ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1-1/1565,1568,1569 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, , , |
თარიღი | 26 თებერვალი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 მარტი 2021 18:36 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
ვასილ როინიშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №153-IVმს-Xმპ დადგენილების, „თამარ კორძაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №119-IVმს-Xმპ დადგენილებისა და „ელენე ხოშტარიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №150-IVმს-Xმპ დადგენილების კონსტიტუციურობა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1565) მომართა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1568) მომართა თამარ კორძაიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1569) მომართა ელენე ხოშტარიამ.
2. №1565 და №1568 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 23-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. №1569 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი.
3. კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარი დადგენილებებით, საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელეებს ვადამდე არ შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რასაც ისინი ითხოვდნენ პირადი განცხადებით. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებას, გადაწყვიტოს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი ვადამდე შეწყვეტის საკითხი. ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად განსაზღვრავს მის პირად განცხადებას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულება საქართველოს პარლამენტს ავალდებულებს, პარლამენტის წევრის მიერ შესაბამისი მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღოს ფორმალური პროცედურით, პოლიტიკური მიზანშეწონილობის შეფასების გარეშე.
4. მოსარჩელეთა მითითებით, საქართველოს პარლამენტის, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელება წარმოუდგენელია პარლამენტის წევრის, როგორც ხალხის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების უშუალოდ განმახორციელებელი პირის დამოუკიდებლობისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციური გარანტიების არსებობის გარეშე. სწორედ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის, ფუნქციური მნიშვნელობისა და უმაღლესი ლეგიტიმაციის წყაროს გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს პარლამენტის წევრთა უფლებების დაცვის კონკრეტულ საშუალებებს.
5. კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია ამომწურავად განსაზღვრავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს და კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტში არსებული ჩამონათვალი არ ექვემდებარება გაფართოებას ქვემდგომი საკანონმდებლო აქტებით. ნებისმიერი სხვა საფუძვლით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, თავისთავად, შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას. შესაბამისად, სხვა სახელმწიფო თანამდებობებისაგან განსხვავებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კონსტიტუციურობის შემოწმებისას სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა შეზღუდვის პროპორციულობის ან/და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმებით, არამედ იმის შეფასებით, თუ რამდენად სწორად გამოიყენა საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის ესა თუ ის დებულება, რომელიც სადავო დადგენილების მიღებას დაედო საფუძვლად.
6. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციაში ჩამოთვლილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები შესაძლოა, დაიყოს ორ კატეგორიად - როდესაც პარლამენტის წევრის მიერ ადგილი აქვს კონსტიტუციის ან/და კანონმდებლობის დარღვევას და როდესაც პარლამენტის წევრს ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია, განახორციელოს დაკავებული თანამდებობისთვის საჭირო ფუნქციები. თუმცა ორივე შემთხვევას აერთიანებს ის, რომ, თუ სახეზე არის რომელიმე საფუძველი, აუცილებელია, გამოყენებულ იქნეს მანდატის შეწყვეტის მექანიზმი, რათა, ერთი მხრივ, საფრთხე არ შეექმნას პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, არ შეილახოს პარლამენტის, როგორც სახალხო სუვერენიტეტის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოს საზოგადოებრივი ნდობა.
7. №1565 და №1569 კონსტიტუციური სარჩელების მოსარჩელეები დამატებით განმარტავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმების საფუძველზე, პარლამენტის წევრს აქვს ვალდებულება, თავი შეიკავოს ზოგიერთი ქმედების განხორციელებისგან - მაგალითად, მას ეკრძალება განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან, მას ეკისრება მთელი რიგი ვალდებულებები, მაგალითად, როგორიცაა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი შესაძლოა, პარლამენტის წევრს დაეკისროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობა. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ, თუკი პარლამენტს ექნება უფლებამოსილება, პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე არ შეწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრის სურვილს არ წარმოადგენს პარლამენტის წევრისთვის დაკისრებული ვალდებულებების განხორციელება, აღნიშნული პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას, პარლამენტის სავალდებულო წევრობის ბერკეტით მიაღწიოს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. ამასთან, ამგვარი მიდგომა შეზღუდავდა კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ იმ პირის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო თანამდებობის დაკავების თავისუფლების, პიროვნული განვითარების უფლებებს, რომელსაც აღარ სურს იყოს პარლამენტის წევრი.
8. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №153-IVმს-Xმპ დადგენილება, „თამარ კორძაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №119-IVმს-Xმპ დადგენილება და „ელენე ხოშტარიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №150-IVმს-Xმპ დადგენილება არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
9. კონსტიტუციური სარჩელების, საკონსტიტუციო სამართალწარმოებით გათვალისწინებული წესით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის განაწილებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ განსახილველმა საქმემ, თავისი შინაარსით, შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებულ წინადადებაში მითითებულია, რომ იმ საკითხის გამორკვევა, კონსტიტუციურია თუ არა პარლამენტის გადაწყვეტილება მოსარჩელეთათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის განმარტებას. კერძოდ, უნდა დადგინდეს, პირადი განცხადებით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი და პარლამენტის შესაბამისი უფლებამოსილება რამდენად ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და, ზოგადად, როგორია ამ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლი - მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გულისხმობს მხოლოდ პირადი განცხადების დაკმაყოფილების უფლებამოსილებას და მის ერთგვარად ფორმალურად დადასტურებას, თუ კონსტიტუცია, ამგვარი საფუძვლის არსებობისას, საკანონმდებლო ორგანოსთვის ტოვებს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების არეალს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასახელებული საკითხის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება ინდივიდუალური პირის მიმართ გადაწყვეტილების მიღებით და მის უფლებრივ სფეროზე გავლენის რესურსით, არამედ სახეზეა პირი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საყოველთაო არჩევნების გზით არის არჩეული ხალხის მიერ და მათ წარმომადგენლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო დგას ზემოთ დასახელებული საკითხის დემოკრატიის პრინციპიდან მომდინარე კონსტიტუციური მოთხოვნების ჭრილში გაანალიზების საჭიროების წინაშე. ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარის წინადადებაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა მსჯელობა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის დასახელებული საფუძვლის თაობაზე. შესაბამისად, განსახილველმა საქმემ „თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 2021 წლის 17 თებერვალს მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის წინადადებით.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა №1565, №1568 და №1569 კონსტიტუციური სარჩელების პლენუმზე განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 26 თებერვალს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, იმ საკითხის გამორკვევა, კონსტიტუციურია თუ არა პარლამენტის გადაწყვეტილება მოსარჩელეთათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის განმარტებას. კერძოდ, უნდა დადგინდეს, პირადი განცხადებით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი და პარლამენტის შესაბამისი უფლებამოსილება რამდენად ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და, ზოგადად, როგორია ამ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლი - მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გულისხმობს მხოლოდ პირადი განცხადების დაკმაყოფილების უფლებამოსილებას და მის ერთგვარად ფორმალურად დადასტურებას, თუ კონსტიტუცია, ამგვარი საფუძვლის არსებობისას, საკანონმდებლო ორგანოსთვის ტოვებს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების არეალს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა მსჯელობა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის დასახელებული საფუძვლის თაობაზე. შესაბამისად, განსახილველმა საქმემ „თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა“.
2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმი მიიჩნევს, რომ მართებულია №1565, №1568 და №1569 კონსტიტუციური სარჩელები განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 212 და მე-40 მუხლების, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს №1565, №1568 და №1569 კონსტიტუციური სარჩელები („ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. №1565, №1568 და №1569 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ ერთობლივად იქნეს განხილული.
3. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში