საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/6/580 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 4 დეკემბერი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებს აკისრებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №580) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძემ. №580 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 24 მარტს.
2. №580 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 4 დეკემბერს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი; 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. №580 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება მისი იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას აკისრებს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რითაც დაცულია კანონის წინაშე ყველას თანასწორობა.
5. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ ყოველი მოქალაქე ვალდებულია, იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო - სააღრიცხვო სპეციალობა.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი წარმოადგენს პირს, რომელსაც არ აქვს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, თუმცა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, 2009 წლიდან იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ერთობლიობით, პირები, რომლებიც იმყოფებიან ან ვალდებული არიან იმყოფებოდნენ სამხედრო აღრიცხვაზე, ექვემდებარებიან სამხედრო ვალდებულების მოხდას. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია არა იზოლირებულად, არამედ ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან ერთად, რომლის თანახმადაც, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალები გათავისუფლებული არიან სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულების, შესაბამისად, სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან.
8. მოსარჩელე მხარის მითითებით, ქალები, რომელთაც არ გააჩნიათ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა და ამავე კატეგორიის მამაკაცები, წარმოადგენენ თანასწორ სუბიექტებს სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის მიმართ. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ეს პირები სადავო ნორმის ძალით გაუმართლებლად არათანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან, რითაც, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, თითოეული ადამიანისათვის გარანტირებული თანასწორობის უფლება. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, ვინაიდან წარმოდგენილ შესადარებელ ჯგუფებს შორის დიფერენცირებული მიდგომა სქესის ნიშნით ხორციელდება, სადავო ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს ე.წ. „მკაცრი შეფასების ტესტის“ გამოყენებით, რაც თავის თავში გულისხმობს თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისობის შემოწმებას.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სამხედრო ვალდებულების მოხდა საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება. ქვეყნის დაცვა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია, რის გამოც სამხედრო აღრიცხვა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრება, თუნდაც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე პირებისთვის კონსტიტუციურია. თუმცა მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სქესი არ შეიძლება ჩაითვალოს რაციონალურ საფუძვლად, რომელიც გაამართლებდა სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნასა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრებას იმ პირობებში, როდესაც ამავე კატეგორიის ქალები გათავისუფლებული არიან აღნიშნული ვალდებულებებისაგან.
10. მოსარჩელე მხარისათვის გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნისა და სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლებით, მაშინ, როდესაც ეს მიზანი მიღწევადია შესაბამისი კატეგორიის ქალებისათვის დასახელებული ვალდებულებების მოხსნით. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცთათვის ხსენებული ვალდებულებებისაგან გათავისუფლების პირობებშიც კი საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ლეგიტიმური მიზნები, რაც სადავო ნორმას გააჩნია, მიღწევადია, რადგან არსებობენ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მქონე პირები, რომლებიც კვლავაც დაექვემდებარებიან სამხედრო აღრიცხვასა და სამხედრო ვალდებულების მოხდას.
11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, წარმოდგენილ შესადარებელ ჯგუფებს შორის დიფერენცირებული მიდგომის გამამართლებელ არგუმენტად არ შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალთა უფლებების დარღვევის პრევენცია, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ, ერთი შეხედვით, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალებისათვის სამხედრო ვალდებულების მოხდა მათ ზედმეტად მძიმე ტვირთად დააწვებათ, მათივე ფიზიკური შესაძლებლობების გამო, მაშინ როდესაც ამავე კატეგორიის მამაკაცები არაპროპორციული ძალისხმევის გარეშე შეძლებენ სამხედრო ვალდებულების მოხდას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მამაკაცად ყოფნის ფაქტი სამხედრო ვალდებულების არაპროპორციული ძალისხმევის გარეშე შესრულების შესაძლებლობას თავისთავად ვერ განაპირობებს ისევე, როგორც ქალად ყოფნის ფაქტი ამგვარ შესაძლებლობას თავისთავად ვერ გამორიცხავს.
12. მოსარჩელე მხარე, სადავო ნორმის დისკრიმინაციულ ხასიათზე საუბრისას ასევე მიუთითებს დამატებით უარყოფით შედეგზე, კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე თვეში ეწურება სამხედრო სამსახურის გადავადების ვადა და ექვემდებარება სამხედრო სამსახურში გაწვევას. შესაბამისად, განსხვავებით სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალებისაგან, როგორც მოსარჩელე, ისე ზოგადად ამავე კატეგორიის მამაკაცები ერთი წლის განმავლობაში მოკლებულნი იქნებიან პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, მისი იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებს აკისრებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას, იმ პირობებში, როდესაც ამგვარი ვალდებულებისაგან გათავისუფლებული არიან ამავე კატეგორიის ქალები, ადგენს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
14. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკას სადავო საკითხებთან დაკავშირებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №580 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №580 (საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი