საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 580 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კეკენაძე |
თარიღი | 21 მარტი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წინამდებარე სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი. კერძოდ, იგი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ ფორმალურ მოთხოვნებს. სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: ,,საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტების ან მათი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს სახალხო დამცველს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ (ფიზიკურ და იურიდიულ პირებს) მიაჩნიათ, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. აღნიშნული უფლება მოსარჩელეს აქვს, ასევე საქართველოს კონსტიტუციისა და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით. მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ აქვს სამხედრო-სააღრიცხვო სპევიალობა. მიუხედავად ამისა, იგი, სადავო ნორმის ძალით, იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე 2009 წლიდან მაშინ, როცა ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ)” ქვეპუნქტი ქალებს, რომელთაც არ გააჩნიათ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, ათავისუფლებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისაგან, რითაც ირღვევა მოსარჩელის სქესის ნიშნით კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი ( ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადების კონსტიტუციურობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტია საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით. აღნიშნული სარჩელის შემოტანისათვის კანონი არანაირ ვადას არ აწესებს; დავის საგანია კანონის და არა კანონქვედებარე ნორმატიული აქტის შესაბამისი ნორმის კონსტიტუციურობა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადების ძალით, მოსარჩელე 2009 წლიდან იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე (სამხედრო სამსახურში გაწვევა გადავადებული აქვს ამავე კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ1” ქვეპუნქტის საფუძველზე). დასახელებული ნორმის, აღნიშნული კანონის მე-9 მუხლისა და 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ერთობლიობით, პირები, რომლებიც იმყოფებიან ან ვალდებულნი არიან, იმყოფებოდნენ სამხედრო აღრიცხვაზე, ექვემდებარებიან სამხედრო ვალდებულების მოხდას. მოსაჩელე, აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტის ძალით, ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას. ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ქალები, რომელთაც არ გააჩნიათ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, არ ექვემდებარებიან სამხედრო აღრიცხვას. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის ქალები ავტომატურად თავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან მაშინ, როდესაც კაცები, რომელთაც ასევე არ გააჩნიათ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, ექვემდებარებიან სამხედრო აღრიცხვას და, შესაბამისად, სამხედრო ვალდებულების მოხდას. სადავო ნორმა (გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი) (,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის მოქმედების პირობებში და არა იზოლირებულად) დისკრიმინაციულია მოსარჩელის, როგორც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე კაცის, მიმართ, რადგან ქალი და კაცი, რომელთაც არ აქვთ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის მიმართ არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, სადავო ნორმა კი დასახელებული კატეგორიის კაცებს, ამავე კატეგორიის ქალებთან შედარებით (,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით ), გაუმართლებლად არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს. ამით ირღვევა მოსარჩელის სქესის ნიშნით კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა." ,,კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება # 1/1/493, II, 1).” ,,კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის, ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თაასწორის განხილვა უთანასწოროდ და - პირიქით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება # 1/1/493, II, 2).” ნებისმიერი გადახვევა ამ დანაწესიდან სახელმწიფომ, მინიმუმ, გონივრულობის სტანდარტის დაკმაყოფილებით უნდა დაასაბუთოს, ზოგიერთ შემთხვევაში კი არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა და - პირიქით, თანაზომიერების პრინციპს უნდა შეესაბამებოდეს. სამხედრო აღრიცხვისა და სამხდრო ვალდებულების მოხდის მიმართ ქალი და კაცი, რომელთაც არ აქვთ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან. ზემდგომი ცნება, რომელიც ამ ორ სუბიექტს აერთიანებს, არის ,,პირი, რომელსაც არ აქვს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა.” ამრიგად, ისინი შედარებად კატეგორიებს მიეკუთვნებიან. ზოგადად, ქალი და კაცი ერთმანეთისგან მხოლოდ სქესით განსხვავდებიან, რაც ვერ იქნება რაციონალური საფუძველი, რომელიც გაამართლებდა სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე კაცისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრებას მაშინ, როცა იმავე კატეგორიას მიკუთვნებული ქალები თავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულებებისაგან. არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა შეიძლება, გამოიხატოს ერთი მათგანისათვის სტანდარტული (კონსტიტუციის გათვალისწინებული საშუალო ხარისხის სიმძიმის) ვალდებულების, ხოლო მეორე მათგანისათვის ასევე კონსტიტუციით გათვალისწინებული, მაგრამ სტანდარტულზე მომეტებული სიმძიმის ვალდებულების დაკისრებით; ასევე ერთი მათგანისათვის სტანდარტული ვალდებულების დაკისრებით, ხოლო მეორე მათგანისათვის უფრო ნაკლები სიმძიმის ვალდებულების დაკისრებით ან ვალდებულებისაგან მისი სრულად გათავისუფლებით (ანუ პრივილეგირებით). სადავო ნორმით (გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით) (,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით) დადგენილი რეგუგლაცია სწორედ ამ უკანასკნელი შემთხვევის მაგალითია. იმის გამო, რომ უთანასწორო მოპყრობა სქესობრივი განსხვავებულობის საფუძვლით ხდება, სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა ,,მკაცრი შეფასების ტესტის” გამოყენებით უნდა შეაფასოს, რაც მათი თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისობის შემოწმებას გულისხმობს. ამასთან, ლეგიტიმური მიზნების არსებობის დასაბუთებისას პარლამენტმა დიფერენცირებული მოპყრობის აბსოლუტური აუცილებლობა, ,,სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი” უნდა წარმოაჩინოს. სამხედრო ვალდებულების მოხდა (შესაბამისად, მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა) კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება. საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა; ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სწორედ ამის გამო, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე პირთა სამხედრო აღრიცხვა და მათთვის სამხედრო ვალდებულების დაკისრება კონსტიტუციურია. ამ შემთხვევაში მკაფიოა ლეგიტიმური მიზანიც და ამგვარი ვალდებულების დამდგენი ნორმის (განყენებულად აღებულის) შესაბამისობა თანაზომიერების პრინციპის დანარჩენ კომპონენტებთან. მაგრამ აუხსნელია, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე კაცებისათვის სამხედრო არღიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრება იმ პირობებში, როცა, ,,სამხედრო ვალდბულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით, ამავე კატეგორიას მიკუთვნებული ქალები თავისუფლდებიან დასახელებული ვალდებულებებისაგან. თუკი საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალთა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების პირობებში, რატომ ვერ მიიღწევა იგივე ლეგიტიმური მიზანი იმავე კატეგორიას მიკუთვნებული კაცების დასახელებული ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შემთხვევაში? სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე კაცთა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლება სამხედრო ვალდებულების გაუქმებას არ ნიშნავს, რადგან სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მქონე პირები (როგორც კაცები, ისე ქალები) კვლავ დაექვემდებარებიან სამხედრო აღრიცხვასა და სამხედრო ვალდებულების მოხდას, რითაც მიღწეული იქნება კონსტიტუციის 101-ე მუხლით გათვალისწინებული მიზანი. სადავო რეგულაციის (,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტთან კავშირის გათვალისწინებით, რისგან განყენებულადაც გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი არ არის დისკრიმინაციული) ლეგიტიმურ მიზნად მოპასუხემ შესაძლოა, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალთა უფლებების დარღვევის პრევენცირება დაასახელოს; თქვას, რომ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალთა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვაალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების პირობებში, ამავე კატეგორიის კაცთათვის აღნიშნული ვალდებულებების დაკისრება საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის ,,უმტკივნეულოდ”, ქალთა უფლებების მომეტებული შეზღუდვის გარეშე მიღწევას ემსახურება. სამხედრო ვალდებულების მოხდით აღნიშნული კატეგორიის ქალების უფლებების დარღვევის საფრთხის წარმოსაჩენად შესაძლოა, კანონმდებელმა მიუთითოს, რომ სამხედრო ვალდებულების მოხდა მათ ზედმეტად მძიმე ტვირთად დააწვება, მათივე ფიზიკური შესძლებლობების გამო; სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მქონე ქალები კი უკვე გამოცდილნი და სამხედრო სფეროსთან ადაპტირებულნი არიან. კანონმდებელმა შესაძლოა, ისიც აღნიშნოს, რომ სამხედრო სააღრიცხვო-სპეციალობის არმქონე კაცები, თუ ისინი სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის ვარგისად იქნებიან ცნობილნი, არაპროპორციული ძალისხმევის გარეშე შეძლებენ სამხედრო ვალდებულების მოხდას, ზოგადად კაცის ფიზიკური შესაძლებლობების გამო. აღნიშნული ჰიპოთეტური არგუმენტი უსაფუძვლოა. ზოგადად, ქალთა უფლებების დარღვევის თავიდან აცილება, შესაძლებელია, იყოს ადამიანი უფლებების (მათ შორის, თანასწორობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი. მაგრამ ამ შემთხვევაში სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე კაცებისა და ქალების თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება (თანასწორობის უფლების შეუზღუდავად განხორციელება), როგორც ორივესთვის ზემოაღნიშნული ვალდებულებების დაკისრებით, ისე მათი ამ ვალდებულებებისაგან გათავისუფლებით, ქალთა უფლებების დარღვევის არავითარ საფრთხეს არ ქმნის, არ წარმოშობს მათი დარღვევის რისკს, რადგან კაცად ყოფნის ფაქტი სამხედრო ვალდებულების არაპროპორციული ძალისხმევის გარეშე შესრულების შესაძლებლობას თავისთავად ვერ განაპირობებს ისევე, როგორც ქალად ყოფნის ფაქტი ამგვარ შესაძლებლობას თავისთავად ვერ გამორიცხავს. მოცემულ შემთხვევაში, თანასწორობის უფლების სრულყოფილი, შეუზღუდავი რეალიზაცია არც კონსტიტუციის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ლეგიტუმირი მიზნის მიღწევის შესაძლებლობას გამორიცხავს. ასე რომ, კონსტიტუციის დასახელებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისას ქალთა უფლებების დარღვევის თავიდან აცილება ვერ იქნება გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით (,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტთან კავშირის გათვალისწინებით) დადგენილი დიფერენცირების ლეგიტიმური საჯარო მიზანი. თუკი კანონმდებელი 101-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ,,სამხედრო ვალდებულების მოხდის ვალს”, რომელიც ამ ვალდებულების მოხდის უნარის მქონე ყველა მოქალაქეს ეკისრება, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონით იმგვარ პრაქტიკულ შინაარს სძენს, რომ სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალები თავისუფლდებიან სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან, მაშინ ამავე კატეგორიის კაცებისათვის დასახელებული ვალდებულებების დაკისრება სქესობრივი განსხვავებულობის საფუძვლით თვითნებური დიფერენცრირება, შესაბამისად, დისკრიმინაციაა, რადგან არ ემსახურება ხელშესახებ ლეგიტიმურ მიზანს. ამრიგად, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე კაცებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრება მაშინ, როცა ამავე კატეგორიის ქალები a priori, ბლანკეტური ნორმით, თავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულებისაგან არ ემსახურება არანაირ ლეგიტიმურ მიზანს, არაგონივრული, სქესის ნიშნით დიკრიმინაციის გამომწვევია, რაც არღვევს მოსარჩელის კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. სადავო საკითხის არადისკრიმინაციული რეგულირება იქნებოდა სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ყველა პირის გათავისუფლება სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან ან ყველა მათგანისათვის აღნიშნული ვალდებულებების დაკისრება, განურჩევლად მათი სქესისა. გარდა იმისა, რომ მოსარჩელეს სადავო ნორმებით ერღვევა კანონის წინაშე თანასწორობის უფლება (რომელიც თავისთავად კონსტიტუციური ფასეულობაა, მიუხედავად იმისა, გაუმართლებელმა არათაასწორმა მოპყრობამ გამოიწვია თუ არა სხვა რომელიმე უფლების დარღვევა), ისინი იწვევენ დამატებით უარყოფით შედეგს მისთვის. მოსარჩელე არის დამამთავრებელი (მე-4) კურსის სტუდენტი, რომელსაც 4-5 თვეში ეწურება სამხედრო სამსახურის გადავადების ვადა და ექვემდებარება სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამის გამო, ის თითქმის ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, მოკლებული იქნება პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას მაშინ, როცა მისივე თანატოლი ქალები, რომელთაც, მის მსგავსად, არ აქვთ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, სამხედრო აღრიცხვაზე არყოფნის გამო, არ დგანან ამგვარი ,,საფრთხის” წინაშე. მათ თავისუფლად შეუძლიათ, სწავლის დამთავრებისთანავე შეუდგნენ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და კარიერის კუთხით განვითარებას. ამგვარ ართანასწორ პირობებში ჩაყენებით, რასაც სადავო ნორმა (გასაჩივრებული ნორმეტიული შინაარსი) (,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის მოქმედების პირობებში) განაპირობებს, მოსარჩელის კონკურენტუნარიანობა შრომით ბაზარზე, თანატოლ(თანაკურსელ) ქალებთან შედარებით, თუ გავითვალისწინებთ კარიერული წინსვლისთვის განათლების უწყვეტობის უდიდეს მნიშვნელობასაც, გაცილებით მცირე იქნება მას შემდეგ, რაც ის სამხედრო ვალდებულებას მოიხდის. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა