საქართველოს მოქალაქე ლევან სიგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/562 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 24 ივლისი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლევან სიგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლისა და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი _ გიორგი გოცირიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - ზურაბ მაჭარაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 7 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის№562) მიმართა საქართველოს მოქალაქე ლევან სიგუამ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2013 წლის 8 აგვისტოს.
2. №562 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2014 წლის 7 მაისს.
3. №562 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის და 99-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
5. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მოხელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების, მათ შორის მისი თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილებას. ააღნიშნული კანონის 99-ე მუხლი არეგულირებს დისციპლინური გადაცდომისთვის საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ლევან სიგუას 2012 წლის იანვრიდან 2012 წლის 6 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის #399 ბრძანებით, დისციპლინური გადაცდომის მიზეზით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის” და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ლევან სიგუა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის №399 ბრძანება და ლევან სიგუა აღდგენილ იქნა თანამდებობაზე. მოსარჩელე აცხადებს, რომ სადავო ნორმებმა შელახა მისი კონსტიტუციური უფლებები იმდენად, რამდენადაც მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ზეპირი მოსმენის ფარგლებში წარმოედგინა საკუთარი არგუმენტები. მოსარჩელის მტკიცებით, სწორედ ფორმალური წარმოების არ არსებობამ განაპირობა ის, რომ მისმა მარწმუნებელმა ადეკვატურად ვერ განახორციელა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მესამე პუნქტით მისთვის მინიჭებული დაცვის უფლება. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას.
7. მოსარჩელე მხარე ეჭვქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს ან თვითმმართველობის ორგანოს უფლებას, სამსახურიდან გაათავისუფლოს მოხელე, რომელიც არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას. ასევე, საჯარო სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის უფლებას, პირველივე შემთხვევაში გაათავისუფლოს მოხელე, რომელიც უხეშად არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას. თავისთავად დისციპლინური ზომის სახით საჯარო მოხელის გათავისუფლების ინსტიტუტი, ისევე როგორც ამ ღონისძიების გამოყენების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები ცალკე აღებული არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. თუმცა, არაკონსტიტუციური პროცედურის გამო, ამ უფლებამოსილების გამოყენება მისი მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არაკონსტიტუციურია.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, როდესაც ადამიანის სახელი, რეპუტაცია, ღირსება და პატიოსნება საფრთხეშია, უნდა არსებობდეს დაცვის მინიმალური საპროცესო საშუალებები. თუკი ადამიანს დისციპლინური გადაცდომისთვის გაათავისუფლებენ სამსახურიდან, ეს სერიოზულად დააზიანებს მის მდგომარეობას კოლეგებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას. სამსახურიდან გათავისუფლება ხელს შეუშლის ადამიანს მომავალში სამსახურის მოძიებაში. ააქედან გამომდინარე, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს, რითაც ადამიანის პატივი და ღირსება არის დაცული.
9. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, ვინაიდან მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, თავისთავად, იწვევს შემოსავლის დაკარგვას. ამგვარი შემოსავლის დაკარგვამ შესაძლოა, გამოიწვიოს ცხოვრებისათვის აუცილებელ საკვებზე, ტანსაცმელზე, საცხოვრებელსა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის დაკარგვა. კონსტიტუციის პრეამბულაში განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ არ გააუარესოს მოქალაქის მინიმალური საცხოვრებელი პირობები, თუკი დაცვის პროცესუალური საშუალებით მინიმუმდე არ შემცირდება შეცდომის დაშვების შესაძლებლობა. მართალია, მოხელეს აქვს შესაძლებლობა, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, ისარგებლოს სამართლიანი პროცედურით, თუმცა სასამართლო დავას, ისევე როგორც ახალი სამსახურის შოვნას სჭირდება განსაზღვრული დრო, როდესაც ადამიანი ვერ იღებს საარსებო საშუალებას. გარდა ამისა, უმუშევრობით წარმოშობილი სოციალური დაუცველობა ასუსტებს ადამიანის უნარს, სასამართლო დავის წარმოებით აღიდგინოს საჯარო მოხელის სტატუსი. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ადამიანმა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებამდე ისარგებლოს ზეპირი მოსმენის შესაძლებლობით, სადაც ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მას ექნება მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა.
10. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილი შემზღუდველი ხასიათისაა. ვინაიდან აღნიშნული ნორმა მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებს უკავშირებს იმ სიკეთეების გამოყენებას, რომელიც აუცილებელია პირის ეფექტური დაცვისთვის და გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან.
11. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, დაცვის უფლება უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ წარმოებაზეც. მისი განცხადებით, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე შემდგომი სასამართლო კონტროლი ვერ ჩაითვლება საკმარის პირობად იმისათვის, რომ არ დაირღვეს 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცული უფლება. მოსარჩელის მტკიცებით, პროცესუალური დაცვის ასეთი საშუალების არსებობის აუცილებლობა გამომდინარეობს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან და გულისხმობს, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ზეპირი სხდომის მეშვეობით წარადგინოს არგუმენტები ან მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას. აასევე, ამავე სხდომაზე პასუხისგებაში მიცემულ პირს უნდა ჰქონდეს იმ მოწმის ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა, რომელიც მას ადანაშაულებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში, საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევაში. მანამ, სანამ საჯარო მოხელეს არ ექნება დაცვის აღნიშნული საშუალებები, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლით და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით მოხელის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლება არაკონსტიტუციური იქნება.
12. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის და 99-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
13. მოსარჩელემ იმავდროულად დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ სადავოდ ხდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობასთან. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა გამორიცხავს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების გამოყენების შესაძლებლობას, თუ კონკრეტული საზოგადოებრივი ურთიერთობის სფეროს დარეგულირებისას ამას საჭიროდ არ ჩათვლის კანონმდებელი. ეს ნორმა დისკრეციას ანიჭებს საქართველოს პარლამენტს, თავისი შეხედულებით განსაზღვროს, რა შემთხვევაშია საჭირო კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაცვის უფლების უზრუნველყოფა. მოსარჩელის განცხადებით, ამ ნორმით პარლამენტს შეუძლია, პირს წაართვას ზეპირი სხდომით და მოწმესთან უშუალო დაპირისპირების შესაძლებლობა, მაშინ როდესაც პირის უფლებების ეფექტური დაცვა, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. აღნიშნული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის პრობლემა აღმოიფხვრებოდა მაშინ, თუკი მასში ჩამოყალიბებული იქნებოდა ის კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოხდებოდა წარმოების ამ სახის გამოყენება.
14. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე ზეპირი მოსმენა დაცვის შეუცვლელი საშუალებაა. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, პირის თანამდებობიდან გათავისუფლებისას არ იქნეს დაშვებული ფაქტობრივი შეცდომა. ამისათვის კი მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უშუალოდ წარსდგეს გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები, უპასუხოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასმულ შეკითხვებს, მონაწილეობა მიიღოს ფაქტის დადგენის პროცესში.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტს.
16. მოსარჩელე მხარის აზრით, დისციპლინარული გადაცდომის გამო პირის გათავისუფლებისას ყოველთვის ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების გამოყენება არ არის აუცილებელი. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების გამოყენება აუცილებელი ხდება მაშინ, თუკი პირის გათავისუფლების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს მოწმის ჩვენება და არ არსებობს სხვა სახის მტკიცებულება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეცდომის დაშვების რისკი ძალიან მაღალია.
17. მოპასუხის აზრით, სადავო ნორმასა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტს შორის მიმართება არ არსებობს, რაც მისი ინსტრუმენტალური ხასიათითაა განპირობებული. გარდა ამისა, საჯარო მოხელეს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, აქვს შესაძლებლობა, წარადგინოს ახსნა-განმარტება და ის მტკიცებულებები, რომლითაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. მოპასუხემ დამატებით აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, შეამციროს მოთხოვნის მოცულობა.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ლევან სიგუას წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის და ამავე კანონის 99-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №562 კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოება უნდა შეწყდეს. სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 „საქმეზე საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9);
4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რეგულირება, რომელიც ადგენს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობებს, ზღუდავს მის უფლებას, საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების დისციპლინური წარმოების პროცესში ზეპირად წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და ამ გზით დაიცვას თავი. ამგვარად, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც უკავშირდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლებით განსაზღვრულ დისციპლინური წარმოების სამართლებრივ ურთიერთობებს.
5. მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. სადავო ნორმით არ წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლებით დარეგულირებული დისციპლინური წარმოების საფუძველზე სამსახურიდან განთავისუფლების პროცედურები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით”. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფორმალური წარმოება ტარდება მოსარჩელისთვის მისაღები პროცედურების დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფორმალური წარმოების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. თუმცა სადავო ნორმით განსაზღვრული წესი, რომლის თანახმადაც ფორმალური წარმოების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიიღება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, თავისთავად, არ ადგენს, რომ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების დისციპლინური წარმოება არ უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენით, მეტიც, საერთოდ არ შეეხება ამ საკითხს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოწესრიგების სფეროს არ განეკუთვნება მოსარჩელისთვის პრობლემური სამართლებრივი ურთიერთობები.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია მოსარჩელის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილი ზღუდავს საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების პროცესში პირის უფლებას, ზეპირად წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები. როგორც აღინიშნა, იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია შინაარსობრივად არ უკავშირდება სადავო ნორმას, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას, მოსარჩელე მხარე უთითებს სადავო ნორმის იმგვარ შინაარსზე, რომელიც მას არ გააჩნია. ამგვარად, არგუმენტაცია, რომელიც ამ თვალსაზრისით არის მითითებული სარჩელში, არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №562 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ლევან სიგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს სამართალწარმოება №562 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ლევან სიგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის და ამავე კანონის 99-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი