თორნიკე კუბლაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/1535 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 12 თებერვალი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 თებერვალი 2021 19:44 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: თორნიკე კუბლაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის (2020 წლის 15 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია), 112 მუხლის პირველი პუნქტისა (2020 წლის 27 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტისა (2020 წლის 15 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის პირველ სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1535) მიმართა თორნიკე კუბლაშვილმა. №1535 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2020 წლის 4 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 12 თებერვალს.
2. №1535 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის (2020 წლის 15 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს“. ამავე დადგენილების 112 მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის 27 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, „საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული უცხოელი ვიზიტორები“. სადავო დადგენილების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი კი ადგენს, რომ „იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, „ადამიანის თავისუფლება დაცულია“.
5. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, საქართველოში შემოსვლისას „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქეები და უცხოეთში მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, ასევე ის უცხოელები, რომლებიც საქართველოში შემოდიან ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით, არ ექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს/იზოლაციას. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მათ არ მოეთხოვებათ იზოლირებულად ერთ ადგილზე ყოფნა და სოციალური კავშირების შეზღუდვა. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეები, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული ზემოაღნიშნულ პირთა წრის მიმართ.
6. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოში შემოსვლისას, ყველა პირი, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა თუ საცხოვრებელი ადგილისა, ერთნაირად ქმნის ვირუსის ქვეყანაში შემოტანის საფრთხეს. ამავდროულად, საქართველოს მოქალაქესაც შესაძლებელია, ჰქონდეს საქართველოში ბიზნესის დაწყების, გაგრძელების ან/და დასაქმების ინტერესი. სახელმწიფო კი, არსებითად თანასწორ პირებს, განსხვავებულად ეპყრობა და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადგენს კარანტინის გავლის ვალდებულებას. მოსარჩელის განმარტებით, დიფერენცირება არათუ მიზნის მიღწევის (ვირუსის გავრცელების პრევენციის) ვარგისი საშუალებაა, არამედ, პირიქით, იგი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას, ვინაიდან სახელმწიფო, ვირუსის გავრცელების რისკის ერთნაირად მატარებელი პირებიდან ზოგიერთს, სრულად ათავისუფლებს კარანტინის გავლის და, შესაბამისად, სოციალური კავშირების შეზღუდვის ვალდებულებისგან.
7. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ სასამართლომ დიფერენცირების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, ჩარევის ინტენსიურობის გათვალისწინებით, უნდა გამოიყენოს შეფასების მკაცრი ტესტი. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეები კარანტინში/იზოლაციაში მოთავსებით და იქ დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან შედარებით, მკვეთრად შორდებიან სოციალურ ურთიერთობებში თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობას.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას, პირი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 12 დღის განმავლობაში მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში და შეეზღუდოს გარკვეული სივრცის მიღმა გადაადგილების თავისუფლება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პირის კარანტინსა და იზოლაციაში მოთავსება გულისხმობს მთელი რიგი უფლებების ინტენსიურ შეზღუდვას. კერძოდ, იზოლაციის სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება, იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება. მოსარჩელის განმარტებით, ჩარევის ინტენსივობას ზრდის ის ფაქტი, რომ პირი ხანგრძლივი ვადით (12 დღით) არის მოთავსებული ერთ სივრცეში და ამ ხნის მანძილზე მას ეკრძალება იზოლაციის ადგილის დატოვება. მოსარჩელის განმარტებით, კარანტინში/იზოლაციაში მოთავსებულ პირს შეზღუდული აქვს ფიზიკური თავისუფლება, რამდენადაც ის სამართლებრივი აკრძალვებით და სანქციის შიშით ვერ ტოვებს იზოლაციის ადგილს.
9. მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ პირის კარანტინში/იზოლაციაში მოთავსება უდავოდ ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიც არის ვირუსის გავრცელების პრევენცია. თუმცა მისი განმარტებით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ღონისძიება არ არის ultima ratio, რომელიც გაამართლებდა პირის ფიზიკურ თავისუფლებაში ჩარევას. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოს ნაკლებად მზღუდავი საშუალებითაც შეუძლია იგივე მიზნის მიღწევა. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, სახელმწიფოს შეუძლია საქართველოს მოქალაქეებსაც დაუწესოს საბაჟო გამშვებ პუნქტში PCR ტესტირებისა და მომდევნო 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ერთხელ PCR კვლევის ჩატარების ვალდებულება. ამგვარად, მოსარჩელის განმარტებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პირის კარანტინში/იზოლაციაში მოთავსება არ არის უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება და, შესაბამისად, სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას.
10. №1535 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში მას გადაიყვანენ კარანტინში, საკონსტიტუციო სასამართლო კი ამ პერიოდში ვერ მოასწრებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, კარანტინის დღეების გასვლის შემდეგ, სარჩელის დაკმაყოფილება ვერ გამოიწვევს მოსარჩელის დარღვეულ უფლებებში აღდგენას. ამასთან, სადავო ნორმების შეჩერებით, მესამე პირების უფლებების დარღვევის თავიდან აცილება შესაძლებელია მოსარჩელისთვის საბაჟო გამშვებ პუნქტში PCR ტესტირების ჩატარების გზით და ამასთან, მისი დავალდებულებით, მომდევნო 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ერთხელ საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს PCR კვლევა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის N1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს, ვინაიდან „ნორმატიული აქტი, რომელიც აღარ მოქმედებს, ვერ შეფასდება როგორც ადამიანის უფლების შემზღუდველი ნორმა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის №1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. №1535 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების 112 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. „„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს №538 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების 112 მუხლის პირველი პუნქტი 2020 წლის 27 აგვისტოდან ამოღებულ იქნა.
4. მოცემულ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასასმართლოში რეგისტრაციის (შემოტანის) მომენტისათვის (2020 წლის პირველი სექტემბერი), ზემოთ დასახელებული სადავო ნორმა (სარჩელში მითითებული რედაქციით) უკვე აღარ მოქმედებდა. ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელის ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი ძალადაკარგული ნორმა, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მისი კონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც ეხება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების 112 მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის 27 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი - საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „[…] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
6. №1535 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
7. „„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 სექტემბრის №577 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი 2020 წლის 15 სექტემბრიდან ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შემცირდა იმ პირთა წრე, რომლებიც ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში იზოლაციას. ამავდროულად, ტერმინი „კარანტინი“, შეიცვალა ტერმინით „იზოლაცია“.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში, ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1535 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის გასაჩივრებული რედაქცია ძალადაკარგულია.
9. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
10. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1535 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის (2020 წლის 15 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმის საფუძველზე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და, ამავდროულად, იმ მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს/იზოლაციას. შესაბამისად, აღნიშნულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ არ მოეთხოვებათ იზოლირებულად ერთ ადგილზე ყოფნა და სოციალური კავშირების შეზღუდვა, განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც სადავო ნორმის საფუძველზე ვერ ტოვებენ იზოლაციის ადგილს.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორს შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს შესაბამისი ობიექტური და გონივრული საფუძვლის გარეშე.
14. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს.
15. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმა ადგენს იზოლაციაში მყოფი პირის ვალდებულებას იზოლაციის ადგილის დატოვების აკრძალვის თაობაზე. იგი საერთოდ არ შეეხება იმ საკითხის განსაზღვრას, თუ რომელი პირები ექვემდებარებიან სავალდებულო იზოლაციას. მისი შინაარსი ამოიწურება უკვე იზოლაციაში მყოფი ყველა პირის მიმართ ერთნაირი მოთხოვნის დაწესებით, კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს ეკრძალება იზოლაციის ადგილის დატოვება. იზოლაციას დაქვედებარებულ პირთა წრის განსაზღვრა კი აღნიშნული ნორმის მოწესრიგების ფარგლებს გარეთაა. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე არ ხდება პირთა რომელიმე ჯგუფის გამოყოფა და რაიმე ნიშნით მათი განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენება. შეუძლებელია, მის საფუძველზე გამოვყოთ პირთა მყარად იდენტიფიცირებადი ის ჯგუფი, რომელთან მიმართებითაც, მოსარჩელესთან შედარებით, უკეთესი უფლებრივი რეჟიმია დადგენილი. ამდენად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოწესრიგება ნეიტრალური ხასიათისაა ნებისმიერი პირთა წრის მიმართ და მის საფუძველზე არ ხდება პირთა დიფერენცირება. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტაცია ნორმიდან მომდინარე დიფერენცირებულ მოპყრობასთან დაკავშირებით ემყარება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას და სასარჩელო მოთხოვნა, ამ მხრივ, დაუსაბუთებელია.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1535 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
17. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
18. სადავო ნორმა ადგენს იზოლაციაში (თვითიზოლაცია, კარანტინი) მყოფი პირისთვის იზოლაციის ადგილის დატოვების აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, პირის იზოლაციაში/კარანტინში მოთავსება გულისხმობს მთელი რიგი უფლებების ინტენსიურ შეზღუდვას. მისი განმარტებით, ჩარევის ინტენსივობას ზრდის ის ფაქტი, რომ პირი ხანგრძლივი ვადით (12 დღით) არის მოთავსებული ერთ სივრცეში და ამ ხნის მანძილზე მას ეკრძალება იზოლაციის ადგილის დატოვება. შესაბამისად, ჩარევის ინტენსივობიდან გამომდინარე, სადავო ნორმის საფუძველზე, პირს შეზღუდული აქვს ფიზიკური თავისუფლება, რამდენადაც ის სამართლებრივი აკრძალვებით და სანქციის შიშით ვერ ტოვებს იზოლაციის ადგილს. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე არ უარყოფს, რომ შეზღუდვის მიზანს ვირუსის გავრცელების პრევენცია წარმოადგენს, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ პირის იზოლაციაში განთავსება არ არის უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება.
19. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად წარმოადგენს პირისთვის იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) ადგილის დატოვების აკრძალვა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვას.
20. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილებით საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ უკვე შეაფასა, თუ რამდენად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ადამიანის თავისუფლება იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვების აკრძალვით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვის დადგენისას ყურადღება უნდა მიექცეს მრავალ ასპექტს, მათ შორის, რა მიზნით ხდება პირისთვის კონკრეტული ადგილის დატოვების აკრძალვა, როგორია მის ნებაზე ზემოქმედების ფარგლები, რამდენად ეზღუდება ამ სივრცეში მოქმედების თავისუფლება, როგორია უფლებაშეზღუდული პირის სამართლებრივი სტატუსი, რა შედეგის დადგომას ისახავს მიზნად ამგვარი შეზღუდვა და სხვა. შემზღუდველი ღონისძიების საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის რეგულირების ქვეშ მოქცევას, უმთავრესად, ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის, მის ნებაზე ზემოქმედების ხარისხი განაპირობებს. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, თუ რა ვადით ხდება კონკრეტული ადგილის დატოვების აკრძალვა, ვერ გამოდგება პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის წარმოსაჩენ თვითკმარ არგუმენტად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-16).
21. სასამართლოს მითითებით, პირის კარანტინში/იზოლაციაში მოთავსების მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკის აღკვეთა, რის ერთ-ერთ საშუალებადაც არჩეულია პირის მოთავსება კონკრეტულ სივრცეში სხვა ადამიანებისაგან იზოლირებულად, რა დროსაც პირს არ გააჩნია რაიმე იმგვარი სამართლებრივი სტატუსი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც აუცილებელი გახდებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო გარანტიების ამოქმედება. კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფი პირის სამართლებრივი მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობისაგან, ვის მიმართაც ხორციელდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისაკენ მიმართული კანონით დადგენილი ღონისძიებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-18). ამასთან, პირის კარანტინსა თუ თვითიზოლაციის ადგილას არ ხორციელდება რაიმე ტიპის კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან და გარდა კარანტინის/იზოლაციის ადგილის დატოვების აკრძალვისა, მასზე რაიმე სხვა ვალდებულებების დაკისრება არ ხდება. კარანტინისა და იზოლაციის საკანონმდებლო დეფინიცია გულისხმობს მხოლოდ პირის განცალკევებას, კონკრეტული ადგილის დატოვების აკრძალვას და არა მისი ქცევის თავისუფლებაში ჩარევას ამა თუ იმ მექანიზმის გამოყენებით. შესაბამისად, დაკავებული პირისაგან განსხვავებით, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მოთავსებულ პირთან მიმართებით ადგილი არ აქვს მისი ნების თავისუფლების შეზღუდვას და, ამ მხრივ, მისი ქცევა არ ექვემდებარება რაიმე სახის კონტროლსა თუ კორექციას (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-20, 21). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირისთვის კონკრეტული სივრცის დატოვების აკრძალვა წარმოადგენს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცული თავისუფლების, არამედ, მე-14 მუხლით დაცული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას.
22. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემორე განმარტებებთან ერთად, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაშიც, დასახელებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში საქმე შეეხება იდენტური შინაარსისა და ხასიათის მქონე იზოლაციაში პირის მოთავსებას, აგრეთვე მისთვის იზოლაციის ადგილის დატოვების აკრძალვას, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე მიიჩნია არა პირის ფიზიკური თავისუფლების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად, არამედ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვად.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1535 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1535 კონსტიტუციური სარჩელი („თორნიკე კუბლაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ა) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების 112 მუხლის პირველი პუნქტისა (2020 წლის 27 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №1535 კონსტიტუციურ სარჩელზე („თორნიკე კუბლაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის (2020 წლის 15 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი