ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1569 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ელენე ხოშტარია |
თარიღი | 16 თებერვალი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება: „ელენე ხოშტარიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის N150-IVმს-Xმპ დადგენილება. [მიღების თარიღი: 2021 წლის 2 თებერვალი | გამომცემი საქართველოს პარლამენტი];
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლები:
საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი
სამართლებრივი მოთხოვნა, „ელენე ხოშტარიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის N150-IVმს-Xმპ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
II
კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება
არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საკანონმდებლო საფუძვლები კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ;
სარჩელს თან ერთვის, მოსარჩელის განცხადება პარლამენტის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
ასევე, სარჩელს თან ერთვის „ელენე ხოშტარიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის N150-IVმს-Xმპ დადგენილება.
სადავო დადგენილების მიხედვით: „საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ელენე ხოშტარიას ვადამდე ადრე არ შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
ამდენად, საქართველოს პარლამენტმა, მოსარჩელეს ვადაზე ადრე არ შეუწყვიტა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რის გამოც, იგი უფლებამოსილია, იდავოს წინამდებარე სარჩელში სადავოდ გამხდარი დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) დაცულია სარჩელის წარდგენის ორკვირიანი ხადაზმულობის ვადა. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან; სადავოდ გამხდარი დადგენილება ამოქმედდა მისი მიღების დღეს, 2021 წლის 2 თებერვალს.
ვ) დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიღებულია კონსტიტუციის საფუძველზე და ამიტომ კონსტიტუცია არ ითხოვს ამ სამართლებრივ აქტზე ზემდგომი ნორმატიული აქტის გასაჩივრებას. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდება თავად დეპუტატისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის/არშეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და არა ის კანონმდებლობა, რასაც თავად გადაწყვეტილება ეფუძნება. შესაბამისად, მოცემული დავის მიზნებისთვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის/აქტების გასაჩივრების აუცილებლობა არ არსებობს.
III
სასარჩელო მოთხოვნა და დასაბუთება
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო სამართლებრივი აქტი (პარლამენტის დადგენილება) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი პარლამენტს მიმართავს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პირადი განცხადებით. წინამდებარე სარჩელის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს, კონსტიტუციით გათვალისწინებული ტერმინების „პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“ კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.
მოსარჩელის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა, კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული პროცედურა განმარტა არა როგორც ფორმალური შინაარსის პროცედურა, ესე იგი, არა როგორც ვალდებულება, მსგავსი მოთხოვნა ავტომატურად დაკმაყოფილდეს, არამედ იმგვარად, თითქოს საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია, თავისივე წევრის პირადი განცხადებით მოთხოვნილი უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხი განიხილოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით და პლენარული სხდომის ფორმატში, გადაწყვეტილების მიმღებთა უმრავლესობის ნების შესაბამისად. შედეგად, დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს მოსარჩელის და მის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მოთხოვნა და პარლამენტის წევრს, საკუთარი სურვილი საწინააღმდეგოდ, დაავალოს არჩევით სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნა.
მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს პარლამენტს ავალდებულებს: ყოველგვარი პოლიტიკური მიზანშეწონილობის გარეშე, ფორმალური პროცედურით, პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყვიტოს პარლამენტარს უფლებამოსილება, თუკი დაადგენს, რომ განცხადებაში გამოვლენილი ნება ნამდვილად შეესაბამება განცხადების წარმდგენის ნებას. ამდენად, მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავოდ გამხდარი პარლამენტის დადგენილება, რომლითაც პარლამენტმა არ დააკმაყოფილა მისი განცხადება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.
2. სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით: „კონსტიტუციურ ტერმინებს აქვთ ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა და მათი შინაარსი არ განისაზღვრება ქვემდგომ ნორმატიულ აქტებში გამოყენებული განმარტებებით. კონსტიტუცია თავადვე განსაზღვრავს მასში რეგლამენტირებული უფლების შინაარსსა და მოცულობას. კონსტიტუციური უფლებების შინაარსზე, ისევე როგორც კონსტიტუციური უფლების აღსაწერად გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაზე, ზეგავლენას ვერ მოახდენს ის, თუ როგორ ხდება კანონმდებლობით მათი რეგლამენტაცია“.
საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, კანონი შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს და არა კონსტიტუციური სტანდარტების განმსაზღვრელ ინსტრუმენტს. „კონსტიტუციური ტერმინის განმარტებისას, სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს უფლების არსით, რომელთან მიმართებაშიც არის გამოყენებული ესა თუ ის ტერმინი, კონსტიტუციური ნორმ(ებ)ის სტრუქტურით, კონსტიტუციის სხვა ნორმებში მოცემული მსგავსი ტერმინების შინაარსის ანალიზით და სხვა“.[1]
გარდა ამისა, დამკვიდრებული პრაქტიკით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციას განიხილავს ერთიან ორგანიზმად. შეუძლებელია, სადავო საკითხის კონსტიტუციურობის სრულფასოვანი გადაწყვეტა, თუ სასამართლო კონსტიტუციის ნორმებს ერთმანეთთან კავშირში არ წაიკითხავს/განმარტავს“.[2]
ამდენად, წინამდებარე სარჩელის მიზნებისთვის, კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ავტონომიური შინაარსის დასადგენად, მნიშვნელოვანია, კონსტიტუცია გააზრებულ იქნას როგორც ერთიანი, მთლიანი და განუყოფელი ორგანიზმი.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. იგი, უშუალოდ ხალხის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების პირობებში, ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას და უზრუნველყოფს კონსტიტუციით განმტკიცებული დემოკრატიის პრინციპის ეფექტურ რეალიზებას. მისი წევრები თანამდებობაზე აირჩევიან საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.
საქართველოს პარლამენტის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელება წარმოუდგენელია პარლამენტის წევრის, როგორც ხალხის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების უშუალოდ განმახორციელებელი პირის დამოუკიდებლობისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გარანტიების გარეშე. სწორედ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის, ფუნქციური მნიშვნელობისა და უმაღლესი ლეგიტიმაციის წყაროს გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს პარლამენტის წევრთა უფლებების დაცვის კონკრეტულ საშუალებებს.
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება, განამტკიცებს პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის, მის საქმიანობაში ჩაურევლობისა და უფლებამოსილების თავისუფლად განხორციელების საფუძველს. სწორედ ამავე მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სხვა გარანტიებიც, მაგალითად, პარლამენტის წევრის ხელშეუხებლობა, იმუნიტეტი, პირადი უსაფრთხოების დაცვისა და უფლებამოსილების დაუბრკოლებლად განხორციელების საკითხი და სხვ.
სხვაგვარად, საქართველოს კონსტიტუცია იზიარებს ე.წ. თავისუფალი მანდატის დოქტრინას, რომელიც პარლამენტის წევრს არ ბოჭავს ამომრჩეველთა post factum გამოვლენილი ნებით (პარლამენტის წევრის გაწვევა დაუშვებელია), ისევე როგორც, იგი თავისუფალია, თავადვე გადაწყვიტოს, სურს თუ არა მინიჭებული მანდატით სარგებლობა, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისა და სხვა გარემოებების მიზანშეწონილობის საფუძველზე. მოსარჩელის აზრით, არ არსებობს არცერთი კონსტიტუციური მექანიზმი/ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრს დაავალდებულებდა საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას ან/და სხვაგვარად შებოჭავდა მას გადაწყვეტილების მიღებაში იმის თაობაზე, თუ რა უყოს საკუთარ მანდატს.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ცალსახად მიუთითებს, რომ „პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა კომპლექსური საკითხია, რომელიც, ერთი მხრივ, დემოკრატიის უშუალო მოთხოვნაა, რათა არ მოხდეს უმრავლესობის ნების თავად დემოკრატიის საწინააღმდეგოდ გამოყენება და საფრთხე არ შეექმნას პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ამ უფლებამოსილების ბოროტად ან არასწორად გამოყენება შეიცავს ძალაუფლების უშუალო წყაროს - ხალხის ნების დაძლევის რისკებს.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხისადმი უკიდურესად ფრთხილი მიდგომის საჭიროებას წარმოშობს, ერთი მხრივ, თავად ეს ინსტიტუტი და მისგან მომდინარე შესაძლო რისკები, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრის როლი, ფუნქცია და ლეგიტიმაციის წყაროს მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. შესაბამისად, საკუთრივ დემოკრატიის ეფექტიანი ფუნქციონირება მოითხოვს, რომ არსებობდეს ხალხის წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მექანიზმი, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს შესაბამისი საფუძველი, კერძოდ, როდესაც უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა გამართლებულია ხელისუფლების სიჯანსაღის დაცვისა და მისდამი ხალხის ნდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობა მართლაც არის გარკვეული რისკების შემცველი. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი ექსკლუზიურად და ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობაც იწვევს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და მინიმუმამდე ამცირებს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეციის ფარგლებს“.
ამავე გადაწყვეტილებაში, საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს თავად კონსტიტუცია განსაზღვრავს (კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი). სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციაში მოცემული ჩამონათვალი არ ექვემდებარება გაფართოებას ქვემდგომი საკანონმდებლო აქტებით. ნებისმიერი სხვა საფუძვლით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, თავისთავად შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას. სხვა სახელმწიფო თანამდებობისაგან განსხვავებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს არა შეზღუდვის პროპორციულობის ან/და გათავისუფლების დასაბუთებულობის გზით, არამედ იმის შეფასებით, თუ რამდენად სწორად გამოიყენა საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის ესა თუ ის დებულება, რომელიც სადავო დადგენილების მიღებასაც დაედო საფუძვლად.
გარდა პარლამენტის ფუნქციების და საქმიანობის მნიშვნელობისა, აუცილებელია, ყურადღება მიექცეს პარლამენტის წევრის ლეგიტიმაციის წყაროს. პარლამენტის წევრი აირჩევა 4 წლის ვადით, საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების შედეგად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს, რომ არჩევნები დემოკრატიის განუყოფელი მოთხოვნაა და ამ გზით თანამდებობის დაკავება - უშუალოდ ხალხისგან მანდატის მიღება, ამგვარი თანამდებობის პირების უფლებათა დაცვისა და რეალიზაციის განსაკუთრებულ პირობებს ქმნის.
წინამდებარე დავისთვის, არსებით საკითხს წარმოადგენს იმის გამორკვევა, თუ რას გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მექანიზმი. ასევე, როგორ მოხდა პარლამენტის მიერ მისი გამოყენება და დაარღვია თუ არა საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუცია მაშინ, როდესაც მოსარჩელეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, არ შეუწყვიტა უფლებამოსილება.
საქართველოს კონსტიტუციაში ჩამოთვლილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძვლები, შეგვიძლია დავყოთ ორ კატეგორიად:
1. როდესაც პარლამენტის წევრი კონსტიტუციას ან/და კანონმდებლობის არღვევს (39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „თ“);
2. როდესაც არსებობს ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები, რომ პარლამენტის წევრმა არ/ვერ განახორციელოს დაკავებული თანამდებობისთვის საჭირო ფუნქციები (კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტები).
ორივე შემთხვევაში, თუკი სახეზეა კონსტიტუციით გათვალისწინებული საფუძვლები, აუცილებელია, პარლამენტის წევრს ვადამდე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება, რათა ერთი მხრივ საფრთხე არ შეექმნას პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხოლო მეორე მხრივ, არ შეილახოს პარლამენტის, როგორც სახალხო სუვერენიტეტის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოს ნდობა და ავტორიტეტი.
მაგალითად, თუკი პარლამენტის წევრი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ამით ის არღვევს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რა დროსაც წარმოიშობა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძველი, რათა პარლამენტის წევრმა მისთვის გამოცხადებული ნდობა ბოროტად არ გამოიყენოს, კერძო ინტერესების სასარგებლოდ. აღნიშნული მაგალითის მსგავსად, როდესაც პარლამენტის წევრს სუბიექტური მიზეზით აღარ სურს პარლამენტის წევრად ყოფნა, იგი განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ, წარმოიშობა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძველი. ასევე, შესაძლებელია, არსებობდეს ობიექტური გარემოება, რაც გამორიცხავს პარლამენტის წევრის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას (პირის გარდაცვალება).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობისას, როგორი პროცედურით უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრს უფლებამოსილება. კერძოდ, პროცესი უნდა იყოს მხოლო ფორმალური, თუ შესაძლებელია, პარლამენტი უფლებამოსილი იყოს, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პირადი განცხადების მიუხედავად, თავისივე წევრს არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება.
პარლამენტის რეგლამენტით, იმისთვის რომ პარლამენტის წევრს, ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე, აუცილებელია, შემდეგი პროცედურის დაცვა:
· პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
· კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.
· პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, რეგლამენტით დადგენილი წესით, შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
· პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი, განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე პარლამენტის რეგლამენტის ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც საქართველოს პარლამენტს მიანიჭებდა უფლებამოსილებას, პირადი განცხადების ნამდვილობის მიუხედავად, თავისივე წევრს არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება. მეტიც, ასეთი მექანიზმის არსებობას გამორიცხავს თავად კონსტიტუცია. შესაბამისად, ნებისმიერი ამგვარი განმარტება, რომელსაც სამართალშემფარდებელი (ამ შემთხვევაში პარლამენტი) გაიზიარებს, იმთავითვე კონსტიტუციის საწინააღმდეგოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის სადავო დადგენილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ცნობილ უნდა იქნეს ძალადაკარგულად და მოსარჩელეს შეუწყდეს პარლამენტის წევრის სტატუსი.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის N3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-5.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის N3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-20.