სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- ა.ა.ი.პ. საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac670 |
თარიღი | 22 ოქტომბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„ვახტანგ მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", კონსტიტუციური სარჩელი №670 |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ვახტანგ მენაბდის #670 კონსტიტუციურ სარჩელს. სარჩელით სადავოდაა გახდილი: 1. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის საფუძველზეც საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნები, ასევე 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი. 2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 11 ივნისის #62/2012 განკარგულების პირველი მუხლი; საარჩევნო კოდექსის დასახელებული ნორმები ცესკოს მიერ რიგგარეშე, ხელახალი და შუალედური არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრის და არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის უფლებამოსილებას და წესს განსაზღვრავს. რაც შეეხება 2012 წლის 11 ივნისის #62/2012 განკარგულებას, აღნიშნული დოკუმენტით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-14 მუხლის „ე” ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 110-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებისათვის 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები განსაზღვრა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 11 ივნისის #62/2012 განკარგულებით განსაზღვრული საზღვრების შესაბამისად დაინიშნა 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკიც. კერძოდ, 2015 წლის 31 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება №112/2015, საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცების თაობაზე. განკარგულების გამოცემის საფუძველს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტი, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 129-ე მუხლის მე-2 პუნქტი წარმოადგენს. სწორედ ეს გარემოებაა (არჩევნების ე.წ. ძველ საზღვრებში ჩატარება) მოსარჩელის მიერ სადავოდ გახდილი. ვინაიდან, 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. უფრო კონკრეტულად: №547 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ იყო გახდილი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის პირველი პუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, თბილისში - 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი“, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, „საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი (თვითმმართველი ქალაქი, რაიონი), თბილისის გარდა, არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი“ (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია). კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ იყო გახდილი არა საქართველოს ტერიტორიის 73 ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქად დაყოფა, არამედ საარჩევნო ოლქების ისეთი დაყოფა, რომელიც საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა მეტნაკლებად თანაბარ რაოდენობას და ამდენად, ხმათა თანაბარ ძალას ვერ უზრუნველყოფდა. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა #547 კონსტიტუციური სარჩელი და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა შემდეგი: · საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს მოწოდებული, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები განისაზღვროს იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს ხმათა თანასწორობა და ადეკვატური წარმომადგენლობა. ეს გულისხმობს, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანასწორი იყოს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს ხმათა თანაბარი „წონა“. · საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებისას შესაძლოა, წარმოიშვას ფაქტობრივი სირთულეები და შეუძლებელი აღმოჩნდეს საარჩევნო ოლქების იმგვარი გადანაწილება, რომ ამომრჩევლების ხმებს იდენტური „წონა“ ჰქონდეს. თუმცა ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ასეთი უთანასწორობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი და ამომრჩეველთა ნაწილის ხმის წონა მხოლოდ ადმინისტრაციული სირთულეების გამო არ შემცირდეს. · იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა ერთი ნაწილის ხმის „წონა“ მრავალჯერ აღემატება მეორე ნაწილის ხმის „წონას“, ეს იწვევს მაღალი ხარისხის დისპროპორციას. ცალკეულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის გათვალისწინებით, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის გავლენა საარჩევნო პროცესებზე იმდენად შემცირებულია, რომ განაპირობებს საარჩევნო უფლების გაუმართლებელ, დაუსაბუთებელ შეზღუდვას. როგორც აღინიშნა, რიგ შემთხვევებში ხმათა თანაბრობის პრინციპიდან გადახრა დასაშვებია, თუმცა აუცილებელია, გადახრა იყოს მინიმალური და განპირობებული ობიექტური ფაქტორებიდან. აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი მხრივ არაკონსტიტუციურად ცნო ის მოდელი, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე 10 საარჩევნო ოლქის არსებობას ითვალისწინებდა, ხოლო მეორე მხრივ გააკეთა მითითებები, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონსტიტუციური კანონიერება. გამომდინარე იქედან, რომ საარჩევნო ოლქების განაწილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია, საჭირო აღარ არის დამატებით მტკიცება. თუმცა, წინამდებარე დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს შეკითხვებს: აღსრულდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის #547 გადაწყვეტილება და არის თუ არა გასაჩივრებული ნორმატიული აქტები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტების იდენტური შინაარსის მქონე. 1. აღსრულდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის #547 გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ნორმები მოცემულია როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე ორგანულ კანონში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და კანონში „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. ორგანული კანონი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მიუთითებს, რომ არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან და 15 დღეში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. საქართველოს კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოყვანილი ნორმები 2 მნიშვნელოვან წესს ადგენს: · არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან; · საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
კონკრეტულ შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის შესაბამის მუხლში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, თბილისში − 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი . [(ძალადაკარგულია) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება №1/3/547 - ვებგვერდი, 08.06.2015წ.]. შესაბამისად, შეიძლება იმის თქმა, რომ პირველი, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ფორმალური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა თავად გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარეობს. თუ ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებით შემოიფარგლება, სხვა შემთხვევაში შესაძლოა მაშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება გახდეს საჭირო. ამდენად, საკითხი ინდივიდუალურად შესაფასებელია. კონკრეტულ შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსი კონკრეტული ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებაზე მიუთითებს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობაში ასახული არ არის ხმათა თანაბარ ძალასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გამოთქმული მოსაზრებები. აღსრულების შინაარსობრივი მხარე, ანუ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება თავისთავად წამოწევს აღსრულების ვადის საკითხს. მოქმედი კანონმდებლობა ჩანაწერს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების ვადის შესახებ, არ შეიცავს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ საუბარი გონივრულ ვადას შეეხება. აქვე შეიძლება გაეცეს პასუხი შეკითხვას, ითვალისწინებს თუ არა კანონმდებლობა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების შესაძლებლობას. როგორც უკვე აღინიშნა, არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ჩანაწერი „თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი“ ძირითადად გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როცა აქტის დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად გამოცხადებამ შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს. აღნიშნული ნორმის რეალიზების შემთხვევაში, სასამართლო თავად აკეთებს შესაბამის მითითებას. მაგალითად 2014 წლის 08 ოქტომბრის # №2/4/532,533 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ განსაზღვრული ნორმები ძალადაკარგულად გამოცხადებას 01 აპრილიდან ექვემდებარება. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მსგავს ჩანაწერს არ შეიცავს, ივარაუდება, რომ იგი აღსრულებას დაუყოვნებლივ ექვემდებარება. 2015 წლის 28 მაისის #547 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსი ჩანაწერი არ გაუკეთებია. შესაბამისად, იგი დაუყოვნებლივ ექვემდებარებოდა არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ შინაარსობრივ აღსრულებას, რაც საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ არ განხორციელდა.
2. არის თუ არა გასაჩივრებული ნორმატიული აქტები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტების იდენტური შინაარსის მქონე. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. ხოლო ამავე მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, [...] მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. 2015 წლის 28 მაისის #547 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ვკითხულობთ შემდეგს: არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „მათ შორის, თბილისში − 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მაჟორიტარული სისტემის არსებული მოდელი და მათ შორის, თბილისში 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის არსებობა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული იყო არა კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში საარჩევნო ოლქების რაოდენობა, არამედ ოლქებში ამომრჩეველთა ისეთი განაწილება, რომელიც ხმათა თანაბარ ძალას ვერ უზრუნველყოფს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამიზნე არა თბილისში არსებული ოლქების რიცხვი, არამედ 73 ოლქის ამომრჩეველთა განსხვავებული რაოდენობა იყო. #670 კონსტიტუციურ სარჩელში ვკითხულობთ შემდეგს: მოსარჩელე ვახტანგ მენაბდე რეგისტრირებულია საბურთალოს # 3 საარჩევნო ოლქში, სადაც 2012 წლის საპარლამენტო არჩვნებისათვის რეგისტრირებული იყო 128 000 ამომრჩეველი. საბურთალოს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება მარტვილში, ხოლო 3.5 ჯერ საგარეჯოში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს. ამგვარად, მარტვილის და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველს 4-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვს გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებს. ნათელია, რომ #670 კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნა #547 სარჩელით სადავოდ გახდილი საკითხის იდენტურია. ე.წ. „დამძლევ“ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლომ ვრცელი მსჯელობა მიუძღვნა საქმეში ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინებაში სასამართლომ მიუთითა შემდეგი: · გადაწყვეტილების „დამძლევ ნორმად“ მიჩნევისას, ის [სასამართლო] ითვალისწინებს კონკრეტული საქმის გარემოებებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს, იმეორებს თუ არა ახალი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს; · საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ,,სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის N1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11); · ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორებად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია. აღნიშნული განმარტებების და სადავოდ გახდილი ნორმებით დადგენილი ქცევის წესის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. შესაბამისად, #670 სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში, ხოლო სადავო აქტები ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამობის გამო. ვინაიდან, როდესაც ნორმა იწვევს კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევას იმის გამო, რომ გაუმართლებლად ზრდის სხვა ამომრჩევლების ხმის წონას და ამით ახდენს ამომრჩეველთა გარკვეული კატეგორიის დიფერენცირებას დანარჩენი ამომრჩევლებისგან, შეუძლებელია ის კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს პასუხობდეს (mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის 1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-79). კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყევტილებას მართალია არ აქვს უკუძალა და მას არ გამოუწვევია უკვე ჩატარებული არჩევნების შედეგად შექმნილი პარლამენტის დაშლა, თუმცა აღნიშნული ვერ გამოდგება 2015 წლის 31 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების კონსტიტუციურობის მტკიცების საფუძვლად, რადგან იგი ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის #547 გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდგომ. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი დებულებები ძალადაკარგულია გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. სწორედ ამიტომაც, უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი სისტემის ფარგლებში შუალედური არჩევნების ჩატარება წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და იწვევს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების შელახვას. ზემოთქმულს ასევე ვერ გააბათილებს შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების უფლებების დაცვის მიზანი. დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესების სამართლიანი დაბალანსება მოითხოვს, რომ კონკრეტული უფლების რეალიზება არ განხორციელდეს სხვა პირთა უფლების გადამეტებული შეზღუდვის ხარჯზე. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია, რომ არსებული სისტემის ფარგლებში ამომრჩეველთა რაოდენობას შორის სხვაობა ბევრად აღემატება დასაშვებ გადახრას და იწვევს მოსარჩელის პირობებში მყოფი პირების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების დაცვის ინტერესი თავისთავად გულისხმობს შუალედური არჩევნების არ ჩატარებას უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი სისტემის ფარგლებში, რისი თანმდევი შედეგი შეიძლება იყოს კონკრეტული ამომრჩევლების საარჩევნო უფლების ლეგიტიმური შეზღუდვა. შესაბამისად, #670 კონსტიტუციური სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სადავო აქტები ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად. ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მას. |