ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/2/1337 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 თებერვალი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 თებერვალი 2019 20:18 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1337) მომართა საქართველოს მოქალაქე ხათუნა წოწორიამ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2018 წლის 31 ივლისს. №1337 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გამწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 7 თებერვალს.
2. №1337 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლი ადგენს, რომ სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან, საჩუქრის სახით, მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში.
4. №1337 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მისი მე-2 პუნქტი ადგენდა აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრიდან მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრება, რომ „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
6. №1337 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ მამისგან მის სიცოცხლეში, კერძოდ, სამკვიდროს გახსნამდე 5 წლის განმავლობაში, ჩუქების გზით მიიღო ქონება. თუმცა მამკვიდრებლის კიდევ ერთი პირველი რიგის მემკვიდრე, სადავო ნორმის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო დავის ფარგლებში, ითხოვს მოსარჩელისათვის მამის სიცოცხლეში ნაჩუქარი საცხოვრებელი სახლის ღირებულების ½ ნაწილის მის სასარგებლოდ დაკისრებას.
7. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას და უსაფუძვლოდ ამცირებს იმ მემკვიდრის წილს სამკვიდრო ქონებაში, რომელსაც სამკვიდროს გახსნამდე მამკვიდრებელმა ჩუქებით გადასცა ქონება.
8. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით, კანონმდებელი არა მარტო იმ მემკვიდრეს ზღუდავს, რომელიც სამკვიდროს გახსნამდე 5 წლით ადრე მამკვიდრებელისაგან ჩუქებით მიიღებს ქონებას, არამედ თავად მამკვიდრებელსაც. ამგვარი რეგულაცია აიძულებს მამკვიდრებელს, თავი შეიკავოს სიცოცხლეში თავისი ერთ-ერთი მემკვიდრისათვის ქონების ჩუქებისგან, იმის შიშით, რომ გარდაცვალების შემდეგ ამ მემკვიდრის წილი შემცირდება სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ.
9. №1337 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ იმ მემკვიდრეთა უფლებები, რომლებსაც მამკვიდრებლისგან ჩუქებით ქონება არ მიუღიათ, დაცულია როგორც ანდერძის არარსებობის პირობებში ქონების თანაბრად განაწილებით, ისე ანდერძის არსებობის პირობებში - სავალდებულო წილის მიღებით. შესაბამისად, ამ გარემოების გათვალისწინებით, არავითარ აუცილებლობას აღარ წარმოადგენს მამკვიდრებლის და იმ მემკვიდრის დამატებით შეზღუდვა, რომელმაც მამკვიდრებლის სიცოცხლის ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა მამკვიდრებელთან.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
12. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქოსამართლებრივ დავაზე არსებობს სასამართლოს მიერ სადავო ნორმის გამოყენების შესაძლებლობა, რაც გამოიწვევს მისი საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვას. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1337 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო საკუთრების უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავდა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით საკუთრების უფლება დაცულია მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძველი რეგლამენტირებულია მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ №1337 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
4. №1337 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელის წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო დავაზე არსებობს სასამართლოს მიერ სადავო ნორმის გამოყენების შესაძლებლობა, რაც გამოიწვევს მისი საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვას. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის მოქმედების შეჩერებას.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
6. საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხზე მსჯელობისას ყურადღებას ამახვილებს ამ მექანიზმის გამოყენების ეფექტურობაზე. კერძოდ, რამდენად იქონიებს გავლენას ნორმის მოქმედების შეჩერება მხარის სამართლებრივ მდგომარეობაზე გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილების თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის N1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, „კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული“. შესაბამისად, მემკვიდრეობის სამართლიდან წარმოშობილი, მათ შორის სამკვიდროს განაწილებასთან, მის მიღებასა თუ სხვა მომიჯნავე საკითხებთან მიმართებით, სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირებისას გამოიყენება ამ ურთიერთობის წარმოშობის მომენტში მოქმედი წესები. ამასთან, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დასახელებული საკითხების მიმართ კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების უკუძალით გავრცელების საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას. მოსარჩელესა და მის მამკვიდრებელს შორის ჩუქების ხელშეკრულება დაიდო 2012 წელს, ხოლო მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2016 წელს. შესაბამისად სამკვიდროს გახსნის საკითხი რეგულირდება მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს (2016 წელს) მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
8. საქართთველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია სადავო ნორმის მოქმედება შეაჩეროს შესაბამისი საოქმო ჩანაწერის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. ამდენად, მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილება გამოიწვევს სადავო ნორმის მოქმედებას შეჩერებას საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდგომ ურთიერთობებზე. შესაბამისად, სადავო ნომის მოქმედების შეჩერება გავლენას ვერ მოახდენს 2016 წელს გარდაცვლილი პირის სამკვიდროს გახსნასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე და ხსენებულს საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სამოქალაქო დავის გადაწყვეტაზე.
9. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ შეცვლის მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას და გავლენას ვერ მოახდენს მის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის გამოყენების საფუძველი. ამდენად, მოსარჩელის შუამდგომლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1337 („ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით კონსტიტუციურობის თაობაზე.
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი