საქართველოს მოქალაქე გიორგი ნოდია, ა.ა.ი.პ „საქართველოს ბანკების ასოციაცია“ და ა.ა.ი.პ „საქართველოს ბიზნესის ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N791 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ნოდია, საქართველოს ბანკების ასოციაცია, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია |
თარიღი | 11 ივლისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - შედგენილია სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია, მოცემულია მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მონაცემი, ინფორმაცია და არგუმენტაცია, ერთვის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი.
ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში კანონის კონსტიტუციურობის შემოწმებას.
გ) შეეხება საკითხებს რომლებიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში ნორმატიული აქტის/კანონის კონსტიტუციურობის საკითხს;
დ) შეეხება საკითხებს რომლებიც არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - საქართველოს კანონის ”საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”-ს გასაჩივრებული ნორმა მიღებულია 2015 წლის 11 დეკემბერს (კანონი N4625-Iს), არც გასაჩივრებულა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად ქცეულა;
ე) შეეხება საკითხებს რომლებიც გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებას (მუხლი 21.1. და 21.2. - საკუთრების უფლება; 30.2. პირველი წინადადება - მეწარმეობის თავისუფლება და 42.3. დაცვის უფლება), მის შეზღუდვას ნორმატიული აქტის/კანონის გასაჩივრებული ნორმებით;
ვ) და მისი შეტანა არ არის ვადით შეზღუდული;
ზ) არ შეეხება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობის საკითხს
რის გამოც არ არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებული აქტი წინააღმდეგობაში არის:
- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან, რადგანაც ადგილი აქვს საკუთრების უფლების დაცულ სფეროში შეჭრას უკანონო მფლობელის დასაცავად, რაც არის არალეგიტიმური/უვარგისი მიზნის მიღწევის საშუალება.
- საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრულ თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ვალდებულებასთან, რადგანაც ქონების/უძრავი ქონების, ეფექტური დაცვის მექანიზმებით უზრუნველყოფილი საკუთრების უფლების გარეშე შეუძლებელია თავისუფალი მეწარმეობის განვითარება. ამასთანავე, საკუთრების უფლების უკვე არსებული მექანიზმის გაუქმება, ისე რომ არ ხდება მისი გაუმჯობესება, წარმოადგენს კონსტიტუციური ვალდებულების დარღვევას.
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, რადგანაც საკუთრების უფლების დაცვის უკვე არსებული მექანიზმის გაუქმება, სანაცვლო ახალი ან გაუმჯობესებულის შექმნის გარეშე წარმოადგენს უფლების დაცვის უფლების შეზღუდვას. დაცვის უფლება არ ნიშნავს, ამ უფლების მხოლოდ სასამართლოში რეალიზაციას და უზრუნველყოფას, იგი ნიშნავს სხვა საკანონმდებლო მექანიზმებისა და ინსტიტუტების/სისტემის არსებობასაც, რომელიც უზრუნველყოფს უფლების დაცვას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია დრო და არსებული მდგომარეობა, როდესაც კანონმდებელმა გასაჩივრებული აქტით გააუქმა საპოლიციო გამოსახლება - სასამართლო სისტემის გადატვირთულობა, მოსამართლეთა სიმცირე და დროში გაჭიანურებული განხილვები.
მოსარჩელეები არიან დაინტერესებული სუბიექტები, რომლებსაც უშუალოდ ან რომელთა წევრებსაც უშუალოდ შეეხება გასაჩივრებული საკანონმდებლო აქტი, სასამართლოს მიმართავენ კონსტიტუციით დაცული საკუთარი და თავისი წევრების ინტერესების დასაცავად:
- გიორგი ნოდია, რომელმაც შეძენიდან (2015 წლის 13 მაისი) დღემდე ვერ მიაღწია მის საკუთრებაში არსებული სახლიდან უკანონო მფლობელთა გამოსახლებას, რომელსაც პროკურატურამ 2016 წლის 10 მაისს აცნობა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაზე უარი განაცხადა გამოძიების დაწყებაზეც კი და რომლის სარჩელზე პირველი ინსტანციის (მცხეთის რაიონული) სასამართლოში განხილვა მოსამზადებელ ეტაპზე იმყოფება;
- საქართველოს ბანკების ასოციაცია, რომლის მიზანია ბანკების უფლებებისა და ინტერესების დაცვა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებში. ბანკების საქმიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული სესხების/მოთხოვნის უზრუნველყოფასთან და მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისას, უზრუნველყოფის ქონების რეალიზაცია-გამოთავისუფლებასთან. აღნიშნულის ოპერატიული და ეფექტურად შესრულებადი მექანიზმების არარსებობა კი პირდაპირ გავლენას ახდენს ბანკების საქმიანობაზე. სწორედ ამ უარყოფითი გავლენის გამო საქართველოს ბანკების ასოციაცია, ერთიანი კონსტიტუციური სარჩელის წარდგენით ცდილობს საწესდებო მიზნის შესრულებას და ბანკების ინტერესების დაცვას;
- საქართველოს ბიზნესასოციაცია რომლის მიზანია ასოციაციის წევრი ბიზნესორგანიზაციების უფლებებისა და ინტერესების დაცვა. ბიზნეს ორგანიზაციების საქმიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული საკუთრებასთან და უძრავი ქონებით სარგებლობასთან. საკუთრებით ჯეროვანი სარგებლობის შეუძლებლობა და ამ ქონებიდან უკანონო მფლობელთა გამოსახლების არაეფექტური, ხანგრძლივი და ხარჯიანი პროცესი უარყოფით გავლენას ახდენს მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არ იძლევა განვითარების საშუალებას და შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალის ან გადახდისუუნარობის საფუძველიც გახდეს. ამასთანავე ფაქტობრივად და სამართლებრივად თავისუფალი უძრავი ქონების არარსებობა ბიზნესორგანიზაციებს უსპობს საფინანსო ინსტიტუტებიდან (საქართველოს თუ საერთაშორისო საბანკო, სადაზღვევო თუ სხვა საფინანსო კომპანიები) განვითარებისთვის ფინანსების მოზიდვის საშუალებას, რადაგან უკანონო მფლობელთა მიერ დაკავაბული უძრავი ქონება არ არის ის ლიკვიდური აქტივი, რომლებიც გამოდგება კრედიტის უზრუნველყოფად. აღნიშნულის გათვალისწინებით, უძრავი ქონებიდან ოპერატიული და ეფექტურად შესრულებადი მექანიზმების არარსებობა პირდაპირ გავლენას ახდენს ბიზნესორგანიზაციების (მათ შორის ბიზნესასოციაციის წევრების) საქმიანობაზე. სწორედ ამ უარყოფითი გავლენის გამო საქართველოს ბიზნესასოციაცია, ერთიანი კონსტიტუციური სარჩელის წარდგენით ცდილობს საწესდებო მიზნის შესრულებას და ბიზნესორგანიზაციების ინტერესების დაცვას.
სარჩელის განხილვისთვის მნიშვნელოვანი შეხსენება:
გასაჩივრებული ნორმით (172-ე მუხლის მე-3 ნაწილი) განსაზღვრული უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შეჩერების ინიციატივა მოპასუხეს, საქართველოს პარლამენტს 2013 წელსაც ჰქონდა, როდესაც იხილებოდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნორმის 2014 წლის 1 თებერვლამდე შეჩერების კანონპროექტი (#07-3/125-8; იხ.:http://info.parliament.ge/#law-drafting/6235), რომელიც პირველი მოსმენით 2013 წლის 25 ივლისის სხდომაზე მიიღო კიდეც საქართველოს პარლამენტმა. შინაარსობრივად პარლამენტი იმჟამად ცდილობდა გასაჩივრებულის ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას და საკუთრების უფლებაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩარევას. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ იმჟამინდელი გადაწყვეტილება, მისი მოქმედება დროში იყო შეზღუდული (2014 წლის 1 თებერვლამდე), მოგვიანებით მიღებული და ჩვენს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საკანონმდებლო აქტის მოქმედება კი დროში არ არის შეზღუდული, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი საერთოდ ამოღებულია/ძალადაკარგულია.
სარჩელის დამატებითი/დეტალური დასაბუთება:
2006 წლიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლში შეტანილი დამატებით მესაკუთრის საკუთრების უფლებისა და საკუთრებით/უძრავი ქონებით უკანონო მფლობელისაგან და უკანონო მფლობელობისაგან დაცვის საშუალებად გათვალისწინებული იყო ხელშეშლის აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. კოდექსის 172-ე მუხლს მე-3 ნაწილი დაემატა 2006 წლის 8 დეკემბრის #3885-IIს კანონით და იგი შემდეგი შინაარსის გახლდათ: „თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა.“
იმჟამად მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის, სასამართლოს გადატვირთულობის, საქმეთა განხილვისა და აღსრულების ხანგრძლივი ვადების, მესაკუთრის უფლებებში უკანონო ჩარევისაგან დაცვის და უკანონო ჩარევის/ხელშეშლის აღკვეთისათვის ეფექტური მექანიზმის არსებობის მნიშვნელობის გათვალისწინებით კანონმდებელმა საჭიროდ ჩათვალა სახელმწიფოს ვალდებულები (უზრუნველყოს უფლების დაცვა არა მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციებით არამედ ინსტიტუციურადაც) შეესრულებინა სწორედ ამ, არასასამართლო მექანიზმის შემოღებით. გასათვალისწინებელია რომ ეს, სპეციალური წესი შეეხებოდა მხოლოდ უძრავ ქონებას, სწორედ იმის გათვალისწინებით რომ უძრავი ქონების დაცულობა განაპირობებს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურ განვითარებას, მეწარმეობის სტილმულირებას და საინვესტიციო აქტივობას.
საქართველოს პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად და მის აღსასრულებლად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747 ბრძანებით (საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ) განისაზღვრა უძრავი ქონებით უკანონო მფლობელობისა და უკანონო ხელშეშლის საქმეთა ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები, რომლებიც წარიმართებოდა პოლიციის ორგანოს მიერ და უზრუნველყოფდა მხარეთა ჩართულობასა და უფლებების დაცვასაც. თავისთავად პოლიციის გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა სასამართლო წესით გასაჩივრებას.
მიუხედავად იმისა, რომ კვლავ არსებობდა 2006 წელს კანონის მიღებისთვის არსებული წინაპირობები, საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 11 დეკემბერს მიღებული, ჩვენს მიერ გასაჩივრებული კანონით გააუქმა უკანონო ხელშეშლის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საპოლიციო წესით აღკვეთის საკანონმდებლო მექანიზმი. არსებული საკანონმდებლო მექანიზმის გაუქმებით სახელმწიფომ/პარლამენტმა უარი თქვა კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე და ხელჰყო საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების, თავისუფალი მეწარმეობისა და დაცვის უფლება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით მისი მიღების მიზეზად და პირველ მიზნად მითითებულია შემდეგი „საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად „არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, (...) თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა“. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი კი გულისხმობს ბინაში ან სხვა მფლობელობაში შესვლას სწორედ მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის, ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ამასთან, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილებისა და კანონით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე. ამდენად, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი პრობლემურია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში“. სამწუხაროდ კანონმდებლის ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 პუნქტით რეგულირებული ურთიერთობა შეეხება უძრავი ნივთის მესაკუთრესა და უკანონო მფლობელს.
არცერთი საერთაშორისო აქტი, არც კონსტიტუცია და არც კანონი არ იცავს უკანონო მფლობელს, შესაბამისად უკანონო მფლობელის უფლებრივ დაცვას არ შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა ვიდრე მესაკუთრის უფლების დაცვას. საჯარო ინტერესი ვერ იქნება უკანონო მფლობელის უფლებრივი დაცვა, შესაბამისად იგი ვერ მოხვდება კონსტიტუციით დაცულ სფეროში. მეტიც, უკანონო მფლობელის უფლებრივი დაცვა ვერ იქნება ლეგიტიმური საჯარო ინტერესი რომლის დასაცავადაც შესაძლებელი და გამართლებული იქნება საკუთრების უფლების შეზღუდვა. აღნიშნულ დოქტრინალურ საკითხზე მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის 2005 წლის 13 ივლისის #2/5/309,310,311 (1) მოქალაქეები: ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2) მოქალაქე სერგო გოგიტიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3) მოქალაქე როსტომ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) და 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 (საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გადაწყვეტილებებში.
მსჯელობს რა საკუთრებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 (საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გადაწყვეტილებაში მიუთითებს: „ეს ნორმა ერთდროულად არის კერძო საკუთრების ინსტიტუტის და ადამიანის ძირითადი უფლების გარანტია. უზრუნველყოფს რა კერძო საკუთრების ინსტიტუტის ხელშეუხებლობას, ის მიმართულია კანონმდებლისადმი და ავალდებულებს მას, შექმნას ნორმათა ისეთი სისტემა, რომელიც ეჭვქვეშ არ დააყენებს ამ ინსტიტუტის არსებობას.“ (პ.II.7). აღნიშნული წარმოაჩენს საკუთრების უფლებასა და დაცვის კონსტიტუციურ უფლებას შორის კავშირის არსებობას. საკუთრების უფლებათა დაცვის ინსტიტუციური უზრუნველყოფის ვალდებულებაზე მსჯელობისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილებაში (დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნავს: „უფრო მეტიც, ის (...) ავალდებულებს კანონმდებელს, შექმნას ნორმათა იმგვარი სისტემა, რომელიც ეჭვქვეშ არ დააყენებს ამ ელემენტების არსებობას. შესაბამისად, კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი მიმართულია კერძო საკუთრების ეფექტური უზრუნველყოფისკენ (დაცვისკენ).“
კანონპროექტში მითითებულ, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან არსებული საპოლიციო გამოსახლების შესაბამისობის საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნამსჯელი აქვს 2008 წლის 4 აპრილის განჩინებაში, # 1/4/445 საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – კონსტანტინე ყუბანეიშვილი, მიხეილ გუმბათაშვილი და თეიმურაზ მირაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ. მოსარჩელეებს გასაჩივრებული ჰქონდათ სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 პუნქტი და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება და მოითხოვდნენ კონსტიტუციურობის შემოწმებას სწორედ კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია რა მოთხოვნა კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში დაუსაბუთებლად, მიუთითა: „თუმცა, არ დასახელდა არცერთი არგუმენტი, რომელიც მიუთითებდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საკუთრების მხოლოდ სასამართლოს გზით დაცვის ვალდებულებას.“ (პ.II.1). ეს პოზიცია წარმოაჩენს რომ საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმების დაცვა არის სახელმწიფოს ვალდებულება და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ უფლების სასამართლოს გზით დაცვით. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეთა კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად.
მართალია გასაჩივრებულ კანონსა თუ მის განმარტებით ბარათში ვერ ვხვდებით სახელდებით უკანონო მფლობელობაზე მითითებას, თუმცა გასაჩივრებული კანონის თანმდევ კანონში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, მიღებულია 2015 წლის 11 დეკემბერს. #4626-Iს) კანონმდებელი პირდაპირ და არაერთ ნორმაში მიუთითებს „უკანონო მფლობელობაზე“. აღნიშნული წარმოაჩენს, რომ კანონმდებელი/სახელმწიფო ჩაერია საკუთრების უფლებაში არალეგიტიმური/უვარგისი მიზნის/ინტერესის მისაღწევად თუ დასაბალანსებლად ყოველგვარი თანაზომიერების პრინციპის დაუცველად. „ცალმხრივი პრივილეგირება არ შეესაბამება კერძო საკუთრების იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ გაგებას, რომელიც მისი სოციალური ფუნქციით დატვირთვას ითვალისწინებს. იმავდროულად, დაწესებული შეზღუდვების კონსტიტუციურობის თვალსაზრისით გამართლებისათვის მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად საჭიროა კონკრეტული რეგულირების სფეროში მათი შემოღება და რამდენად ადეკვატურ ზომას წარმოადგენენ ისინი. ამდენად, ინდივიდის საკუთრებაში ჩარევა გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საზოგადოების მიერ მისაღებ სარგებელთან.“ - აღნიშნულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 (საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გადაწყვეტილებაში (პ. II. 11). ამავე საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილებაში (დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) მკაფიოდ მიუთითებს: „უფლებაში ჩარევა უნდა გამართლდეს შესაბამისი საჯარო ინტერესით, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ადამიანის უფლების ხელყოფის ხარჯზე. კანონმდებელმა სამართლიანად უნდა დააბალანსოს კერძო და საჯარო ინტერესი, ინდივიდის სამართლებრივი პოზიცია და საკუთრების სოციალური დატვირთვა.“ (პ.70).
გააუქმა რა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაცვის არასასამართლო, საპოლიციო მექანიზმი, კანონმდებელმა თანმდევ კანონპროექტში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, მიღებულია 2015 წლის 11 დეკემბერს. #4626-Iს) მართალია ამ კატეგორიის საქმეთა განხილვის ვადა შეამცირა 1 თვემდე, მაგრამ არსებული რეალობის, სასამართლოთა გადატვირთულობის, მოსამართლეთა სიმცირის და პრაქტიკის გათვალისწინებით, მხოლოდ კანონში ვადის მითითება არ არის საკმარისი გარანტია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (59-ე მუხლის მე-3 პუნქტი) საქმეთა განხილვის ვადად 2 თვე დიდი ხანია მითითებულია, მაგრამ და ეს ვადა ირღვეოდა და სამწუხაროდ კვლავაც ირღვევა. ანუ მხოლოდ კანონში ვადის მითითება არ არის საკმარისი, საჭიროა უფლების ეფექტური დაცვის სისტემისა და კომპეტენციით აღჭურვილი ინსტიტუტების შექმნა-ფუნქციონირება, ამის გარეშე საკუთრებისა და დაცვის უფლებაც ფიქციად (შინაარსგამოცლილ) უფლებად რჩება და ითვლება ამ უფლებების ხელყოფად. სწორედ ამაზე, არსებული რეალობის შესაბამისი და განჭვრეტადი შედეგების მნიშვნელობაზე, ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411 გადაწყვეტილებაში (შპს "რუსენერგოსერვისი", შპს "პატარა კახი", სს "გორგოტა", გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო "ფერმერი" და შპს "ენერგია" საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ) და 2005 წლის 23 მარტის #1/3/301 გადაწყვეტილებაში (საქართველოს მოქალაქეები - დავით სილაგაძე, ლიანა დარსანია და ეკატერინე წოწონავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
“კანონმდებელი კარგად უნდა განჭვრეტდეს არა მარტო მის მიერ მიღებული ნორმების მოქმედების შედეგებს, არამედ სათანადოდ აფასებდეს იმ დროსაც, რომელშიც ჩნდება ურთიერთობის ახლებურად მოწესრიგების აუცილებლობა.” - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411 გადაწყვეტილება (შპს "რუსენერგოსერვისი", შპს "პატარა კახი", სს "გორგოტა", გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო "ფერმერი" და შპს "ენერგია" საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ) პ.II. 13. სწორედ დრო და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა (გადატვირთულობა, მოსამართლეთა სიმცირე, საქმეთა განხილვის გაჭიანურება და ხანგრძლივი ვადები) არ გაითვალისწინა საკანონმდებლო ორგანომ და გააუქმა უძრავი ნივთის მესაკუთრის უკანონო მფლობელისაგან დაცვის არასასამართლო მექანიზმი. არასასამართლო მექანიზმის გაუქმება კი ამ პირობებში წარმოადგენს როგორც საკუთრების უფლებაში არალეგიტიმურ/ანტიკონსტიტუციურ ჩარევას, ასევე დაცვის უფლების დარღვევას. დღეს მესაკუთრეს, რომლის ქონებითაც უკანონოდ სარგებლობს სხვა პირი, უფლების აღდგენისთვის და ზიანის ანაზღაურებისთვის მოუწევს ორი სასარჩელო წარმოების ინიცირება, რასაც შემდგომ უნდა მოჰყვეს ორივე საქმის განხილვა სამი ინსტანციის სასამართლოში და დამატებით აღსრულების პროცესი. უკეთეს შემთხვევაში სასამართლო განხილვებს მინიმუმ 2 წელი უნდა მოხმარდეს, და რეალურია იმის ალბათობა რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ ბინასა თუ სხვა უძრავ ქონებაში მოპასუხის ნაცვლად აღმოჩნდეს სხვა პირი, რომელიც არ იყო სასამართლო განხილვის მხარე და რაც ნიშნავს, რომ იმ ახალი უკანონო მფლობელის მიმართ შესაძლოა ისევ ორი (უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება თუ უსაფუძვლო გამდიდრება) სასარჩელო წარმოება და იმდენივე დრო და ფინანსები გახდეს საჭირო. უძრავი ნივთის მესაკუთრესთან შედარებით უკანონო მფლობელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში რჩება, უკანონოდ და უსასყიდლოდ სარგებლობს სხვისი საკუთრებით. ამ პირობებში ირღვევა როგორც საკუთრების, ასევე დაცვის უფლება.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრე შეზღუდულია მხოლოდ კანონით ან ხელშეკრულებით („კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში“), უკანონო მფლობელობის აღკვეთის არასასამართლო მექანიზმის შემთხვევაში კი, ხდება უკანონო მფლობელის უფლებებით შეზღუდვაც.
საკუთრების უფლების დაცვის საშუალებებისა და სისტემის შექმნის ვალდებულებაზე და ამ ვალდებულების შესრულების მნიშვნელობაზე (რომელსაც კავშირი აქვს დაცვის უფლების უზრუნველყოფასთანაც) მსჯელობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2007 წლის 18 მაისის # 2/1-370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილებაში (საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ): „საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ – მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა.“ (პ.II.6)
ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტთაგანია ეკონომიკური განვითარება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესის ხელშეწყობა. ამ მიზნების მიღწევა კი რთულად მიიღწევა საკუთრების და საკუთრების უფლების დაცვის მყარი სამართლებრივი გარანტიებისა და სისტემის შექმნის, ამ უფლების რეალურად უზრუნველყოფის გარეშე. საინვესტიციო აქტიურობა და მეწარმეობის განვითარება ძირეულად არის დაკავშირებული საკუთრებისა და საკუთრების უფლების დაცულობის ხარისხზე. უძრავი ქონება და მასზე საკუთრების უფლება წარმოადგენს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საშუალებასაც და სარგებლის მიღების საშუალებასაც. აღნიშნულის გათვალისწინებით მჭიდრო კავშირია საკუთრებას, საკუთრების უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას შორის. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც, რომელიც საკუთრების უფლების სხვა კონსტიტუციურ უფლებებთან (უპირველესად მეწარმეობის თავისუფლება და დაცვის უფლება) კავშირს ადასტურებს. საილუსტრაციოდ მოვიხმობთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411 გადაწყვეტილებას (შპს "რუსენერგოსერვისი", შპს "პატარა კახი", სს "გორგოტა", გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო "ფერმერი" და შპს "ენერგია" საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ) რომელშიც სასამართლომ მიუთითა შემდეგი: „მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამართლებრივი სიკეთის ყოფიერებას განსაზღვრავს მეორე სიკეთე, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება. ეტყობა, ამანაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ შეიცავს ცალკე ნორმას მეწარმეობის თავისუფლების შესახებ და მას იქ მოიაზრებენ, სადაც საკუთრების უფლების გარანტიებზეა საუბარი. მართლაც, მეწარმეობა საკუთრების თავისუფლების გამოვლენის, მისი შინაარსის დემონსტრირების საუკეთესო ფორმაა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საკუთრებაში ვლინდება ადამიანი როგორც მეწარმე სუბიექტი.“.
უკანონო მფლობელობის აღკვეთის არასასამართლო მექანიზმის გაუქმებით უძრავი ნივთის მესაკუთრეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ეძლევა ამ ქონების სამეწარმეო მიზნით, სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენების საშუალებაც, მათ შორის გამოიყენოს შენობა საოფისედ (და იქირაოს სხვა, შესაბამისად გაიღოს დამატებითი ხარჯი), გამოიყენოს ქონება როგორც უფლებრივად თავისუფალი შენატანი სამეწარმეო საზოგადოებაში, აიღოს სესხი და გამოიყენოს ქონება სესხის/კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებად. მესაკუთრეს ეზღუდება სამეწარმეო საქმიანობის ყველაზე მარტივი გზით წარმართვის საშუალებაც - იჯარით გასცეს ან გააქირაოს უძრავი ნივთი. ეს ყველაფერი კი არღვევს საკუთრების უფლებასაც (ფლობა, სარგებლობა, განკარგვა) და მეწარმეობის თავისუფლებასაც.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს მოცემული მსჯელობა საკუთრების უფლების, დაცვის უფლებისა და მეწარმეობის თავისუფლების მნიშვნელობაზე, ურთიერთკავშირსა და მინიმალურ სტანდარტებზე, ამ ეტაპისთვის თავს შევიკავებთ მეტი არგუმენტების წარმოდგენისაგან.
მოვითხოვთ ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (#4625; მიღებულია 2015 წლის 11 დეკემბერს) პირველი მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან, 30-ე მუხლის მე-2 უნქტის პირველ წინადადენასთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე:არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი