საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს პარლამენტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/3-1/670 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 8 ოქტომბერი 2015 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, 129-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 11 ივნისის №62/2012 განკარგულების პირველი მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №670) მიმართა საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდემ.
2. №670 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივ საფუძვლად სარჩელში მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ადგენს ცესკოს უფლებამოსილებას, განკარგულებით დანიშნოს რიგგარაშე, ხელახალი და შუალედური არჩევნები, განმეორებითი კენჭისყრა და არჩევნების მეორე ტური. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია შუალედური არჩევნების ჩატარების თარიღის დანიშვნის წესი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში. ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა“.
4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №62/2012 განკარგულების პირველი მუხლი საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 110-ე მუხლის შესაბამისად ადგენს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებისათვის 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შექმნას და განსაზღვრავს საარჩევნო ოლქების საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს დანართების (№1, №2) შესაბამისად.
5. საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის მიხედვით, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ცესკოს №62/2012 განკარგულება ნორმატიული შინაარსის მქონე აქტია, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებით გაუქმებულ ნორმებს ეყრდნობა. მოსარჩელის განმარტებით, №62/2012 განკარგულება აგრძელებს მოქმედებას და ცესკო მის საფუძველზე ნიშნავს შუალედურ არჩევნებს მარტვილისა და საგარეჯოს ოლქებში.
7. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ, მიუხედავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებისა, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, 2015 წლის 31 აგვისტოს №104/2015 განკარგულებით ორ მაჟორიტარულ ოლქში (საგარეჯოსა და მარტვილში) 2015 წლის 31 ოქტომბერს დანიშნა შუალედური არჩევნები. №107/2015 განკარგულებაში კი ცესკომ აღნიშნა, რომ შუალედური არჩევნების საარჩევნო ოლქების საზღვრები ემთხვევა სადავო განკარგულებით დადგენილ საარჩევნო საზღვრებს.
8. მოსარჩელე ამომრჩევლად რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში, №3 ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამავე ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა 3,5-ჯერ აღემატება საგარეჯოს ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, ხოლო 4-ჯერ აღემატება მარტვილის ოლქში რეგისტრირებულს. შესაბამისად, აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩეველის ხმა მეტად წონადია, ვიდრე მისი საარჩევნო ხმა. ამგვარად, მოსარჩელე ფიქრობს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, სრულად ისარგებლოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებით გარანტირებული თანასწორი საარჩევნო ხმის უფლებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, შუალედური არჩევნების ჩატარება ისევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებს, როგორც ეწინააღმდეგებოდა ძირითადი არჩევნების ჩატარებისას.
9. მოსარჩელე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, აყენებს შუამდგომლობას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან დეპუტატების არჩევის შემდგომ, მისი, როგორც ამომრჩევლის უფლებებში აღდგენა შეუძლებელი იქნება. მოსარჩელე ასევე ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ ამავე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მიიღოს განჩინება საქმის არსებითად მიუღებლობისა და სადავო აქტის ძალდაკარგულად ცნობის შესახებ, რადგან მან 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებით უკვე არაკონსტიტუციურად ცნო იმავე შინაარსის მქონე ნორმები.
10. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
11. კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სამართალწარმოებით გათვალისწინებული წესით კოლეგიებს შორის განაწილებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ იმ საკითხის გარკვევა, სადავო ნორმებს გააჩნიათ თუ არა იგივე შინაარსი, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებით წარმოადგენს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხს. ამავე დროს სასამართლომ უნდა დაადგინოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დანიშნულ მორიგ მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებზე, თუ იგი საარჩევნო ოლქების საზღვრების ახალი წესით განსაზღვრის ვალდებულებას ადგენს, ასევე 2012 წელს ჩატარებული არჩევნების საფუძველზე უკვე არჩეული პარლამენტის რომელიმე მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო ჩასატარებელ შუალედურ არჩევნებზეც. ამიტომ განსახილველმა საქმემ ,,თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა”. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის წინადადებით.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა N670 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმის მიერ განხილვის საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 8 ოქტომბერს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, იმ საკითხის გამორკვევა, სადავო ნორმებს გააჩნია თუ არა იგივე შინაარსი, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებით, წარმოადგენს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხს. ამავე დროს სასამართლომ უნდა დაადგინოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დანიშნულ მორიგ მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებზე, თუ იგი საარჩევნო ოლქების საზღვრების ახალი წესით განსაზღვრის ვალდებულებას ადგენს ასევე 2012 წელს ჩატარებულო არჩევნების საფუძველზე უკვე არჩეული პარლამენტის რომელიმე მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო ჩასატარებელ შუალედურ არჩევნებზეც. შესაბამისად, განსახილველმა საქმემ ,,თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა”.
2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმი მიიჩნევს, რომ მართებულია N670 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 212 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N670) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი