საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს პარლამენტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/2/670 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2015 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 129-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 11 ივნისის №62/2012 განკარგულების პირველი მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - ვახტანგ მენაბდე. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - ქალბატონი თამარ მესხია და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები - არჩილ ანასაშვილი და გიორგი ძაგანია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №670) მიმართა საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდემ.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 2015 წლის 6 ოქტომბერს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის წინადადებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2015 წლის 8 ოქტომბრის №3/3-1/670 საოქმო ჩანაწერით №670 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო პლენუმზე განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 12 ოქტომბერს.
4. №670 კონსტიტუციური სარჩელის შეტანის სამართლებრივ საფუძვლად სარჩელში მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
5. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ადგენს ცესკოს უფლებამოსილებას, განკარგულებით დანიშნოს რიგგარეშე, ხელახალი და შუალედური არჩევნები, განმეორებითი კენჭისყრა და არჩევნების მეორე ტური. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია შუალედური არჩევნების ჩატარების თარიღის დანიშვნის წესი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა“.
6. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №62/2012 განკარგულების პირველი მუხლი საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 110-ე მუხლის შესაბამისად, ადგენს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებისათვის 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შექმნას და განსაზღვრავს საარჩევნო ოლქების საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს დანართების (№1, №2) შესაბამისად.
7. საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის მიხედვით, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული“.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში ცესკო) №62/2012 განკარგულება ნორმატიული შინაარსის მქონე აქტია, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებით გაუქმებულ ნორმებს ეყრდნობა. მოსარჩელის განმარტებით, №62/2012 განკარგულება აგრძელებს მოქმედებას და ცესკო მის საფუძველზე ნიშნავს შუალედურ არჩევნებს მარტვილისა და საგარეჯოს ოლქებში.
9. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ, მიუხედავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებისა, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, 2015 წლის 31 აგვისტოს №104/2015 განკარგულებით, ორ მაჟორიტარულ ოლქში (საგარეჯოსა და მარტვილში) 2015 წლის 31 ოქტომბერს დანიშნა შუალედური არჩევნები. №107/2015 განკარგულებაში კი ცესკომ აღნიშნა, რომ შუალედური არჩევნების საარჩევნო ოლქების საზღვრები ემთხვევა სადავო განკარგულებით დადგენილ საარჩევნო საზღვრებს.
10. მოსარჩელე ამომრჩევლად რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში, საბურთალოს №3 ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამავე ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა 3,5-ჯერ აღემატება საგარეჯოს ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, ხოლო 4-ჯერ აღემატება მარტვილის ოლქში რეგისტრირებულებს. შესაბამისად, აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა მეტად წონადია, ვიდრე მისი საარჩევნო ხმა. ამგვარად, მოსარჩელე ფიქრობს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, სრულად ისარგებლოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებით გარანტირებული თანასწორი საარჩევნო ხმის უფლებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, შუალედური არჩევნების ჩატარება ისევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლის პირველ პუნქტს, როგორც ეწინააღმდეგებოდა ძირითადი არჩევნების ჩატარებისას.
11. მოსარჩელე ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მიიღოს განჩინება საქმის არსებითად მიუღებლობისა და სადავო აქტის ძალდაკარგულად ცნობის შესახებ, რადგან მან 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებით, უკვე არაკონსტიტუციურად ცნო იმავე შინაარსის მქონე ნორმები. მოსარჩელე მხარე იმ შემთხვევაში, თუკი მისი აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე აყენებს შუამდგომლობას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან დეპუტატების არჩევის შემდგომ, მისი, როგორც ამომრჩევლის უფლებებში აღდგენა შეუძლებელი იქნება.
12. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
13. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
14. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე საარჩევნო კოდექსის სადავო ნორმებთან მიმართებით აღნიშნა, რომ ის სადავო ნორმებს ასაჩივრებს იმ შინაარსით, რომ ამ ნორმებმა ცესკოს მისცა უფლებამოსილება, დაენიშნა არჩევნები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მას შემდეგ, რაც ის ოლქები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ ცნო არაკონსტიტუციურად, გაუქმდა. მისი განმარტებით, ცესკოს სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი ანიჭებს უფლებამოსილებას, დანიშნოს შუალედური არჩევნები ისე, რომ არ დაიცვას ხმის თანაბრობის პრინციპი.
15. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ, მიუხედავად საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერისა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება ფორმალურად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს №62/2012 განკარგულების შინაარსზე, რადგან სწორედ შინაარსი აქცევს მას ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო განკარგულება, მართალია, ერთი კონკრეტული არჩევნების ჩატარებისთვის გამოიცა, თუმცა მისი გამოყენება ხდება შუალედური არჩევნების ფარგლებშიც. შესაბამისად, ის გამოიყენება სულ მცირე მთელი საარჩევნო ციკლის განმავლობაში და აწესებს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
16. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, მარტვილისა და საგარეჯოს ოლქის ამომრჩევლის უფლების რეალიზაცია მის უფლებას არალეგიტიმურად არღვევს, რადგან შეუძლებელია, უფლება, რომელიც სხვის დისკრიმინაციას იწვევს, იყოს კონსტიტუციით დაცული. მოსარჩელის განმარტებით, ამგვარი დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, უნდა შესრულდეს კანონის უზენაესობის მოთხოვნა- აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული ორი საარჩევნო ოლქის ამომრჩევლების უფლებამ ამ შემთხვევაში უკან უნდა დაიხიოს, შესაბამისად, მათი უფლება უნდა შეიზღუდოს.
17. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს. მოპასუხის განმარტებით, პირი უფლებამოსილ სუბიექტად ითვლება, როდესაც სადავო ნორმა უშუალოდ მასზე ახდენს გავლენას. შუალედური არჩევნების ჩატარება კი იმ საარჩევნო ოლქების ამომრჩევლებზე, რომლებსაც უკვე რეალიზებული აქვთ თავიანთი საარჩევნო უფლება და მათი წარმომადგენელი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას პარლამენტში ახორციელებს, როგორც ეს მოსარჩელის შემთხვევაში მოხდა, არანაირ ზეგავლენას არ ახდენს. გარდა ამისა, მოპასუხის აზრით, მოსარჩელის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია ვერ ასაბუთებს მის მიერვე იდენტიფიცირებულ პრობლემებს, შესაბამისად, №670 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული.
18. მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაზე, იმსჯელოს რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ. მოპასუხის აზრით, ეს არის ის ერთადერთი კომპეტენცია, რომელიც იწვევს დანიშნული არჩევნების გაუქმებას, თუ არჩევნების დანიშვნა ეფუძნება არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმატიულ აქტს ან მის ნაწილს. აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში დავის უფლებამოსილება კი მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრთა არა უმეტეს 1/5-ს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს სახალხო დამცველს გააჩნია. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს დანიშნული არჩევნების კონსტიტუციურობაზე, რასაც რეალურად ითხოვს მოსარჩელე.
19. მოპასუხის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის სადავო ნორმებს არ გააჩნია ის შინაარსი, რომელიც, მოსარჩელის აზრით, მისი უფლებების დარღვევას იწვევს. საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მიიჩნია არაკონსტიტუციურად, ეხებოდა საარჩევნო გეოგრაფიას. სადავო ნორმები აბსოლუტურად განსხვავდება არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმებისგან და ადგენს ცესკოს უფლებამოსილებას, გამოსცეს განკარგულება შუალედური არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. სხვა ნორმატიული შინაარსი ამ სადავო საკანონმდებლო ნორმებს არ გააჩნია. შესაბამისად, პარლამენტის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
20. მოპასუხე ასევე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ის ზიანი, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, მის მიმართ უკვე დადგა, კერძოდ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მოსარჩელის მიმართ უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი არჩევნების ჩატარების შედეგად. სადავო ნორმის შეჩერებით კი მოხდება 2015 წლის 31 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების გაუქმება, რაც გამოიწვევს მარტვილისა და საგარეჯოს ამომრჩეველთა კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებეული უფლებების დარღვევას, ვინაიდან მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტში ჰყავდეთ წარმომადგენელი. მოსარჩელის უფლებრივი მდგომარეობა კი უცვლელი დარჩება. შეჩერების შუამდგომლობის დაკმაყოფილება არსებულ რეალობაში გულისხმობს სადავო ნორმების გაუქმებას და არა მათი მოქმედების შეჩერებას.
21. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო განკარგულების კონსტიტუციურობის შემოწმება სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს, რადგან ფორმალური ნიშნის მიხედვით, სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სადავო განკარგულება მიღებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით. აღნიშნული სამართლებრივი აქტი არ არის მრავალჯერადი გამოყენების. ცესკო ერთჯერადად ქმნის საარჩევნო ოლქებს და, შესაბამისად, ეს განკარგულება წარმოადგენს, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას, მისი მოქმედება შემოიფარგლება მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტის არჩევნებისათვის ოლქების შექმნის მიზნით, ანუ ერთჯერადი გამოყენებით. მოპასუხის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო განკარგულებაში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ შინაარსს დაინახავს, ეს მაინც ვერ იქნება ზემოაღნიშნული განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი მიმდინარე საარჩევნო ციკლის განმავლობაში, ვინაიდან ერთი ციკლის განმავლობაში დაუშვებელია საარჩევნო კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც არსებითად შეცვლის არჩევნების საწყის პირობებს და, შედეგად, საარჩევნო პროცესის მონაწილეთა ერთი ნაწილის უფლებრივ მდგომარეობას.
22. მოპასუხემ განაცხადა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცესკო საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს ადგენს არა უგვიანეს საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წლის 1 ივლისისა. ამდენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის N1/3/547 გადაწყვეტილების აღსრულების უკანასკნელი ვადა გახლავთ 2016 წლის 1 ივლისი. აღნიშნულ თარიღამდე საარჩევნო ოლქების შექმნა ვერ მოხერხდება, ვინაიდან საარჩევნო კოდექსით დადგენილია, რომ ოლქები იქმნება არჩევნების ჩატარების წლის 1 ივლისამდე. შესაბამისად, ამ პერიოდისთვის უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარდგენილი პრინციპების გათვალისწინებით ახალი საარჩევნო ოლქების შექმნა.
23. მოპასუხის განმარტებით, 2015 წლის 31 ოქტომბერს იმართება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის შემადგენლობის შესავსებად და არა მორიგი ან რიგგარეშე საერთო საპარლამენტო არჩევნები, სადაც, ბუნებრივია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, არსებული მოცემულობის სავარაუდოდ შენარჩუნების შემთხვევაში დაირღვეოდა საბურთალოს, მარტვილის და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების თანასწორი საარჩევნო ხმის უფლება და ისინი ერთმანეთთან მიმართებით უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ.
24. მოპასუხის განცხადებით, საგარეჯოს და მარტვილის საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, ყველა სხვა ამომრჩევლისაგან განსხვავებით, აღარ ჰყავთ თავისი წარმომადგენელი პარლამენტში. აღნიშნული უთანასწორობის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ შუალედური არჩევნების ჩატარების გზით. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება გამოიწვევს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო უფლებისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არჩევნების საყოველთაობისა და თანასწორობის პრინციპების დარღვევას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. N670 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუქნტის „ი“ ქვეპუნქტისა და 129-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე ამ ნორმების არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად უთითებს, რომ მათ საფუძველზე 2015 წლის 31 ოქტომბერს დაინიშნა შუალედური არჩევნები N11 საგარეჯოს და N65 მარტვილის ოლქებში. ვინაიდან ვახტანგ მენაბდე რეგისტრირებულია საბურთალოს ოლქში, რომელიც ამომრჩეველთა რაოდენობით რამდენჯერმე აღემატება მარტვილისა და საგარეჯოს ოლქებს, მოსარჩელე მიჩნევს, რომ მის საარჩევნო ხმას ენიჭება უფრო ნაკლები წონა, საგარეჯოს და მარტვილის ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან შედარებით, რითაც ირღვევა კონსტიტუციის მე-14 მუხლითა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული მისი უფლება.
2. სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება აშკარად ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორად აღქმას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი და 129-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები საერთოდ არ ეხება ამა თუ იმ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის განსაზღვრის საკითხს. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმას, თუ რა პირობებში და ვის მიერ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ზოგადად, რიგგარეშე არჩევნების არსებობას ან ამ არჩევნების თარიღის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დანიშვნას, მოსარჩელე მისი უფლების შეზღუდვად არ მიიჩნევს, ხოლო ის, თუ როგორ უნდა განისაზღვროს საარჩევნო ოლქის საზღვრები ამ სადავო ნორმებით, რეგულირებული საერთოდ არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმების ისეთ შინაარსს, რომელიც მათ არ გააჩნია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 129-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, N670 სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
3. მოსარჩლე ასევე სადავოდ ხდის ცესკოს 2012 წლის 11 ივლისის N62/2012 განკარგულების პირველი მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო ნორმა თანასწორი საარჩევნო უფლების კონსტიტუციური გარანტიის დარღვევით განსაზღვრავს 2015 წლის 31 ოქტომბერს დანიშნული პარლამენტის შუალედური არჩევნების საგარეჯოს და მარტვილის საარჩევნო ოლქების საზღვრებს. ამავე დროს იგი მიუთითებს, რომ სადავო ნორმას აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების მსგავსი შინაარსი.
4. ცესკოს 2012 წლის 11 ივლისის N62/2012 განკარგულების პირველი მუხლი ადგენს: „შეიქმნას საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებისათვის 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი და განისაზღვროს მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები დანართების (№1, №2) შესაბამისად“. აღნიშნული ნორმა მაჟორიტარული ოლქების საზღვრებს ადგენს 2012 წლის არჩევნებისათვის. არც თავად სადავო აქტის ტექსტიდან არ იკვეთება და არც საარჩევნო კოდექსში არ გვხვდება მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ N62/2012 განკარგულებით განსაზღვრული წესი გამოიყენება 2012 წლის შემდეგ ჩატარებული/ჩასატარებელი სხვა რომელიმე არჩევნებისათვის.
5. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2013 წლის 27 აპრილს ჩატარდა შუალედური არჩევნები და მეორე დანიშნულია 2015 წლის 31 ოქტომბერს. ორივე შემთხვევაში ცესკომ ცალკე მიიღო განკარგულება შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქების საზღვრების განსაზღვრის შესახებ. 2013 წლის 15 თებერვლის N15/2013 განკარგულება და 2015 წლის 31 აგვისტოს N107/2015 განკარგულება. სწორედ ამ აქტებმა განსაზღვრეს ოლქების საზღვრები შუალედური არჩევნებისათვის.
6. ცესკოს N62/2012 განკარგულება არა თუ არ განსაზღვრავს ოლქების საზღვრებს 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის, არამედ საერთოდ არ წარმოადგენს ამ არჩევნების მარეგულირებელ ნორმას. სადავო ნორმის რეგულირება შემოფარგლულია მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით, ამ არჩევნების შემდგომ ჩატარებულ/ჩასატარებელ არჩევნებთან მიმართებით ცესკოს N62/2012 განკარგულება არაფერს არ ადგენს, თავისი მატერიალური შინაარსით მოქმედ წესს საერთოდ აღარ წარმოადგენს.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, ვინაიდან ცესკოს 2015 წლის 31 აგვისტოს N107/2015 განკარგულება, N11 საგარეჯოს და N65 მარტვილის საარჩევნო ოლქების საზღვრების განსაზღვრისას მიუთითებს ცესკოს N62/2012 განკარგულებაზე, ეს ამ უკანასკნელს 2015 წლის შუალედური არჩევნების მარეგულირებელ წესად აქცევს. მოსარჩელის აღნიშნული არგუმენტაცია უკავშირდება როგორც სადავო ნორმის, ასევე ცესკოს N107/2015 განკარგულების შინაარსის არასწორ აღქმას. ცესკოს მიერ 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ოლქების საზღვრების განსასაზღვრად ახალი აქტის, N107/2015 განკარგულების გამოცემა მიუთითებს არა იმაზე, რომ ოლქების საზღვრების განმსაზღვრელ სამართლებრივ აქტს სადავო N62/2012 განკარგულება წარმოადგენს, არამედ პირიქით, იმის დასტურია, რომ, ვინაიდან N62/2012 განკარგულება არ იყო 2015 წლის არჩევნების მარეგულირებელი აქტი, ამიტომ საჭირო გახდა ოლქების საზღვრების ხელახალი მოწესრიგება.
8. ამავე დროს N107/2015 განკარგულების პირველი მუხლის თანახმად: „საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები ემთხვევა „საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქების შექმნის, მათი საზღვრების, სახელწოდებებისა და ნომრების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 11 ივნისის №62/2012 განკარგულებით, №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქებისათვის დამტკიცებულ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს“. აღნიშნული ნორმა უთითებს არა ცესკოს სადავო N62/2012 განკარგულების მოქმედების დროში გაგრძელებაზე, არამედ იმაზე, რომ 2015 წლის არჩევნებისას ოლქების საზღვრები იქნება იგივე, რაც 2012 წელს. ცესკოს სადავო განკარგულების არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობით ან რაიმე სხვა ფორმით მისი გაუქმების შემთხვევაში მაინც იდენტიფიცირებადია ის საზღვრები, რომელიც განსაზღვრა N62/2012 განკარგულებამ, უფრო მეტიც, ამ საზღვრებში უკვე არჩევნები ჩატარებულია. შესაბამისად, ცესკოს N107/2015 განკარგულება თვითმყოფადი აქტია, დამოუკიდებლად განსაზღვრავს საარჩევნო ოლქების საზღვრებს 2015 წლის შუალედური არჩევნებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცესკოს N62/2012 განკარგულების არაკონსტიტუციურად ცნობაც კი ცესკოს N107/2015 განკარგულების შინაარსს და, შესაბამისად, 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ოლქების საზღვრებს არ შეცვლის. აღნიშნული, დამატებით მოწმობს, რომ სარჩელში დასმული მოსარჩელის პრობლემა არ უკავშირდება სადავო ნორმას.
9. ვინაიდან სადავო ნორმას არ გააჩნია მარეგულირებელი ფუნქცია სარჩელის შემოტანის შემდგომ არჩევნებისათვის, სასამართლოს მიერ ამ ნორმაზე მსჯელობა ძალადაკარგულ ნორმაზე მსჯელობის იდენტურია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა ეხებოდეს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 12 მარტის N2/124/3, 2005 წლის 11 ოქტომბრის N1/17/345 და 2008 წლის 4 აპრილის N1/1/426, 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინებები). შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს, ვინაიდან ნორმატიული აქტი, რომელიც აღარ მოქმედებს, ვერ შეფასდება როგორც ადამიანის უფლების შემზღუდველი ნორმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება, II-9). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ცესკოს 2012 წლის 11 ივლისის N62/2012 განკარგულების პირველი მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სახეზეა N670 კონსტიტუციურ სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
10. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს N670-ე კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით რამდენიმე გარემოების განმარტებას. 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების განსაზღვრის წესი. ცესკოს 2012 წლის 11 ივლისის N62/2012 განკარგულება 2012 წლის არჩევნებისათვის 73 მაჟორიტარული ოლქის საზღვრებს განსაზღვრავს არაკონსტიტუციურად ცნობილი კანონის ანალოგიურად. სწორედ ამით არის განპირობებული მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევ ხასიათზე მითითება.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებით სასამართლომ შეაფასა არჩევნების მომწესრიგებელი კანონის კონსტიტუციურობა და არაკონსტიტუციურად ცნო იგი საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუქნტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება არ გულისხმობს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმებას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ეფექტი აქვს მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჩატარებული არჩევნებისათვის.
12. საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებსა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის კომპეტენცია განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით. ამ კომპეტენციის ფარგლებში სასამართლომ შეიძლება იმსჯელოს მხოლოდ სპეციალური სუბიექტის მიერ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლი) სპეციალურ ვადებში სარჩელით მომართვის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, ეჭვქვეშ არ აყენებს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჩატარებული შესაბამისი არჩევნების/მისი შედეგების კონსტიტუციურობას და ამავე დროს არ გამოდგება ცესკოს იმ აქტების არაკონსტიტუციურად მიჩნევის საფუძვლად, რომელთა მოქმედება მკაცრად შემოიფარგლება მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჩატარებული არჩევნების რეგულირებით.
13. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში დავის გადაწყვეტის მომენტისათვის უკვე ჩატარებული არჩევნების მარეგულირებელი აქტები ძალადაკარგულ აქტებს წარმოადგენს და, შესაბამისად, მათ კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს. ვინაიდან ცესკოს 2012 წლის 11 ივლისის N62/2012 განკარგულების რეგულირება შემოიფარგლება მხოლოდ 2012 წლის არჩევნებით, მიუხედავად მისი შინაარსობრივი მსგავსებისა საკონსტიტუციო სასამართლოს №1/3/547 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებთან მიმართებით, სასამართლო მიჩნევს, რომ იგი არ უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად ცნობილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე. სადავო ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობები უკვე დასრულებული იყო და, შედეგად, ნორმატიულმა აქტმა ამოწურა მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე.
14. სასამართლომ, არჩევნების ჩატარების შემდეგ, ამ არჩევნების მარეგულირებელი აქტების კონსტიტუციურობაზე შეიძლება იმსჯელოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სუბიექტის მიერ კანონით დადგენილ ვადებში სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი #670 (საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე სადავო აქტის ძალდაკარგულად ცნობის შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი