საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 560 |
ავტორ(ებ)ი | ნოდარ მუმლაური |
თარიღი | 24 ივლისი 2013 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი საფუძვლიანია და მოთხოვნის არსი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის 1 პუნქტის მოთხოვნებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის უფლება გარანტირებულია საკონსტიტუციო კანონით მუხლი 42-ე (1), მუხლი 89-ე (1) ,,ვ” ქვეპუნქტი კანონის, ,,თავისუფლების ქარტია”, მე-9 მუხლის 1 პუნქტის ,,გ”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტები ანტიკონსტიტუციურია და მოვითხოვ სადაო ნორმების ანტიკონსტიტუციურად ცნობას. სარჩელის არსებითად განხილვისათვის ყველა საფუძველი არსებობს და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციის დაცვის გარანტიაა. სადავო ნორმები (მუხლი 9, პუნქტი 1 და ,,გ” ,,დ” ,,ე” ქვეპუნქტები ანტიკონსტიტუციურია, რადგან შესაბამისობაში არ მოდის კონსტიტუციის მე-6 მუხლის 1 პუნქტთან, მე-2 თავის მე-14,მე-16 მუხლებთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლის 1 პუნქტთან, 38 მუხლის 1 პუნქტთან, 39 მუხლთან). ამიტომ აუცილებელია სარჩელის მიღება არსებითი განხილვისათვის. მოთხოვნის არსი: ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს კანონის, ,,თავისუფლების ქარტია” მე-9 მუხლის 1 პუნქტის ,,გ” ,,დ” ,,ე” ქვეპუნქტები. მუხლი 9 -თანამდებობრივი შეზღუდვის გავრცელების დრო და პირები, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეზღუდვა. 1. ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ პირები, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე იყვნენ: გ) ქვეპუნქტი - ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები; დ) ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები; ე) საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. დასაბუთება: აღნიშნული სადავო ნორმები არ შეესაბამება კონსტიტუციის მუხლებს. კერძოდ, კონსტიტუციის მე-2 თავის მე-14 მუხლს, რომლითაც დადასტურებულია ყველა ადამიანის თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური, სხვა შეხედულებებისა და ა.შ. სადავო ნორმები არღვევს კონსტიტუციის ამ მუხლს და რამდენიმე ათეული წლების წინ არსებული პოლიტიკური შეხედულებისა და დაკავებული თანამდებობის გამო ლახავს ადამიანთა უფლებებს - თავისუფლებისა და თანასწორობისათვის. წლების წინ მე ვიყავი საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი და შესაბამისად ცეკას ბიუროს წევრი. მეხება მე-9 მუხლის 1 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი. მნიშვნელოვანია, რომ ამ პოსტის დასაკავებლად, ზემდგომ ორგანოებში რეკომენდაცია მომცა ათეულ ათასობით ახალგაზრდამ და სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა თელავის რაიონიდან. მათგან დიდი ნაწილი იყო უპარტიო და ჩემთვის ღირსების საკითხი იყო მათი მხარდაჭერა. ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ლახავს სადავო ნორმა - მუხლი 9 (1) ,,გ” ქვეპუნქტიც, რადგან ახალგაზრდული ორგანიზაციიდან გადამიყვანეს თელავის რაიონში პარტიის რაიკომის მდივნად, სადაც პატიოსნად ვმუშაობდი რაიონის და მისი ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის და საქართველოს სსრ-ის დროს იყო მხოლოდ ერთი კომუნისტური პარტია და ყველა სტრუქტურა იყო არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივი მართვის შემადგენელი ნაწილი, სადავო მუხლი ჩემს გარდა შეეხება უამრავ ადამიანსაც და ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს უნდა გაითვალისწინოს. სადავო ნორმები არღვევენ კონსტიტუციის მე-16 მუხლს - ყველას აქვს პიროვნების თავისუფლების განვითარების უფლება და მას იცავს კანონი. ამ შემთხვევაში კანონის სახელით ხდება უზენაესი კანონის - კონსტიტუციის დარღვევა. სადავო ნორმებით სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოსტებზე მუშაობის აკრძალვა წარსულში პოლიტიკური შეხედულების გამო, დისკრიმინაციულია და იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1 პუნქტის დარღვევას, რომლის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში, ერთი, ,,ნაციონალური პარტიის” წევრთა მიერ, პარლამენტში ფლობდნენ რა საკონსტიტუციო უმრავლესობას, იგნორირებული იქნა სხვათა აზრი და პარლამენტში მიღებული იქნა ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელიც ანგარიშსწორებაა სხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა მიმართ. სადავო ნორმები დისკრიმინაციულია და საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლთან ერთად არღვევს ,,ადამიანის უფლებათა” ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის ,,დისკრიმინაციის აკრძალვის” შესახებ დებულებას. სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოში კონვენცია აღიარებულია კანონმდებლობის ნაწილად. საქართველოში ევროპულ კონვენციას შეუძლია წარმოშვას უფლებები და მოვალეობები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. საქართველოს ორგანული კანონის - ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 39-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე გისაბუთებთ, რომ მუდმივად ირღვევა ჩემი უფლებები სადავო ნორმების არსებობის გამო და მომავალში უფრო მეტად დაირღვევა, რადგან ახალ თაობას იმაზე მეტად გაუჭირდება წარსულის სამართლიანი შეფასება, ვიდრე ეს დღეს არის შესაძლებელი, რადგან უმრავლესობამ იცხოვრა საბჭოთა პერიოდში და იცის სინამდვილე. არაერთხელ წარვადგინე ჩემი დოკუმენტები სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობისათვის, მაგრამ ყველგან უარს მეუბნებიან კონკურსში დაშვებაზე არსებული სადავო ნორმების გამო. მე არ დამიშავებია არაფერი, სასამართლოს არ აუკრძალავს ამათუ იმ თანამდებობაზე მუშაობა, მაგრამ აღნიშნული სადავო ნორმები, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამა თუ იმ თანამდებობის დასაკავებლად არ უნდა იყოს ხელის შემშლელი, ბარიერი ხდება. 2013 წლის 17 ივნისს კონკურსი გამოცხადდა თელავის მუნიციპალიტეტში გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე. შევიტანე განაცხადი და თანდართული დოკუმენტები, მაგრამ ისე მომხსნეს კონკურსიდან, არ დამისაბუთეს რატომ. მოვითხოვე ოფიციალური პასუხი, და მივიღე, სადაც განმარტებული არ არის მიზეზი. ზეპირად კი წარმომიდგინეს ,,თავისუფლების ქარტიის” აღნიშნული სადავო ნორმები. მიჭირს სტერეოტიპების მსხვრევა და იმის მტკიცება, რომ მე უდანაშაულო ადამიანს არ მაძლევენ საშუალებას მონაწილეობა მივიღო სახელმწიფო მართვაში. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის 1 პუნქტით დადასტურებულია, საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა, მ.შ. პოლიტიკურ ცხოვრებაში, მით უფრო დამოუკიდებელ საქართველოში, სადაც პარტიული მრავალფეროვნებაა, განსხვავებით საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკისა, რომელთა არსებობის დროს იყო ერთადერთი ,,კომუნისტური პარტია”, სახელმწიფოს მმართველი პარტია. იმ დროისათვის იმ პოსტებზე მუშაობა არ ითვლებოდა დანაშაულად და არავინ უნდა აგებდეს პასუხს სახელმწიფო მართვის სტრუქტურებში მუშაობისათვის, მით უფრო ამ ეტაპზე, როცა მეც და ადამიანთა უმრავლესობა დამოუკიდებელ საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრი ან უპარტიოა. ეს ნორმები ხელს უშლის დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რადგან იგი მიღებულია მხოლოდ ერთი, იმ დროს მმართველი პარტიის დეპუტატების უმრავლესობის მიერ. კანონის მიღებაში რომ მონაწილეობა არ მიუღიათ საპარლამენტო ოპოზიციას, სხვა პარტიების წარმომადგენლებს, ადასტურებს მათ მიერ პრესაში საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებები (გაზეთი ,,ალია” 2011 წლის 02.06 06.06 #42 (2597). სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. იმ მოტივით, რომ მე თუ ის პირები, რომელთაც ეხება სადავო ნორმები, დავიბადეთ საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში, გავიზარდეთ და ვიმყოფებოდით ამა თუ იმ მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე, რის გამოც გვეკრძალება დამოუკიდებელ საქართველოში უმაღლესი პოსტების დაკავება, არის ჩემი და ამ პირთა პატივისა და ღირსების შემლახავი, მით უფრო იმიტომ, რომ ჩვენ გათანაბრებულები ვართ სპეც სამსახურებთან მომუშავე საიდუმლო თანამშრომლებთან, აგენტებთან და იმ ოფიცრებთან, რომლებმაც უარი განაცხადეს დამოუკიდებელ საქართველოში შესაბამის სამსხურებში მუშაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები, რომელთაც ეკრძალებათ თანამდებობებზე დანიშვნა მუხლი 9 (1), ,,გ” ქვეპუნქტი, იყვნენ სახელგანთქმული მეცნიერები, მწერლები, რეჟისორები, ხელოვნების, სპორტის და სხვა დარგების საუკეთესო წარმომადგენლები, საქართველოს ,,ოქროს ფონდის” შემქმნელები და არა მხოლოდ რაიკომის მდივნები, ამიტომ აღნიშნული სადავო ნორმები მთელი თაობის წინააღმდეგაა მიმართული. საუკეთესო ახალგაზრდები იყვნენ, კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრები (სადავო ნორმა - მუხლი 9 (1) ,,დ” ქვეპუნქტი). კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი, ბიუროს წევრი იყო ჟიული შარტავა, აფხაზეთის ომის დროს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, მტრის მიერ 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრეტილი - საქართველოს პირველი ეროვნული გმირი სიკვდილის შემდეგ. სადავო ნორმების არსებობა მთელი იმ თაობის ადამიანთა პატივისა და ღირსების ხელყოფაა, ვინც ყველა რეჟიმის დროს საქართველოსთვის იბრძოდა, შრომობდა და საქართველოსთვის კვდებოდა. ასევე ითქმის იმ ადამიანებზეც, რომელთაც სადავო მუხლის 1 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე ეხებათ აღნიშნული აკრძალვები. სადავო მუხლების, პუნქტებისა და ქვეპუნქტების ანტიკონსტიტუციურობა ვნებს არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა უფლებებიც შელახეს, არამედ შეურაცხყოფს მათ შვილებს და შვილიშვილებს, რომლებსაც ამ კანონის მიმღები პირები, ყოფილი ხელისუფალნი (,,ნაციონალური მოძრაობა”), კანონის ძალით უკანონებენ მათი წინაპრების, ოჯახის წევრების არ ჩადენილ დანაშაულებებს, რის გამოც მათ ეკრძალებათ სახელმწიფოს მართვის სათავეებთან ყოფნა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ახალ ეტაპზე ეს ადამიანებიც, რომელთაც ეხებათ სადავო ნორმები იბრძოდნენ ახალი საქართველოსთვის. მათ ჩაატარეს გაუყალბებელი არჩევნები. ნაწილი არჩეული იქნა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში. მათ მიერ მიღებულია კანონები, რომელებიც ახლაც ძალაშია. ყურადსაღებია, რომ ,,კომუნისტური პარტია” დღესაც კანონიერად არსებობს საქართველოში, რაც კიდევ უფრო ადასტურებს ჩემი მოთხოვნის სამართლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკოსტიტუციურად უნდა სცნოს სადავო ნორმები არამხოლოდ ჩემი და ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უფლებების დაცვის მოტივით, არამედ, ჩვენი მომავალი თაობისათვის, რომელთაც აუცილებლად დასჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ მათ მამას, დედას, ოჯახის სხვა წევრს არ ჰქონდათ ჩადენილი რაიმე ისეთი დანაშაული, რომ მათ აკრძალული ჰქონდათ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოსტებზე მუშაობა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა