურციძის დაცვის უფლება გარანტირებულია, მას როგორც ბრალდებულს, როგორც პატიმარს და ყველაზე მოწყვლად სუბიექტს, ესაჭიროება დაცვის უფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რომელიც მოიცავს მტკიცებულებათა შეგროვებას, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით მათ გამოთხოვას, თუგინდ კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებიდან, თუ კომპიუტერული სისტემებიდან. ნადია ხურციძის ინტერესი არანაკლებია, ვიდრე ბრალდების ინტერესი გამოძიებაზე, ხოლო აღნიშნული დანაწესით ნადია ხურციძე რჩება დაცვის უფლების „მქონედ“, მაგრამ მხოლოდ იმ ფარგლებში რასაც ქვია იყოლიოს ადვოკატი, მან წეროს წერილები, საჩივრები, რომლებიც სარჩელს ერთვის, მაგრამ ეფექტი მხოლოდ ის რომ მნიშვნელოვან მტკიცებულებას ვერ მოიპოვებ. ანუ თუ მტკიცებულება კომპიუტერული სისტემიდანაა გამოსათხოვი აქ დაცვა დასავიწყებელია. თუ დაცვის უფლება სისხლის სამართალში არის ის რომ წარმოვდგე ადვოკატით სასამართლოში და მხოლოდ ციხეზე ვინახულოთ პატიმრები, მაშინ დაცვის უფლება „ეფემერულია“. რათქმა უნდა დაცვის კონსტიტუციური უფლების ნაწილია მთავარ სხდომაზე ეჭვით, კრიტიკულად და ა.შ. შევხედოთ ბრალდების მტკიცებულებებს, მაგრამ ამის ეფექტი იქნება ძაან დაბალი, რამეთუ ეს იქნება ძირითადად ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მას ესეთივე წონადი ვერაფერი დაუპირისპირდება, თუ წინასასამართლო სხდომამდე არ იქნა მოძიებული, გამოთხოვილი და საქმეზე დართული დაცვის მტკიცებულებები (სსსკ-ის 83 მუხლი). კომპიტერულ სისტემაში ან კომპიტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებებზე, ადვოკატის, დაცვის ხელმისაწვდომობაზე უარის საფუძველი ნორმა, რომელიც მოსამართლეს უკრძალავს დაცვის შუამდგომლობის განხილვას, ჩვენს წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთად, აჩვენებს პირდაპირ კავშირს სადავო ნორმასა და კონსტიტუციის 42 მუხლის 3 პუნქტს შორის. ნადია ხურციძის პირდაპირი ინტერესი, გამოთხოვილ იქნეს მისი გამამართლებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები კომპიტერულ სისტემაში ან კომპიტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებებიდან, ჩანს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ოღონდ მათ ხელი შეუშალა იგივე სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის მომწესრიგებელმა ნორმამ, ხოლო ამ ინფორმაციაზე ნადია ხურციძის ინტერესთა შემხებლობა აშკარაა. ამდენად, აღნიშნული სადავო დებულებებით კომპიტერულ სისტემაში ან კომპიტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებებიდან ინფორმაციის სასამართლოს საშუალებით გამოთხოვაზე უარით, ნადია ხურციძის ისეთ მნიშვნელოვან უფლების დაცვაზეა უარი ნათქვამი რომელიც დაცულია კონსტიტუციის 42 მუხლის 3 პუნქტით. ამდენად, სახეზეა აშკარა და შინაარსობრივი კავშირი ერთის მხრივ, კონსტიტუციასა და სადავო ნორმებს შორის, ხოლო მეორე მხრივ, სადავო ნორმის მხრიდან ნადია ხურციძის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებით სარგებლობაში ხელშეშლასთან მიმართებით. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ა). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136 მუხლის პირველი ნაწილისა და136 მუხის 4 ნაწილების სადავო ნორმატიული შინაარსის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის 1 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136 მუხლის პირველი ნაწილი ასე იკითხება: „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად: „ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 143 2–143 10 მუხლების დებულებები“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136 მუხლი მოთავსებულია კოდექსის თავი XVI „კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები“, ხოლო მუხლის სათაურია „დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა“. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით „ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; ...“ ამ მუხლის დანაწესიდან ჩანს რომ ბრალდებული ექცევა პროცესუალურ წესრიგში და მან თავისი უფლებები უნდა დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი წესით, ანუ თუ რაიმე საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩაატაროს მან თვითონ ან მისმა ადვოკატმა ეს მოქმედება უნდა ჩაატაროს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით. სადავო ნორმების მიხედვით აღნიშნული ინფორმაციისთვის აუცილებელია განჩინება. სადავო ნორმების მოქმედება აჩვენებს, რომ ბრალდებულს ან მის ადვოკატს ხელი ვერ მიუსწვდება კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, კერძოდ სსსკ-ის 136 მუხლის 1 ნაწილი ამორიცხავს დაცვის მხარეს სასამართლოზე მიმართვის სუბიექტთა წრიდან, ხოლო მეოთხე ნაწილი მიუთითებს იმ ნორმების გამოყენების აუცილებლობაზე კომპიუტერულ მონაცემებთან მიმართებთ, რომლებიც საგამოძიებო მოქმედების სუბიექტად ასევე მხოლოდ პროკურორს, ანუ ბრალდების მხარეს აცხადებს. (სსსკ-ის 143 3 მუხლი). სხვანაირად, სადავო ნორმები კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებიდან სასამართლოს განჩინებით სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა არ შეუძლია დაცვის მხარეს. ანუ კანონმდებელი ავიწროებს მომთხოვნ სუბიექტთა წრეს, თანაც ისე რომ ამ ინფორმაციისადმი ინტერესი ორ მხარეს აქვს, ხოლო ერთის უფლებამოსილება (და არა ვალდებულება) უპირისპირდება მეორის უუფლებობას. ჩვენი დავის კონტექსტში აღნიშნული ნორმები კომპიუტერულ სფეროში ანიჭებს პროკურორს უფლებას და არა ვალდებულებას, ხოლო დაცვის მხარეს, ანუ ნადია ხურციძეს საერთოდ არ შეუძლია მოითხოვოს ეს ინფორმაცია, დოკუმენტი თუ მტკიცებულება.
- წინააღმდეგობა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპთან აღიარა რა კანონმდებელმა 2009 წლის სსსკ-ის მიღებით შეჯიბრებითობის პრინციპი მან უარი თქვა ე.წ. „ინკვიზიციურ“ პროცესზე. შესაბამისად, კანონმდებელმა განაცხადა რომ ბრალდება და დაცვა დევნის დაწყებიდან, სასამართლომდეც და სასამართლოშიც, თანასწორი სუბიექტია, რაშიც რათქმა უნდა იგულისხმა შანსების თანასწორობა და ამ პრინციპის აღიარებით (სსსკ-ს მე-9 მუხლი) მან აიღო ვალდებულება მაქსიმალურად უზრუნველეყო მხარეები თანაბარი შანსებით საკანონმდებლო დონეზე, ანუ პირის დევნისას მტკიცებულებათა მოპოვების პროცესი უნდა იყოს თანაბრად შესაძლებელი ზედმეტი საკანონმდებლო ბარიერის გარეშე. ამ პრინციპის აღიარებით კანონმდებელი აცხადებს შანსების თანასწორობას კანონისა და სასამართლოს წინაშე, იქნება ეს მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა გამოთხოვა თუ მრავალი სხვა. აღნიშნული პრინციპი და მისი მაკონკრეტებელი ნორმა-შესაძლებლობები მიგვაჩნია რომ მომდინარეობს თვით კონსტიტუციიდან და ერთგვარი შესაძლებლობაა მხარეებისთვის, ერთგვარი შანსი უფრო დამაჯერებლად და ზუსტად წარსდგეს სასამართლოს წინაშე და ამტკიცოს მისი სისწორე, ან უარყოს ბრალდება, თუ სხვა უამრავი კომბინაცია. სადავო დებულებებით კანონმდებელმა „კომპიუტერულ“ სფეროში შემოიღო ამ ნორმისაგან გადახვევა და დაცვას წაართვა შანსი ესარგებლა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპით, რითაც უდავოა, რომ ჩაერია ბრალდებულის უფლებაში. აღსანიშნია რომ ჩარევა იქნებოდა მაშინაც, ეს უფლებამოსილება, რაც სადავო დებულებით პროკურორს აქვს, მასაც (ბრალდებასაც) რომ არ ქონოდა, ოღონდ ეს იქნებოდა სხვა დავა და აქ აღარ შევჩერდები. ამ სფეროდან დაცვის მხარის გამოყვანით რა მიზანი ქონდა კანონმდებელს ეს თვით კანონმდებლის მტკიცების ტვირთია, მაგრამ ავღნიშნავ რომ მიზანიც კი უნდა იყოს ლეგიტიმური, დამაჯერებელი და წონადი. საკონსტიტუციო სასამართლოს ყურადღებას გავამახვილებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ერთ-ერთ პრეცედენტზე რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა გამოტანილი. „საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ“ §-48, საუბარია სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევის მიზანზე, მხოლოდ აბსტრაქტული მიზნის მითითების დაუშვებლობაზე, უპირატესი საზოგადო ინტერესის არსებობის აუცილებლობაზე. „...რაც უფრო მნიშვნელოვანია ინტერესი, რომლის დაცვა პირს სასამართლოს მეშვეობით სურს, მით უფრო მკაცრი იქნება კრიტერიუმები, რომლებიც სასამართლოსადმი მიმართვის შეზღუდვის კონსტიტუციურობის შესაფასებლად გამოიყენება“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403, 427, საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ბრალდებულ ნადია ხურციძის მხრიდან სახეზეა სხვა კონსტიტუციური ინტერესები უდანაშაულობის პრეზუმცია და სხვა საპროცესო გარანტიები, ანუ ბრალდებულის ამ ინტერესებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუპირისპიროს მნიშვნელოვანი და წონადი არგუმენტი (და არა არგუმენტი), მოიყვანოს ისეთი მნიშვნელოვანი ინტერესი რომლის გამოც შეეზღუდებოდა ბრალდებულს „კომპიუტერულ“ წყაროებიდან სასამართლოს განჩინებით ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა. დანაშაულთან ბრძოლა ლეგიტიმურ მიზნად ვერ გამოდგება რადგან ჯერ ერთი, აბსტრაქტულია და მერე მეორე, დანაშაულთან ბრძოლის მიზნით კანონმდებელმა დევნის განმახორციელებელი ორგანოები აღჭურვა სხვა შესაძლებლობებით, რომლებითაც ხდება დაცულ სფეროებში ჩარევა, მაგ. ოპერატიულ-სამძებრო, ფარული საგამოძიებო და სხვა. ლეგიტიმური მიზნის არსებობაც რომ დაგვეშვა, შეზღუდვა აწარმოო იმ საშუალებით რომ თანასწორ სუბიექტთაგან ერთს აქვს შანსი, ხოლო მეორეს - არა, თან არავიათარი ალტერნატივა არაა შემოთავაზებული დაცვისთვის ამ წყაროებში არსებულ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე (ვთქვათ პროკურორი ვალდებული იქნებოდა გამოეთხოვა დაცვის შუამდგომლობით), ვერაა ვარგისი საშუალება. თანაზომიერებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია რადგან საშუალებებმა თუ შეჯიბრი თავიდანვე უშანსო პროცესად აქცია ერთი მხარისთვის (სადავო ნორმების რეგულირების სფეროში), მაშინ დაცვის მხარე უბრალოდ ვეღარ გამოდის თანასწორი შანსის სუბიექტი ბრალდების მხარესთან.
- სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა ხელმისაწვდომობა სასამართლოზე შეიძლება კავშირში იყოს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპთან, მაგრამ ეს ორი განსხვავებული უფლებაა დაცული კონსტიტუციის 42 მუხლის 1 პუნქტის ფარგლებში და ჩვენი დავის ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტშიც. კერძოდ თუ შეჯიბრებითობაში და თანასწორობაში არგუმენტია ის რომ თანასწორ სუბიექტს თუ აქვს საშუალება და შანსი რატომ არ აქვს მის მოწინააღმდეგეს, და აქედან გამომდინარე საბუთდება გადახვევაც შეჯიბრებითობასა და თანასწორობაში, ანუ პროკურორის უფლებამოსილება მოითხოვოს სადავო ნორმების მიხედვით განჩინება და შემდგომში ინფორმაცია, რატომ არ უნდა ქონდეს დაცვის მხარეს?! - ესაა ძირითადი დასაბუთება. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა კი თავისი არსით გულისხმობს რომ სასამართლოს მეშვეობით მქონდეს შანსი გამოვითხოვო და მოვიპოვო მტკიცებულება დაცვის მხარემ და აქ შეჯიბრებითობის დარღვევა მხოლოდ არგუმენტია და არა იდენტურობის მაჩვენებელი. საკანონმდებლო ნორმა რომ ითვალისწინებდეს დაცვის მიერ სადავო სფეროში მტკიცებულების გამოთხოვას, ოღონდ ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული ვადით შეზღუდვას (ვთქვათ სსსკ-ის 83 მუხლის მე-5 ნაწილი) ეს არ იქნებოდა ხელმისაწვდომობაზე უარი. ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური გარანტიით დაცულია ბრალდებულ ნადია ხურციძის უფლება სასამართლოს მეშვეობით მოიპოვოს მტკიცებულებები და ეს მიუხედავათ იმისა, ეს უფლებამოსილებები აქვს თუ არა პროკურორს, რამეთუ ეს გარანტიები მოდის ბრალდებულის კონსტიტუციური უფლებებიდან და მას სასამართლოსეული დაცვის გარეშე, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი მიეცემოდა. სარგებლობს რა ნადია ხურციძე ბრალდებულის კონსტიტუციური გარანტიებით, აუცილებლობის შემთხვევაში მას კონსტიტუციის 42.1 მუხლის ხელმისაწვდომობის კუთხით უფლება აქვს გამოითხოვოს რთულად მოსაპოვებელი მტკიცებულებები. კანონმდებელი ავიწროებს სფეროს რომელშიც ბრალდებულს უნდა მიუწვდებოდეს ხელი და შესაბამისად, კანონმდებელი ერევა სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლებაში. არის თუ არა დანაშაულთან ბრძოლა ლეგიტიმური მიზანი ამაზე ზემოთ ვისაუბრე და აქ აღარ გავმეორდები, უბრალოდ დავძენ სადავო ნორმის ნამდვილი არსით მოწესრიგებული სფერო არ ეხება კომპიუტერული სისტემებით დანაშაულის ჩადენას, არამედ საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასთან გვაქ საქმე (ამ კუთხით შესადარებელია სსსკ-ის 136 მუხლის მე-2 ნაწილი). სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა არის გარანტი, რომ ნადია ხურციძეს სასამართლოთი გამოეთხოვა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები და დაეცვა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები, ეს კონსტიტუციური უფლება ემსახურება ადამიანის „უმთავრეს ფასეულობად აღიარებას“, მაგრამ სადავო სსსკ-ს 136 მუხლის ნორმები „რელურად არ უზრუნველყოფენ“ უფლებით ეფექტურად სარგებლობას. არადა - „სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტირების გზით“. (ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531, II-36.). ნებისმიერი არგუმენტი რომლითაც შეიძლება გამრთლდეს უფლებაში ჩარევა უნდა ითვალისწინებდეს კონსტიტუციის 7 მუხლს და მის კონტექსტში იხილავდეს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებრივ სფეროებს. „წარუვალი და უზენაესი“ მოითხოვს სახელმწიფოს შესაძლებლობათა შეზღუდვას და არა „უშუალოდ მოქმედის“ ხარჯზე, კანონმდებლის თვითნებობების შემოტანას, ისევე როგორც ჩვენი შემთხვევა და სადავო ნორმები. „სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფო არის მხოლოდ შესაძლებლობა, ინსტრუმენტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. სწორედ სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის არდაშვება და უფლების დაცვის/აღდგენის საკმარისი, ეფექტური გარანტიების, მექანიზმების უზრუნველყოფა არის სამართლებრივი უსაფრთხოების ფუნდამენტი“. (ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531, II-36). სადავო ნორმებით არცერთი ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი არაა დაცული და ამდენად, დაუცველია ბალანსი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებათა შორის. შესაბამისად, დარღვეულია კონსტიტუციის 42 მუხლის 1 პუნქტი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის კუთხით და სასამართლოზე ხელმისაწვდომობის კუთხით.
ბ). სადავო ნორმების წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის 3 პუნქტთან „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამისი პროცედურა მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის N 1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). „...აუცილებლად გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: დაცვით უზრუნველყოფა გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურად დამცველის ყოლას, არამედ დაცვისთვის ადექვატურად მომზადების შესაძლებლობას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის № 3/1/574, გადაწყვეტილება საქმე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-94). ეს ციტირება „უგულავას“ საქმიდან ეხებოდა ადვოკატისთვის ვადის მიცემას მომზადებისათვის, მაგრამ აბსოლუტურად გამოსაყენებელია არამხოლოდ დროის ქონის კონტექსტში, არამედ დაცვისთვის რეალური მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობის მიცემის კონტექსტში, თანაც საქმე ხომ ეხება რეპრესიულ სისხლის სამართლის პროცესს. ბრალდებული ნადია ხურციძის უფლებების „ეფექტური დაცვის“ მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს თუ შევხედავთ, მივიღებთ პარადოქსულ სიტუაციას: - ვიდეო კამერების თვალწინ დააკავეს კაცებმა, მაგრამ მოწმეები ამბობენ რომ დაკავება მოხდა ქალის მიერ (იხ დანართი 3 და 9); - პოლიციელი ქალის ჩვენებით მან დააკავა და დაჩხრიკა ბრალდებული, არადა იგი იქ არ იმყოფებოდა და მას მერე დაურეკეს (დანართი 8); - მოვითხოვეთ დაკავების ადგილის უშუალოდ გადამღები კამერის ფირები და მივიღეთ უარი სადავო ნორმების საფუძველზე (დანართი 10 და 11); - მოვითხოვეთ ინფორმაცია მაგთი-კომისგან პოლიციელი ქალის ადგილმდებარეობის დასადგენად, უარი მივიღეთ სადავო დებულებების საფუძვლით (დანართი 12 და 13); სადავო ნორმების მიხედვით, რადგან ვიდეომასალები და სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაცია ინახება კომიუტერულ სისტემებში თუ კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებებში, დაცვა უნდა განხორციელდეს ამ სფეროდან დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გარეშე. ეს მაშინ როცა ბრალდებას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოითხოვოს მსგავსი ინფორმაცია (დანართი 21). შესაბამისად კომპიუტერულ სისტემებში თუ კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებებში შენახულ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უარი დაცვის მხარისთვის წარმოადგენს კონსტიტუციის 42 მუხლის 3 პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევას. საქართველოს პარლამენტის მიერ სადავო ნორმების მიღება ვერ გამართლდება დანაშაულთან ბრძოლით რადგან ამ მუხლში საუბარია „საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ან დოკუმენტზე“ და არა დანაშაულზე. დანაშაულთან ბრძოლას ესადაგება იგივე 136 მუხლის მე-2 ნაწილი, დანაშაულთან საბრძოლველად კანონი იძლევა აგრეთვე ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შესაძლებლობას, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და უფრო მეტიც, ჩვენ ის კი არ მოგვითხოვია რომ პროკურორს ამ ინფორმაციის თუ დოკუმენტის გამოთხოვის უფლება არ ქონდეს, მას ისეც რჩება ეს უფლებამოსილება. სადავო ნორმების მიხედვით იმ დროს, როცა ნადია ხურციძის მიმართ დევნა მიმდინარეობს, მას არათუ შესაბამისი და ადექვატური შესაძლებლობა არ აქვს თავი დაიცვას, არამედ არაა პროცედურა, რომლითაც ზეგავლენის მოხდენის შანსი მაინც ექნებოდა თავისი უფლებების დასაცავად დაეყრდნოს დაცვის უფლებას. თუკი მოპასუხეთა წარმომადგენელი იტყვის გენერალურ ინსპექციის და პროკურატურის მხრიდან რაიმე დაცვის ეფექტურ შანსებს, შევახსენებ, ჯერ ერთი, ეს არ არის დაცვის უფლება და მერე მეორე, ეფექტი აქედან არის ნოლი, ხოლო ბრალდებული გამოდის არა პროცესის სუბიექტი არამედ - ობიექტი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაცვის უფლების განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, ბრალდებულ ნადია ხურციძეს, ან მის ადვოკატს უნდა ქონდეს გამამართლებელი მტკიცებულებების გამოთხოვის უფლება, მითუმეტეს როცა იგივე წყაროდან ინფორმაციის მოთხოვნის საშუალება ბრალდებასაც აქვს. კოდექსის სადავო ნორმების მიხედვით თუგინდ არასანდო მოწმეთა ჩვენებით შენს მიმართ მიდიოდეს დევნა და შენ ნარკოტიკი არ გქონდეს, მაგრამ პოლიციელებმა თქვეს ვიდეო კამერების თვალწინ, რომ ნარკოტიკი შენ გქონდაო, დაცვის მხარე უნდა შეეგუოს პოლიციელთა ჩვენებებს, უნდა შეეგუო იმ ფაქტს რომ კამერების თვალწინ მოწმის საწინააღმდეგოდ ვერ გამოვიყენებ ობიექტურ და რეალურ ვიდეო ფირებს, მხოლოდ იმიტომ რომ იგი კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაშია მოთავსებული. სადავო ნორმები იმდენად ავიწროებს დაცვის უფლებას რომ ფაქტიურად არაფერს ტოვებს მისგან, არადა კომპიუტირიზებულ საზოგადოებაში თითქმის ყველა დოკუმენტი თუ მასალა შენახულია კომპიუტერულ სისტემებში თუ კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებებში. ვერც გამოძიების მიზნებზე მითითება ან გამოძიებაზე ხელის შეშლის მიზნები იქნება ვარგისი ამ მუხლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის გამართლება, რადგან წარმოუდგენელია დემოკრატიულ საზოგადოებრივ წეს-წყობილებაში დაცვის მხარისთვის ობიექტური სურათის ხელმისაწვდომობის გარდა პარლამენტმა რაიმე სხვა სურათი წარმოაჩინოს და ამაზე გავლენას ვერ უნდა ახდენდეს შეჯიბრებითობა, რადგან შეჯიბრებითობა სრულად არ გულისხმობს უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამოკეტვას, მისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობაში ხელშეშლას. რომც დაგვეშვა რომ ჩარევის მიზანი ლეგიტიმურია და თვით კონსტიტუციური სივრციდანაა, „იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს ლოგიკურად არ უკავშირდება - შეზღუდვა გაუმართლებელია. მხოლოდ ასეთი კავშირის არსებობის შემთხვევაში გადადის სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ საფეხურხე: დაცულია თუ არა პროპორციულობა ინდივიდის უფლებასა და საჯარო ინტერესებს შორის“.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება N 1/1/468, საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-44). „...უფლებაშემზღუდველი ნორმის არსებობა გამართლებულია, თუ ის კონსტიტუციით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავი (თანაზომადი) საშუალებაა. ასეთი ნორმა კონსტიტუციის შეუსაბამო მაშინ ხდება, როდესაც ის მიზნის მიღწევის არათანაზომად, არაგონივრულად მკაცრ ან/და უვარგის საშუალებას წარმოადგენს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/2/503,513 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40). „...რაც უფრო მნიშვნელოვანია ინტერესი, რომლის დაცვა პირს სასამართლოს მეშვეობით სურს, მით უფრო მკაცრი იქნება კრიტერიუმები, რომლებიც სასამართლოსადმი მიმართვის შეზღუდვის კონსტიტუციურობის შესაფასებლად გამოიყენება“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403, 427, საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამ პრეცედენტების მოშველიებით ნორმა არათანაზომიერადაც ზღუდავს დაცვის უფლებას, და უფრო მეტიც უვარგისიც და ალოგიკურიც კია მიზნის მისაღწევად: რას შეუშლიდა ხელს სადავო ნორმების არარსებობა?! გამოძიებას თუ ბრალდებას?! დაცვის მხარე მოიპოვებდა ინფორმაციას და, თუ ის აღმოჩნდებოდა ბრალდების ვერსიის დამადასტურებელი განხორციელდებოდა ზუსტად იგივე მიზნები და ამოცანები რაც აქვს ზოგადად ბრალდებას თუ დევნის ორგანოებს, ან კიდევ პირიქით, გამოვლინდებოდა პროკურატურის ვერსიის საწინააღმდეგო სურათი და აქაც იგივე მიზნები აღმოჩნდებოდა დაცული, რაც აქვს გამოძიებას, კერძოდ არასწორ ვერსიას ჩაანაცვლებდა სწორი ვერსიით. ანუ გამოდის რომ მიზანი დაცვის მხარის კომპიუტერულ წყაროებთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვის არის დანაშაულთან ბრძოლა და გამოძიება, ხოლო ადვოკატის მხრიდან ობიექტურად არსებული ფაქტის მოძიება რას იზამს, ვეღარ გამოიძიებს ბრალდება დანაშაულს თუ რა?! ადვოკატი ხელის შეშლის კუთხითაც კი ვერაფერ ზიანს ვერ მოუტანს გამოძიებას იმ ფაქტის მოძიებით, რომელსაც ჯერ ერთი, თვით პროკურატურაც იძიებს და რომც გადაუმალოს ავოკატმა ეს ინფორმაცია, მასაც ექნება იგივე უფლებამოსილება გამოითხოვოს იგი, და მერე მეორე, ადვოკატის მოძიებულმა ინფორმაციამ რომც გამოურიცხოს პროკურატურას გამოძიების ვერსია ესეც ხომ თვით მიზნისმიერი იქნება და მოემსახურება იგივე მიზანს - გამოძიებას და დანაშაულთან ბრძოლას. შესაბამისად ლოგიკა არადამაჯერებელი გამოვა. თუკი კონკრეტული სახის ინფორმაცია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა გამოძიებისთვის ეს დაცვის უფლების ხარჯზე კი არ უნდა მოაგვაროს კანონმდებელმა, არამედ სხვა გზებით. უფრო მეტიც, საიდუმლო ინფორმაციის გაცნობასაც კი იცნობს კანონმდებლობა დაცვის პროცესში და „საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა ან დოკუმენტის“ ხელმისაწვდომობა როგორ შეუშლის ხელს - ეს უბრალოდ მოფიქრებაა. ამდენად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42 მუხლის მე-3 პუნქტს. შესაბამისად ვითხოვთ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის პირველ პუნქტთან, თანასწორობისა და შეჯიბრებითობასთან და სასამართლოზე ხელმისაწვდომობასთან მიმართებითა და 42 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით შემდეგი ნორმები: 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 136 მუხლის 1 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც გამორიცხულია დაცვის მხარის უფლება თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 136 მუხლის 4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც გამორიცხულია დაცვის მხარის უფლება თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი