ა(ა)იპ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/577 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 24 ივლისი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №577) მომართეს ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2014 წლის 24 თებერვალს.
2. №577 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 10 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის №2/4/577 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული.
3. №577 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პურველი პუნქტი, აგრეთვე 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, აგრეთვე “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტი ადგენს, რომ “კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელის/წარდგინების და ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შეაჩერებს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედებას, არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარულ დღეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ამ ვადას, მის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, არაუმეტეს 15 კალენდარული დღით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე”.
5. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებით განსაზღვრულია, რომ თუ სადავო ნორის შეჩერების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს იმავე კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილ ვადაში, სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება ძალას კარგავს ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
6. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს”, აგრეთვე ვახუშტი მენაბდეს, თავისი აქტიური საქმიანობიდან გამომდინარე, შესაძლოა მოუწიოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა უშუალოდ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, სადავო ნორმის არსებობის პირობებში კი შეუძლებელი გახდება უფლების ჯეროვანი დაცვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოსარჩელეების აზრით, აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს თავად განსახილველი სარჩელი, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვენ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას, შესაბამისად, ხდებიან სადავო ნორმების სუბიექტები და იქმნება მათი უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე.
8. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში უთითებენ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებზე, რომლებიც ეხება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შინაარსს. კერძოდ, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილულია როგორც ინსტრუმენტული უფლება, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვან რეალიზებასთან. სწორედ ამიტომ, მოსარჩელეთა აზრით, საკონსტიტუციო სასამართლომ 42-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცულ სფეროში მოაქცია არა მხოლოდ ცალკე აღებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, არამედ ის პროცესუალური გარანტიებიც, რომლებიც მნიშვნელობას სძენს ამ უფლების განხორციელებას.
9. Kკონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისას პირის მიზანს წარმოადგენს უფლებების დაცვა სასამართლოს გადაწყვეტილების გზით, თუმცა, მოსარჩელეთა აზრით, იშვიათ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ნორმის მოქმედებამ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება იმდენად შელახოს პირის უფლება, რომ დაეკარგოს ინტერესი საბოლოო გადაწყვეტილებასთან მიმართებით. მოსარჩელეთა მხარის მითითებით, სწორედ აღნიშნულის პრევენცია წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების მიზანს.
10. მოსარჩელეები დამატებით აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას მრავალმხრივი შედეგი მოსდევს, იგი უპირველესად პირის ინდივიდუალური უფლების დაცვის საშუალებაა, რასაც ემსახურება გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურობის ხარისხის შენარჩუნებას.
11. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმების მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს აქტის მოქმედება არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით (რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღით), თუმცა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს აღნიშნული ვადის მიღმა, სამართალწარმოების შესაბამისი ნორმებით განსაზღვრულ პერიოდში, რაც ბევრად აღემატება სადავო ნორმის შეჩერებისათვის დადგენილ ვადას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმის მოქმედების განახლება გადაწყვეტილების გამოტანამდე იწვევს გამოუსწორებელ შედეგებს მოსარჩელისთვის, რაც, თავის მხრივ, სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას აზრს უკარგავს იმდენად, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით საქმის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი უკვე დამდგარი უარყოფითი შედეგების გამოსწორება შეუძლებელი ხდება.
12. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოება ხასიათდება განსაკუთრებული სირთულითა და თავისებურებებით, სასამართლოს უწევს არა კონკრეტული ფაქტის, არამედ ნორმის შეფასება, მისი პრაქტიკული გამოყენების კვლევა, სპეციალისტის, ექსპერტის შერჩევა და მათთვის დროის მიცემა დასკვნის წარმოსადგენად და ა.შ. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელეთა აზრით, შეუძლებელია 30 კალენდარული დღის ვადაში საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის გარემოებები სრულყოფილად გამოკვლიოს და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს. რაც, მოსარჩელეთა მტკიცებით, ერთი მხრივ, შეიცავს საფრთხეს პირის ინდივიდუალური უფლების დაცვის ეფექტურობასთან დაკავშირებით, ამავდროულად კი, საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსისა და უფლებამოსილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესებისთვისაც.
13. მოსარჩელეთა აზრით, სხვადასხვა პროცესუალური გარანტიების არსებობის მიზანია, ხელი შეუწყოს ობიექტური, სამართლიანი და არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღებას. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ დასაბუთებულობის მოთხოვნა ვერ იქნება გაგებული როგორც სასამართლოს ცალმხრივი ვალდებულება, ეს არის პირის უფლება, სასამართლოსაგან, როგორც კომპეტენტური ორგანოსაგან, ჰქონდეს ფაქტებისა და გარემოებების ჯეროვანი შესწავლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მოლოდინი. რაც, მოსარჩელეთა მტკიცებით, პირველ რიგში, სამართალწარმოების გონივრულ ვადას გულისხმობს. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ გონივრული ვადის არარსებობის შემთხვევაში იზრდება გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის, შესაბამისად, პირის უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის რისკი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ნორმა, რომელიც არაგონივრულად ამცირებს სასამართლო სამართალწარმოების ხანგრძლივობას და შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის ჯეროვან ანალიზს, შეუსაბამოა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეშ მოაზრებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.
14. მოსარჩელეთა შეფასებით, სადავო ნორმების მოქმედებით, იქმნება პროცესუალურ-სამართლებრივი ვითარება, რომელშიც მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგების მოტანის გარეშე, შეუძლებელი ხდება საქმის გარემოებების ჯეროვანი გამოკვლევით, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანი კომპონენტია.
15. მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება არ არის აბსოლუტური, შესაბამისად, მისი შეზღუდვა შესაძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვით, კერძოდ, თუ არსებობს სათანადო ლეგიტიმური მიზანი, ხოლო ჩარევა თანაზომიერია.
16. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შესაბამის კანონპროექტზე დართული განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის მიზანია მესამე პირთა ინტერესების დაცვა, რომელთაც შესაძლოა ზიანი მიადგეს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად. მოსარჩელეების განმარტებით, რიგ შემთხვევებში, ნორმის მოქმედების შეჩერებამ შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს მესამე პირთა ინდივიდუალური ინტერესებისა და საჯარო ინტერესის დაზიანება, თუმცა საკონსტიტუციო სამართალწარმოების საკითხების მომწესრიგებელი კანონმდებლობა ამ შემთხვევებისთვის თავად ითვალისწინებს შემჭიდროებულ ვადებს.
17. მოსარჩელეების აზრით, კანონმდებლობით აღნიშნული შემთხვევები შეიძლება არ იყოს ამომწურავად განსაზღვრული, თუმცა მოსარჩელე მიუთითებს სადავო ნორმების კატეგორიულობის შესახებ, კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა შეფასებით, დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს იმისდა მიუხედავად, მართლაც ადგება თუ არა ზიანი მესამე პირთა ინტერესს. მოსარჩელეთა შეფასებით, სადავო ნორმები არ ახდენს ვითარების დიფერენციაციას იმისდა მიხედვით, ნორმის მოქმედების შეჩერება ხელყოფს თუ არა მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობით კი, მოსარჩელეთა აზრით, იქმნება ვითარება, როდესაც მოსარჩელეთა უფლება შეიძლება შეიზღუდოს ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის არსებობის გარეშე, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ, ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპთან.
18. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მაშინაც კი, როდესაც არსებობს ლეგიტიმური მიზანი, სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა განხორციელებული ჩარევა იყოს შესაბამისი თანაზომიერების პრინციპთან. მოსარჩელეთა განმარტებით, თანაზომიერების პრინციპი დგინდება დასაშვებობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის ელემენტების არსებობით.
19. მოსარჩელეთა შეფასებით, სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია უფლების იმაზე მეტად შეზღუდვა, ვიდრე ეს აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მოსარჩელეთა აზრით, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები ზღუდავს პირის კანონიერ ინტერესს, იმისდა მიუხედავად, ნორმის მოქმედების შეჩერება ლახავს თუ არა მესამე პირთა უფლებას.
20. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები იძლევა საშუალებას, მესამე პირების არარსებულ ინტერესებს შეეწიროს მხარის ინდივიდუალური უფლება. მოსარჩელეთა აზრით, კანონმდებელს შეეძლო აერჩია ჩარევის ნაკლებად მტკივნეული ფორმა, მაგალითისთვის, დაედგინა გონივრული დროის შუალედი და მიეცა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეფასების უფლება - ილახებოდა თუ არა მესამე პირთა ინტერესები. ასეთი შეფასების უფლების არარსებობის პირობებში კი, მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა არის მეტი ინტენსივობის, ვიდრე საჭიროა კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რაც თანაზომიერების პრინციპის დარღვევაა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტი და ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ისეთი სპეციფიკური დაცული სფერო, როგორიც არის თავად საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა და ამ პროცესში შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების არსებობა. საქმე შეეხება უფლების პრევენციული დაცვის ისეთ მნიშვნელოვან მექანიზმს, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერება. აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტი „უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები დავით კანდელაკი, ნატალია დვალი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-37). ამდენად, მოცემულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დგას სადავო ნორმის შეჩერების კონსტიტუციურსამართლებრივი მნიშვნელობის შეფასების წინაშე. კერძოდ, უნდა დადგინდეს, რა კონსტიტუციურსამართლებრივი დატვირთვა აქვს ამ უფლებადაცვით მექანიზმს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
3. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი კომპეტენციის კონსტიტუციით განსაზღვრული ფარგლების დადგენისას, საქმის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტა უაღრესად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ერთგვაროვანი განვითარებისა და სრულყოფისათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის №1/1/466 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-3).
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების იშვიათ სამართლებრივ პრობლემას და საქმეს განსახილველად გადასცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცეს საქმე „(ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ)” (კონსტიტუციური სარჩელი №577) პლენუმზე განხილვის საკითხის გადასაწყვეტად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი