სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ირაკლი ონიანი
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1337 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ირაკლი ონიანი |
თარიღი | 9 ივლისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
ა. ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,; საქმის ნომერი : N1337
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
სასამართლოს მეგობრის წერილი სსკ-ის 1455-ე მუხლზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი- ირაკლი ონიანი
სსკ-ის 1455-ე მუხლის მიხედვით: „სამკვიდროს გაყოფისას თიოთოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლით ადრე“. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ ამ მუხლის შინაარსი პირდაპირ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, რადგან ირღვევა მისი როგორც მესაკუთრის უფლება, აგრეთვე ეს მუხლი არამართლზომიერად ერევა ნების თავისუფლებაში, რადგან მისი მამა, რომელიც იყო მესაკუთრე მას გადასცა, აჩუქა უძრავი ქონება ბინა, რომელიც დარეგისტრირდა მის სახელზე საჯარო რეესტრში.
მნიშვნელოვანია ჩავწვდეთ და გავიგოთ კანონმდებლის სურვილი ამგვარი მოწესრიგების, თუ რას ემსახურება და რა მიზნით არის შემოღებული ამგავრი რეგულაცია. სსკ-ის 1455-ე მუხლი თავისთავად ცდილობს დაიცვას მემკვიდრე (მემკვიდრეები, რომლებსაც არ მიუღიათ საჩუქრად ქონება, სწორედ ამ მუხლის ნორმატიული შინაარსი მიმართულია იმისკენ, რომ მამკვიდრებლის ან რომელიმე მემკვიდრის მხრიდან არ მოხდეს სამკვიდროდან ისეთი ქონების გამოცალკევება, რომელზეც შესაძლოა სხვა მემკვიდრეების უფლებები იქნეს გავრცელებული. სწორედ, იმავე რიგის არადასაჩუქრებულ მემკვიდრეებს იცავს კანონმდებელი და გვთავაზობს ამგვარ მოწესრიგებას.
ჩუქების ხელშეკრულების არსი სსკ-ის 524-ე მუხლის მიხედვით მდგომარეობს შემდეგში : ჩუქების ხელშეკრულება მიუხედავად იმისა, რომ დასაჩუქრებული სანაცვლოდ არაფერს არ სთავაზობს დამსაჩუქრებელს(თანხას ან სხვა ტიპის საზღაურს), ამ ხელშეკრულების დადების დროს აუცილებელია, სახეზე იყოს დამსაჩუქრებლის ნება, რომ მას სურდეს ამგვარი ქმედების განხორციელება და საჩუქრის ადრესატის მხრიდან იყოს თანხმობა გაცხადებული. ჩვენს შემთხვევაში, მოსარჩელის მამის მიერ გამოხატულ იქნა ნება და საჩუქრის მიმღებმაც თანხმობა განაცხადა, შესაბამისად დაიდო ეს ხელშეკრულება, რომელიც მიჩნეულია უდავოდ. მნიშვნელოვანია, 1455-ე მუხლი რამდენად ითვალისწინებს 524-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს, რომელიც საუბრობს დამსაჩუქრებლის მიერ გამოხატულ ნებაზე. პირველ რიგში განვიხილოთ საკუთრების უფლება კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით : საკუთრების უფლება აღიარებულია და გარანტირებულია, სრულყოფილად რომ შეგვეძლოს ვუწოდოთ მესაკუთრე პირს მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა : ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ქონებას. ეს სამივე კომპონენტი უნდა იყოს კუმულაციურად შესრულებული და ამათგან, რომელიმეს შეზღუდვის შემთხვევაში პირის საკუთრების უფლებაში ხდება ჩარევა, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი დასაბუთება თუ რამდენად თანაზომიერი და პროპორციული იყო ამგავრი ჩარევა. სწორედ სსკ-ის 1455-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, უსაზღვრავს ვადად 5 წელს მამკვიდრებლის მიერ მის სიცოცხლეში გაჩუქებული ნივთის მომავალს და ივიწყებს დამსაჩუქრებლის ნებას, საკუთარი ნებით და გადაწყვეტილებით განკარგოს საკუთრება. კანონი ჩუქების ხელშეკრულებით და მისი მომწესრიგებელი ნორმების საშუალებით მხოლოდ მესაკუთრეს, ანიჭებს ინიციატივის უფლებას, რომ თავად გადაწყვიტოს ქონების ბედი, თავად განკარგოს იგი. მესაკუთრის ნება უძრავი ქონების გასხვისების დროს მნიშვნელოვანია, სწორედ საკუთრების უფლება არის დაცული კონსტიტუციის მე-19 მუხლში.
ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან: მესაკუთრის მხრიდან ქონების გაჩუქება ერთ-ერთ მემკვიდრეზე, როგორც ცალკე მდგარი ნება მემკვიდრეობისგან დამოუკიდებლად თუ მემკვიდრეობის შინაარსის ნაწილი?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მამკვიდრებლის მიერ გამოხატული ნება მის სიცოცხლეშივე ქონების ჩუქების ხელშეკრულებით გაცემის ნება, წარმოადგენს მის თავისუფალ ნებას, რომელიც არის ბუნებითი უფლება და ის გარანტირებულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში.საკუთრების გასხვისების უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და სწორედაც მესაკუთრის ნება განუსაზღვროს ქონებას მომავალი წარმოადგენს მის უფლებას კონსტიტუციის დონეზე გარანტირებულს. ზემოთ მოყვანილი მსჯელობის შესაბამისად ამ შემთხვევის მოსაწერიგებლად განვავითაროთ შემდგი დათქმა: 1. თუ ანდერძის დაწერამდეა გაჩუქებული ქონება მესაკუთრის თავისუფალი ნების გამოვლინებად მივიჩნიოთ და ვადით არ შევზღუდოთ, 2. თუ ანდერძის დაწერის შემდეგ ხდება ჩუქება მემკვიდრეზე, ეს არის მესაკუთრის თავისუფალი ნება, რომლის მიხედვითაც ის სამომავლოდ სამკვიდროს გახსნის დროს გაჩუქებული ქონების, დასაჩუქრებულისვე სამკვიდროდან ასაღებ წილში ჩათვლის სურვილით არის განმსჭვალული . 3. ანდერძის არ არსებობის პირობებში კი მესაკუთრე სიცოცხლეშივე საკუთარი თავისუფალი ნებით სარგებლობს და მემკვიდრეს ჩუქნის ქონებას, რადგან თვლის, რომ დანარჩენი მის ხელთ არსებული ქონება მისი გარდაცვალების შემდეგ კანონით განაწილდება. მნიშვნელოვანია ამასთანავე განვიხილოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წარმოადგენს კონსტიტუციის ქვემდგომ კანონს და ამ უკანასკნელთან უნდა იყოს შესაბამისობაში. მემკვიდრეობის უფლება საქართველოს კონსტიტუციით აღირებული და უზრუნველყოფილია. მემკვიდრეობას წარმოადგენს მამკვიდრებლის კანონიერ საკუთრებაში არსებული ქონება, რადგან როდესაც პირი ფლობს ქონებას და მას ის სათანადო წესით აქვს საკუთრებაში (ის ითვალისწინებს, რომ გარდაცვალების შემთხვევაში მისი საკუთრება შესაძლებელია განაწილდეს მემკვიდრეებზე და ასეც ხდება), მემკვიდრეობის არსი მდგომარეობს შემდეგში : მამკვიდრებლის არარსებობის შემთხვევაში არ იქნება მემკვიდრეობა ამასთანავე მამკვიდრებელს თუ არ გააჩნია ქონება მემკვიდრეებიც შესაბამისად ვერაფერს ვერ მიიღებენ მემკვიდრეობით. შესაბამისად მემკვიდრეების განსაზღვრის უფლება ენიჭება მამკვიდრებელს, რომელიც არის უფლებამოსილი თავად განკარგოს სამკვიდროს ბედი (გამონაკლისი შემთხვევა შემოგვთავაზა კანონმდებელმა და სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება მიანიჭა იმ რიგის მემკვიდრეს რომელი რიგის მემკვიდრეებს შორისაც განაწილდა ქონება). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მესაკუთრის ნება განკარგოს ქონება თავისი შეხედულებისამებრ არ უნდა იყოს განსჯადი, რადგან ამ უფლებას ანიჭებს მას კონსტიტუცია და კანონი, მაშინ როდესაც არ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.
სსკ-ის 1455-ე მუხლი უწესებს 5 წლიან ვადას, კერძოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში სამკვიდროს გახსნამდე, 5 წლის განმავლობაში საჩუქრის სახით მიღებული ქონება... . მოცემული 5 წელი წარმოადგენს მესაკუთრის ნების თავისუფლებაში ისეთ ჩარევას, რომლის წინააღმდეგ თავად მესაკუთრეს არ აქვს უფლება გამოთქვას აზრი და შეეწინააღმდეგოს მას, ეს დათქმა ‘’უსაფრთება’’ ასეთ მესაკუთრეს, ელოდება მის მამკვიდრებლის სტატუსს და ახდენს მისი ‘’ნების კორექციას’’. უპირატესობა ანდერძით მემკვიდრეობის დროს კანონით მემკვიდრეობასთან შედარებით აშკარაა. კანონმდებელი აწესებს შემდეგს, თუ არ არსებობს ანდერძით მემკვიდრეობა, რისთვისაც საჭიროა ანდერძი, მაშინ სახეზე გვაქვს კანონით მემკვიდრეობა. ამ მიმართებიდან ჩანს, რომ კანონმდებელი უპირატესობას ანიჭებს ანდერძს, რადგან მასში გამოხატულია მესაკუთრის თავისუფალი ნება განკარგოს ქონება, მიუხედავად მემკვიდრეობის რიგებისა. ხოლო კანონით მემკვიდრეობის დროს, კანომდებელი მემკვიდრეებს რიგებში ანაწილებს, რადგან ის ვარაუდობს, რომ მამკვიდრებლის სურვილი სავარაუდოდ მოწესრიგების მსგავსი იქნებოდა (‘’სავარაუდო ნება’’). შესაბამისად კანონმდებელი უპირატესად ეფუძნება მამკვიდრებლის ნებას და მისი არ არსებობის შემთხვევაში მამკვიდრებლისვე „სავარაუდო ნებას“ რომელსაც გარანტირებულად იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი.
მაშინ არის კი შესაბამისობაში კანონმდებლის სურვილთან სსკ-ის 1455-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი? - შეგვიძლიათ დავასკვნათ, რომ კანონმდებელი მამკვიდრებლის ნებას უპირატესობას ანიჭებს, ამასთანავე სსკ-ის 1455-ე მუხლში კი მისსავე ნებას ზღუდავს. ამ მოწესრიგებით კანონმდებელი შეეწინააღმდეგა:
· საკუთარ თავს
· გამოავლინა ორმაგი სტანდარტი
· და დაარღვია კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.
საყურადღებოა სსკ-ის 1455-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ არღვევს მესაკუთრის მხრიდან გაცხადებულ ნებას, კერძოდ ახდენს ამ ნებაში არათანაზომიერ ჩარევას, რითაც ზღუდავს არამარტო მის ნებას, არამედ იმ მემკვიდრის საკუთრების უფლებას, რომელმაც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო ეს ქონება. შესაბამისად, ზემოთ წამოჭრილი პრობლემების მიხედვით აშკარად იკვეთება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა, როგორც მესაკუთრის ნებაში ჩარევით, ამ მესაკუთრის შემდგომში მამკვიდრებლად ქცევის დროს.