თორნიკე კუბლაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1535 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | თორნიკე კუბლაშვილი |
თარიღი | 1 სექტემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება -იზოლაციისა და კარანტინის წესები
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება - იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-112 მუხლის პირველი პუნქტი: საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული უცხოელი ვიზიტორები. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება -იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტი: “უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება -იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი: ,,იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს.” | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება -იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტი: უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი: „ადამიანის თავისუფლება დაცულია.“ |
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება -იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი: ,,იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს.” | საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი: „ადამიანის თავისუფლება დაცულია.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
მოსარჩელე თორნიკე კუბლაშვილი არის საქართველოს მოქალაქე, რაც დასტურდება საქართველოს მოქალაქის პასპორტით (იხილეთ დანართის სახით). თორნიკე კუბლაშვილი ამჟამად იმყოფება გერმანიაში. სარჩელს თან ერთვის სანოტარო წესით დამოწმებული დროებითი ბინადრობის ნებართვის ქართულ ენაზე თარგმანი, რომლითაც დასტურდება, რომ 2022 წლის 23 თებერვლამდე თორნიკე კუბლაშვილს აქვს გერმანიაში დასაქმების უფლებით ცხოვრების ნებართვა. სანოტარო წესით დადასტურებული რეგისტრაციის ცნობის ქართული თარგმანის თანახმად, თორნიკე კუბლაშვილი 2016 წლის 24 იანვრიდან ცხოვრობს ბერლინში, ნიოკოლნის რაიონში ემზერ შტრასეს #68 მე-4 სართულზე. იმ შემთხვევაში, თუ თორნიკე კუბლაშვილი გადაწყვეტს საქართველოში დაბრუნებას, საქართველოს მთავრობის #322 დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მოხდება მისი განთავსება კარანტინში. თუკი გერმანიის მოქალაქე ბიზნესის წარმოების ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან ტურისტული მიზნით ეწვევა საქართველოს, მას კარანტინში განთავსების გარეშე შემოუშვებენ საქართველოში.
ამგვარად, სადავო ნორმა მოქალაქეობის ნიშნით უთანასწოროდ ეპყრობა თორნიკე კუბლაშვილს. ამით ხდება ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ თანასწორობის უფლებაში. იმავდროულად, კარანტინში განთავსების გზით, მომავალში დაირღვევა თორნიკე კუბლაშვილის, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით აღიარებული თავისუფლების უფლება.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით.“
ამგვარად, საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში, უახლოეს მომავალში არსებობს თორნიკე კუბლაშვილის კონსტიტუციური უფლებების დარღვევბის საფრთხე და თორნიკე კუბლაშვილი უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობაზე.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით და მე-13 მუხლის პირველი პუნქტით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებული კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებლებია ზემდგომი საკანონმდებლო აქტის გასაჩივრების გარეშე
ამ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს თანასწორობის უფლების და ფიზიკური თავისუფლების უფლების დარღვევა. ამასთან თანასწორობის უფლების მხოლოდ კანონით შეზღუდვის თაობაზე მითითება არ გვხდება საქართველოს კონსტიტუციაში. რაც შეეხება ფიზიკური თავისუფლების უფლებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2009 წლის 6 აპრილს N2/1/415 საქმეზე, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-9 პუნქტში განაცხადა: „ადამიანის პირადი თავისუფლების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების შეზღუდვისათვის საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს როგორც ფორმალურ, ასევე, მატერიალურ ბარიერებს. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ფორმალური თვალსაზრისით მოითხოვს, რომ ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ეს არის ე.წ. „საკანონმდებლო დათქმა“, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული საკითხის მოწესრიგება შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო აქტით. ნებისმიერი სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის დაკავების შემთხვევებს, იქნება არაკონსტიტუციური ფორმალური თვალსაზრისით. ამ დროს წესების დადგენა არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა…“ შესაბამისად, კონსტიტუცია პირდაპირ ითვალისწინებს დაკავების ფორმით ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის ვალდებულებას.
გულისხმობს თუ არა კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში ნახსენები ტერმინი „დაკავება“ ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევასაც, შესაბამისად, არის თუ არა აუცილებელი კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კარანტინში ადამიანის მოთავსების საფუძვლები იყო მხოლოდ კანონით გაწერილი? ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი უნდა გაიცეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ვიწროდ განმარტა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით (კონსტიტუციის ძველი რედაქციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი) დაცული სფერო და ეს უკანასკნელი დაუკავშირა დანაშაულის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადამიანის დაკავებას.
კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მე-2 თავის 21-ე პუნქტში განაცხადა: „დაკავებასთან გვაქვს საქმე, როდესაც პირი ეჭვმიტანილია კონკრეტული დანაშაულის ან სამართალდარღვევის ჩადენაში და როდესაც მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, აუცილებელია საზოგადოებისგან პირის დროებით იზოლირება, ან მისი დახურულ სივრცეში გადაყვანა (მოთავსება) აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის მიზნით... სწორედ ამგვარ შემთხვევაზე ვრცელდება მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სასამართლოსადმი წარდგენის ვალდებულება და ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის უფლების უზრუნველყოფის გარანტია.“
სადავო ნორმის შემთხვევაში, ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთა ხდება არა იმიტომ რომ ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში, არამედ იმის გამო, რომ იმოგზაურა სხვა ქვეყანაში, სადაც სავარაუდოდ შეხება ექნებოდა კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პირთან. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის საქართველოში გავრცელება, ამის გამო ხდება 12 დღით პირის კარანტინში განთავსება და მისი დანარჩენი საზოგადოებისაგან იზოლირება.
ამგვარად, მხოლოდ კანონით შეიძლება იყოს მოწესრიგებული თავისუფლების აღკვეთის ის შემთხვევები, რაც გათვალისწინებულია კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, კერძოდ, დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო ადამიანის დაკავების შემთხვევა. კარანტინში გადაყვანის მიზნით ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის მხოლოდ კანონით შეზღუდვის მოთხოვნას არ აწესებს საქართველოს კონსტიტუცია.
ამასთან პირის იზოლირების და კარანტინში მოთავსების შესაძლებლობას ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამის მიუხედავად, ეს კანონი არ განსაზღვრავს თუ რომელი პირი უნდა იქნეს გადაყვანილი კარანტინში და ვინ უნდა გათავისუფლდეს კარანტინში ყოფნის ვალდებულებისაგან. უფრო მეტიც, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 453 პირველი პუნქტის თანახმად: „იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია. აღნიშნული წესით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ამ წესის აღმასრულებელი უწყებები და თანამდებობის პირები.“
ამგვარად, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო აქტით განახორციელა საქართველოს მთავრობაზე იზოლაციის და კარანტინის წესის დადგენის უფლებამოსილების დელეგირება. პარლამენტმა ამით მთავრობას მიანიჭა უფლება, განსაზღვროს იმ პირთა წრე, ვინც ექვემდებარება სავალდებულო კარანტინს და იზოლაციას. ამ უფლებამოსილების მთავრობაზე დელეგირება, თანასწორობის და თავისუფლების უფლების ისეთი ფორმით შეზღუდვის ნაწილში, რაც არ უკავშირდება დაკავებას, არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრით. ამ სარჩელშიც, მთავრობის დადგენილების სადავო ნორმები სადავოდ არის გამხდარი მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრით.
ამასთან გასაჩივრებულია მხოლოდ ის ნორმები, რაც განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, ვინც შეიძლება კარანტინში მოთავსდეს. ასეთი ნორმები დადგენილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, პარლამენტის მიერ განხორციელებული დელეგირების საფუძველზე. სუბიექტთა წრეს, ვინც ექვემდებარება იზოლაციას და კარანტინს, არ ადგენს თავად საკანონმდებლო აქტი. შესაბამისად, გასაჩივრებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია საკანონმდებლო აქტის გასაჩივრების გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.სადავო ნორმების არსი
საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტი ყველა იმ ფიზიკური პირის მიმართ აწესებს იზოლაციის და კარანტინში 12 დღით მოთავსების ვალდებულებას, რომელიც შემოვიდა სხვა ქვეყნიდან, კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადავიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან. ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისს უშვებს თავად სადავო ნორმა, სადაც აღნიშნულია, რომ სავალდებულო კარანტინს არ ექვემდებარებიან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული პირები, ასევე გამონაკლისი დადგენილია საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-112 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვითაც, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული უცხოელი ვიზიტორები. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების #2 დანართით განსაზღვრულია ევროკავშირის 18 ქვეყანა. განკარგულების #2 დანართს ახლავს შენიშვნა, რომლის პირველ პუნქტში აღნიშნულია: „ამ დანართის პირველი – მე-5 გრაფებით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, ამავე ქვეყნებიდან გამომგზავრების შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ იზოლაციას/კარანტინს.“ პირველიდან მეხუთე პუნქტის ჩათვლით ქვეყნები, რომლის მოქალაქეებიც არ ექვემდებარებიან კარანტინს, მთავრობის #164-ე განკარგულებით არიან: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ლიეტუვის რესპუბლიკა, ესტონეთის რესპუბლიკა. ამგვარად, ყველასთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელიც შემოდის სხვა ქვეყნიდან საქართველოში, სავალდებულოა კარანტინის გავლა. თუმცა საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-112 მუხლის პირველი პუნქტი ამ ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ უცხოელს, სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში შემოდის ბიზნესის ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, ასევე გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ტურისტული მიზნით სტუმრობენ.
ამგვარად, საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მეოთხე და ამავე დადგენილების მე-112 მუხლის პირველი პუნქტი ერთდროულად ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის. მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის კარანტინში მოთავსებას, ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის მოქალაქეების ამ ვალდებულებისაგან გათავისუფლებას. მე-112 მუხლის პირველი პუნქტი, ეხება ყველა სხვა უცხოელს, რომელიც საქართველოში სამუშაოდ და ბიზნესის წარმოებისთვის შემოდის. მე-112 მუხლის პირველი პუნქტი ყველა ამ უცხოელს, რომელიც შესაძლოა სულაც არ იყოს ევროკავშირის წევრი, ათავისუფლებს კარანტინის გავლის ვალდებულებისაგან, ამით საქართველოს მოქალაქესთან შედარებით, სადავო ნორმა, ხელსაყრელ მდგომაროებაში აყენებს უცხოელს. ამგვარად, საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტი და მე-112 მუხლის პირველი პუნქტი ერთდროულად ზღუდავენ თანასწორობის უფლებას.
საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტი, რაც საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სხვა ქვეყანაში არ გააჩნია ბინადრობის ნებართვა, აკისრებს კარანტინის გავლას, არის შემზღუდველი ხასიათის. კარანტინის გავლის მოთხოვნის შეუსრულებლობას, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შესაბამისი პირის საკარანტინო სივრცეში იძულებითი გადაყვანა მოსდევს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის მიხედვით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით. ამგვარად, საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტი არა მხოლოდ უწესებს სხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსულ საქართველოს მოქალაქეს კარანტინის გავლის ვალდებულებას, არამედ ითვალისწინებს სანქციას ამ ვალდებულების დარღვევისათვის. ამ მოთხოვნის დარღვევა დაკავშირებულია საპოლიციო ძალის გამოყენებასთან. ამგვარად, საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტი არის შემზღუდველი ხასიათის და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სწორედ მისი შესაბამისობა უნდა შემოწმდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში, რომლითაც დაცულია ადამიანის ფიზიკური თავისუფლება (იხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის საოქმო ჩანაწერის მეორე თავის მე-11 პუნქტი საქმეზე ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). იმავდროულად, საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტს გააჩნია აღმჭურველი ხასიათი. ეს ნორმა ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქეს და ბინადრობის უფლების მქონე პირს, ათავისუფლებს კარანტინის გავლის ვალდებულებისაგან. ამ თვალსაზრისით, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იმ პირებს, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და არა აქვთ მუდმივი ცხოვრების ნებართვა გერმანიაში, საფრანგეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში და ესტონეთში.
საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტისაგან განსხვავებით, აღნიშნული დადგენილების მე-112 მუხლის პირველ პუნქტს მხოლოდ არის აღმჭურველი ხასიათი აქვს. ეს ნორმა ადგენს პრივილეგიას უცხოელისათვის, არ გაიაროს სავალდებულო 12 დღიანი კარანტინი, თუკი საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად ან შრომითი მოვალეობის შესასრულებლად შემოდიან. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, აღმჭურველი ნორმა, შეიძლება მხოლოდ დისკრიმინაციასთან მიმართებაში იყოს გასაჩივრებული, როდესაც პრივილეგიით სარგებლობს პირთა ერთი ჯგუფი, ხოლო ამ პრივილეგიით სარგებლობას მოკლებულნი არიან სხვები (იხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განჩინება საქმეზე მაგული კუნჭულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-4 პუნქტი).
ამ სარჩელით, სადავოდ არის ქცეული საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-112 მუხლის პირველი პუნქტი მთლიანად. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტს, სადავოდ არ არის ქცეული მისი იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რაც ითვალისწინებს პირის კარანტინში 12 დღით მოთავსებას, ასევე იმ პირის კარანტინში მოთავსებას, რომელსაც ქვეყნის შიგნით შეხება ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან, ასევე ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე პირის კარანტინში მოთავსება არ არის სადავო. მოსარჩელე მხარეს საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-11 პუნქტი პრობლემურად მიაჩნია იმგვარი ნორმატიული შინაარსით, რაც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის კარანტინში გადაყვანას და იზოლაციას, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ სხვა ქვეყნიდან.
2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს პირის კარანტინში მოთავსებას, განსაზღვრავს, რა ვადით შეიძლება იმყოფებოდეს პირი აღნიშნულ დაწესებულებაში. იმავდროულად, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენად სავალდებულოა პირისათვის კარანტინში დარჩენა, რამდენად აქვს ადამიანს შესაძლებლობა, დატოვოს საკარანტინო ადგილი. ამ საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების ჩარევის დასადგენად, ასევე უცხოელებთან შედარებით მოქალაქის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენების წარმოსაჩენად. კარანტინის დატოვების თავისუფლებას კრძალავს 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი, სადაც აღნიშნულია: „იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს.“
1. ხდება თუ არა დიფერენცირება უცხოელებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს შორის საცხოვრებელი ადგილის ნიშნით
კარანტინში მოთავსება დაკავშირებულია ადამიანის თავისუფლების აღკვეთასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 6 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-2 პუნქტში განაცხადა: „რაც შეეხება „ადამიანის თავისუფლებას“, იგი გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, მის უფლებას თავისუფლად გადაადგილდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე. ადამიანის თავისუფლება არის მისი გადაადგილების თავისუფლება ვიწრო გაგებით. თუმცა აშკარად განსხვავებულია იმ ჩარევების ინტენსიურობა და სიმძიმე რომლისგანაც ამ უფლებებს იცავს კონსტიტუცია. ადამიანის თავისუფლებაში ჩარევა უფრო წონადია და კონსტიტუციაც მისგან დასაცავად განსაკუთრებულ რეგულირებებს ადგენს.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-6 პუნქტში აღნიშნულია: „ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა -თავისუფლების აღკვეთა აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას.“
ამგვარად, უნდა დავადგინოთ, რამდენად არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება კარანტინში მოთავსებული საქართველოს მოქალაქე იმ უცხოელთან შედარებით, რომელიც 12 დღით კარანტინში მოთავსების გარეშე იქნა ქვეყანაში დაშვებული.
საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-12 მუხლში აღწერილია კარანტინის და იზოლაციის მოხდის პირობები. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია მინიმუმამდე. დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით. მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება. რაც ყველაზე მთავარია და რის გამოც, იზოლაციაში ყოფნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სახალხო დამცველის საქმეზე ჩამოყალიბებული სტანდარტით, წარმოადგენს ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვას, მოცემულია მთავრობის #332-ე დადგენილების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტში, სადაც აღნიშნულია: „იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს.“
ამგვარად, 12 დღის განმავლობაში ადამიანს არა აქვს კარანტინის ადგილის თავისუფლებად დატოვების, სხვა ადგილების მონახულების შესაძლებლობა, რაც სახალხო დამცველის ზემოხსენებული საქმიდან გამომდინარე, წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვას. ამასთან კარანტინში მოთავსება დაკავშირებულია ადამიანის პიროვნული განვითარების თავისუფლების უფლებით დაცული ისეთი ქმედებების, როგორიცაა სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება, შეზღუდვასთან.
ახლა ეს შეზღუდვები შევადაროთ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული უცხოელისათვის დაწესებულ შეზღუდვებს. უცხოელებს 12 დღის განმავლობაში არ ეკრძალებათ სხვა ადამიანებთან კონტაქტი, ერთ ადგილას მოთავსების ვალდებულება, რომელსაც ისინი ვერ დატოვებენ საკუთარი სურვილით. საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების მე-112 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.
ამგვარად, საქართველოს მოქალაქისაგან განსხვავებით, უცხოელი 12 დღის განმავლობაში არ არის მოთავსებული ერთ ადგილას, რომლის დატოვების შესაძლებლობაც მას არა აქვს. უცხოელს, საქართველოს მოქალაქისაგან განსხვავებით, არ უზღუდავენ ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების შესაძლებლობას, სხვა ადამიანებთან ფიზიკურ ურთიერთობას. ერთადერთი შეზღუდვა, რაც უცხოელს უწესდება არის ის, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტში ან სასაზღვრო გამშვებ პუნქტში საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში თავისი ხარჯით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ყოველი 72 საათის განმავლობაში. უცხოელი ამ ვალდებულებისგანაც თავისუფლდება, თუ მას პირველი კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G.“
ამგვარად, უცხოელს არა აქვს თავისუფლება აღკვეთილი, ხოლო საქართველოს მოქალაქისათვის ხდება თავისუფლების აღკვეთა და მისგან გამომდინარე სოციალური კავშირების შეზღუდვა. მთავრობამ საქართველოს მოქალაქის მიმართ თავისუფლების შეზღუდვის ისეთი ინტენსიური ფორმა შეარჩია, რომ ის მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაშია ჩაყენებული უცხოელთან შედარებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, ემსჯელა სხვადასხვა სახის შემზღუდველ ღონისძიებაზე ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქის, მეორე მხრივ, უცხოელის მიმართ, საქმეში ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის მიმართ. ამ საქმეში ერთი და იმავე სამართალდარღვევისათვის უცხოელი იხდიდა ჯარიმას, ხოლო საქართველოს მოქალაქეს ჩამოერთმეოდა მართვის უფლება სამ წლამდე ვადით. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთს შეადარა ამ ორი სანქციის სიმკაცრე იმის დასადგენად, რამდენად ექცეოდა საქართველოს მოქალაქე მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-8 პუნქტში აღნიშნულია: „საქართველოს მოქალაქისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სახდელთა აშკარად არათანაზომადი სახეები გამოიყენება. როგორც ცნობილია, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა უკავშირდება უკვე აღიარებული უფლების 3 წლამდე ვადით მოქმედების შეჩერებას. შესაძლოა, მართვის უფლებასთან დაკავშირებული იყოს პირის ძირითადი საქმიანობა, მიემართებოდეს იმ პირის ინტერესთა სფეროს, რომელსაც მართვის უფლებას ჩამოართმევენ, სატრანსპორტო საშუალების მართვა წარმოადგენდეს მისი შემოსავლის უმთავრეს წყაროს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მართვის უფლების ჩამორთმევამ, შესაძლოა, უარყოფითი ეფექტი მოახდინოს პირის თვითრეალიზებაზე მისი საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში, არსებითი გავლენა იქონიოს კონკრეტული პირის ცხოვრების წესსა და გარკვეული თავისუფლებით სარგებლობის ხარისხზე.“
ამ საქმეში კარანტინში მოთავსების სახით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მიმართ 12 დღით გამოიყენება ისეთი ღონისძიება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს მოქალაქის თვით-რეალიზებაზე, მისი ცხოვრების წესზე, ასევე გარკვეული თავისუფლებებით სარგებლობაზე. უცხოელის მიმართ ამგვარი მკაცრი ჩარევა არ ხდება. ამგვარად, სახეზეა დიფერენცირება, რითაც ნორმათშემოქმედი საქართველოს მოქალაქეებს, უცხოელებთან შედარებით, აყენებს არახელსაყრელ მდგომარეობაში. გასარკვევია საკითხი იმასთან დაკავშირებით, რამდენად არიან საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები არსებითად თანასწორნი განსახილველ ურთიერთობაში.
2. არიან თუ არა უცხოელები და საქართველოს მოქალაქეები არსებითად თანასწორები
„უთანასწორო მოპყრობის არსებობა არ არის საკმარისი კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის დასადგენად. ამისათვის აგრეთვე აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა ხორციელდებოდეს არსებითად თანასწორი პირების მიმართ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის N3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავი, 36-ე პუნქტი).
„საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმა გულისხმობს მსგავს ვითარებაში მყოფი, არსებითად თანასწორი პირებისადმი განსხვავებულ მოპყრობას, უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს მათ განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით;“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზე ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ მეორე თავის 44-ე პუნქტი)
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს. ამასთან, არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის N1/10/1445 განჩინება საქმეზე ნიკოლოზ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-13 პუნქტი).
ამდენად უნდა გავარკვიოთ, არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები არსებითად თანასწორები კარანტინში მოქცევის ურთიერთობასთან დაკავშირებით. არსებითი თანასწორობის საკითხის გასარკვევად უნდა დავადგინოთ, რას ემსახურება სადავო ნორმები. პირის კარანტინში მოხვედრა მიზნად ისახავს, თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის გავრცელება ქვეყანაში. ადამიანი, რომელიც საქართველოს საზღვარზე შემოდის, შესაძლოა უკვე იყოს ინფიცირებული და საქართველოში ქმნიდეს ამ ვირუსის გავრცელების საფრთხეს. ხშირად შეუძლებელია ამ ვირუსის აღმოჩენა მის ადრეულ ეტაპზე. ვირუსის აღმოჩენა შესაძლებელია მაქსიმუმ მე-12 დღეს. სწორედ ამ ვადით ხდება ადამიანის კარანტინში განთავსება. იმისათვის, რომ ერთი მხრივ, თავიდან იქნეს აცილებული საქართველოში ვირუსის გავრცელება, მეორე მხრივ, დროულად მოხდეს მისი აღმოჩენა და ინფიცირებული პირის მკურნალობა, ამის გამო ხდება პირის განთავსება კარანტინში და მისთვის პერიოდულად ტესტების ჩატარება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობამ კორონა-ვირუსის გავრცელების საფრთხე დაინახა სხვა ქვეყნიდან საქართველოში შემომავალ ადამიანებში. ამის მიზეზია ის, რომ კორონა ვირუსის გავრცელების მასშტაბები სხვა ქვენებში განსაკუთრებით მაღალია. ამასთან როგორც უცხოელები, ისე საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყანაში ყოფნის, იქ არსებულ კორონავირუსის სარისკო წყაროსთან სავარაუდო კონტაქტის გამო, ერთნაირად ქმნიან ამ ვირუსის საქართველოში შემოტანის საფრთხეს. კორონა ვირუსი ერთმანეთისაგან ვერ განსხვავებს, მაგალითად, გერმანიისა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ გერმანიაში და შემდგომ შემოვიდნენ საქართველოში. როგორც ერთი, ისე მეორე ადამიანი ასეთ შემთხვევაში შეიძლება საქართველოში ქმნიდეს კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხეს. ამის მიუხედავად, ამ ერთნაირი საფრთხის მატარებელ პირებს სახელმწიფო ეპყრობა განსხვავებულად, საქართველოს მოქალაქეს 12 დღის განმავლობაში კარანტინში ათავსებს, ხოლო გერმანიის მოქალაქეს თავისუფლად აძლევს საქართველოს მასშტაბით გადაადგილების შესაძლებლობას.
ამასთან საქართველოში 12 დღის განმავლობაში ფიზიკური თავისუფლების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ იმ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში შემოდიან ბიზნესის საწარმოებლად ან შრომითი მოვალეობის შესასრულებლად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სხვა ქვეყნიდან საქართველოში შემომავალ მოქალაქესაც შეიძლება საქართველოში ჰქონდეს ბიზნესის დაწყების/გაგრძელების ან დასაქმების ინტერესი. უფრო მეტიც, 12 დღის განმავლობაში კარანტინში განთავსების გამო, სადავო ნორმა ახდენს საქართველოს მოქალაქის სამუშაოდან მოცდენას, მაშინ როცა უცხოელს აქვს სრული გრაფიკით საკუთარი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.
ამგვარად, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელს აქვს თანაბარი სამართლებრივი ინტერესი, 12 დღის განმავლობაში თავისუფლების შეზღუდვის გარეშე შეასრულონ მათი სამსახურებრივი მოვალეობები, განახორციელონ ქვეყანაში ბიზნეს-საქმიანობა. ამ ინტერესის გამო საქართველოს მოქალაქე და უცხოელი არიან არსებითად თანასწორები. შესაბამისად, სადავო ნორმები ადგენენ განსხვავებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს.
ამგვარად, სახეზეა დიფერენცირებული მოპყრობა არსებითად თანასწორ პირებს შორის. შესაბამისად, უნდა დავადგინოთ, რამდენად გამართლებულია თანასწორობის უფლებაში ჩარევა.
3. შეფასების ტესტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მე-2 თავის მე-13 პუნქტში განაცხადა: „დიფერენცირებული მოპყრობის ყველა შემთხვევის შეფასება მისი სიმძიმის სხვადასხვა ხარისხის გათვალისწინებით, ერთი სტანდარტითა და იდენტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვერ მოხდება. „განსხვავებულია სასამართლოს კრიტერიუმებიც დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის. კლასიკური, სპეციფიკური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, “მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”. დანარჩენ შემთხვევებში მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - «რაციონალური დიფერენციაციის ტესტს»
ავთანდილ კახნიაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-11 პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს: „ზემოაღნიშნულიდან ცხადი ხდება, რომ სადავო ნორმა იწვევს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანაბარ მოპყრობას, ამასთან, დიფერენციაცია ხორციელდება მოქალაქეობის ნიშნით. მოცემულ საქმეზე მოქალაქეობა წარმოადგენს დიფერენცირების ნიშანს, ანუ, სახეზე გვაქვს საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების მიმართ სამართლებრივად განსხვავებული მოპყრობა მოქალაქეობის კრიტერიუმის მიხედვით.“ ამავე გადაწყვეტილების მე-12 მუხლში საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითა, რომ მოქალაქეობა არ არის საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებული კლასიკური ნიშანი.
ამასთან ერთად, მთავრობის #332-ე დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს მთავრობის #164-ე განკარგულებაზე, რომელიც კარანტინში მოთავსების ვალდებულებისაგან გათავისუფლებული სუბიექტების წრეს განსაზღვრავს. #164-ე დადგენილების #2 დანართის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად, იზოლაციას და კარანტინს არ ექვემდებარებიან არა მხოლოდ გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეები, არამედ ამ ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებიც. ამგვარად, შესაძლოა გვქონდეს ისეთი ვითარებაც, როცა ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს მოპოვებული გერმანიაში. საქართველოს ასეთი მოქალაქეები ქვეყანაში დაიშვებიან 12 დღიანი კარანტინის გავლის გარეშე. ამის საპირისპიროდ, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არა აქვს გერმანიაში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, თუმცა გერმანიაში იმყოფებოდა სასწავლო ან ტურისტული მიზნით, უწევს კარანტინის გავლა. ამ შემთხვევაში დიფერენცირების ნიშანია საცხოვრებელი ადგილი, ვინაიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც კარანტინში მოთავსებისგან თავისუფლდება, მუდმივად ცხოვრობს გერმანიაში, ხოლო საქართველოს მოქალაქე, რომელიც გერმანიაში იმყოფებოდა ტურისტული ვიზიტით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს საქართველოში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ოგანეს დარბიანიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 48-ე პუნქტში განაცხადა: “თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მისი მოქმედება დაკავშირებულია შესადარებელი ჯგუფების არსებობასთან, ხოლო საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დიფერენცირება კი გულისხმობს განსახლების სხვადასხვა გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის განსხვავებული უფლებების დადგენას.” ამგვარად, ამ შემთხვევაში სახეზეა დიფერენცირება საცხოვრებელი ადგილის ნიშნით, რაც არის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კლასიკური ნიშანი. შესაბამისად, მთავრობის #332-ე დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დიფერენცირება უნდა შემოწმდეს მკაცრი ტესტით.
მთავრობის #332-ე მუხლის მე-112 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ დიფერენცირებასთან დაკავშირებით მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენების საკითხის გადასაწყვეტად, უნდა დავადგინოთ, ხასიათდება თუ არა დიფერენცირება მაღალი ინტენსივობით. კახნიაშვილის საქმიდან გამომდინარე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რეგულირების სფერო, ანუ ის თუ რას უკავშირდება დიფერენცირება.
დიფერენცირება უკავშირდება ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 6 აპრილს მიღებულ N2/1/415 გადაწყვეტილებაში საქმეზე, სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-15 პუნქტში აღნიშნულია: „ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს, როგორც ultima ratio. თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერი ფორმა ექვემდებარება უმკაცრეს კონტროლს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ჩარევის პროპორციულობის კუთხით. ამასთან, რაც უფრო განგრძობადი და ინტენსიურია ჩარევა, მით უფრო იზრდება შეფასების სიმკაცრე მისი კონსტიტუციურობის განხილვისას.“ ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა დაკავების კონსტიტუციურობა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაკავების კონსტიტუციურობის შეფასებისას ნაკლები სიმკაცრე გამოიჩინა, ვინაიდან დაკავება იყო თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, თავისუფლების უფლებაში ნაკლები ინტენსივობის ჩარევა, ვიდრე მაგალითად, პატიმრობა. სახალხო დამცველის ზემოხსენებულ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-16 პუნქტში აღნიშნულია: „დაკავება ნაკლებად მძიმე ჩარევაა ადამიანის თავისუფლებაში ვიდრე, თუნდაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება, აუცილებლად უნდა არსებობდეს ის მყარი კონსტიტუციურსამართლებრივი ბარიერი, რომლის გადალახვაც აკრძალული იქნება ძირითად უფლებაში ჩარევისას. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბარიერი უფრო დაბალია ვიდრე ძირითად უფლებაში სხვა უფრო მძიმე ჩარევების შემთხვევაში.“
ამგვარად, მკაცრი შეფასების გამოყენებისას სახეზე უნდა იყოს 1) თავისუფლების აღკვეთა 2) რაც დიდხანს გრძელდება. თუკი სახალხო დამცველის საქმეზე დაკავება გრძელდებოდა 72 საათს, მოცემულ შემთხვევაში კარანტინი გრძელდება 12 დღე.
ამგვარად, როცა დიფერენცირების გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული ადამიანის მიმართ გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული ადამიანის ფიზიკური თავისუფლება არ იზღუდება, ამ უფლების შეზღუდვა უკვე საკმარისად მძიმეა საიმისოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, სახელმწიფოს მოეთხოვოს ultima ratio ღონისძიების გამოყენების დასაბუთება. ultima ratio ღონისძიება სხვა არაფერია თუ არა შეზღუდვის აუცილებლობის დასაბუთების ვალდებულება, რაც სწორედ მკაცრი და არა რაციონალური ტესტის გამოყენების შემთხვევაში მოწმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. დიფერენცირების ინტენსივობას ასევე ზრდის ის გარემოებაც, რომ ამ საქმეში არა ხანმოკლე თავისუფლების აღკვეთასთან გვაქვს საქმე, არამედ ხანგრძლივ, 12 დღეზე გაწელილ თავისუფლების აღკვეთასთან. ეს ვადა იმდენად დიდია, რომ მკვეთრად აშორებს არსებითად თანასწორ პირებს - უცხოელს, რომელის თავისუფლებაც ხელშეუვალია და საქართველოს მოქალაქეს, რომლის ფიზიკური თავისუფლება შეზღუდულია - საზოგადოებრივ ურთიერთობაში თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობისაგან. მაშინ, როდესაც უცხოელს 12 დღის განმავლობაში არ ეკრძალება სხვადასხვა ადგილების შეუზღუდავად მონახულების, მათ შორის, დისტანციის დაუცველად, იმ ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობა, ვისაც თავად აირჩევს. უცხოელს შეუძლია მიიღოს ალკოჰოლი და თამბაქო, იმ ოდენობით, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, 12 დღის განმავლობაში. ეს შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეს სრულად აქვს აკრძალული. იმის მიუხედავად, რომ მოქალაქეობა არ არის კლასიკური ნიშანი, თავისუფლების აღკვეთის, მისი ხანგრძლივობის, თავისუფლების აღკვეთაში დაწესებული შეზღვების გათვალისწინებით, დიფერენცირების ხარისხი არის მაღალი.
ამის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს შეფასების მკაცრი ტესტი. მკაცრი ტესტის გამოყენების დროს უნდა გაირკვეს, ემსახურება თუ არა დიფერენცირება დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესების დაკმაყოფილებას, არის თუ არა დიფერენცირება ამ მიზნის მიღწევის გამოსადეგი, ნაკლებად მზღუდავი და, ვიწრო გაგებით, პროპორციული საშუალება.
5) გამოსადეგობა
მოსარჩელე მხარე არ ხდის სადავოდ, რომ კორონავირუსის პრევენცია უდავოდ წარმოადგენს დაუძლეველ სახელმწიფო ინტერესს, რის მისაღწევადაც დასაშვებია დიფერენცირება. ამის მიუხედავად, იმ პირობებში, როცა 12 დღის განმავლობაში ინფიცირების შესაძლო წყაროთა ერთი ნაწილი - საქართველოს მოქალაქეების სახით იმყოფებიან კარანტინში, საშიში ვირუსის გავრცელების სავარაუდო მატარებელ პირთა ნაწილი - უცხოელების სახით, შეუზღუდავად გადაადგილდებიან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დისტანციის დარღვევით, კონტაქტში შედიან საქართველოს მოქალაქეებთან, ვერ ვიტყვით იმას, რომ დიფერენცირებით აცილებული იქნება კორონა ვირუსის გავრცელება. 12 დღიანი კარანტინი რომ ყოფილიყო განურჩეველი, მას დაქვემდებარებოდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელები, იზოლაცია და კარანტინი იქნებოდა კორონავირუსის პრევენციისათვის ვარგისი საშუალება. იმ პირობებში კი, როცა ამ ვირუსის გავრცელების ერთსა და იმავე საფრთხის მატარებელი პირებიდან, ზოგს ეძლევა გადაადგილების სრული თავისუფლება და ამით სხვისთვის ვირუსის გადაცემის შესაძლებლობა, ხოლო სხვებს ამგვარი თავისუფლება ეზღუდება, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ამგვარი დიფერენცირებით სახელმწიფო ვირუსის გავრცელების პრევენციას მოახდენს.
ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება დასახელდეს ეკონომიკის გამოცოცხლების ინტერესი. სახელმწიფოს სურს, უცხოური ინვესტიციების და მასთან დაკავშირებული სამუშაო ძალის მოზიდვით გამოაცოცხლოს, კოვიდ-19-ის გავრცელების პირველ ეტაპზე დაცემული ეკონომიკა. სახელმწიფომ შეღავათიანი პირობები დაუწესა უცხოელებს, რომელთაგანაც სახელმწიფო ბიუჯეტი მეტ შემოსავალს ელის. გასაგებია, ის, რომ სახელმწიფო ცდილობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესი დააბალანსოს ეკონომიკური სიდუხჭირის აღმოფხვრის ინტერესით: თავდაპირველად, კოვიდ 19-ის თავიდან აცილების ინტერესი იყო ერთადერთი მიზანი. ამის გამო, სახელმწიფომ ყველა უცხოელის ქვეყანაში შემოშვება აკრძალა. ამის მიუხედავად, ეკონომიკის დაცემის, ეკონომიკური, ფიზიკური, ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური ზიანის გამო, რაც მიადგათ ოჯახებს და ინდივიდებს, სახელმწიფომ მიიღო ეკონომიკის და საზღვრების ნაწილობრივი გახსნის გადაწყვეტილება.
იმის გამო, რომ უცხოელებისაგან სახელმწიფო მეტ შემოსავალს ელის, ვიდრე საკუთარი მოქალაქეებისაგან, სახელმწიფომ მიიღო თავისი მოქალაქეების კარანტინში გამწესების გადაწყვეტილება, უცხოელებს მისცა თავისუფლება იმ პირობით, თუ 72 საათში ერთხელ ტესტს გაიკეთებენ. მეტი ფულის კეთების ინტერესი ვერ იქნება საკმარისი საფუძველი საკუთარი მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის განსახორციელებლად. კონსტიტუცია არ იცნობს ადამიანების დისკრიმინაციის შესაძლებლობას იმის მიხედვით, რამდენად ეკონომიკურად ხელსაყრელია სახელმწიფოსათვის ამ ადამიანების საქმიანობა. სახელმწიფოს შეეძლო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ლეგიტიმური მიზანი მიეღწია დიფერენცირების - საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთნაირი პირობების დადგენის გზით. ამგვარად, დიფერენცირება არ არის ვარგისი საშუალება ეკონომიკის გამოცოცხლების ლეგიტიმური მიზნის მისაღწევადაც კი.
ამგვარად, სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება მიზნის მიღწევის უვარგისი საშუალებაა. მოსარჩელე მხარე საჭიროდ აღარ თვლის, დაასაბუთოს, რამდენად არის დიფერენცირება ნაკლებად მზღუდავი ან, ვიწრო გაგებით, პროპორციული. დიფერენცირება რაციონალური დიფერენცირების ტესტით დადგენილ გამოსადეგობის მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს.
6) კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევა
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, ადამიანის თავისუფლება დაცულია. საქართველოს კონსტიტუცია სიტყვა-სიტყვით არ მიუთითებს ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნებით ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთის თაობაზე, განსხვავებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი მუხლის ,,e” ქვეპუნქტისა, სადაც აღნიშნულია: ყველას აქვს თავსუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავსუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: e) პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად,“
ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი მუხლის ,,e” ქვეპუნქტთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ საქმეზე იმსჯელა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ეს იყო ENHORN v. SWEDEN (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-68077). ამ საქმეზე შვედეთის ხელისუფლებამ საავადმყოფოში თითქმის 7 წლით მოათავსა ჰომოსექსუალი მამაკაცი, რომელმაც 19 წლის ბიჭს, სქესობრივი კავშირის შედეგად, გადასცა აივ-ინფექცია, ისე რომ სქესობრივი აქტის დროს თავადაც არ იცოდა, რომ ამ ვირუსით იყო დაავადებული. მომჩივანის საავადმყოფოში, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, განთავსება მოხდა იმის გამო, რომ გაეკონტროლებინათ: მომჩივანს არ ჰქონოდა სქესობრივი კავშირი სხვა ახალგაზრდა ბიჭებთან ან ამგვარი სქესობრივი კავშირისას გამოეყენებინა პრეზერვატივი. არ მიეღო ალკოჰოლი, ვინაიდან ამის შემდეგ მომჩივანს სქესობრივი კავშირის დამყარების სურვილი უჩნდებოდა. ამასთან იმ ფაქტის გაგების შემდეგ, რომ მომჩივანმა სხვა პირი აივით დააინფიცირა, მას დაეწყო დეპრესია. საავადმყოფოში ყოფნა იძლეოდა მომჩივანის ფიზიკური და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობასაც. მომჩივანმა რამდენჯერმე თვითნებურად დატოვა საავადმყოფო, რის შემდეგაც ის იძულებით ბრუნდებოდა აღნიშნულ საავადმყოფოში.
ამ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების 33-ე პუნქტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: ადამიანის სავალდებულო იზოლაცია და მისი არა ნებაყოფლობითი მოთავსება საავადმყოფოში უთანაბრდება თავისუფლების აღკვეთას.
მსგავსი მიდგომა აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ეხებოდა ადამიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებას „ნებაყოფლობითი“ მკურნალობის მიზნით. ეს ღონისძიება მიჩნეულ იქნა კონსტიტუციის მე-18 მუხლში (მე-13 მუხლის ძველი რედაქცია) ჩარევად, ამის მიზეზი ახსნილია სასამართლოს გადაწყვეტილების მეორე თავის 192-ე პუნქტში:
„სადავო ნორმით დადგენილ შემთხვევებში პაციენტს ფსიქიატრიული დახმარების სტაციონარში მოთავსებისას ეზღუდება გადაადგილების თავისუფლება. მას არ აქვს უფლება, დატოვოს სტაციონარის ტერიტორია, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირს მხოლოდ ხანმოკლე ვადით ეძლევა სტაციონარის დატოვების შესაძლებლობა, ისიც მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და სტაციონარიდან გაწერის გარეშე. გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლება, მათ შორის, მიმოწერის, მესამე პირებთან შეხვედრის და სხვა შესაძლებლობები არსებობს მხოლოდ მთელი რიგი რეგულაციების პირობებში.“
მსგავს ვითარებასთან გვაქვს საქმე სადავო ნორმების შემთხვევაშიც. მთავრობის #332-ე დადგენილების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იზოლაციის სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება. ამ ტიპის შეზღუდვები თავისუფლების აღკვეთად იქნა მიჩნეული ირაკლი ქემოკლიძისა და დავით ხარაძის საქმეში, რაც ასევე ადამიანის მკურნალობას ემსახურებოდა. მოცემულ შემთხვევაში ღონისძიება ემსახურება, დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას.
ამგვარად, ადგილი აქვს ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვას. ამის შემდეგ, უნდა შემოწმდეს, რამდენად არის დასაბუთებული ამ უფლებაში ჩარევა.
7) ლეგიტიმური მიზანი და ნაკლებად მზღუდავი საშუალება
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ENHORN v. SWEDEN საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილების 45-ე პუნქტში აღნიშნა: „სასამართლო თვლის, რომ როდესაც ხდება ადამიანის დაპატიმრების კანონიერების შეფასება ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უნდა განისაზღვროს: ინფექციური დაავადებების გავრცელება არის თუ არა საშიში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის, დაინფიცირებული ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთა, რამდენად არის უკანასკნელი საშუალება ინფექციური დაავადების თავიდან ასაცილებლად. ამ დროს უნდა დადგინდეს, ნაკლებად მკაცრი ღონისძიება ხომ არ იქნა განხილული, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა საჯარო მიზნის მისაღწევად.“
ასეთივე მიდგომა აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც: „ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს, როგორც ultima ratio“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
სანამ დავადგენთ, არის თუ არა ადამიანის თავისუფლების აღკვეთა ultima ratio ღონისძიება, უნდა დადგინდეს არის თუ არა კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილება საშიში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის. ENHORN v. SWEDEN საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების 45-ე პუნქტში აივ ვირუსი ასეთად იქნა მიჩნეული.
კორონა ვირუსის საშიშროების საილუსტრაციოდ გვსურს მოვიყვანოთ, ამ ვირუსთან დაკავშირებით ერთ-ერთ საქმეში აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, რობერთსის თანხვედრი აზრი (რობერთსმა, თავის 4 კოლეგასთან ერთად, უარი განაცხადა, გამოეყენებინა დროებითი ღონისძიება და შეეჩერებინა ეკლესიაში კორონა ვირუსის პრევენციისათვის 100 ადამიანზე მეტი მრევლის შევლაზე დაწესებული შეზღუდვა, საქმეზე SOUTH BAY UNITED PENTECOSTAL CHURCH, ET AL. v. GAVIN NEWSOM, GOVERNOR OF CALIFORNIA https://www.supremecourt.gov/opinions/19pdf/19a1044_pok0.pdf). სასამართლოს თავმჯდომარე რობერთსმა თავის თანხვედრ აზრში განაცხადა:
„კოვიდ-19 არის ახალი, მძიმე და მწვავე რესპირატორული დაავადება, რომელმაც მოკლა ათასობით ადამიანი კალიფორნიაში და 100 000 მთელს ქვეყანაში. ამ დროისათვის არ არის ცნობილი ამ დაავადებების მკურნალობის ეფექტური საშუალებები, არც ვაქცინა არსებობს. ინფექცია სიმპტომების გარეშე შეიძლება მიმდინარეობდეს, ამიტომ შესაძლებელია ადამიანმა ინფექცია სხვას ისე გადასდოს, რომ თავადაც არ იცოდეს, რომ დაინფიცირებულია.“
ამ გარემოების გათვალისწინებით, კოვიდ-19 არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის საშიში დაავადება და მისი პრევენციისათვის გამართლებულია ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვა. კარანტინი ამ ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის წარმოადგენს ვარგის და ეფექტურ საშუალებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში ფასდება მთავრობის #332-ე დადგენილების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტის შემზღუდველი ნორმატიული შინაარსი, იზოლირებულად, უცხოელებისათვის დაწესებული პრივილეგიის მხედველობაში მიღების გარეშე. ფიზიკური თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ მთავრობის #332-ე დადგენილების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების კარანტინში განთავსებას, ამ დროს მხედველობაში არ მიიღება ის გარემოება, რომ უცხოელები არ გადიან კარანტინს. კონსტიტუციის მე-13 მუხლთან ვერ შეფასდება კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით უცხოელებისა და საქართველოს მოქალაქეების განსხვავებული მოპყრობა. ეს თანასწორობის უფლებასთან მიმართებაში შესაფასებელი მოცემულობაა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, როცა საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინში ათავსებენ, ხოლო უცხოელებს მხოლოდ ფასიანი PCR ტესტის ჩატარებას ავალდებულებენ, არის მიზნის მისაღწევად უვარგისი საშუალება, ვინაიდან უცხოელები ქმნიან კორონა ვირუსის გავრცელების ისეთივე საფრთხეს როგორც საქართველოს მოქალაქეები. სხვაგვარი ვითარება გვაქვს მაშინ, როცა ფასდება მხოლოდ კარანტინში მოთავსების კონსტიტუციურობა. ცალკე აღებული, კარანტინში მოთავსება, დიფერენცირების მხედველობაში მიღების გარეშე, არის კოვი-19-ის გავრცელების პრევენციის მიღწევის ვარგისი საშუალება.
კოვიდ-19-ის პრევენციის საშუალებების არჩევისას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრეციის ფარგლები არის ფართო. ამის მიზეზები ახსნა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რობერთსმა SOUTH BAY UNITED PENTECOSTAL CHURCH, ET AL. v. GAVIN NEWSOM, GOVERNOR OF CALIFORNIA საქმეში: „საკითხი იმის თაობაზე, პანდემიის დროს თუ როდის უნდა მოიხსნას შეზღუდვა კონკრეტულ სოციალურ აქტივობაზე, არის დინამიური, რაზედაც შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. ჩვენი კონსტიტუცია ხალხის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებლობას პრინციპულად ანიჭებს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მქონე თანამდებობის პირებს. როცა აღნიშნული თანამდებობის პირებს უწევთ მოქმედება სამედიცინო და სამეცნიერო გაურკვევლობებით აღსავსე გარემოში, მათი თავისუფალი მოქმედების ფარგლები, უნდა იყოს ფართო. თუკი ამ დისკრეციის ფარგლებს არ არღვევს, პოლიტიკური ხელისუფლების გადაწყვეტილებები არ უნდა გახდეს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ხელახალი შეფასების საგანი. სასამართლოს არა აქვს არც გამოცდილება, არც კომპეტენცია და არც ცოდნა შეაფასოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები. “
ამგვარად, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშიპოლიტიკური ხელისუფლების დისკრეციის ფარგლები ფართოა, მაგრამ არა უსაზღვრო. სასამართლოს მართებს ჩარევა, მაშინ, როცა შემზღუდველი ღონისძიება აშკარად არაგონივრულია და მისი შერჩევისას პოლიტიკური ხელისუფლება გასცდა დისკრეციის ფარგლებს. ეს ხდება მაშინ, როცა შემზღუდველი ღონისძიების ახსნა შეუძლებელია კოვიდ-19-ისათვის დამახასიათებელი სამედიცინო და სამეცნიერო გაურკვევლობით.
სახელმწიფომ, სამედიცინო თვალსაზრისით, გონივრულად მიიჩნია ის გარემოება, რომ სხვა ქვეყნიდან საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის ეფექტური საშუალება იქნებოდა, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში PCR ტესტირება, ამის შემდეგ, მომდევნო 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ერთხელ PCR ტესტის ჩატარება. იმისთვის რომ კორონა ვირუსი არ გავრცელდეს, ხელისუფლება, კარანტინში მოთავსების გარეშე, სწორედ ამ საშუალებას იყენებს საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული უცხოელების მიმართ. კოვიდ-19 ერთმანეთისაგან არ ასხვავებს ადამიანის მოქალაქეობას. ეს დაავადება ერთნაირად მიმდინარეობს როგორც საქართველოს მოქალაქეებში, ისე უცხოელებში. უცხოელი და საქართველოს მოქალაქე შეიძლება იმყოფებოდნენ ერთსა და იმავე ქვეყანაში, შეხება ჰქონდეს კოვიდ-19-ის ერთსა და იმავე წყაროსთან და ერთმანეთთან. ამის მიუხედავად, უცხოელს, სადავო ნორმა ათავისუფლებს კარანტინში მოთავსების ვალდებულებისაგან და მას სთხოვს 72-ე საათში ერთხელ საკუთარი ხარჯით გაიკეთოს PCR ტესტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ უცხოელის თავისუფლად გადაადგილება, საქართველოში მისი კონტაქტები არ კონტროლდება სახელმწიფოს მიერ, ასევე თავისუფლების პირობებში, უცხოელს არ ეზღუდება ის, თუ რა ადგილები მოინახულოს და რა არა, ვისთან იქონიოს ურთიერთობა და ვისთან არა, სახელმწიფო თვლის, რომ 72 საათიანი PCR ტესტი ეფექტური საშუალებაა საიმისოდ, რომ არ მოხდეს კოვიდ-19 საქართველოში გავრცელება. ამ ფონზე, აშკარად არაგონივრული იქნება იმის თქმა, რომ საქართველოს მოქალაქეს ახასიათებს ისეთი ბიოლოგიური თავისებურება, რომ 72-ე საათში ერთხელ საკუთარი ხარჯით გაკეთებული PCR ტესტი ვერ უზრუნველყოფს ისეთივე ეფექტურობით კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციას, როგორც ეს უცხოელის შემთხვევაში ხდება.
კოვიდ-19-ის პრევენციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში პოლიტიკური ხელისუფლებისათვის მინიჭებული ფართო დისკრეციის მიუხედავად, აშკარად არაგონივრულია იმის თქმა, რომ 12 დღიანი კარანტინი არის ultima ratio ღონისძიება, მაშინ, როცა შრომის და ბიზნესის წარმოების მიზნით საქართველოში შემოსული უცხოელის შემთხვევაში კოვიდ-19-ის პრევენციის ასეთივე ეფექტურ საშუალებად საბაჟოზე ტესტირება და 12 დღის განმავლობაში 72 საათში ტესტირებაა მიჩნეული. ამიტომ კარანტინი არ არის ნაკლებად მკაცრი ღონისძიება. ეს ღონისძიება შეიძლება მაშინ იყოს გამოყენებული, როცა 12 დღის განმავლობაში PCR ტესტის ფინანსური სახსრები არა აქვს საქართველოს მოქალაქეს.
ამგვარად, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით კარანტინში მოთავსება არ არის ნაკლებად მზღუდავი საშუალება და შესაბამისად, სადავო ნორმა არღვევს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
ვითხოვთ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-112 მუხლის პირველი პუნქტის და მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტის, მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტთან, ასევე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტის, მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად და შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა