საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ზაზა თავაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do2/5/560 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი |
თარიღი | 28 ოქტომბერი 2015 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ზაზა თავაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის N2/5/560 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება №560 კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილებას საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
2. სადავო ნორმები, პირებს, რომელთაც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე ყოფილ სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტურ პარტიასა და ახალგაზრდულ ლენინურ კომუნისტურ პარტიაში გარკვეული თანამდებობები ეკავათ, უკრძალავს რიგი სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას, რითაც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ მოქალაქის უფლებას, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. ასევე, ვიზიარებთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოთქმულ პოზიციას, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებაში მაღალი ინტენსივობის ჩარევას ადგენენ და, შესაბამისად, მათი კონსტიტუციურობის მკაცრი ტესტით შეფასების საფუძველს ქმნიან.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის და მათი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ თანაზომიერების ტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სრულად ვიზიარებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილებაში გამოხატულ პოზიციას, რომლის თანახმადაც ქვეყნის ეროვნული უშიშროების და უსაფრთხოების დაცვა, ისევე, როგორც კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევა, ღირებულ ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს წარმოადგენს. აღნიშნული მიზნების მისაღწევად დასაშვებია სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და თანასწორობის ძირითადი უფლებების შეზღუდვა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ უფლების შეზღუდვის თანაზომიერი მექანიზმების გამოყენებით.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად: „კონსტიტუციური უფლებების ... შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არასათანადოდ არის შეფასებული სადავო ნორმებით დადგენილი უფლების შეზღუდვის სიმძიმე და მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით შეზღუდვის პროპორციულობის საკითხი.
5. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა ბლანკეტური ხასიათისაა, თანამდებობის დაკავებას უკრძალავს ყველას, ვინც იმყოფებოდა ამა თუ იმ პარტიულ თანამდებობაზე, განურჩევლად იმისა, თუ როგორი ხასიათი ჰქონდა მის საქმიანობას. ამავე დროს, შეზღუდვა არის მაღალი ინტენსივობის, მძიმე ხასიათის, ვინაიდან მოსარჩელეს და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს, უპირობოდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკრძალებათ გარკვეული თანამდებობის დაკავება. შესაბამისად, ამ ტიპის შეზღუდვის გამართლებისათვის უნდა არსებობდეს მკაცრად დასაბუთებული კავშირი ლეგიტიმურ მიზნებთან. ასეთი შეზღუდვის დაწესებისას სახელმწიფო ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ წარსულში კომუნისტურ პარტიაში საქმიანობა თავისთავად განაპირობებს სახელმწიფო უშიშროების რეალური საფრთხეების არსებობას და ამ საფრთხეების თავიდან აცილება მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის მსგავს მდგომარებაში მყოფ პირთა სახელმწიფო სამსახურიდან (კანონით განსაზღვრული თანამდებობებიდან) იზოლაციის პირობებშია შესაძლებელი.
6. აღნიშნული საკითხის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მთელი რიგი გარემოებები, რომელიც სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის პროპორციულობას გამორიცხავს. უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე შეზღუდვა ადამიანის სტატუსიდან გამომდინარეა დადგენლი, ისეთ კრიტერიუმზე მითითებით, რომლის შეცვლის ან მასზე რაიმე ფორმით ზემოქმედების შესაძლებლობა არ არსებობს. კანონმდებელი გამოყოფს პირთა წრეს, რომელიც წარსულში იყო კომუნისტური პარტიის ამა თუ იმ თანამდებობაზე და მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ართმევს თანამდებობის დაკავების უფლებას. წარსულში ამა თუ იმ თანამდებობაზე ყოფნა აბსოლუტურად შეუცვლელი ნიშანია, (იმაზე უფრო მყარი, ვიდრე, მაგალითად, სქესი, კანის ფერი ან რელიგიური კუთვნილება), შესაბამისად, მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმე ფორმით ტრანსფორმირება, რის შედეგადაც, მათ თანამდებობის დაკავების უფლების აღდგენა შეეძლებათ. ხსენებული სახელმწიფო თანამდებობების დაკავება ხელმიუწვდომელი ხდება მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის იმის მიუხედავად, თუ რას მოიმოქმედებენ ისინი, რა განათლებას მიიღებენ, რამდენად დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული იქნება მათი აზრები და საქმიანობა.
7. მოცემულ შემთხვევაში უფლების შეზღუდვა უკავშირდება არა დღეისათვის არსებული კონკრეტული საფრთხის არსებობას, არამედ პირების მიერ წარსულში კონკრეტულ პარტიულ თანამდებობებზე საქმიანობას. არაჰუმანურია, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში საფრთხის შემცველად იქნეს მიჩნეული მხოლოდ წარსულში დაკავებული თანამდებობის გამო. ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფოს დამოკიდებულება ყველაზე უფრო საშიში დამნაშავეების მიმართაც კი ისეთი უნდა იყოს, რომ მოახდინოს მათი გამოსწორება, რესოციალიზაცია და სასჯელის მოხდის შემდეგ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად განხილვა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიდგომაც ასეთია წარსულში დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, კერძოდ, ნასამართლობის გაქარწყლების შემდეგ მათ საშუალება ეძლევათ, დაიკავონ ესა თუ ის თანამდებობა საჯარო სამსახურში. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირი, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (მაგალითად - სისხლის სამართის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ამავე კოდექსის 314-ე მუხლით გათვალისწინებული ჯაშუშობა, 315-ე მუხლით გათვალისწინებული შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად და ა.შ.), სასჯელის მოხდისა და ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის შემთხვევაში უფლებამოსილია, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა. ხოლო სადავო ნორმების საფუძველზე რიგი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება მთელი ცხოვრების მანძილზე ეზღუდებათ პირებს, რომელთა მიმართაც დადასტურებულიც კი არ არის რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ამ ფონზე აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა იქნენ განხილულნი წარსულში კომუნისტური პარტიის წევრები წარსულში მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებზე უფრო მეტი საფრთხის შემცველად.
8. წარსულში კომუნისტური პარტიის წევრობა ან პარტიული თანამდებობის დაკავება, თავისთავად, არ ნიშნავს, რომ პირი დღეს საფრთხის შემცველია. სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვისას აუცილებელია, იდენტიფიცირება, თუ რა საფრთხეებს შეიცავს შეზღუდვის მომენტში პირის მიერ ამ თანამდებობაზე ყოფნა. მხოლოდ წარსულში რაიმე ორგანიზაციის წევრობა ვერ ადასტურებს ამ საფრთხეებს. მოპასუხე მხარემ ვერ მოიყვანა ვერც ერთი არგუმენტი, რომელიც წარმოაჩენდა, რა კავშირია მოსარჩელის და მის მსგავს პირობებში მყოფი პირებისთვის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების განუსაზღვრელი ვადით აკრძალვასა და სახელმწიფოს ეროვნული უშიშროების და უსაფრთხოების დაცვას შორის.
9. ასევე აღსანიშნავია, რომ სადავო კანონის მიღებამდე - 1991 წლიდან 2011 წლამდე კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების შეზღუდვას იმ პირებისათვის, ვისაც კომუნისტურ პარტიაში შესაბამისი თანამდებობები ეკავათ. მოპასუხეს არ დაუსახელებია არც ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც წარმოაჩენდა ამ პირების მიერ სახელმწიფო თანამდებობის დაკავებით დამდგარ უარყოფით შედეგებს და დაადასტურებდა მითითებულ საფრთხეებს.
10. სასამართლოს №2/5/560 გადაწყვეტილებაში ასევე გაზიარებულია მოპასუხის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის და მის მსგავს პირობებში მყოფი პირებისათვის კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვა, კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ადეკვატურ და აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ მსჯელობის გაზიარებაც ეფუძნება იმ არასწორ ვარაუდს, რომ, ვინაიდან მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები წარსულში მუშაობდნენ კომუნისტურ პარტიაში, ისინი a priori წარმოადგენენ კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმისა და მისი იდეოლოგიის შემომქმედს ან მხარდამჭერს დღეს და ასევე გააგრძელებენ მთელი ცხოვრების მანძილზე. გადაწყვეტილებაში მართებულადაა აღნიშნული, რომ სადავო ნორმით დადგენილი ფორმით, მთელი ცხოვრების მანძილზე სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების უვადო შეზღუდვა სასჯელის ელემენტების მქონე რეპრესიული ღონისძიება უფროა, ვიდრე საფრთხეების პრევენციის საშუალება. საეჭვო წარსულის, წარსულში დაკავებული პოზიციებისა და აზრის გამო ადამიანთა მიმართ სასჯელის მსგავსი ღონისძიების გამოყენება, მათი დევნა და დასჯა სწორედ ტოტალიტარული იდეოლოგიის მახასიათებლებია. ეს ის მეთოდებია, რომლითაც კომუნისტური რეჟიმი ებრძოდა საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს და ინარჩუნებდა ერთპარტიულ მმართველობას. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მიზანსა და ამოცანას წარმოადგენს არა ის, რომ მას არ ერქვას კომუნისტური რეჟიმი, არამედ ის, რომ იგი ფასეულობებით, მოქმედებებითა და იდეოლოგიით არსობრივად განსხვავდებოდეს ტოტალიტარული რეჟიმებისაგან. პირის სტატუსის გამო, მისი საქმიანობიდან მომდინარე რეალური საფრთხეების შეფასების გარეშე, მის მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გამოყენება და ამ მეთოდით იდეოლოგიასთან ბრძოლა არ წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ვარგის მეთოდს. დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის მნიშვნელოვანია არა წარსულ ტოტალიტარულ რეჟიმთან ჰიპოთეტურ კავშირში მყოფი პირების იზოლაცია, არამედ ის, რომ თავად იყოს დემოკრატიული ფასეულობების შემომქმედი და ტოტალიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელი მართვის მეთოდების დამგმობი. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლის მიერ სასჯელის მსგავსი შეზღუდვის გამოყენება წარსულში დაკავებული პოზიციისა და შეხედულებების გამო, არა მხოლოდ არ ემსახურება საბჭოთა ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევას, არამედ, გარკვეულწილად, მის გამოვლინებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
11. სამწუხაროდ, სასამართლოს №2/5/560 გადაწყვეტილებაში ყურადღება არ არის გამახვილებული ზემოთ მითითებულ გარემოებებზე. ამის საპირისპიროდ, აღნიშნულია, რომ სადავო ნორმების პროპორციულობას განაპირობებს მოსარჩელისა და მის კატეგორიაში მყოფი სხვა პირების შესაძლებლობა, განახორციელონ საქმიანობა საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობებზე ან კერძო სექტორში. სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლება მოითხოვს, რომ კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების ნებისმიერი შეზღუდვა ემყარებოდეს მყარ კონსტიტუციურ საფუძველს. ამავე დროს, შეზღუდვა ხორციელდებოდეს თანაზომიერებისა და სხვა კონსტიტუციური პრინციპების ზედმიწევნით დაცვით. მსგავს მოთხოვნას მოიცავს თანასწორობის კონსტიტუციური უფლება, რომელიც მოითხოვს, რომ ნებისმიერი უთანასწორო მოპყრობა განხორციელდეს დასაბუთებულად და კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა ავტონომიურად უნდა შეფასდეს. მიგვაჩნია, რომ კერძო სექტორში ან სხვა საჯარო თანამდებობებზე საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა არ გამოდგება არც პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობისა და არც სახელმწიფო თანამდებობის დაკავების თანაზომიერებისა და კონსტიტუციურობის დასადასტურებლად. დაუშვებელია, სახელმწიფოს მიეცეს ლეგიტიმაცია, თანაზომიერების პრინციპის უგულებელყოფით შეზღუდოს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და თანასწორობის უფლებები და ეს გაამართლოს კერძო სექტორში ან სხვა სახელმწიფო თანამდებობებზე საქმიანობის შესაძლებლობაზე მითითებით.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის არასათანადო და დემოკრატიული საზოგადოებისგან შორს მდგომ მეთოდს. ამავე დროს ეს შეზღუდვა არის ბლანკეტური ხასიათის, არ არის ორიენტირებული სახელმწიფოს წინაშე არსებული კონკრეტული საფრთხეების აღმოფხვრისკენ, შესაბამისად, ლოგიკურად არ უკავშირდება მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს - ეროვნული უშიშროებისა და უსაფრთხოების დაცვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის გამართლება შინაარსს აცლის კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებს და მათი უფლების დაცვის არაეფექტურ საშუალებად აქცევს. სადავო ნორმებით დადგენილია სახელმწიფო თანამდებობის დაკავების ბლანკეტურად, კონკრტეული საფრთხეების შეფასების გარეშე აკრძალვის გამართლება იმ პირობებში, როდესაც არ იკვეთება ლეგიტიმური მიზანი, რომლის მისაღწევადაც მკაცრად აუცილებელია შეზღუდვის გამოყენება. ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ ამ ორი უფლების შინაარსის გამოფიტვას იწვევს, არამედ ზოგადად ეჭვქვეშ აყენებს კონსტიტუციური კონტროლის ეფექტურობას და შინაარსს აცლის თანაზომიერების ტესტის მნიშვნელობას, მას ადამიანის უფლებების დაცვის არაეფექტურ და ილუზორულ მექანიზმად აქცევს.
13. ვეთანხმებით გადაწყვეტილებაში გამოთქმულ პოზიციას, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ფორმით სახელმწიფო თანამდებობის დაკავების ბლანკეტური აკრძალვა არღვევს ღირსების უფლებას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს. საკონსტიტუციო სასამართლოს N2/5/560 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან აიგივებს და მათაც უზღუდავს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლებას. ასეთი პირები შეზღუდვის ქვეშ ექცევიან იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ობიექტური შესაძლებლობა ან შესაბამისი ნება, რათა მოახდინოს კომუნისტური რეჟიმის საქმიანობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და იყენებს უფლების შეზღუდვის ფართო კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების საფუძველზე, სახელმწიფო პირებს განიხილავს როგორც სამართალსუბიექტობას მოკლებულ ობიექტებს და მათ იყენებს ეროვნული უშიშროების დაცვისა და კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევის ლეგიტიმური მიზნების მიღწევის საშუალებად.
14. სასამართლოს N2/5/560 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ადგენენ თანასწორობისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებების იმ ხარისხის შეზღუდვას, რომელიც თავისი ინტენსივობით ღირსების უფლების დარღვევას იწვევს. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თანამდებობის დაკავების უფლების, სადავო ნორმებით დადგენილი ფორმით შეზღუდვა ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველია. ამ ფონზე წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანის ღირსებისა და პატივის შელახვის ფორმით სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვა წარმოადგენდეს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დამდგენი კონსტიტუციური ნორმის, კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვის სათანადო, ვარგის და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, ასევე ვერ გავიზიარებთ საკონსტიტუციო სასამართლოს N2/5/560 გადაწყვეტილებაში გადმოცემულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ კრძალავს პირის გარკვეული კატეგორიის სხვა, არსებითად თანასწორი პირებიდან გამოყოფას და მხოლოდ მათ მიმართ ისეთი ღონისძიების გამოყენებას, რომელიც სასამართლოს მიერ პატივისა და ღირსების შემლახველად იქნა მიჩნეული.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობისა და 29-ე მუხლით განმტკიცებულ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
თამაზ ცაბუტაშვილი