საქართველოს მოქალაქე ნადია ხურციძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/12/650 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 11 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 ნოემბერი 2016 12:44 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნადია ხურციძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 14 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №650) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნადია ხურციძემ. №650 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 15 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 11 ნოემბერს.
2. №650 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრება პროკურორის უფლებამოსილება, კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან დოკუმენტის შენახვის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, გამოძიების ადგილის მიხედვით მიმართოს სასამართლოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 1432–14310 მუხლების დებულებები“, რომლებიც თავის მხრივ განსაზღვრავს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პრინციპებს, ჩატარების წესს, მისი განხორციელების უფლებამოსილ ორგანოს, მისი ჩამტარებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის შენახვისა და აღრიცხვის ვალდებულებას, ამგვარი მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებს, მის მინიმუმამდე დაყვანას, ამოღებული ინფორმაციის/მასალის განადგურების, ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინებისა და ამგვარი მოქმედებების რეესტრის დადგენის წესს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია დაცვის უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პროკურორის 2015 წლის 6 მარტის №0006183425 დადგენილებით მოსარჩელე ნადია ხურციძეს ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის. მოსარჩელის განმარტებით, ძირითადი მტკიცებულებები, რომელთაც ეფუძნება ბრალდების შესახებ დადგენილება, არის დაკავების და ჩხრეკის ოქმი, ასევე ოთხი პოლიციელის ჩვენება, თუმცა, მისი მტკიცებით, ერთ-ერთი პოლიციელი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა და, შესაბამისად, დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში არ მონაწილეობდა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პოლიციელის არყოფნა შესაძლოა დადასტურდეს როგორც შემთხვევის ადგილზე განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერებით, ისე სატელეფონო კომპანიის საკუთრებაში არსებული ჩანაწერებით, ხოლო დაფიქსირებული ინფორმაცია საკმარისია ჩხრეკისა და ამოღების ოქმის, ასევე მის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობისთვის. თუმცა, მოსარჩელის განმარტებით, მოცემული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა სასამართლომ სადავო ნორმების საფუძველზე არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან ინფორმაციის გამოთხოვის ჩატარების თაობაზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება დაცვის მხარეს არ გააჩნია.
6. მოსარჩელის განმარტებით, სწორედ სადავო ნორმების საფუძველზე არ მიუწვდებათ ხელი ბრალდებულს და მის ადვოკატს კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცვის მხარე ამორიცხულია სასამართლოსადმი აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობით მიმართვის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრიდან, ხოლო იმავე ნორმის მეოთხე ნაწილი მიუთითებს კომპიუტერულ მონაცემებთან მიმართებით იმ ნორმების გამოყენების აუცილებლობაზე, რომელიც საგამოძიებო მოქმედების სუბიექტად მხოლოდ პროკურორს ასახელებს.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის უფლებრივ კომპონენტებს - თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს და სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარანტირებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, რაც გულისხმობს ორი თანასწორი სუბიექტის - ბრალდების და დაცვის მხარეების არსებობას, თუმცა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შედეგად აღნიშნული პრინციპები უგულებელყოფილია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს კომპიუტერულ სფეროში არსებულ ინფორმაციასთან მიმართებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ენიჭება, გამომდინარე იქიდან, რომ არსებული მდგომარეობით, კომპიუტერულ სისტემებში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებებში განთავსებულია დაცვისთვის დიდი ოდენობის გამოსადეგი ინფორმაცია.
8. მოსარჩელის განმარტებით, შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთათვის თანასწორი შესაძლებლობების მინიჭებას, დამაჯერებლად წარდგნენ სასამართლოს წინაშე და ამტკიცონ საკუთარი პოზიციის დასაბუთებულობა. არსებული რეალობა კი შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს მხარეებს, ვინაიდან ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულების გამოთხოვა მთლიანად დამოკიდებულია მისი პროცესუალური მოწინააღმდეგის ნებაზე, რაც გამორიცხავს დაცვის მხარის შესაძლებლობას, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს დაუპირისპიროს მნიშვნელოვანი და წონადი არგუმენტები. ამასთან, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.
9. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები ასევე გამორიცხავს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას, რაც თავისი არსით ფართო შინაარსის მქონეა და მოიცავს ბრალდებულის შესაძლებლობას, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს და მოიპოვოს მტკიცებულებები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მეშვეობით შუამდგომლობის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოთხოვა დაცვის მხარის მნიშვნელოვანი უფლებრივი გარანტიაა, რომელიც ემსახურება ბრალდებულის უფლებათა დაცვის და უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდების თავიდან აცილების ინტერესებს. ამასთან, სადავო ნორმების მოქმედების ფარგლებში, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც პროკურორის მიერ გამამართლებელ მტკიცებულებათა მოპოვებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაცვის მხარეს საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობას მისცემს.
10. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლით გარანტირებული დაცვის უფლება არ არის ფორმალური ხასიათის და პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისთვის ეფექტური დაპირისპირების შესაძლებლობა კონსტიტუციური უფლების ნაწილს წარმოადგენს. ამგვარი ინტერესი განსაკუთრებით დიდია, როდესაც საქმე ეხება ბრალდებულთა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად პირთა უფლებებს, რომელთა მიმართაც შესაძლოა სისხლისსამართლებრივი სანქცია იქნეს გამოყენებული.
11. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა ვერ გამართლდება დანაშაულთან ბრძოლის ინტერესით, ვინაიდან მოცემული ნორმები ეხება საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან დოკუმენტის მოპოვებას და არა კომპიუტერული სისტემით ჩადენილ დანაშაულს. სადავო ნორმები ასევე არ შეიძლება განაპირობებდეს გამოძიებისთვის ხელშეშლას, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ ინფორმაციის გადამალვის მცდელობის შემთხვევაში ბრალდების მხარეს აღნიშნული ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების შესაძლებლობა გააჩნია. კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში არსებულ ინფორმაციაზე დაცვის მხარის წვდომა კი, მოსარჩელის აზრით, დამატებითი მექანიზმი იქნებოდა საქმის ეფექტურად გამოძიებისთვის.
12. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედება შეჩერდეს. მოსარჩელის განმარტებით, იგი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენაში, რაც სასჯელის სახით თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში არსებული მონაცემების წარდგენის გარეშე მას არ გააჩნია მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და მაღალია მისი დამნაშავედ ცნობის ალბათობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში იარსებებს შესაძლებლობა, გამამართლებელი მტკიცებულებების წარდგენა მოხდეს პროცესის განმავლობაში, რა გზითაც თავიდან იქნება აცილებული მსჯავრდება. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებაზე სასამართლოს მიერ უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელე მოკლებული იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ნორმების შეჩერება ნეგატიურ ზეგავლენას ვერ მოახდენს სხვა პირთა უფლებებზე.
13. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №650 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
2. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე. სასამართლოს განმარტებით, ხსენებული დებულება არის „...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ძირითადი არგუმენტაცია გამოუსწორებელ შედეგთან მიმართებით ემყარება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფრთხეს, მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოთხოვის შეუძლებლობის გამო. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დასასაბუთებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მისთვის საბოლოო ხასიათის და, შესაბამისად, გამოუსწორებელი შედეგის მატარებელია. მოსარჩელე არ მიუთითებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით განსაზღვრულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის მექანიზმის ფარგლებში რატომ ვერ შეძლებს დარღვეული უფლების აღდგენას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
4. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად უფლების შესაძლო დარღვევის საფრთხეზე, რაც არასაკმარისი წინა პირობაა სადავო ნორმების მოქმედების შესაჩერებლად. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებისთვის სავალდებულო წინა პირობაა, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარმოუდგინოს სარწმუნო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ნორმების მოქმედების შედეგად მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. შესაბამისად, მოსარჩელის ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმათა შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №650 („საქართველოს მოქალაქე ნადია ხურციძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა