საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N 2/5/560 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 28 ოქტომბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის ნოდარ მუმლაურის წარმომადგენელი - მაყვალა ბერიანიძე. მოპასუხის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - ზურაბ მაჭარაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №560) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაურმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2013 წლის 25 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2013 წლის 27 დეკემბერს.
2. 2013 წლის 27 დეკემბრის №2/10/560 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2014 წლის 21 მაისს.
3. №560 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-8 მუხლი განსაზღვრავს თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომლებზეც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები. „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე არ შეიძლება დანიშნულ და არჩეულ იქნენ პირები, რომელთაც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე ეკავათ გარკვეული თანამდებობები, კერძოდ, პირები, რომლებიც არიან ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები; ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს ეკავა საქართველოს სსრ-ის ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრის თანამდებობა, მოგვიანებით კი იგი მუშაობდა თელავის რაიონში პარტიის რაიონული კომიტეტის მდივნად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2013 წლის 17 ივნისს მონაწილეობა მიიღო თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად გამართულ კონკურსში, თუმცა იგი დაუსაბუთებლად მოხსნეს კონკურსიდან. მოგვიანებით კი, ზეპირი ფორმით, განუცხადეს, რომ იგი, სადავო ნორმების საფუძველზე, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
6. მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილი თანამდებობრივი შეზღუდვა წარმოადგენს პოლიტიკური ანგარიშსწორების სახეს, რომელიც შესაძლოა, მრავალჯერადად იქნეს გამოყენებული ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის მიერ პოლიტიკური პროცესებიდან გარკვეულ პირთა ჩამოცილების მიზნით. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრულ პირთა წრისთვის საქმიანობის შეზღუდვა თვითნებური ხასიათის მატარებელია.
7. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმებით დადგენილი წესი არაგონივრულია, ვინაიდან იგი, იმავდროულად, ადგენს შეზღუდვას იმ პირების მიმართ, რომლებიც სადავო აქტის მიღებამდე, 2011 წლამდე იკავებდნენ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი რეგულირების მიზანი ბუნდოვანია, ვინაიდან პირები, რომელთაც პოტენციურად საფრთხის შექმნა შეეძლოთ ეროვნული უსაფრთხოებისთვის, აღნიშნულ პერიოდამდე იკავებდნენ მნიშვნელოვან თანამდებობებს, იღებდნენ არაერთ გადაწყვეტილებას და გამოსცემდნენ სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მითითება ადამიანთა მოტივაციაზე, საფრთხე შეუქმნან სახელმწიფოს მაშინ, როდესაც მათ ამგვარი შესაძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდათ და არ გამოიყენეს.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო პასუხისმგებლობას აკისრებს პირებს, რომლებსაც აღნიშნული რეჟიმის ფორმირებაში და საბჭოთა იდეოლოგიის შექმნაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები პირთა განსაზღვრულ წრეს თანამდებობრივ შეზღუდვებს უწესებს მხოლოდ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მათ საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მოუხდათ ცხოვრება, თუმცა მოცემულ პერიოდში არსებობდა სახელმწიფოს მმართველობის ერთპარტიული ფორმა და ინდივიდებს სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ. იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანია სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით არსებული ეჭვის გამორიცხვა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს სწორედ აღნიშნული შესაძლო თანამშრომლობის შესწავლა და არა აბსოლუტური აკრძალვის დადგენა. მოსარჩელე ასევე გაუმართლებლად მიიჩნევს შეზღუდვების დაწესებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც რეალურად იერარქიულად ზემდგომი ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ და მათი მითითებით ასრულებდნენ გარკვეულ საქმიანობას.
9. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვა ვრცელდება პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრებზეც, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ კომიტეტის წევრები იყვნენ არა მხოლოდ რაიონული, საქალაქო კომიტეტის ან კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნები ან ბიუროს წევრები, არამედ - რიგითი მოქალაქეები სხვადასხვა სამეცნიერო და კულტურული დარგიდან. ამასთან, უშუალოდ მოსარჩელის აზრით, არსებული რეგულირება, სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი თანამდებობებიდან ამგვარი მოქალაქეების ჩამოშორების გზით, განაპირობებს სამეცნიერო პოტენციალის განადგურებას.
10. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმებით განსაზღვრული სუბიექტების მიერ განხორციელებული საქმიანობა, ცალკე აღებული, არ იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პირების უფლებრივი მდგომარეობა, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ ქმედებებში დამნაშავედ ცნობილ პირებთან შედარებით მნიშვნელოვნად უარესია. მოსარჩელის განმარტებით, კანონმდებლობით გაწერილია გარკვეულ თანამდებობათა დაკავების წესი იმ პირების მიერ, ვინც ჩაიდინა სისხლისსამართლებრივი დანაშაული, კერძოდ, თითოეულ დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადის დაწესების გზით. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით განსაზღვრული პირთა წრე ამგვარი შეღავათითაც ვერ სარგებლობს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“ არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადებს, შესაბამისად, მათი უფლება, დაიკავონ თანამდებობა, იზღუდება სამუდამოდ.
11. მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კომუნისტური პარტიის საქმიანობა საქართველოში აკრძალული არ არის. ამასთან, არსებული მდგომარეობით ამგვარი პარტია რეგისტრირებულია საქართველოში და თავის საქმიანობას კანონის ფარგლებში ახორციელებს. მოსარჩელის მტკიცებით, მოცემული პარტიის წევრებს თანამდებობის დაკავების უფლება შეზღუდული არ აქვთ, რაც წარმოადგენს ვარაუდის საფუძველს, რომ კომუნისტური პარტიის წევრობა საფრთხის შემცველი არ არის.
12. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ინტერესებში შემავალი აუცილებელი შეზღუდვები შესაძლოა მისაღები ყოფილიყო საბჭოთა კავშირის დაშლის თავდაპირველ ეტაპზე, რა დროსაც სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი იყო კითხვის ნიშნის ქვეშ და ნდობით ვერ სარგებლობდა ვერც ერთი თანამდებობის პირი. თუმცა, მოსარჩელის აზრით, ამგვარი შეზღუდვის აუცილებლობას შესაძლოა ეარსება დროის მხოლოდ მცირე მონაკვეთის განმავლობაში, და სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 23 წლის შემდეგ აღნიშნული აკრძალვა ვერანაირი ლეგიტიმური მიზნით გამართლებული ვერ იქნება.
13. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები აწესებს განსხვავებულ მოპყრობას პოლიტიკური შეხედულებისა და დაკავებული თანამდებობის ნიშნით, შესაბამისად, დისკრიმინაციული ხასიათისაა და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. კერძოდ, დისკრიმინაციულია რეგულირება, რომლის თანახმად, რამდენიმე ათეული წლის წინ არსებული პოლიტიკური შეხედულებისა და დაკავებული თანამდებობის გამო, პირს არ ეძლევა შესაძლებლობა, დაიკავოს საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-8 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობები ან არჩეულ იქნეს ამ თანამდებობებზე.
14. მოსარჩელემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დისკრიმინაცია ასევე პოლიტიკური ნიშნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ნორმები დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებენ, ვინაიდან სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლებთან არიან გათანაბრებული პირები, რომელთაც მხოლოდ რიგითი თანამდებობები ეკავათ.
15. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის პრინციპს. მოსარჩელის განმარტებით, ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო თანამდებობის პირი გათანაბრებულია სპეციალურ სამსახურებში მომუშავე აგენტებთან, ლახავს მისი ღირსების უფლებას.
16. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ასევე ის გარემოება, რომ ინდივიდი იგნორირებულია სახელმწიფო მმართველობის სისტემიდან, რის შედეგადაც ხდება ამგვარი პირის სტიგმატიზება და მნიშვნელოვნად ილახება მისი ავტორიტეტი. მოსარჩელის განმარტებით, კონსტიტუციის მე-17 მუხლი განამტკიცებს ინდივიდის უფლებას, ისარგებლოს ეთიკური, ღირსეული მოპყრობით, ხოლო სადავო ნორმები ამგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს.
17. გარდა ამისა, მოსარჩელე აცხადებს, რომ სადავო ნორმებით გაუმართლებლად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება. კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები გაუმართლებელ ბარიერს ქმნის აღნიშნული ძირითადი უფლებით სარგებლობისთვის. იმავდროულად, სადავო ნორმები გამორიცხავს ადამიანთა გარკვეული კატეგორიის მიერ სახალხო მმართველობაში და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.
18. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ ლეგიტიმურ მიზნებზე, რომლებსაც სადავო ნორმები ემსახურება. მოპასუხემ აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება გარდამავალ პერიოდში, ხოლო ყოფილ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის პარტიული თანამდებობის პირებს და ყოფილ სპეციალურ სამსახურებს ძლიერი ზეგავლენა აქვთ სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაზე. შესაბამისად, არსებობს რისკი, მოხდეს ტოტალიტარული რეჟიმის აღდგენა ან დემოკრატიის ძალადობრივი დამხობა. მოპასუხის განმარტებით, ყოველივე აღნიშნული ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის პირობების გათვალისწინებით, მოითხოვს ქვეყნის თავდაცვის და უშიშროების დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას, რათა მოხდეს კომუნისტური მემკვიდრეობის დაძლევა მენტალობის ტრანსფორმაციის გზით. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმები მიზნად ისახავს ნეგატიური შედეგების პრევენციას და არა პასუხისმგებლობის დაკისრებას.
19. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმებით განსაზღვრულ პირთა წრეს ეზღუდება მხოლოდ იმ მაღალი პოლიტიკური და არაპოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება, რომელთაც პირდაპირი, უშუალო კავშირი აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფასთან და ახალი დემოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებასთან. მოცემულ თანამდებობებზე დანიშნული პირები იღებენ უმაღლეს და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფასთან. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმები არ ადგენს შეზღუდვას არჩევითი თანამდებობების დაკავებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ხალხი არჩევნების გზით.
20. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმები თანამდებობრივ შეზღუდვებს აწესებს მხოლოდ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ძირითადი სუბიექტის, პარტიის სათავეში მყოფ პირებზე და არა რიგით წევრებზე. შესაბამისად, შეზღუდვა მიემართება საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს, იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომლებიც მათ ჰქონდათ, კერძოდ, აღნიშნული ფუნქცია გამოიხატებოდა აქტიური მოქმედებით ან პასიური უმოქმედობით რეჟიმის მდგრადობისთვის ხელშეწყობაში. საქმიანობას, რომელსაც დასახელებული ნორმებით განსაზღვრული პირები ახორციელებდნენ, წარმოადგენდა ხელმძღვანელობითი ფუნქციები სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში, რაც, იმავდროულად, მოიცავდა კომუნისტური იდეოლოგიის გავრცელებას, იდეოლოგიური მუშაობის ორგანიზებას, მარქსიზმ-ლენინიზმის პროპაგანდას, მშრომელთა კომუნისტური შეგნების ამაღლებას და სხვ. მოპასუხის განმარტებით, გარდა ფორმალური კავშირისა პარტიის წევრობასა და თანამდებობას შორის, მათ შორის არსებობდა შინაარსობრივი კავშირი, რაც გამოიხატებოდა პარტიის მიერ მიცემული დავალების უპირობო შესრულების ვალდებულებაში.
21. მოპასუხემ აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობით, არქივის მონაცემთა ხელოვნურად შეცვლის ან განადგურების გამო, არ არსებობს იმ პირთა დაზუსტებული სია, რომლებიც საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ. შესაბამისად, შეუძლებელია აბსოლუტური სიზუსტით დადგენა, კონკრეტული პირი დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ფუნქციების გარდა რა საქმიანობას ეწეოდა დამატებით. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მხედველობაშია მისაღები მთლიანად სისტემა და არა კონკრეტული პიროვნებები.
22. მოპასუხემ მიუთითა, რომ, მართალია, საქართველოში არის რეგისტრირებული კომუნისტური პარტია, თუმცა მისი რეგისტრაცია განხორციელდა დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. მოპასუხემ აღნიშნა, რომ დასახელებულ პარტიას თავდაპირველ კომუნისტურ პარტიასთან არავითარი სამართლებრივი კავშირი არ აქვს და, იმავდროულად, არ არის მისი სამართალმემკვიდრე.
23. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, ვინაიდან დიფერენცირება ხდება განსხვავებული სტატუსის მქონე პირებს შორის, შესაბამისად, არსებითად თანასწორი პირები სახეზე არ არიან. მოპასუხე ასევე კონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმებს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არასწორად ესმის აღნიშნული მუხლით დაცული უფლების შინაარსი, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი აზრი ინდივიდთან დაკავშირებით არ არის დაცული მე-17 მუხლით. კონსტიტუციის 29-ე მუხლთან დაკავშირებით კი მოპასუხემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა პასუხობდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. იმავდროულად, კანონმდებლობა არ გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, დაიკავოს არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა საჯარო სამსახურში ან განახორციელოს საქმიანობა კერძო სექტორში.
24. მოპასუხე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს ყოფილი სოციალისტური ქვეყნების კანონმდებლობას, რომელიც სადავო ნორმების ანალოგიურად, შეზღუდვებს აწესებს გარკვეული სახელმწიფო თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. #560 კონსტიტუციურ სარჩელზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს სადავო ნორმებით დადგენილი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვის კონსტიტუციურობა იმ პირებისთვის, რომლებსაც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე ეკავათ „თავისუფლების ქარტიის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული თანამდებობები.
2. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მიღების მიზანია კომუნისტური მემკვიდრეობის დაძლევა, რაც მოიცავს მენტალობის ტრანსფორმაციას, პასუხისმგებლობის შიშის აღმოფხვრას, განსხვავებულის უპატივცემულობის, უკიდურესი ნაციონალიზმის, შეუწყნარებლობის, რასიზმის და ქსენოფობიის მოსპობას, რაც ძველი რეჟიმის მემკვიდრეობის ნაწილია და უნდა შეიცვალოს ისეთი დემოკრატიული ღირებულებებით, როგორიცაა შემწყნარებლობა, განსხვავებულის პატივისცემა და საკუთარ მოქმედებაზე ანგარიშვალდებულება.
3. მოპასუხე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული თანამდებობის პირები ყოფილი სსრკ-ის პერიოდში მათი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე მოქმედებით თუ უმოქმედობით ხელს უწყობდნენ კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის მდგრადობას. შესაბამისად, მოსარჩელის და მის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების კონკრეტულ სახელმწიფო თანამდებობებზე გამწესება საფრთხეს შეუქმნის როგორც ქვეყნის ეროვნულ უშიშროებას და უსაფრთხოებას, ასევე კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევის საჯარო ინტერესს.
4. მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო კანონის შემოღება საჭირო გახდა, ვინაიდან საბჭოთა ბოლშევიკური მენტალობა და „სუკის“ დროინდელი აგენტურული ქსელის „ნარჩენები“ ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში. მოპასუხის აზრით, სადავო ნორმების შემოღების აუცილებლობას ადასტურებს მოსარჩელის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის ფაქტი და ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მხარემ საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოპასუხის კითხვის საპასუხოდ არ დაგმო/უარყო კომუნისტური იდეოლოგია.
5. მოქმედი კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი წარსულში არსებული კომუნისტური სისტემისგან დიამეტრალურად განსხვავებულ ღირებულებებს ემყარება. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თანასწორობა ქართული სახელმწიფოს და კონსტიტუციური მოწყობის ფუნდამენტურ ფასეულობებს წარმოადგენს.
6. საკონსტიტუციო სასამართლო ეთანხმება მოპასუხეს, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, სახელმწიფოს შესაძლებელია ჰქონდეს ლეგიტიმური ინტერესი, არ დაუშვას კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის აღდგენა და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები კომუნისტური იდეოლოგიის აღმოფხვრის მიზნით. იმავდროულად, კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის აღმოსაფხვრელად, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმები უნდა გამოიყენოს.
7. დემოკრატიულ სახელმწიფოს აქვს ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ აღმოფხვრას ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელყოფს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ ღირებულებებს. კანონმდებელს გააჩნია გარკვეული დისკრეცია, განსაზღვროს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის აღმოსაფხვრელი და ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული რეჟიმის აღდგენის პრევენციის მექანიზმები. თუმცა ნებისმიერი ასეთი რეგულირება კონსტიტუციის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს და დაექვემდებაროს კონსტიტუციურ-სამართლებრივ შემოწმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო თავად დაემსგავსება იმ რეჟიმს, რომლის აღმოფხვრისკენაც მიისწრაფვის.
საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ პატივი და ღირსება ადამიანის სოციალური იდენტობის არსებითი ატრიბუტებია, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის მორალურ მდგომარეობას საზოგადოებაში. აღნიშნული უფლება ბუნებით უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება, შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს ღირსების უფლება აქვს იმიტომ, რომ იგი ადამიანია ,,...და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ...მთავარი ღირებულება არის ადამიანი როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30).
9. ადამიანის ღირსება ყველა ძირითადი უფლების საფუძველია, არ წარმოადგენს მხოლოდ განყენებულ, აბსტრაქტულ კატეგორიას და პრაქტიკულ რეალიზებას ადამიანის უფლებებში პოვებს. „ადამიანის უფლებათა კონცეფცია ემსახურება უმთავრესი იმპერატივის, ადამიანის ღირსების დაცვას, რომელიც აისახება კიდეც აღნიშნულ უფლებებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
10. ღირსების უფლების პრაქტიკული რეალიზებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის აღიარებას ძირითადი უფლებების სუბიექტად. უფლება სამართალსუბიექტობაზე წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ღირსების უფლების განუყოფელ ელემენტს. აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება.
11. საქართველოს კონსტიტუციით დაცული ამა თუ იმ უფლების მზღუდავი საკანონდებლო რეგულირება ავტომატურად არ იწვევს სამართალსუბიექტობაზე უფლების დარღვევას. საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლების მზღუდავი რეგულირების შინაარსის, მიზნის და შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით ადგენს გასაჩივრებული ნორმის (ნორმების) შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებასთან.
12. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმების საფუძველზე მოსარჩელისთვის კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების განუსაზღვრელი ვადით აკრძალვის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან.
13. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ ის დაიბადა, გაიზარდა და ამა თუ იმ მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობდა საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში, რის გამოც სადავო ნორმა მას უკრძალავს დამოუკიდებელ საქართველოში სადავო აქტის მე-8 მუხლში მითითებული თანამდებობების დაკავებას, რაც, მოსარჩელის აზრით, წარმოადგენს მისი პატივისა და ღირსების შელახვას, მით უფრო იმიტომ, რომ ის გათანაბრებულია სპეცსამსახურებთან მომუშავე საიდუმლო თანამშრომლებთან, აგენტებთან და იმ ოფიცრებთან, რომლებმაც უარი განაცხადეს დამოუკიდებელ საქართველოში შესაბამის სამსხურებში მუშაობაზე. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების შემოღებით სახელმწიფო მოსარჩელეს და მის მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს მიზნის მიღწევის საშუალებად იყენებს, რითაც ილახება მათი ღირსება.
14. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელეს პრობლემურად მიაჩნია საზოგადოების მხრიდან მისი პიროვნების შეფასება, მისი, როგორც ყოფილი პარტიული თანამდებობის პირის აღქმა. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია მიემართება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრულ პატივისა და ღირსების უფლების შინაარსს და არა კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას. შესაბამისად, სახეზე არ არის კონსტიტუციის მე-17 მუხლის დარღვევა.
15. სასამართლო არ იმსჯელებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული პატივისა და ღირსების და სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის ურთიერთმიმართების შესახებ, ვინაიდან „კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის განმარტებისას სასამართლოსათვის ამოსავალი წერტილი ვერ იქნება პატივისა და ღირსების სამოქალაქო-სამართლებრივი გაგება. როგორც ამ ნორმის მიზნებიდან, ასევე მისი და მისი მსგავსი ნორმების სხვადასხვა სახელმწიფოთა კონსტიტუციებში შეტანის ისტორიული გამოცდილებიდან და მიზეზებიდან გამომდინარე, ღირსების კონსტიტუციურ-სამართლებრივი განმარტება განსხვავებულია. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ II-30). აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის შესაბამისობა კონსტიტუციით დადგენილ ღირსების უფლებასთან და არა მისი შესაძლო გავლენა სამოქალაქო სამართლით დაცულ პატივისა და ღირსების უფლებაზე.
16. სადავო ნორმებით მოსარჩელეს და მის მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს სრულად და უვადოდ ერთმევა სახელმწიფო სამსახურის მნიშვნელოვან სეგმენტში საქმიანობის უფლება მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ მოსარჩელე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე ყოფილი სსრკ-ის პერიოდში გარკვეულ პარტიულ თანამდებობებს იკავებდა.
17. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ყველა პირი, რომელსაც ფორმალურად ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები კომუნისტურ პარტიაში უშუალოდ არ მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის საქმიანობაში, უფრო მეტიც, არ იზიარებდა და ებრძოდა კიდეც კომუნისტურ იდეოლოგიას. განსახილველ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებში იყვნენ ადამიანები, ვინც 1991-1992 წლებში იბრძოდა და თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთიანობას, ვინც ცდილობდა საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის საქართველოს ეროვნული ინტერესების და არა ვიწრო პარტიული იდეოლოგიის შესაბამისად გამოყენებას. სადავო ნორმები ასეთ პირებსაც უზღუდავს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლებას .
18. სადავო ნორმები ადგენს ბლანკეტურ აკრძალვას კონკრეტული პირის საქმიანობის/უფლებამოსილების/კომპეტენციის ფარგლების გათვალისწინების გარეშე და პრაქტიკულად თანაბარ შედეგებს იწვევს როგორც იმ პირებისათვის, რომლებიც განსაზღვრავდნენ იმდროინდელ საშინაო/საგარეო/ იდეოლოგიურ პოლიტიკას, ასევე იმ პირებისათვის, რომელთაც კანონმდებლობა და პრაქტიკა არ ანიჭებდა აღნიშნულის შეცვლის სამართლებრივ ბერკეტს, არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა.
19. სადავო ნორმები ყურადღებას ამახვილებს საქმიანობის პერიოდზე და აკრძალვას ითვალისწინებს იმ პირების მიმართაც, რომლებიც აღნიშნულ თანამდებობაზე თუნდაც ფორმალურად იყვნენ დანიშნულნი, მაგრამ ვერ მოასწრეს საქმიანობის დაწყება; მუშაობდნენ რამდენიმე კვირის/დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი საქმიანობის რეალურად განხორციელების გარეშე.
20. სადავო ნორმები ემყარება ვარაუდს, რომ პირის მიერ პარტიული თანამდებობის დაკავება ნიშნავს ამ პირის კავშირს კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან. კანონმდებელი არ უშვებს შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება შეიზღუდოს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის საქმიანობაში კონკრეტული პირების მონაწილეობის ინდივიდუალურად შესწავლის და შეფასების საფუძველზე.
21. სასამართლო აღნიშნავს, რომ დროის ხანგრძლივობასთან ერთად აქტუალობას კარგავს საფრთხეები და გამოწვევები, რაც წარმოადგენდა სადავო ნორმატიული აქტის მიღების მიზეზს. სადავო ნორმა მოსარჩელეს მე-8 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავების უფლებას უკრძალავს იმის შეფასების გარეშე, თუ რამდენად რეალისტურია ეს საფრთხეები და რამდენად წარმოადგენს მოსარჩელე დღესაც იმავე საფრთხის მატარებელს სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის.
22. სადავო ნორმით კანონმდებლობა ადგენს უფლების მზღუდავ სპეციალურ რეგულირებას და ქმნის სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს სადავო აქტით განსაზღვრული პირებისთვის თითოეული მათგანის პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის ხარისხის, გაწეული საქმიანობის ინდივიდუალური შეფასების გარეშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირების დაწესებისათვის სადავო რეგულირება უნდა ითვალისწინებდეს თითოეული ინდივიდის საქმიანობის, ფუნქციური დატვირთვის შესწავლის და იმის შეფასების სავალდებულო წინა პირობას, თუ რამდენად არსებითი და ხელშესახებია დღესაც ამ პირებისგან მომდინარე საფრთხეები სადავო აქტის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობაზე მათი განწესების შემთხვევაში
23. მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი ყველა პირის მიმართ ერთნაირი მიდგომა თითოეული ინდივიდის კონკრეტული ფუნქციური დატვირთვის, როლის, გაწეული საქმიანობის შეფასების გარეშე ყველას მიმართ თანაბრად უარყოფითი დამოკიდებულების და უფლების თანაბარი ინტენსივობით შეზღუდვის შესაძლებლობის შექმნა ლახავს მოსარჩელის პატივს და ღირსებას.
24. სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის თანმხლები სოციალური შედეგები. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს ის სოციალური შედეგები, რაც შეიძლება თან ახლდეს საზოგადოებრივი ურთიერთობის კონკრეტული სახით მოწესრიგებას და თავიდან უნდა აიცილოს ისეთი მოწესრიგება, რომელიც შეიცავს საზოგადოებრივი ჯგუფებისა თუ ცალკეული ინდივიდების სტიგმატიზების საფრთხეებს. ეროვნული უშიშროების დაცვისა და ტოტალიტარულ იდეოლოგიებთან ბრძოლის ინტერესები ვერ გადაწონის იმ უარყოფით შედეგებს, რაც მასტიგმატიზებელ, ღირსების შემლახველ კანონმდებლობას ახლავს.
25. სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა მოქმედებს უვადოდ. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პირებმა, რომლებიც, თუნდაც ერთ დროს იზიარებდნენ კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიას და იკავებდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებს კომუნისტურ პარტიაში, გარკვეული დროის შემდეგ შეიცვალონ დამოკიდებულება. კანონმდებელი არ ითვალისწინებს ადამიანის როგორც თავისუფალი ინდივიდის უნარს, შეიცვალოს შეხედულებები და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ან გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესის საფუძველზე პირებს სამუდამოდ და უპირობოდ აქვთ წართმეული სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება.
26. მოსარჩელისთვის სადავო აქტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების უვადო შეზღუდვა მთელი ცხოვრების მანძილზე სასჯელის ელემენტების მატარებელი რეპრესიული ღონისძიება უფროა, ვიდრე საფრთხეების პრევენციის საშუალება.
27. სადავო რეგულირება უფლებაში ჩარევის მომეტებული ინტენსივობით გამოირჩევა იმ შემთხვევებთან მიმართებითაც, როდესაც პირს ბრალი ედება, მათ შორის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან/და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, მართალია, კრძალავს ნასამართლევი პირის დანიშვნას საჯარო სამსახურში, თუმცა ნასამართლობის ვადის მოხსნის/გაქარწყლების შემთხვევაში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან ნებისმიერი სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირსაც კი ანიჭებს სადავო ნორმით განსაზღვრულ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობას და არ ადგენს სამუდამო აკრძალვას.
28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ცალკეული პირების მიმართ, რომელთაც კომუნისტურ პარტიაში ეკავათ მაღალი პარტიული თანამდებობები, შესაძლებელია არსებობდეს მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვის ლეგიტიმური საჯარო ინტერესი. თუმცა მხოლოდ კონკრეტული პირებიდან მომდინარე საფრთხეები ვერ გახდება სადავო ნორმებში მოცემული ბლანკეტური აკრძალვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი. მხედველობაშია მისაღები სსრკ-ის დაშლის შემდეგ გასული დროის ხანგრძლივობაც და ის გარემოებაც, რომ დღესდღეობით აღარ ფუნქციონირებს სადავო აქტით გათვალისწინებული კომუნისტური პარტიის სტრუქტურები, შემცირებულია კომუნისტური ტოტალიტალური იდეოლოგიისა და საბჭოთა რეჟიმის რეაბილიტაციის საფრთხე. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება სადავო ნორმებით გათვალისწინებული ბლანკეტური, უვადო აკრძალვის საჭიროება.
29. სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ტექნიკური/ადმინისტრაციული სირთულეები [მათ შორის კონკრეტული პირების წარსული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის მოძიების ნაწილში]არ შეიძლება ქმნიდეს საკმარის საფუძველს უფლების ბლანკეტურად და, მით უმეტეს, უვადოდ შეზღუდვისთვის. ადმინისტრაციული სირთულეების ზიდვის ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს.
30. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, გადაუხვიოს ადამიანის, როგორც მთავარი კონსტიტუციური ღირებულების აღიარების ვალდებულებას და განიხილოს ადამიანი, როგორც შიშველი ობიექტი და მიზნის მიღწევის საშუალება იმის მიუხედავად, თუ როგორი მნიშვნელოვანი კერძო ან საჯარო ინტერესის მიღწევას ისახავს მიზნად. სახელმწიფოს ლეგიტიმაცია, რომ განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები ეროვნული უშიშროების, უსაფრთხოების, ადამიანის უფლება-თავისუფლებებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად, ზღვარდადებულია ამ უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიით.
31. სადავო ნორმების ანალიზის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების შემოღებით, კანონმდებელმა მოსარჩელის და მის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ ისეთი სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა, რომლის პირობებშიც აღნიშნული პირები სამართლის სუბიექტის ნაცვლად განიხილებიან სამართლის ობიექტებად და წარმოადგენენ კონკრეტული მიზნების მიღწევის საშუალებას. სადავო ნორმების საფუძველზე პირები ხდებიან სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევი ღონისძიებების ეფექტურობის მსხვერპლნი. სახელმწიფო ასეთ პირებს იყენებს ეროვნული უშიშროების დაცვისა და კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევის მიზნების მიღწევის საშუალებად. ამგვარი მოპყრობა არ შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების უფლებას.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს.
საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
33. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
34. სადავო ნორმებით მოსარჩელეს ეკრძალება, დაიკავოს კანონით განსაზღვრული თანამდებობები. კერძოდ, ნებისმიერ პირს, რომელიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე პერიოდში მუშაობდა ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროს წევრის, ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრის, რაიონული და საქალაქო კომიტეტის მდივნის, ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრის თანამდებობაზე, ეკრძალება, დაიკავოს შემდეგი თანამდებობები: ა) საქართველოს მთავრობის წევრის, მინისტრების მოადგილე და სამინისტროების სისტემაში არსებული დეპარტამენტის თავმჯდომარის; ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრის; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრის; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილის; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის და მისი მოადგილეების; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის და მისი მოადგილეების; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის და მისი მოადგილეების; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, მისი მოადგილეების და დეპარტამენტების უფროსების; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების, დესპანების და კონსულების; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტების; საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრების; საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელი დირექტორის და მისი მოადგილეების; ბ)საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და მათი ტერიტორიული ორგანოების ოპერატიული ქვედანაყოფების მოსამსახურის; გ) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლის; დ) საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორის, პრორექტორის, დეკანის და კათედრის გამგის; საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, მისი მოადგილის და სამეურვეო საბჭოს წევრის.
35. სასამართლომ უკვე იმსჯელა სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლების ბლანკეტური და უვადო შეზღუდვის კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შეაფასებს მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისათვის სადავო აქტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავების უფლების ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე შეზღუდვის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით .
36. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი განამტკიცებს საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება არ მიეკუთვნება აბსოლუტურად დაცულ უფლებათა კატეგორიას და საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს უფლების საკანონმდებლო წესით შეზღუდვის შესაძლებლობას საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. კერძოდ, კანონმდებლობა შესაძლებელია ადგენდეს სპეციალურ მოთხოვნებს სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად. რიგ შემთხვევებში შეზღუდვა შეიძლება უკავშირდებოდეს ასაკს, პროფესიულ/სამსახურებრივ გამოცდილებას, განათლებას, ფიზიკურ მომზადებას, ნასამართლობის არქონას და ა.შ. მაგრამ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვისას კანონმდებელი ვალდებულია, დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და ლეგიტიმურ მიზანს შორის.
37. საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
38. საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კონსტიტუციურობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმები, რომლებიც სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას ზღუდავს, ფორმალური და მატერიალური შინაარსით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მოთხოვნებს. საკმარისი არ არის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აბსტრაქტული გარანტიების შექმნა. სამართლებრივი წესრიგი უნდა ქმნიდეს უფლების პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობას, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისცემს თანაბარ შესაძლებლობას, დაიკავოს ესა თუ ის სახელმწიფო თანამდებობა.
39. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის უპირველესი მოთხოვნაა, კანონმდებელმა ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად კანონით განსაზღვროს გონივრული, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობები. იმავდროულად, კანონმდებლობა შესაძლებელია, ყოველი კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად ადგენდეს განსხვავებულ პირობებს საქმიანობის სპეციფიკის, ფუნქციური დატვირთვის და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვინაიდან „...განსაზღვრული ტიპის სახელმწიფო თანამდებობა, მისი შინაარსით და დანიშნულებით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, სტაბილურობის თუ უსაფრთხოებისათვის.
40. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო თანამდებობა“ არის კონსტიტუციური ტერმინი, რომელიც უნდა განიმარტოს მისი ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, მისი ბუნებისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი დატვირთვის გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). ამასთან, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
41. სადავო აქტის მე-8 მუხლში მოცემული ჩამონათვალი თანამდებობათა მრავალფეროვან და ფართო სპექტრს მოიცავს. განსახილველი დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას სადავო კანონის მე-8 მუხლში ჩამოთვლილი ცალკეული თანამდებობების შეფასების საჭიროების წინაშე და სადავო ნორმებით დადგენილი აკრძალვის კონსტიტუციურობას შეაფასებს მე-8 მუხლში მითითებულ ყველა თანამდებობასთან მიმართებით ერთობლივად .
42. სადავო ნორმები პირებს ართმევს შესაძლებლობას განახორციელონ შრომითი საქმიანობა კონკრეტული თანამდებობების დაკავების გზით. სადავო ნორმებით გათვალისწინებული აკრძალვა ეხება პირებს, რომლებიც მუშაობდნენ სადავო ნორმებში მითითებულ ერთ-ერთ თანამდებობაზე მაინც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე პერიოდში. შესაბამისად, მოცემული პირობები კუმულაციური ხასიათისაა და ნებისმიერი პირი, რომელიც აღნიშნულ კუმულაციურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ექცევა სადავო ნორმებით გათვალისწინებული აკრძალვის ქვეშ.
43. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მიღების მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესების დაცვა. ამავდროულად, აღნიშნული კანონით მოხდა კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის დაგმობა, რომელიც, თავის მხრივ, ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებითა და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობითა და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვ. შესაბამისად, მოპასუხის მტკიცებით, სადავო ნორმები, ისევე როგორც მთლიანად სადავო კანონი, უზრუნველყოფს, რომ მოხდეს კომუნისტური იდეოლოგიის დაძლევა და არ განხორციელდეს ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული რეჟიმის რესტავრაცია.
44. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმებით პირს ეკრძალება დაიკავოს საჯარო სამსახურის ვერტიკალში არსებული მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობები. აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშნული პირები ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან და ადამიანის უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოსარჩელე და მის მსგავს პირობებში მყოფი პირები ყოფილი სსრკ-ის პერიოდში იკავებდნენ სადავო ნორმით განსაზღვრულ თანამდებობებს, შეუძლებელია, ისინი არ წარმოადგენდნენ კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმისა და მისი იდეოლოგიის შემოქმედს ან მხარდამჭერს. ორივე შემთხვევაში მათმა აქტიურმა მოქმედებამ თუ უმოქმედობამ საფუძველი ჩაუყარა რეჟიმს, რომელიც ყველასთვის მიუღებელია და იმსახურებს უარყოფას. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მტკიცებით, მოსარჩელის და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების განწესება კანონით განსაზღვრულ თანამდებობებზე, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უშიშროებას და უსაფრთხოებასა. საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ განმარტებითი ბარათის თანახმად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების და მისი სამართალმემკვიდრეების ჯერ კიდევ ძლიერმა გავლენამ ქართულ შიდა პოლიტიკაზე მოითხოვა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის პირობების გათვალისწინებით, ქვეყნის თავდაცვის და უშიშროების დამატებითი ღონისძიებების განხორციელება და, დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაძლიერების მიზნით, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა.
45. ქვეყნის ეროვნული უშიშროების და უსაფრთხოების დაცვა, ისევე როგორც კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევა ღირებულ ლეგიტიმურ საჯარო მიზანს წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია, გარკვეულ შემთხვევაში შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება.
46. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს საქართველოს პარლამენტის პოზიციას, რომ კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას, ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ტერორის სხვადასხვა ფორმით, საკონცენტრაციო ბანაკებით, მასობრივი დეპორტაციით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით.
47. სსრკ-ის დაშლამდე ნებისმიერი მნიშვნელოვანი პოზიცია სახელმწიფო მმართველობის ნებისმიერ საფეხურზე კომპლექტდებოდა კომუნისტური პარტიის პარტიული საკადრო პოლიტიკის შესაბამისად, ამავე დროს პარტიული თანამდებობის პირები პირდაპირ და არაპირდაპირ მონაწილეობდნენ საბჭოთა მმართველობის პროცესში. აღნიშნული ცხადყოფს ყოფილი სსრკ-ის კომუნისტური პარტიისა და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის გავლენას საბჭოთა რეჟიმის ტოტალიტარულ მმართველობაზე, აღნიშნული პარტიის პასუხისმგებლობას ტოტალიტარული მმართველობის მძიმე შედეგებზე.
48. სადავო ნორმებით დადგენილი აკრძალვა შეეხება პირებს, რომელთაც მაღალი პარტიული თანამდებობები ეკავათ და პარტიის რიგით წევრებზე მეტი გავლენა და შესაძლებლობები ჰქონდათ კომუნისტური პარტიის იერარქიულ სტრუქტურაში. სადავო ნორმები ეხება პირებს, რომელთაც ეკავათ ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს კომუნისტური პარტიის, ასევე ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი პარტიული თანამდებობები - იყვნენ ცენტრალური კომიტეტების (კომიტეტების ბიუროების) წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები. სსრკ-ის კომუნისტურ პარტიაში მაღალ პარტიულ თანამდებობაზე საქმიანობა იმთავითვე მიუთითებს პირის გავლენას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობაზე. აღნიშნული თანამდებობის პირების საქმიანობა, როგორც წესი, საერთო იდეოლოგიის, პრინციპების, ღირებულებების და მიზნების განხორციელებას ემსახურებოდა და წარმოადგენდა ამ მიზნების ცხოვრებაში რეალიზაციის საშუალებას.
49. სადავო აქტის მე-9 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირები მათი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, აქტიურად უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობაში. კომპარტიის წევრობა გულისხმობდა იდეოლოგიის ერთიანობას, წევრების მიერ პრინციპების და ძირითადი ფასეულობების გაზიარებას აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და საკუთარი საქმიანობით, ნებსით თუ უნებლიეთ საერთო იდეოლოგიის რეალიზაციისათვის ხელშეწყობას.
50. ამგვარად, სადავო ნორმები ზღუდავს საბჭოთა ტოტალიტარულ მმართველობაში პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილე პირების დაშვებას სახელმწიფო სამსახურში ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობებზე, როგორებიც არის - საქართველოს მთავრობის წევრი, მინისტრების მოადგილეები, უშიშროების საბჭოს წევრები და ა.შ. სადავო ნორმების მიზანია მოახდინოს სახელმწიფო სამსახურიდან ისეთი პირების დისტანცირება, რომლებიც მონაწილეობდნენ საბჭოთა ტოტალიტარული მმართველობის პროცესში.
51. მე-8 მუხლში მითითებული თანამდებობები განსხვავდება საჯარო სამსახურის სხვა თანამდებობებიდან როგორც უფლებამოსილების ფარგლებით, ასევე ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის ხარისხითა და მასშტაბებით. კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ სახელმწიფო თანამდებობებზე, რომელთაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, განვითარების, ეკონომიკური/საფინანსო სტაბილურობის და უსაფრთხოებისათვის. აღნიშნული თანამდებობების ხასიათი, უფლებამოსილების წრე, საქმიანობის არეალი და სპეციფიკა მიუთითებს გუნდური საქმიანობის საჭიროებაზე იმ პირების მხრიდან, ვისაც გააჩნია ერთნაირი ღირებულებები და მსოფლმხედველობა, პოლიტიკური კურსის და საქმიანობის ერთიანი ხაზის აუცილებლობაზე.
52. საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ თანამდებობებთან დაკავშირებული მომეტებული საჯარო ინტერესის გამო, უფლებამოსილია დააწესოს უფლების მზღუდავი რეგულირება, რათა უზრუნველყოს სახელმწიფოს დემოკრატიული წესწყობილების, საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დაცვა საბჭოთა იდეოლოგიისგან. შექმნას სამართლებრივი წესრიგი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ხელშემშლელი პოტენციური რისკების თავიდან აცილება
53. სადავო ნორმები არ უკრძალავს მოსარჩელეს საჯარო სამსახურში დასაქმებას, მათ შორის არც დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლებას და შესაძლებლობას აძლევს, დაიკავოს ნებისმიერი დანიშნვითი სახელმწიფო თანამდებობა, მათ შორის საჯარო სექტორში, რომელიც არ უკავშირდება ქვეყნის საგარეო/საშინაო პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოების/უშიშროების თუ განათლების სფეროში მხოლოდ უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღებს თუ მართლმსაჯულების განხორციელებას. სადავო ნორმები ასევე არ უზღუდავს მოსარჩელეს კერძო სექტორში დასაქმების უფლებას და ითვალისწინებს მოსარჩელის შესაძლებლობას, განახორციელონ შრომითი საქმიანობა კერძო სექტორის ფართო სპექტრში.
54. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო თანამდებობის პირები ახორციელებენ და ხელს უწყობენ საჯარო ხასიათის საქმიანობას. ისინი საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს ან/და ზედამხედველობას უწევენ მათ აღსრულებას და, ამგვარად, ემსახურებიან საჯარო ინტერესებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). უდავოა, სახელმწიფო თანამდებობის პირების უაღრესად დიდი მნიშვნელობა სახელმწიფო ორგანოების გამართული ფუნქციონირების პროცესში.
55. მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, მოქალაქეთა უფლება, დაიკავონ სახელმწიფო თანამდებობა და მეორე მხრივ, სახელმწიფო უშიშროების დაცვისა და საბჭოთა ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევის ლეგიტიმური მიზანი. სადავო ნორმით მოსარჩელეს ეზღუდება მხოლოდ იმ თანამდებობის დაკავების უფლება, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს პირდაპირი და უშუალო გავლენა ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური კურსის და ორიენტირების ფორმირებაზე, პირდაპირ გავლენას ახდენდეს სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობის მდგრადობასა და განვითარებაზე.
56. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება არის შრომითი ურთიერთობის სპეციფიკური სახე, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს პროფესიული თვითრეალიზების ერთ-ერთ საშუალებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქისთვის უზრუნველყოფს შესაძლებლობას, უშუალოდ ჩაერთოს სახელმწიფოს მმართველობით საქმიანობაში, რაც, მათ შორის, მოიცავს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებას სახელმწიფოს სახელით. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უფლებრივ გამოხატულებას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/1/572 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
57. დემოკრატიულ სახელმწიფოში გარანტირებულია პოლიტიკური კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულებების თავისუფლება და მოქალაქეთა უფლება, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში. ამავე დროს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი მოიცავს შეზღუდვას, რომ დემოკრატიული მეთოდების მეშვეობით არ მოხდეს თავად დემოკრატიული სახელმწიფოს იდეის უგულებელყოფა. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს დაცვის მექანიზმებს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპებისთვის ფორმალურად დემოკრატიული პროცესების გამოყენებით საფრთხის შექნისგან.
58. დემოკრატიული სახელმწიფო არა მხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ხშირ შემთხვევაში ვალდებულიც არის, უზრუნველყოს დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპების დაცვა საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში. ამისათვის კი სახელმწიფო უფლებამოსილია, კანონმდებლობით განსაზღვროს ცალკეული თანამდებობის დაკავების წინაპირობები და გააჩნია საკმარისი ლეგიტიმაცია, არ დაუშვას საჯარო სამსახურში პირები, რომელთა მიერ საჯარო მმართველობის განხორციელება შეიცავს შეუქცევად საფრთხეებს.
59. საკონსტიტუციო სასამართლო, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დასაკავებელი თანამდებობის ბუნების, განსახორციელებელი საჯარო უფლებამოსილებებისა და ფუნქციათა შინაარსის გათვალისწინებით აფასებს.
60. ამგვარად, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო უშიშროებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საბჭოთა ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევის ლეგიტიმური მიზნების დაცვის საჯარო ინტერესი გადაწონის მოქალაქეთა უფლებას, დაიკავონ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სახელმწიფო თანამდებობები.
61. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისათვის ინდივიდუალური მიდგომის და თითოეული მათგანის მიერ გაწეული საქმიანობის ინდივიდუალური შეფასების პირობებში სადავო ნორმები წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების თანაზომიერ შეზღუდვას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მოთხოვნებს.
საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით
62. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
63. კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას – „კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.1). მოცემული კონსტიტუციური დებულების მიზანია, არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა და პირიქით.
64. სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას აუცილებელია, გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით. ამასთან, „მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება #2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19).
65. მოცემულ საქმეზე სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობის საფუძველზე, კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხდება არსებითად თანასწორ პირებს შორის.
66. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა, ვინაიდან განსხვავებულ მოპყრობას აწესებს მოსარჩელეს და იმ პირებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დაწესებულ მოთხოვნებს და შეუძლიათ დაიკავონ საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-8 მუხლში მითითებული თანამდებობები. მისი მტკიცებით, ყოფილი სსრკ-ის პერიოდში კონკრეტულ თანამდებობებზე მუშაობის ფაქტი არ შეიძლება დიფერენცირებული მოპყრობის საფუძველი გახდეს. მოსარჩელე მხარის აზრით, მის მიერ წარსულში განხორციელებული პოლიტიკური საქმიანობის გამო მას შესაძლებლობა ერთმევა, დაიკავოს კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობები და მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაცია სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებაში. აქედან გამომდინარე, იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ადგენენ დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით და არ შეესაბამებიან კონსტიტუციას.
67. შესაბამისად, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში შესადარებელ ჯგუფებს (კატეგორიებს) წარმოადგენენ, ერთი მხრივ, პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და შეუძლიათ დაიკავონ საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობები და, მეორე მხრივ, მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირები, რომლებიც, მართალია ფორმალურად, ასევე აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს, მაგრამ 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე პერიოდში მუშაობდნენ სადავო ნორმებით განსაზღვრულ პოზიციებზე და ამის გამო განუსაზღვრელი ვადით ეკრძალებათ დაიკავონ ხსენებული თანამდებობები.
68. მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა, ვინაიდან მას და მის მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას განუსაზღვრელი ვადით უკრძალავს, მაშინ როდესაც ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მსგავსი შეზღუდვა არ აქვს. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა და სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს მიჩნეული.
69. მოპასუხე მხარის მტკიცებით, დისკრიმინაცია სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებელი არსებითად თანასწორ პირებს შორის დიფერენცირებულ მიდგომას აწესებს ან პირიქით. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული პირები წარმოადგენენ განსხვავებული ნიშნის მქონე სუბიექტებს. ისინი არსებითად უკავშირდებიან კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს და მათ ყოფილი სსრკ-ის პერიოდში ეკავათ პარტიული თუ სახელმწიფო თანამდებობები. შესაბამისად, მოცემული სამართალურთიერთობისთვის ისინი არ არიან არსებითად თანასწორები იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შეუძლიათ დაიკავონ სადავო კანონით განსაზღვრული თანამდებობები.
70. საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში, იგი არ აფასებს სადავო ნორმების კონსტიტუციურობას ცალ-ცალკე, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-8 მუხლით განსაზღვრულ თითოეულ თანამდებობასთან მიმართებით.
71. სადავო ნორმების შემოღებით, კანონმდებელმა განსაზღვრა პირთა წრე (პირები, რომლებსაც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე პერიოდში ეკავათ სადავო ნორმებით განსაზღვრული თანამდებობები), რომლებსაც სადავო კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობების დაკავება აეკრძალათ, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებდნენ თუ არა იმ ზოგად მოთხოვნებს, რაც ამ თანამდებობების დაკავებისთვის მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. შესაბამისად, სადავო ნორმების არარსებობის პირობებში, ნებისმიერი პირი, მათ შორის, მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირები, მოექცეოდნენ თანაბარ სამართლებრივ რეჟიმში და მათზე გავრცელდებოდა ის ზოგადი მოთხოვნები, რაც ხსენებული თანამდებობების დასაკავებლად კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
72. მოსარჩელე უთითებს, რომ სადავო ნორმებით დაწესებული აკრძალვა დისკრიმინაციას იწვევს პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით. ვინაიდან მას ყოფილი სსრკ-ის პერიოდში ეკავა პარტიული თანამდებობები, სადავო ნორმებით დადგენილი აკრძალვაც სწორედ წარსულში მისი კომუნისტური პარტიისადმი კუთვნილების ნიშანს უკავშირდება.
73. საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამიჯნოს ერთმანეთისგან პოლიტიკური შეხედულებები და პოლიტიკური აქტიურობა. პოლიტიკური შეხედულებები პირებს აქვთ იმის მიუხედავად, უკავიათ თუ არა მათ რაიმე თანამდებობა პოლიტიკურ გაერთიანებაში ან/და საერთოდ წარმოადგენენ თუ არა აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების წევრს ფორმალური თვალსაზრისით. პოლიტიკური შეხედულება პირს შეიძლება გააჩნდეს კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების გარეშეც. ხოლო პოლიტიკური აქტიურობა/საქმიანობა გულისხმობს საქმიანობას კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ანდა კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანების იდეოლოგიის/მსოფლმხედველობის, მიზნების და ამოცანების განხორციელების მიმართულებით.
74. საკონსტიტუციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობა უკავშირდება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს და მის მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე პერიოდში ეკავათ სადავო ნორმებით განსაზღვრული თანამდებობები. სადავო ნორმები არ განსაზღვრავენ განსხვავებულ მოპყრობას პოლიტიკური მრწამსის, შეხედულების ან კონკრეტული პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილების ნიშნით. სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა უკავშირდება არა მოსარჩელის ან მის მდგომარეობაში მყოფი პირების პოლიტიკურ შეხედულებას, არამედ მათ კონკრეტულ და პრაქტიკულად წარმოებულ და შესაბამისი შედეგების მქონე პოლიტიკურ საქმიანობას კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობებზე. შესაბამისად, სადავო ნორმები არ ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოხსენიებული პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება. „კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს... ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”, II.2; იხ. ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.3).
75. თანასწორობის უფლების შინაარსის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის კონსტიტუციურობას განსხვავებულად აფასებს. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II.5).
76. როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებელმა სადავო ნორმებით დაწესებული აკრძალვა დაუკავშირა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირები, დროის კონკრეტულ მონაკვეთში შრომით საქმიანობას ახორციელებდნენ ყოფილი სსრკ-ის სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე. ყოფილი სსრკ-ის პერიოდში გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობა კონკრეტულ დროსა და ვითარებაში ხორციელდებოდა და დასრულებულ პროცესს წარმოადგენს. შესაბამისად, არ არსებობს და ვერც იარსებებს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს საშუალებას მისცემს, ამ პროცესზე ზეგავლენა მოახდინონ. კერძოდ, შეუძლებელია მათ შეცვალონ წარსულში განხორციელებული შრომითი საქმიანობის შინაარსი ან უარი თქვან მასზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს უკრძალავს მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის დაკავების უფლებას.
77. მოპასუხე მხარე უთითებს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი აკრძალვის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შეფასება უნდა განხორციელდეს ქვეყნის ეროვნული უშიშროების და უსაფრთხოების დაცვის და კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით. კომუნისტური პარტიის იდეოლოგია არსებითად განსხვავდება არსებული კონსტიტუციისგან. ფუნდამენტური კონსტიტუციური ნორმა პრინციპების რეალიზება მკვეთრად გართულდება თუ მმართველობითი ორგანოების უმაღლესი თანამდებობის პირები არ იზიარებენ იმ ღირებულებით წესრიგს, რომელსაც არსებული კონსტიტუცია ეყრდნობა.
78. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის შეფასებისას მიიჩნია, რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად დასაშვებია ძირითადი უფლების შეზღუდვა.
79. სადავო ნორმებით სახელმწიფო სამსახურში კონკრეტულ პოზიციებზე საქმიანობის უფლება ეზღუდებათ პირებს, რომლებსაც ეკავათ ხელმძღვანელი პარტიული თანამდებობები ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტურ პარტიაში. კომუნისტური პარტია წარმოადგენდა სსრკ-ის მმართველ პარტიას და ახორციელებდა ერთპარტიულ მმართველობას. სწორედ კომუნისტური პარტია წარმოადგენდა საბჭოთა იდეოლოგიის მთავარ შემოქმედსა და მამოძრავებელ ძალას. სსრკ-ის კომუნისტური პარტია და მსგავსი პოლიტიკური გაერთიანებები როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალურად მონაწილეობდნენ სსრკ-ის მმართველობის პროცესში და ატარებდნენ პრაქტიკაში იმ იდეოლოგიას, რომელსაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მასობრივი დარღვევის სახით. ამდენად, პირები, რომლებიც იკავებდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებს კომუნისტურ პარტიაში და მსგავს პოლიტიკურ გაერთიანებებში პირდაპირ და არაპირდაპირ მონაწილეობდნენ კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდნენ ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრებას.
80. სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის მასშტაბი. კერძოდ, შესაფასებელი რეგულირება, ვრცელდება კომუნისტურის პარტიის კონკრეტულ თანამდებობის პირებზე. ხოლო ამგვარი პარტიული თანამდებობები, სცილდება უბრალოდ პარტიის წევრობის ან/და მისი იდეოლოგიის გაზიარების საზღვრებს. აღნიშნული თანამდებობის პირად ყოფნა თავისთავად გულისხმობდა სსრკ იდეოლოგიის ლოკალურ დონეზე აღსრულებას რეალიზებას. კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, კომუნისტურ პარტიაში მაღალი თანამდებობის დაკავება იმთავითვე გულისხმობდა გავლენას სსრკ-ის მმართველობით პროცესზე და პირდაპირ მონაწილეობას საბჭოთა ტოტალიტარული იდეოლოგიის განხორციელებაში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უთანასწორო მოპყრობა, რაც უკავშირდება სადავო აქტის მე-8 მუხლში მითითებული და არა ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა ლეგიტიმურია.
81. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი უთანასწორო მოპყრობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი #560 (საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. კონსტიტუციური სარჩელი #560 (საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არაკონსტიტუციური ნორმები იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
7. გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების
ზაზა თავაძის და თამაზ ცაბუტაშვილის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება №560 კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილებას საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
2. სადავო ნორმები, პირებს, რომელთაც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე ყოფილ სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტურ პარტიასა და ახალგაზრდულ ლენინურ კომუნისტურ პარტიაში გარკვეული თანამდებობები ეკავათ, უკრძალავს რიგი სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას, რითაც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ მოქალაქის უფლებას, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. ასევე, ვიზიარებთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოთქმულ პოზიციას, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებაში მაღალი ინტენსივობის ჩარევას ადგენენ და, შესაბამისად, მათი კონსტიტუციურობის მკაცრი ტესტით შეფასების საფუძველს ქმნიან.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის და მათი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ თანაზომიერების ტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სრულად ვიზიარებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილებაში გამოხატულ პოზიციას, რომლის თანახმადაც ქვეყნის ეროვნული უშიშროების და უსაფრთხოების დაცვა, ისევე, როგორც კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევა, ღირებულ ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს წარმოადგენს. აღნიშნული მიზნების მისაღწევად დასაშვებია სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და თანასწორობის ძირითადი უფლებების შეზღუდვა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ უფლების შეზღუდვის თანაზომიერი მექანიზმების გამოყენებით.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად: „კონსტიტუციური უფლებების ... შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არასათანადოდ არის შეფასებული სადავო ნორმებით დადგენილი უფლების შეზღუდვის სიმძიმე და მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით შეზღუდვის პროპორციულობის საკითხი.
5. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა ბლანკეტური ხასიათისაა, თანამდებობის დაკავებას უკრძალავს ყველას, ვინც იმყოფებოდა ამა თუ იმ პარტიულ თანამდებობაზე, განურჩევლად იმისა, თუ როგორი ხასიათი ჰქონდა მის საქმიანობას. ამავე დროს, შეზღუდვა არის მაღალი ინტენსივობის, მძიმე ხასიათის, ვინაიდან მოსარჩელეს და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს, უპირობოდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკრძალებათ გარკვეული თანამდებობის დაკავება. შესაბამისად, ამ ტიპის შეზღუდვის გამართლებისათვის უნდა არსებობდეს მკაცრად დასაბუთებული კავშირი ლეგიტიმურ მიზნებთან. ასეთი შეზღუდვის დაწესებისას სახელმწიფო ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ წარსულში კომუნისტურ პარტიაში საქმიანობა თავისთავად განაპირობებს სახელმწიფო უშიშროების რეალური საფრთხეების არსებობას და ამ საფრთხეების თავიდან აცილება მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის მსგავს მდგომარებაში მყოფ პირთა სახელმწიფო სამსახურიდან (კანონით განსაზღვრული თანამდებობებიდან) იზოლაციის პირობებშია შესაძლებელი.
6. აღნიშნული საკითხის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მთელი რიგი გარემოებები, რომელიც სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის პროპორციულობას გამორიცხავს. უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე შეზღუდვა ადამიანის სტატუსიდან გამომდინარეა დადგენლი, ისეთ კრიტერიუმზე მითითებით, რომლის შეცვლის ან მასზე რაიმე ფორმით ზემოქმედების შესაძლებლობა არ არსებობს. კანონმდებელი გამოყოფს პირთა წრეს, რომელიც წარსულში იყო კომუნისტური პარტიის ამა თუ იმ თანამდებობაზე და მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ართმევს თანამდებობის დაკავების უფლებას. წარსულში ამა თუ იმ თანამდებობაზე ყოფნა აბსოლუტურად შეუცვლელი ნიშანია, (იმაზე უფრო მყარი, ვიდრე, მაგალითად, სქესი, კანის ფერი ან რელიგიური კუთვნილება), შესაბამისად, მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმე ფორმით ტრანსფორმირება, რის შედეგადაც, მათ თანამდებობის დაკავების უფლების აღდგენა შეეძლებათ. ხსენებული სახელმწიფო თანამდებობების დაკავება ხელმიუწვდომელი ხდება მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის იმის მიუხედავად, თუ რას მოიმოქმედებენ ისინი, რა განათლებას მიიღებენ, რამდენად დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული იქნება მათი აზრები და საქმიანობა.
7. მოცემულ შემთხვევაში უფლების შეზღუდვა უკავშირდება არა დღეისათვის არსებული კონკრეტული საფრთხის არსებობას, არამედ პირების მიერ წარსულში კონკრეტულ პარტიულ თანამდებობებზე საქმიანობას. არაჰუმანურია, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში საფრთხის შემცველად იქნეს მიჩნეული მხოლოდ წარსულში დაკავებული თანამდებობის გამო. ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფოს დამოკიდებულება ყველაზე უფრო საშიში დამნაშავეების მიმართაც კი ისეთი უნდა იყოს, რომ მოახდინოს მათი გამოსწორება, რესოციალიზაცია და სასჯელის მოხდის შემდეგ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად განხილვა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიდგომაც ასეთია წარსულში დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, კერძოდ, ნასამართლობის გაქარწყლების შემდეგ მათ საშუალება ეძლევათ, დაიკავონ ესა თუ ის თანამდებობა საჯარო სამსახურში. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირი, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (მაგალითად - სისხლის სამართის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ამავე კოდექსის 314-ე მუხლით გათვალისწინებული ჯაშუშობა, 315-ე მუხლით გათვალისწინებული შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად და ა.შ.), სასჯელის მოხდისა და ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის შემთხვევაში უფლებამოსილია, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა. ხოლო სადავო ნორმების საფუძველზე რიგი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება მთელი ცხოვრების მანძილზე ეზღუდებათ პირებს, რომელთა მიმართაც დადასტურებულიც კი არ არის რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ამ ფონზე აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა იქნენ განხილულნი წარსულში კომუნისტური პარტიის წევრები წარსულში მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებზე უფრო მეტი საფრთხის შემცველად.
8. წარსულში კომუნისტური პარტიის წევრობა ან პარტიული თანამდებობის დაკავება, თავისთავად, არ ნიშნავს, რომ პირი დღეს საფრთხის შემცველია. სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვისას აუცილებელია, იდენტიფიცირება, თუ რა საფრთხეებს შეიცავს შეზღუდვის მომენტში პირის მიერ ამ თანამდებობაზე ყოფნა. მხოლოდ წარსულში რაიმე ორგანიზაციის წევრობა ვერ ადასტურებს ამ საფრთხეებს. მოპასუხე მხარემ ვერ მოიყვანა ვერც ერთი არგუმენტი, რომელიც წარმოაჩენდა, რა კავშირია მოსარჩელის და მის მსგავს პირობებში მყოფი პირებისთვის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების განუსაზღვრელი ვადით აკრძალვასა და სახელმწიფოს ეროვნული უშიშროების და უსაფრთხოების დაცვას შორის.
9. ასევე აღსანიშნავია, რომ სადავო კანონის მიღებამდე - 1991 წლიდან 2011 წლამდე კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების შეზღუდვას იმ პირებისათვის, ვისაც კომუნისტურ პარტიაში შესაბამისი თანამდებობები ეკავათ. მოპასუხეს არ დაუსახელებია არც ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც წარმოაჩენდა ამ პირების მიერ სახელმწიფო თანამდებობის დაკავებით დამდგარ უარყოფით შედეგებს და დაადასტურებდა მითითებულ საფრთხეებს.
10. სასამართლოს №2/5/560 გადაწყვეტილებაში ასევე გაზიარებულია მოპასუხის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის და მის მსგავს პირობებში მყოფი პირებისათვის კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვა, კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ადეკვატურ და აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ მსჯელობის გაზიარებაც ეფუძნება იმ არასწორ ვარაუდს, რომ, ვინაიდან მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები წარსულში მუშაობდნენ კომუნისტურ პარტიაში, ისინი a priori წარმოადგენენ კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმისა და მისი იდეოლოგიის შემომქმედს ან მხარდამჭერს დღეს და ასევე გააგრძელებენ მთელი ცხოვრების მანძილზე. გადაწყვეტილებაში მართებულადაა აღნიშნული, რომ სადავო ნორმით დადგენილი ფორმით, მთელი ცხოვრების მანძილზე სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების უვადო შეზღუდვა სასჯელის ელემენტების მქონე რეპრესიული ღონისძიება უფროა, ვიდრე საფრთხეების პრევენციის საშუალება. საეჭვო წარსულის, წარსულში დაკავებული პოზიციებისა და აზრის გამო ადამიანთა მიმართ სასჯელის მსგავსი ღონისძიების გამოყენება, მათი დევნა და დასჯა სწორედ ტოტალიტარული იდეოლოგიის მახასიათებლებია. ეს ის მეთოდებია, რომლითაც კომუნისტური რეჟიმი ებრძოდა საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს და ინარჩუნებდა ერთპარტიულ მმართველობას. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მიზანსა და ამოცანას წარმოადგენს არა ის, რომ მას არ ერქვას კომუნისტური რეჟიმი, არამედ ის, რომ იგი ფასეულობებით, მოქმედებებითა და იდეოლოგიით არსობრივად განსხვავდებოდეს ტოტალიტარული რეჟიმებისაგან. პირის სტატუსის გამო, მისი საქმიანობიდან მომდინარე რეალური საფრთხეების შეფასების გარეშე, მის მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გამოყენება და ამ მეთოდით იდეოლოგიასთან ბრძოლა არ წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ვარგის მეთოდს. დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის მნიშვნელოვანია არა წარსულ ტოტალიტარულ რეჟიმთან ჰიპოთეტურ კავშირში მყოფი პირების იზოლაცია, არამედ ის, რომ თავად იყოს დემოკრატიული ფასეულობების შემომქმედი და ტოტალიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელი მართვის მეთოდების დამგმობი. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლის მიერ სასჯელის მსგავსი შეზღუდვის გამოყენება წარსულში დაკავებული პოზიციისა და შეხედულებების გამო, არა მხოლოდ არ ემსახურება საბჭოთა ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევას, არამედ, გარკვეულწილად, მის გამოვლინებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
11. სამწუხაროდ, სასამართლოს №2/5/560 გადაწყვეტილებაში ყურადღება არ არის გამახვილებული ზემოთ მითითებულ გარემოებებზე. ამის საპირისპიროდ, აღნიშნულია, რომ სადავო ნორმების პროპორციულობას განაპირობებს მოსარჩელისა და მის კატეგორიაში მყოფი სხვა პირების შესაძლებლობა, განახორციელონ საქმიანობა საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობებზე ან კერძო სექტორში. სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლება მოითხოვს, რომ კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების ნებისმიერი შეზღუდვა ემყარებოდეს მყარ კონსტიტუციურ საფუძველს. ამავე დროს, შეზღუდვა ხორციელდებოდეს თანაზომიერებისა და სხვა კონსტიტუციური პრინციპების ზედმიწევნით დაცვით. მსგავს მოთხოვნას მოიცავს თანასწორობის კონსტიტუციური უფლება, რომელიც მოითხოვს, რომ ნებისმიერი უთანასწორო მოპყრობა განხორციელდეს დასაბუთებულად და კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა ავტონომიურად უნდა შეფასდეს. მიგვაჩნია, რომ კერძო სექტორში ან სხვა საჯარო თანამდებობებზე საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა არ გამოდგება არც პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობისა და არც სახელმწიფო თანამდებობის დაკავების თანაზომიერებისა და კონსტიტუციურობის დასადასტურებლად. დაუშვებელია, სახელმწიფოს მიეცეს ლეგიტიმაცია, თანაზომიერების პრინციპის უგულებელყოფით შეზღუდოს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და თანასწორობის უფლებები და ეს გაამართლოს კერძო სექტორში ან სხვა სახელმწიფო თანამდებობებზე საქმიანობის შესაძლებლობაზე მითითებით.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის არასათანადო და დემოკრატიული საზოგადოებისგან შორს მდგომ მეთოდს. ამავე დროს ეს შეზღუდვა არის ბლანკეტური ხასიათის, არ არის ორიენტირებული სახელმწიფოს წინაშე არსებული კონკრეტული საფრთხეების აღმოფხვრისკენ, შესაბამისად, ლოგიკურად არ უკავშირდება მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს - ეროვნული უშიშროებისა და უსაფრთხოების დაცვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის გამართლება შინაარსს აცლის კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებს და მათი უფლების დაცვის არაეფექტურ საშუალებად აქცევს. სადავო ნორმებით დადგენილია სახელმწიფო თანამდებობის დაკავების ბლანკეტურად, კონკრტეული საფრთხეების შეფასების გარეშე აკრძალვის გამართლება იმ პირობებში, როდესაც არ იკვეთება ლეგიტიმური მიზანი, რომლის მისაღწევადაც მკაცრად აუცილებელია შეზღუდვის გამოყენება. ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ ამ ორი უფლების შინაარსის გამოფიტვას იწვევს, არამედ ზოგადად ეჭვქვეშ აყენებს კონსტიტუციური კონტროლის ეფექტურობას და შინაარსს აცლის თანაზომიერების ტესტის მნიშვნელობას, მას ადამიანის უფლებების დაცვის არაეფექტურ და ილუზორულ მექანიზმად აქცევს.
13. ვეთანხმებით გადაწყვეტილებაში გამოთქმულ პოზიციას, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ფორმით სახელმწიფო თანამდებობის დაკავების ბლანკეტური აკრძალვა არღვევს ღირსების უფლებას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს. საკონსტიტუციო სასამართლოს N2/5/560 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან აიგივებს და მათაც უზღუდავს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლებას. ასეთი პირები შეზღუდვის ქვეშ ექცევიან იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ობიექტური შესაძლებლობა ან შესაბამისი ნება, რათა მოახდინოს კომუნისტური რეჟიმის საქმიანობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და იყენებს უფლების შეზღუდვის ფართო კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების საფუძველზე, სახელმწიფო პირებს განიხილავს როგორც სამართალსუბიექტობას მოკლებულ ობიექტებს და მათ იყენებს ეროვნული უშიშროების დაცვისა და კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევის ლეგიტიმური მიზნების მიღწევის საშუალებად.
14. სასამართლოს N2/5/560 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ადგენენ თანასწორობისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებების იმ ხარისხის შეზღუდვას, რომელიც თავისი ინტენსივობით ღირსების უფლების დარღვევას იწვევს. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თანამდებობის დაკავების უფლების, სადავო ნორმებით დადგენილი ფორმით შეზღუდვა ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველია. ამ ფონზე წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანის ღირსებისა და პატივის შელახვის ფორმით სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვა წარმოადგენდეს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დამდგენი კონსტიტუციური ნორმის, კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვის სათანადო, ვარგის და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, ასევე ვერ გავიზიარებთ საკონსტიტუციო სასამართლოს N2/5/560 გადაწყვეტილებაში გადმოცემულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ კრძალავს პირის გარკვეული კატეგორიის სხვა, არსებითად თანასწორი პირებიდან გამოყოფას და მხოლოდ მათ მიმართ ისეთი ღონისძიების გამოყენებას, რომელიც სასამართლოს მიერ პატივისა და ღირსების შემლახველად იქნა მიჩნეული.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობისა და 29-ე მუხლით განმტკიცებულ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
თამაზ ცაბუტაშვილი