საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/10/560 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-14 და მე-16 მუხლებთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის№560) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაურმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2013 წლის 25 ივლისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2013 წლის 27 დეკემბერს.
3. №560 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-8 მუხლი განსაზღვრავს იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომლებზეც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები. თავისუფლების ქარტიის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე არ შეიძლება დანიშნულ და არჩეულ იქნენ პირები, რომელთაც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1995 წლის 9 აპრილამდე ეკავათ გარკვეული თანამდებობები, კერძოდ, ყოფილი სსრკ-ს და საქართველოს სსრ-ს ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები, ყოფილი სსრკ-ს და საქართველოს სსრ-ს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები; ყოფილი სსრკ-ს და საქართველოს სსრ-ს ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები; საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეები.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს ეკავა საქართველოს სსრ-ს ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრის თანამდებობა, მოგვიანებით კი იგი მუშაობდა საქართველოს სსრ-ს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2013 წლის 17 ივნისს მონაწილეობა მიიღო თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად გამართულ კონკურსში, თუმცა იგი დაუსაბუთებლად მოხსნეს კონკურსიდან. მოგვიანებით კი, ზეპირი ფორმით, განუცხადეს, რომ იგი, სადავო ნორმების საფუძველზე, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ის ექცევა სადავო ნორმების რეგულირების სფეროს ქვეშ, კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
6. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები აწესებს განსხვავებულ მოპყრობას პოლიტიკური შეხედულებისა და დაკავებული თანამდებობის ნიშნით, შესაბამისად, დისკრიმინაციული ხასიათისაა და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. კერძოდ, დისკრიმინაციულია რეგულირება, რომლის თანახმადაც, რამდენიმე ათეული წლის წინ არსებული პოლიტიკური შეხედულებისა და დაკავებული თანამდებობის გამო, მას არ ეძლევა შესაძლებლობა, დაიკავოს ან არჩეულ იქნეს საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-8 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე.
7. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას განამტკიცებს.
8. გარდა ამისა, მოსარჩელე აცხადებს, რომ სადავო ნორმებით არაკონსტიტუციურად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება. კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები გაუმართლებელ ბარიერს ქმნის აღნიშნული ძირითადი უფლებით სარგებლობისთვის.
9. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია საქართველოს თითოეული მოქალაქის თანასწორობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხოლო სადავო ნორმები ახდენენ მოქალაქეთა გაუმართლებელ დიფერენცირებას.
10. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით ილახება მისი ღირსების ძირითადი უფლება, ვინაიდან ის, როგორც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო თანამდებობის პირი, გათანაბრებულია სპეც-სამსახურებში მომუშავე აგენტებთან და აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტს.
11. მოსარჩელე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ითხოვს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი უნდა შეიტანოს უფლებამოსილმა პირმა ან ორგანომ (სუბიექტმა).
2. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო „პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“, ხოლო „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
3. მოსარჩელე, საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური ითხოვს საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი არ არის მოთავსებული კონსტიტუციის მეორე თავში, შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ამგვარად, №560 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეზე მოსარჩელე ფიზიკური პირია. ფიზიკური პირების საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ სასამართლოს, „... თუ მათ მიაჩნიათ, რომ დაირღვა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება).
6. კონსტიტუციურ სარჩელში, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით. აღნიშნული ნორმის თანახმად, კონკრეტულ სახელმწიფო თანამდებობებზე არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ პირები, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე იყვნენ საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ. მართალია, მოსარჩელე მიუთითებს „ე“ ქვეპუნქტთით გათვალისწინებული პირების უფლებების დარღვევაზე, მაგრამ კონსტიტუციურ სარჩელში და თანდართულ მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ უშუალოდ მოსარჩელეს ეკავა ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე და, შესაბამისად, მასზე შეიძლება გავრცელდეს ზემოაღნიშნული ნორმიდან მომდინარე შეზღუდვა.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და, შესაბამისად, სახეზეა მისი განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
8. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა სარჩელის დასაბუთებულობა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
9. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით. მოსარჩელეს საერთოდ არ წარმოუდგენია არგუმენტაცია კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, №560 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინება №2/2/438 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
11. №560 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებითაც.
12. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვა იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვას.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის დაცვის საგანს. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ბუნებრივია, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, სხვა მიზნებთან ერთად, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზაციასაც ემსახურება. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ის კომპონენტი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას, გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება. მაგალითად, ამ უფლების სუბიექტია არა ყველა, არამედ – მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები.
14. „იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). სადავო ნორმები ადგენენ სახელმწიფო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ის ელემენტი, რომელიც იცავს პირის უფლებას, საკუთარი შეხედულებისა და უნარების შესაბამისად განსაზღვროს და ეცადოს დაიკავოს ესა თუ ის თანამდებობა სახელმწიფო უწყებებში, სპეციფიკურობის გათვალისწინებით, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით და არა მე-16 მუხლით, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს. შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება კონსტიტუციური ნორმებით დაცული სფეროების არასწორად აღქმას.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის `გ” და `დ” ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
16. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებითაც. მოსარჩელის მითითებით, სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლების აკრძალვა პატივისა და ღირსების შემლახავია, რადგან ის გათანაბრებულია საბჭოთა სპეციალური სამსახურის თანამშრომლებთან.
17. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის „მიზანია უმცირესობების დაცვა და უთანასწორობის დაუშვებლობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, სასამართლო ნორმატიული აქტების კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებით კონსტიტუციურობის თაობაზე იმსჯელებს იმ შემთხვევაში, თუ ეს აქტები საქართველოს მოქალაქეებს რომელიმე მითითებული ნიშნის მიხედვით აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში.
19. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ იგი საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლში მითითებული ნიშნების შესაბამის რომელიმე უმცირესობას მიეკუთვნება და სადავო ნორმები საქართველოს სხვა მოქალაქეებთან შედარებით აყენებს მას უთანასწორო მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, №560 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
21. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმების მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები მოსარჩელე მხარისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნტქის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №560 (საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №560 (საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-16 მუხლთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
ბ) საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-14 და მე-16 მუხლებთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი