ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1337 |
ავტორ(ებ)ი | ხათუნა წოწორია |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სამოქალაქო კოდექსის 1455 მუხლი: ,,სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში.“ | კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით ან შინაარსით შეესაბამება საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ;
საქალაქო სასამართლოში იხილება საქმე (# 196419606127048), რომელიც ეხება ნაჩუქარი ნივთის მემკვიდრის წილში ჩათვლის საკითხს. მედავებიან მამისგან ნაჩუქარ ქონებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის დალი აჟანდაძის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე, სადაც ჩემი ნახევარდა ელისაბედ გომარელი, როგორც ჩვენი გარდაცვლილი მამის - დემურ წოწორიას პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, სასამართლოსგან ითხოვს მე, როგორც ასევე დემურ წოწორიას პირველი რიგის მემკვიდრეს - შვილს. რომელსაც სიცოცხლეში მაჩუქა საცხოვრებელი სახლი, კომპენსაციის სახით მის სასარგებლოდ დამეკისროს უძრავი ქონების ღირებულების ½ ნაწილი.
ელისაბედ გომარელი თავის სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნავს, რომ არის გარდაცვლილი მამის პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი.
მამა გარდაიცვალა 2016 წლის 28 მაისს.
მამამ სიცოცხლეში მაჩუქა საცხოვრებელი სახლი მდებარე თბილისში, ვ.სარაჯიშვილის ქ.12 – 2012 წლის 24 დეკემბერს. აღნიშნულ ბინაში მე ისედაც ვიყავი ჩაწერილი დაბადებიდან, ანუ 1996 წლის მაისამდე, რაც ½ ქონებაზე საკუთრების უფლებას ისედაც მანიჭებდა. რადგან მამასთან სადაო არაფერი მქონდა, ამიტომ ჩემი საკუთრების უფლების განცალკევებით აღრიცხვის გარეშე, მთლიანი რეგისტრაციით განვახორციელე ჩუქების რეგისტრაცია.
3 წლისა და 6 თვის შემდეგ, მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს ჩემთვის გადმოცემულ ქონებაზე.
ჩვენს შორის სამკვიდრო არ განაწილებულა. მე მამაჩემის მემკვიდრედ არ ვარ ცნობილი, რადგან არ მიმიმართავს ნოტარიუსისთვის სამკვიდროს გახსნის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ის მაინც ითხოვს ჩემთვის კომპენსაციის დაკისრებას.
კანონი მოცემული მუხლით ,,მემკვიდრის სტატუსის მქონე პირის“ დისკრიმინაციას ახორციელებს, რადგან მამაჩემს სხვა პირისთვის რომ გადაეცა ქონება საკუთრებაში (არამემკვიდრისთვის, მაგ: მეზობლისთვის) ამ შემთხვევაში ელისაბედ გომარელს არ ექნებოდა სამართლებრივი საფუძველი სარჩელის აღძვრისა. მოცემულ შემთხვევაში კი, მე, როგორც დასაჩუქრებულს, როგორც ,,მემკვიდრის სტატუსი“ მქონე პირს ზიანს მაყენებს გასაჩივრებული მუხლი. ის დისკრიმინაციულია, როდესაც მინიშნებას აკეთებს ,,მემკვიდრეზე“.
გ) მასში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არ არის უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) მასში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია რადგან ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე დაბლა მდგომია.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული და დაცულია საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური ფულება. სამოქალაქო ურთიერთობებში საკუთრების უფლება შეიძლება წარმოიშვას გარიგების საფუძველზე, ანუ ნივთის მესაკუთრე გადასცემს საკუთრების უფლებას ამ ნითზე პირს. საკუთრების არსი მდგომარეობს მისი განკარგვის თავისუბლებაში, ანუ სამოქალაქო ურთიერთობებში მესაკუთრე ულებამოსილია საკუთარი ნებით განკარგოს, მათ შორის, გაასხვისოს მოცემული საკუთრება. გასხვისების ფორმა არის რამოდენიმე, მაგრამ არსი მდგომარეობს ნების განხორციელების თავისუფლებაში. საკუთრების გასხვისების გარიგების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ჩუქება. სსკ 525 მოცემულია ჩუქების დეფინიცია. ჩუქება არის ორმხრივი გარიგება. მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, ხოლო უძრავ ნივთზე - საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საკუთრების ამ ფორმულირებიდან გამომდინარე დასაჩუქრებული არის უკვე მესაკუთრე თუ ჩუქების დეფინიციის შესაბამისი მოქმედებები შესრულდა და ამ ახალ მესაკუთრეს იცავს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება, რომ საკუთრება უზრუნველყოფილია. შესაბამისად, საკუთრების კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას ზღუდავს:
სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლი ზღუდავს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას. ეს ნორმა ამცირებს იმ მემკვიდრის წილს სამკვიდრო ქონებაში, რომელსაც სამკვიდროს გახსნამდე მამკვიდრებელმა ჩუქებით გადასცა ქონება. სამკვიდრო ქონებაში მემკვიდრის წილი მცირდება იმ ქონების ღირებულებით, რაც მან ჩუქებით მამკვიდრებელისაგან მიიღო სამკვიდროს გახსნამდე 5 წლის განმავლობაში. კანონმდებელი უსაფუძვლოდ ერევა კერძო პირებს შორის ურთიერთობაში იმ პირობებში, როდესაც მამკვიდრებელს ნება არ გამოუხატავს იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდეს მისი ქონების განაწილება მისი გარდაცვალების შემდეგ. სადავო ნორმით, კანონმდებელი არა მარტო იმ მემკვიდრეს ზღუდავს, რომელმაც სამკვიდროს გახსნამდე, 5 წლით ადრე მამკვიდრებელისაგან ჩუქებით მიიღებს ქონებას, არამედ თავად მამკვიდრებელსაც. ამგვარი რეგულაცია, აიძულებს მამკვიდრებელს თავი შეიკავოს სიცოცხლეში თავისი ერთ-ერტი მემკვიდრისათვის ქონების ჩაუქებისაგან, იმის შიშით რომ გარდაცვალების შემდეგ, ამ მემკვიდრის წილი შემცირდება სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: ,,მემკვიდრეობის უფლების ფუნქციას წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ მესაკუთრის გარდაცვალებასთან ერთად არ მოხდეს კერძო საკუთრების როგორც საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვის საფუძვლის დაკარგვა, არამედ ის შენარჩუნდეს სამართალმემკვიდრეობის გზით... მემკვიდრეობის უფლების გარანტია განამტკიცებს პირთა მიერ საკუთრების შეძენის სპეციფიკურ შესაძლებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მამკვიდრებლის უფლება, ანდერძის საფუძველზე განკარგოს საკუთარი ქონება და მემკვიდრის უფლება, შეიძინოს შესაბამისი საკუთრება მემკვიდრეობის გზით, წარმოადგენს ძირითადი უფლების სახით რეგლამენტირებული თავისუფლების გარანტიის განუყოფელ შემადგენელ ნაწილს. ამასთანავე, მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს პიროვნული თავისუფლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ასპექტს.
იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელმა სიცოცხლის ბოლო 5 წლის განმავლობაში განკარგა საკუთარი ქონება, ტვირთს არ უნდა აკისრებდეს არც მამკვიდრებელს არც იმ მემკვიდრეს, რომელმაც ქონება ჩუქებით მიიღო. სადავო ნორმით კი, როგორც მემკვიდრე, ისე მამკვიდრებელი ისჯება სიცოცხლეში დადებული გარიგების გამო.
სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანს წარმოადგენს იმ მემკვიდრეთა უფლებების დაცვა, რომელსაც მამკვიდრებლისაგან ჩუქებით ქონება არ მიუღიათ. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ ამ მემკვიდრეთა უფლებები დაცულია იმით, რომ ანდერძის არარსებობის პირობებში, სამკვიდრო ქონება განაწილდება თანაბრად. ანდერძის არსებობის შემთხვევაში ასეთი მემკვიდრე იღებს სავალდებულო წილს. ამ გარემოების გათვალისწინებით, არავითარ აუცილებლობას აღარ წარმოადგენს მამკვიდრებლის და იმ მემკვიდრის დამატებითი შეზღუდვა, რომელმაც მამკვიდრებლის სიცოცხლის ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა მამკვიდრებელთან.
ამგვარად სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტს,
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა