ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1565 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ზურაბ გირჩი ჯაფარიძე |
თარიღი | 10 თებერვალი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
თავი I
სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება: „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის N153-IVმს-Xმპ დადგენილება.
სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი: 2021 წლის 2 თებერვალი
სამართლებრივი აქტის გამომცემი: საქართველოს პარლამენტი;
აღნიშნული სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანას მოსარჩელე მხარეს აძლევს: საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის ქვეპუნქტი, რომლშიც აღნიშნულია: პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ასევე კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან შესაბამისი პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხს; „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად: საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი; ამავე ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია; „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, თუ მას პარლამენტმა ვადამდე არ შეუწყვიტა უფლებამოსილება.
საქართველოს კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის აღნიშნული დებულებები ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ანიჭებს უფლებას, პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის (30 დეპუტატი) ალტერნატიულად იდავოს გასაჩივრებული დადგენილების კონსტიტუციურობაზე.
დავის საგანი „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის N153-IVმს-Xმპ დადგენილება.
კონსტიტუციის დებულებები, რომელთან მიმართებაშიც გასაჩივრებულია ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი: საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
თავი II
განმარტებები სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
იმის გამო, რომ დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესწავლის საკითხი გათვალისწინებულია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და არც ერთ სააპლიკაციო ფორმაში ამ მუხლზე მითითება არ ხდება, სასარჩელო მოთხოვნა წარმოდგენილი იქნება სპეციალური სააპლიკაციო ფორმის გარეშე.
არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ,:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
სარჩელს თან ერთვის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის N153-IVმს-Xმპ დადგენილება.
დადგენილების ტექსტის მიხედვით: „საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ვადამდე ადრე არ შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
ამდენად, დადგენილების მიხედვით საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელეს ვადაზე ადრე არ შეუწყვიტა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რის გამოც იგი უფლებამოსილი პირია იდავოს წინამდებარე სარჩელში სადავოდ გამხდარი დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) დაცულია სარჩელის წარდგენის ორკვირიანი ხადაზმულობის ვადა. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელისშეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან; სადავოდ გამხდარი დადგენილება ამოქმედდა მისი მიღების დღეს, 2021 წლის 2 თებერვალს დეკემბერს.
ვ) დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიღებულია კონსტიტუციის საფუძველზე და ამიტომ კონსტიტუცია არ ითხოვს ამ სამართლებრივ აქტზე ზემდგომი ნორმატიული აქტის გასაჩივრებას. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდება თავად დეპუტატისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და არა ის კანონმდებლობა, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება. ამიტომ ამ დავის ფარგლებში შესაბამისი ნორმატიული აქტების გასაჩივრების აუცილებლობა არ არსებობს.
თავი III
სასარჩელო მოთხოვნა და მოთხოვნის არსი
სასარჩელო მოთხოვნა
სადავო სამართლებრივი აქტი (პარლამენტის დადგენილება) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს. ამ უკანასკნელი დებულების თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. წინამდებარე სარჩელის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონსტიტუციაში ჩაწერილი ტერმინების „პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“ კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობა. მოსარჩელის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული პროცედურა განმარტა არა როგორც ფორმალური შინაარსის პროცედურა, როდესაც განცხადების მიმართვის საფუძველზე პარლამენტის მიერ პარლამენტარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა წარმოადგენს ვალდებულებას, არამედ ისე, რომ პარლამენტს გააჩნია უფლებამოსილება პარლამენტის წევრს პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხი გადაწყვიტოს პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე დაფუძნებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი საქართველოს პარლამენტს ავალდებულებს ყოველგვარი პოლიტიკური მიზანშეწონილობის გარეშე, ფორმალური პროცედურით, პირადი განცხადების საფუძველზე ვადაზე ადრე შეუწყვიტოს პარლამენტარს უფლებამოსილება, თუკი დაადგენს, რომ განცხადებაში გამოვლენილი ნება ნამდვილად შეესაბამება განცხადების წარმდგენი პარლამენტის წევრის ნებას. ამდენად, მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავოდ გამხდარი პარლამენტის დადგენილება, რომლითაც პარლამენტმა არ დააკმაყოფილა მისი განცხადება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
სასარჩელო მოთხოვნის არსი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით: „კონსტიტუციურ ტერმინებს აქვთ ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა და მათი შინაარსი არ განისაზღვრება ქვემდგომ ნორმატიულ აქტებში გამოყენებული განმარტებებით. კონსტიტუცია თავადვე განსაზღვრავს მასში რეგლამენტირებული უფლების შინაარსსა და მოცულობას. კონსტიტუციური უფლებების შინაარსზე, ისევე როგორც კონსტიტუციური უფლების აღსაწერად გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაზე, ზეგავლენას ვერ მოახდენს ის, თუ როგორ ხდება კანონმდებლობით მათი რეგლამენტაცია. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კანონი შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს და არა კონსტიტუციური სტანდარტების განმსაზღვრელ ინსტრუმენტს. კონსტიტუციური ტერმინის განმარტებისას, სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს უფლების არსით, რომელთან მიმართებაშიც არის გამოყენებული ესა თუ ის ტერმინი, კონსტიტუციური ნორმ(ებ)ის სტრუქტურით, კონსტიტუციის სხვა ნორმებში მოცემული მსგავსი ტერმინების შინაარსის ანალიზით და სხვა.”[1] გარდა ამისა, პრაქტიკით ასევე დადგენილია, რომ: „კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციას განიხილავს ერთიან ორგანიზმს. შეუძლებელია, სადავო საკითხის კონსტიტუციურობის სრულფასოვანი გადაწყვეტა, თუ სასამართლო კონსტიტუციის ნორმებს ერთმანეთთან კავშირში არ წაიკითხავს/განმარტავს“.[2] ამდენად, წინამდებარე სარჩელის მიზნებისთვის კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ავტონომიური შინაარსის დასადგენად მნიშვნელოვანია კონსტიტუცია გააზრებულ იქნას როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. იგი უშუალოდ ხალხის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების პირობებში ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას და უზრუნველყოფს კონსტიტუციით განმტკიცებული დემოკრატიის პრინციპის ეფექტურ რეალიზებას. მისი წევრები თანამდებობაზე აირჩევიან საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.
საქართველოს პარლამენტის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელება წარმოუდგენელია პარლამენტის წევრის, როგორც ხალხის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების უშუალოდ განმახორციელებელი პირის, დამოუკიდებლობისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციური გარანტიების არსებობის გარეშე. სწორედ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის, ფუნქციური მნიშვნელობისა და უმაღლესი ლეგიტიმაციის წყაროს გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს პარლამენტის წევრთა უფლებების დაცვის კონკრეტულ საშუალებებს. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განამტკიცებს პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის, მის საქმიანობაში ჩაურევლობისა და უფლებამოსილების თავისუფლად განხორციელების საფუძველს. სწორედ ამავე მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სხვა გარანტიებიც, მაგალითად, პარლამენტის წევრის ხელშეუხებლობა, იმუნიტეტი, პირადი უსაფრთხოების დაცვისა და უფლებამოსილების დაუბრკოლებლად განხორციელების საკითხი და სხვ.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში საქმეზე - ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ვკითხულობთ: „პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა კომპლექსური საკითხია, რომელიც, ერთი მხრივ, დემოკრატიის უშუალო მოთხოვნაა, რათა არ მოხდეს უმრავლესობის ნების თავად დემოკრატიის საწინააღმდეგოდ გამოყენება და საფრთხე არ შეექმნას პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ამ უფლებამოსილების ბოროტად ან არასწორად გამოყენება შეიცავს ძალაუფლების უშუალო წყაროს - ხალხის ნების დაძლევის რისკებს. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხისადმი უკიდურესად ფრთხილი მიდგომის საჭიროებას წარმოშობს, ერთი მხრივ, თავად ეს ინსტიტუტი და მისგან მომდინარე შესაძლო რისკები, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრის როლი, ფუნქცია და ლეგიტიმაციის წყაროს მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. შესაბამისად, საკუთრივ დემოკრატიის ეფექტიანი ფუნქციონირება მოითხოვს, რომ არსებობდეს ხალხის წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მექანიზმი, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს შესაბამისი საფუძველი, კერძოდ, როდესაც უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა გამართლებულია ხელისუფლების სიჯანსაღის დაცვისა და მისდამი ხალხის ნდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობა მართლაც არის გარკვეული რისკების შემცველი. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი ექსკლუზიურად და ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობაც იწვევს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და მინიმუმამდე ამცირებს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეციის ფარგლებს.“
ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს თავად კონსტიტუცია განსაზღვრავს(კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი), სასამართლოს განმარტებით, ჩამონათვალი არ ექვემდებარება გაფართოებას ქვემდგომი საკანონმდებლო აქტებით. ნებისმიერი სხვა საფუძვლით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა თავისთავად შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამიტომ სხვა სახელმწიფო თანამდებობისაგან განსხვავებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კონსტიტუციურობის შემოწმებისას სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს არა შეზღუდვის პროპორციულობის ან/და გათავისუფლების დასაბუთებულობის გზით, არამედ იმის შეფასებით, თუ რამდენად სწორად გამოიყენა საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის ესა თუ ის დებულება, რომელიც სადავო დადგენილების მიღებას დაედო საფუძვლად.
გარდა პარლამენტის ფუნქციების და საქმიანობის მნიშვნელობისა, აუცილებელია, ყურადღება მიექცეს პარლამენტის წევრის ლეგიტიმაციის წყაროს. პარლამენტის წევრი აირჩევა 4 წლის ვადით საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების შედეგად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს, რომ არჩევნები დემოკრატიის განუყოფელი მოთხოვნაა და ამ გზით თანამდებობის დაკავება - უშუალოდ ხალხისგან მანდატის მიღება, ამგვარი თანამდებობის პირების უფლებათა დაცვისა და რეალიზაციის განსაკუთრებულ პირობებს ქმნის
წინამდებარე დავისთვის არსებით საკითხს წარმოადგენს იმის გამორკვევა თუ რას გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მექანიზმი და როგორ მოხდა პარლამენტისერ მიერ მისი გამოყენება, რათა განვსაზღვროთ დაარღვია თუ არა საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია მაშინ, როდესაც მოსარჩელეს საკუთარი განცხადების საფუძველზე არ შეუწყვიტა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძვლები არსებითად შეგვიძლია დავყოთ ორ კატეგორიად. ერთ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს პარლამენტის წევრისთვის ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს, როდესაც პარლამენტის წევრის მიერ ადგილი აქვს კონსტიტუციის ან/და კანონმდებლობის დარღვევას(39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „თ“), ხოლო მეორე შემთხვევაში, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი დამოკიდებულია იმაზე პარლამენტის წევრს ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო შეუძლია თუ არა განახორციელოს დაკავებული თანამდებობისთვის საჭირო ფუნქციები( კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტები). ორივე შემთხვევაში, თუკი წარმოშობილია კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, აუცილებელია პარლამენტის წევრს ვადამდე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება, რათა ერთი მხრივ საფრთხე არ შეექმნას პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხოლო მეორე მხრივ არ შეილახოს პარლამენტის, როგორც სახალხო სუვერენიტეტის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოს საზოგადოებისადმი ნდობა. მაგალითად, თუკი პარლამენტის წევრი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ამით ის არღვევს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რა დროსაც წარმოიშობა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძველი, რათა პარლამენტის წევრმა მისთვის გამოცხადებული ნდობა ბოროტად არ გამოიყენოს კერძო ინტერესების სასარგებლოდ. აღნიშნული მაგალითის მსგავსად, როდესაც პარლამენტის წევრს სუბიექტური მიზეზით აღარ სურს პარლამენტის წევრად ყოფნა და ის განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ, წარმოიშობა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძველი. ჩვენს შემთხვევაში კი უნდა დავადგინოთ, 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობისას როგორი პროცედურით უნდა შეუწყდეს საქართველოს პარლამენტს უფლებამოსილება. კერძოდ, პროცესი უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური, თუ შესაძლებელია პარლამენტს გააჩნდეს უფლებამოსილება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე პირადი განცხადების მიუხედავად პარლამენტის წევრს არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი მე-3 ნაწილის მიხედვით, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა რეგლამენტის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. როგორც საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის ასევე პარლამენტის რეგლამენტის ანალიზიდან დგინდება, რომ არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც საქართველოს პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას პირადი განცხადების ნამდვილობის მიუხედავად არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სისტემური ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს თავად პარლამენტის სუვერენიტეტი ხომ არ ანიჭებს პარლამენტს ამგვარ უფლებამოსილებას - პოლიტიკური მოტივით საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს საქართველოს პარლამენტის წევრი განახორციელოს პარლამენტარის უფლებამოსილება.
როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, მოსარჩელის პოზიციით პარლამენტს, არ გააჩნია უფლებამოსილება პარლამენტის წევრს უარი უთხრას საკუთარი განცხადების საფუძველზე პარლამენტის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე. აღნიშნული პოზიციის დასასაბუთებლად კი მოსარჩლე გამოიყენებს საწინააღმდეგოს დაშვების მეთოდს - რა მოხდებოდა მაშინ, თუკი საქართველოს პარლამენტს ექნებოდა უფლებამოსილება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე უარი ეთქვა პარლამენტის წევრისთვის საკუთარი განცხადების საფუძველზე პარლამენტის წევრობის შეწყვეტაზე.
კონსტიტუცია და კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტის წევრს აკისრებს მთელ რიგ მოვალეობებს. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს პარლამენტის რეგლამენტი. პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს: ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი. ხოლო მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: პარლამენტის წევრი ვალდებულია: ა) დაესწროს პარლამენტის პლენარულ, ბიუროს, კომიტეტის, ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში; ბ) ხელი შეუწყოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რეგლამენტის, მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომიტეტს; გ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა; დ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს და არ გაამჟღავნოს სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული ან შექმნილი ინფორმაცია; ე) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით დადგენილი ქცევის სტანდარტები. გარდა ამისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პარლამენტის წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ხოლო „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-20 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ორი თვის ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი - განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად:
„ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“
საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმების ანალიზი აჩვენებს, რომ პარლამენტის წევრს კანონმდებლობა ერთი მხრივ უკრძალავს, ხოლო მეორე მხრივ ავალდებულებს გარკვეული ქმედებების განხორციელებას. ზოგიერთი ქმედების განუხორციელებლობის შემთხვევაში კი შეიძლება პარლამენტის წევრს ადმინსიტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი დაეკისროს. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ თუკი პარლამენტს ექნებოდა უფლებამოსილება პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე არ შეეწყვიტა პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილება, მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრის სურვილს არ წარმოადგენს განახორციელოს პარლამენტის წევრისთვის დაკისრებული ვალდებულებები, ამით პარლამენტს ექნებოდა შესაძლებლობა პარლამენტის სავალდებულო წევრობის ბერკეტით მიეღწია საკუთარ პოლიტიკურ მიზანს, თუმცა აღნიშნული შეზღუდავდა იმ ადამიანის კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო თანამდებობის დაკავების თავისუფლების, პიროვნული განვითარების უფლებებს, რომელსაც აღარ სურს იყოს პარლამენტის წევრი. არასწორი იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის ისეთი განმარტება, რომელიც საქართველოს პარლამენტს მიანიჭებდა უფლებამოსილებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პარლამენტის წევრი, რომელსაც აღარ სურს პარლამენტის წევრობა, გამოეყენებინა მიზნის მიღწევის საშუალებად.
მოსარჩელეს საქართველოს პარლამენტმა პირადი განცხადების მიუხედავად ვადამდე ადრე არ შეუწყვიტა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ამდენად, მოსარჩელე საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ იკავებს პარლამენტის წევრის სტატუსს, ხოლო კონსტიტუცია და საქართველოს რეგლამენტი მას ავალდებულებს თავი შეიკავოს ზოგიერთი ქმედების განხორციელებისგან. მაგალითად, მოსარჩელეს ეკრძალება განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, იმიტომ რომ ის მისი ნების საწინააღმდეგოდ არის საქართველოს პარლამენტის წევრი. საქართველოს ხოლო თუკი ის მაინც გადაწყვეტს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოიშობა მისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის სხვა საფუძველი. აღნიშნული მსჯელობიდან კი კიდევ ერთი დასკვნა გამომდინარეობს - თუ საქართველოს პარლამენტს ექნებოდა მსგავსი უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის წევრი იძულებული იქნებოდა დაერღვია საქართველოს კონსტიტუცია(კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტი), რათა სხვა საფუძვლით შეწყვეტილიყო მისი უფლებამოსილება. ეს კი მიზანს დაუკარგავდა კონსტიტუციის 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პარლამენტის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მექანიზმს. საბოლოოდ, თუკი დავუშვებთ, რომ საქართველოს პარლამენტს გააჩნია მსგავსი უფლებამოსილება, ეს დააზიანებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მექანიზმს და იმ ღირებულებებს, რასაც აღნიშნული მექანიზმი ემსახურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის გასაჩივრებული დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, რის გამოც არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის N3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-5.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის N3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-20.