საქართველოს მოქალაქე გიორგი ნოდია, ა.ა.ი.პ. „საქართველოს ბანკების ასოციაცია“ და ა.ა.ი.პ. „საქართველოს ბიზნესის ასოციაცია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/791 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 7 თებერვალი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 თებერვალი 2017 17:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი − სხდომის თავმჯდომარე;
მაია კოპალეიშვილი − წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი;
მერაბ ტურავა − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ნოდია, ა.ა.ი.პ. „საქართველოს ბანკების ასოციაცია“ და ა.ა.ი.პ. „საქართველოს ბიზნესის ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის (4625-Iს) პირველი მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №791) მიმართეს საქართველოს მოქალაქე გიორგი ნოდიამ, ა.ა.ი.პ. „საქართველოს ბანკების ასოციაციამ“ და ა.ა.ი.პ. „საქართველოს ბიზნესის ასოციაციამ“. №791 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 12 ივლისს.
2. №791 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 7 თებერვალს.
3. №791 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის (4625-Iს) პირველი მუხლით საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელდა ცვლილება და 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი გაუქმებამდე შემდეგი შინაარსის იყო: „თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა.“
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმით განხორციელებულ ცვლილებამდე, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებდა უძრავ ქონებაზე არამართლზომიერი მფლობელობის აღკვეთის შესაძლებლობას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. აღნიშნული წარმოადგენდა საკუთრების უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს. უძრავი ნივთის მესაკუთრეს შეეძლო მიემართა სამართალდამცავი ორგანოსთვის და მყისიერად აღედგინა მფლობელობა თავის კუთვნილ ქონებაზე. საკუთრების უფლებით ჯეროვნად სარგებლობა არ საჭიროებდა ხანგრძლივ სასამართლო დავებსა და სააღსრულებო პროცედურებში ჩაბმას.
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, სადავო ნორმით განხორციელებული ცვლილებით მოხდა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში უხეში და გაუმართლებელი ჩარევა. კანონმდებელმა უძრავი ნივთის კანონიერი მესაკუთრის ინტერესებზე წინ დააყენა არამართლზომიერი მფლობელის ინტერესები. საკუთრების უფლების შეზღუდვა მოხდა ლეგიტიმური მიზნის გარეშე, რადგან არ არსებობს უკანონო მფლობელობის დაცვის საჯარო ინტერესი.
7. მოსარჩელე მხარის განცხადებით, კანონმდებელი ვალდებულია შექმნას ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები საკუთრების უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების ჯეროვნად რეალიზაციისთვის არ კმარა სასამართლო სამართალწარმოების გზით უფლების დაცვის შესაძლებლობა. აუცილებელია არსებობდეს სათანადო კომპეტენციით აღჭურვილი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ არამართლზომიერი მფლობელობის მყისიერ აღკვეთას და ამით ნივთის მესაკუთრეთა ინტერესების დაცვას. სწორედ აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურებოდა სადავო ნორმით გაუქმებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
8. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სამართალწარმოება მეტწილად გრძელვადიანი პროცესია. მართალია, კანონმდებელმა ზემოხსენებული ტიპის დავების განხილვისთვის დაადგინა ერთთვიანი ვადა, მაგრამ საერთო სასამართლოების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ხშირად სასამართლოთა გადატვირთულობის გამო, ობიექტურად ვერ ხერხდება კანონმდებლობით დადგენილ დროის მონაკვეთში საქმის განხილვა. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისთვის უძრავი ნივთის ერთი არამართლზომიერი მფლობელი ჩაანაცვლოს სხვა უკანონო მფლობელმა, რა შემთხვევაშიც უძრავი ნივთის მესაკუთრეს ხელახლა მოუწევს ახალი მფლობელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა. მხედველობაშია მისაღები სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო ვადებიც. ზემოაღნიშნული ფაქტორების გამო, უძრავი ნივთის კანონიერ მესაკუთრეს, ხანგრძლივი დროით, გაუმართლებლად ეზღუდება საკუთრების უფლება, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დარღვევას.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ეკონომიკური განვითარება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესის ხელშეწყობა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია. მეტწილად, სწორედ უძრავი ქონების დაცულობა განაპირობებს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურ განვითარებას, მეწარმეობის სტიმულირებასა და საინვესტიციო აქტივობას. სწორედ ამიტომ მეწარმეობის განვითარება პირდაპირ კავშირშია საკუთრების უფლებით ჯეროვნად სარგებლობასთან. ზემოთ დასახელებული მიზნების მიღწევა რთულად წარმოსადგენია საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური სამართლებრივი ბერკეტების გარეშე. უკანონო მფლობელობის აღკვეთის არასასამართლო მექანიზმის გაუქმებით უძრავი ნივთის კანონიერი მესაკუთრე ვეღარ ახერხებს ეფექტურად, მისი შეხედულებისამებრ, გამოიყენოს საკუთარი ქონება სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას.
10. სარჩელის ავტორთა აზრით, საკუთრების უფლების დაცვის უკვე არსებული მექანიზმის გაუქმება ისე, რომ არ ხდება მისი ჩანაცვლება ახალი ან გაუმჯობესებული მექანიზმით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებულ დაცვის უფლებასთან. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული უფლების დაცული სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოში დაცვის უფლების რეალიზებით. იგი თავის თავში მოიცავს ყველა იმ საკანონმდებლო მექანიზმსა და ინსტიტუტს, რომელიც უზრუნველყოფს უფლების დაცვის შესაძლებლობას.
11. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. დასახელებული მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი“.
2. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს პირის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. ამასთან, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ ... ნორმის ნორმატიული ხასიათი ვლინდება ადამიანთა ქცევის სავალდებულო რეგულირებაში და განსაზღვრავს ამ ქცევათა მოქმედების ფარგლებს. შესაბამისად, სამართლებრივი დებულება მაშინ არის ნორმატიული ხასიათის მატარებელი, თუ იგი ადგენს ქცევის სავალდებულო წესს, რომელიც კონკრეტული პირის ან პირთა წრის მიმართ ადგენს აკრძალვებს ან პირიქით, ნებას რთავს გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. სამართლებრივი ნორმის სავალდებულო ხასიათი ემსახურება სწორედ ამ ფუნქციების განხორციელებას და მიზნად ისახავს ახალი სამართლებრივი წესრიგის დადგენას მისი მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-10).
3. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის (4625-Iს) პირველი მუხლი. აღნიშნული ნორმით მოხდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილის გაუქმება.
4. ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინებაში საქმეზე „ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებული კანონი, ფორმალური თვალსაზრისით წარმოადგენს ძირითადი აქტის თანაბარმნიშვნელოვან აქტს... საკონსტიტუციო სასამართლოს შინაარსობრივი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს არა ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის ესა თუ ის ნორმა, არამედ ძირითადი (კოდიფიცირებული) კანონის იმ ნორმის მოქმედი რედაქცია, რომელიც ჩამოყალიბდა განხორციელებული ცვლილების შედეგად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-7). წარმოდგენილ სარჩელში სადავო ნორმას სწორედ ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის კონკრეტული ნორმა წარმოადგენს, რომელიც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, არ წარმოადგენს დამოუკიდებელი მსჯელობის საგანს და მასზე მსჯელობა უნდა მოხდეს მისი, როგორც ძირითადი (კოდიფიცირებული) კანონის არსებით და განუყოფელ ნაწილზე.
5. იმავდოულად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად, მოხდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის კოდიფიცირებული კანონიდან ამოღება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონი ამოქმედებისთანავე წყვეტს დამოუკიდებლად არსებობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-8). შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედება შეწყდა ცვლილებებისა და დამატებების შესახებ სამსჯელო კანონის ამოქმედების მომენტიდან და ის განაგრძობს არსებობას მხოლოდ ძირითად (კოდიფიცირებულ) კანონში - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
6. სადავო ნორმით განხორციელებული ცვლილების შედეგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი აღარ არსებობს, მის ნაცვლად კანონის კოდიფიცირებულ ტექტსში არის ჩანაწერი - „ამოღებულია“. შესაბამისად, დასახელებული ნორმა არსებული რედაქციით არ ადგენს ქცევის ზოგად წესს, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნორმატიული ბუნების მქონედ. ის ვერ მოახდენს პირის უფლებებისა თუ თავისუფლებების შეზღუდვას. ამგვარი ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე მსჯელობით საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებდა არარსებული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რაც, როგორც განიმარტა, არ წარმოადგენს მის კომპეტენციას.
7. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, არსებობს №791 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №791 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე გიორგი ნოდია, ა.ა.ი.პ. „საქართველოს ბანკების ასოციაცია“ და ა.ა.ი.პ. „საქართველოს ბიზნესის ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
მაია კოპალეიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მერაბ ტურავა