ა(ა)იპ `ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 577 |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ვახუშტი მენაბდე |
თარიღი | 21 თებერვალი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა(ა)იპ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ხელშეწყობის ცენტრი (EMC) წარმოადგენს ახლად დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას , რომლის უმთავრეს მიზანს დემოკრატიული , სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპების ხელშეწყობა და ადამიანის უფლებათა დაცვა წარმოადგენს . ვახუშტი მენაბდე წარმოადგენს ა (ა)იპ ადამიანის უფლებების და სწავლების მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს და არაერთხელ ყოფილა საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილე. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ „ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „ საქართველოს მოქალაქეებს... იურიდიულ პირებს , თუ მათ მიაჩნიათ , რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები“. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით კი „ კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი , მათი შინაარსის გათვალისწინებით ვრცელდება იურიდიულ პირებზეც“. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს აგრეთვე ვახუშტი მენაბდეს თავისი აქტიური საქმიანობიდან გამომდინარე შესაძლოა მოუწიოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა უშუალოდ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, სადავო ნორმის არსებობის პირობებში კი შეუძლებელი გახდება უფლების ჯეროვანი დაცვა , რამაც ,ბუნებრივია, შეიძლება გამოიწვიოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს თავად განსახილველი სარჩელი , რომლითაც მოსარჩელეები ითხოვენ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას, შესაბამისად ხდებიან სადავო ნორმების სუბიექტები და იქნმნება მათი უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია , რომ არ არსებობს , „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 და მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქმის განსახილველად არმიღების საფუძვლები. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.სადავო ნორმების არსისაკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება საკონსტიტუციო სამართალწარმოების მხარეს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს სადავო ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერება იმ შემთხვევაში თუ მისი მოქმედება შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს მხარისთვის. თუმცა, 2013 წლის 30 მაისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად ხსენებული ნორმატიული აქტის 22-ე მუხლს დაემატა მე-4 პრიმა პუნქტი ,რომელმაც შეზღუდა აღნიშნული უფლების დროში მოქმედების ფარგლები, კერძოდ თუ ცვლილების განხორციელებამდე აქტის მოქმედების შეჩერება შესაძლებელი გახლდათ საქმის განხილვისა და მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადით, ცვლილების ძალაში შესვლის შემდგომ იგი არ უნდა აჭარბებდეს 30 კალენდარულ დღეს,ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში მისი გაგრძელება დასაშვებია არაუმეტეს 15 დღით.შეზღუდვის ხარისხის ნათელი ანალიზისთვის შევადაროთ აღნიშნული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტს,რომლის მიხედვით, სასამართლო საქმეს განიხილავს 9 თვის ვადაში ,ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა ხშირად აღემატება 9 თვეს.სადავო ნორმებით აღნიშნული პერიოდი შემცირდა 30 კალენდარულ დღემდე,ხოლო თუ სასამართლო ამ ვადაში არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე სადავო ნორმის მოქმედება აღდგება, რაც შესაძლოა მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.
2.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის არსისაქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით „ ყველა ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამარათლოს“. ციტირებულ დებულებას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ,როგორც ინსტრუმენტულ უფლებას ,რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვან რეალიზებასთან სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დაცულ სფეროში მოათავსა არამხოლოდ ცალკე აღებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არამედ ის პროცესუალური გარანტიებიც, რომლებიც მნიშვნელობას სძენს ამ უფლების განხორციელებას, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არამარტო სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას,არამედ ასევე მოითხოვს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტური საშუალება. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში ,სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა იქნება თეორიული , ფიქციური და არა რეალური მექანიზმი უფლებების დასაცავად( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის # 3/ 531 გადაწყვეტილება „ისრაელი მოქალაქეები - თამაზ ჯანიაშვილი, ნანა ჯანიაშვილი და ირმა ჯანიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ § II.2) „კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის იმგვარად განსაზღვრა, რომელიც პასუხობს სასამართლოს გზით კონსტიტუციური უფლების ადეკვატურ დაცვას. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება და ამ გზით უფლების დაცვის ეფექტური სამართლებრივი საშუალების მოთხოვნა თანმხვედრი უნდა იყოს სასამართლოს კომპეტენციისა, ადეკვატურად მოახდინოს უფლების დარღვევაზე რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ,თავად უფლების სარგებლობა დადგება საფრთხის ქვეშ... „ უფლება“ ვერ იქნება პირის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის რეალური გარანტია ,ის იქნება მხოლოდ თეორიული და ფიქციური, თუ მას არ ახლავს სასამართლო წესით მისი დაცვის შესაზლებლობა ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/2/421,422 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ §II.1) სასამართლო ხელისუფლების „უფლებამოსილება უნდა წარმოადგენდეს 42-ე მუხლის რეალიზაციის ეფექტურ შესაძლებლობას და, იმავდროულად, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის კონსტიტუციურ გარანტიას „( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის # 1/ 466 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „ § II).
3.სადავო ნორმებისა და 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ურთიერთმიმართებასაკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისას პირის მიზანს წარმოადგენს უფლებების დაცვა სასამართლოს გადაწყვეტილების გზით, თუმცა იშვიათ შემთხვევებში, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით სადავო ნორმის მოქმედებას საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება იმდენად შელახოს პირის უფლება, რომ დაეკარგოს ინტერესი საბოლოო გადაწყვეტილებასთან მიმართებით. სწორედ აღნიშნულის პრევენცია წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების მიზანს. მიუხედავად იმისა ,რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას მრავალმხრივი შედეგი მოსდევს, იგი უპირველესად პირის ინდივიდუალური უფლების დაცვის საშუალებაა, რასაც ემსახურება გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი - სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურობის ხარისხის შენარჩუნება, აგრეთვე შეინარჩუნოს ე.წ სტატუს კვოს ვითარება, როდესაც სადავო ნორმა მას ცვლის იმდაგვარად, რომ მხარისათვის მოაქვს გამოუსწორებელი შედეგი. სადავო ნორმების მიხედვით სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აქტის მოქმედება არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით (რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 დღით),თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს აღნიშნული ვადის მიღმა, სამართალწარმოების შესაბამისი ნორმებით განსაზღვრულ პერიოდში,რაც ბევრად აღემატება სადავო ნორმის შეჩერებისათვის დადგენილ ვადას. სადავო ნორმის მოქმედების განახლება გადაწყვეტილების გამოტანამდე იწვევს გამოუსწორებელ შედეგებს მხარისათვის და, ბუნებრივია, უკარგავს ინტერესს სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ, რაც სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას აზრს უკარგავს, იმდენად, რამდენადაც საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი დამდგარი უარყოფითი შედეგების გამოსწორება შეუძლებელი ხდება. მეორეს მხრივ, საკონსტიტუციო სამართალწარმოება ხასიათდება განსაკუთრებული სირთულითა და თავისებურებებით , სასამართლოს უწევს არა კონკრეტული ფაქტის არამედ ნორმის შეფასება, მისი პრაქტიკული გამოყენების კვლევა , სპეციალისტის , ექსპერტის შერჩევა და მათთვის დროის მიცემა დასკვნის წარმოსადგენად და ა.შ ყოველივე კი შეუძლებელს ხდის 30 კალენდარულ დღეში საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას, რაც შეიცავს საფრთხეს პირის ინდივიდუალური უფლების დაცვისათვის , ამასთან საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსისა და უფლებამოსილების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესებისთვისაც. სხვადასხვა პროცესუალური გარანტიების არსებობის მიზანია ხელი შეუწყოს ობიექტური , სამართლიანი და არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღებას. დასაბუთებულობის მოთხოვნა ვერ იქნება გაგებული , როგორც სასამართლოს ცალმხრივი ვალდებულება , ეს არის პირის უფლება, სასამართლოსაგან, როგორც კომპეტენტური ორგანოსაგან ჰქონდეს ფაქტებისა და გარემოებების ჯეროვანი შესწავლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მოლოდინი. რაც პირველ რიგში სამართალწარმოების გონივრულ ვადას გულისხმობს (აღნიშნულზე უთითებს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს 2008 წლის # 11 დასკვნა „სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხის შესახებ“ - აღნიშნული დასკვნის მიხედვით სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გონივრულ ვადაში გამოტანა მნიშვნელოვანი ელემენტია სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხისთვის §26). გონივრული ვადის არარსებობის შემთხვევაში იზრდება გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის , შესაბამისად პირის უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის რისკი . გამომდინარე ნორმა , რომელიც არაგონივრულად ამცირებს სასამართლო სამართალწარმოების ხანგრძლივობას და შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის ჯეროვან ანალიზს შეუსაბამო იქნება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეშ მოაზრებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან. სადავო ნორმების მოქმედებით იქმნება პროცესუალურ-სამართლებრივი ვითარება , რომელშიც მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგების მოტანის გარეშე, შეუძლებელი ხდება საქმის გარემოებების ჯეროვანი გამოკვლევით მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის გარეშეც რთულია დაინახო სასამართლოსათვის მიმართვის მნიშვნელობა. განსახილველ კონსტიტუციურ უფლებას არ აქვს აბსოლუტურობის პრეტენზია , შესაბამისად მისი შეზღუდვა შესაძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვით, კერძოდ, უნდა არსებობდეს სათანადო ლეგიტიმური მიზანი , ხოლო ჩარევა უნდა იყოს თანაზომიერი.
4. სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანიშესაბამის კანონპროექტზე დართული განმარტებით , შეზღუდვის მიზანია მესამე პირთა ინტერესების დაცვა რომელთაც შესაძლოა ზიანი მიადგეს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად. მართლაც რიგ შემთხვევებში ნორმის მოქმედების შეჩერებამ შესაძლოა გამოიწვიოს მესამე პირთა ინდივიდუალური ინტერესებისა და საჯარო ინტერესის დაზიანება, თუმცა საკონსტიტუციო სამართალწარმოების საკითხების მომწესრიგებელი კანონმდებლობა ამ შემთხვევებისთვის თავად ითვალისწინებს შემჭიდროვებულ ვადებს . აღნიშნული შემთხვევები შეიძლება არ იყოს ამომწურავი, თუმცა უნდა აღინიშნოს სადავო ნორმების კატეგორიულობის შესახებ , კერძოდ , დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს იმისდა მიხედვით , მართლაც ადგება თუ არა ზიანი მესამე პირთა ინტერესს. სხვაგვარად, სადავო ნორმები არ ახდენს ვითარების დიფერენციაციას იმისდა მიხედვით, ნორმის მოქმედების შეჩერება ლახავს თუ არა მესამე პირთა ინტერესებს ანდა ხელყოფს თუ არა მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობით კი ვიღებთ ვითარებას , როდესაც მოსარჩელეთა უფლება შეიძლება შეიზღუდოს ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის არსებობის გარეშე , რაც ბუნებრივია წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ , ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპთან .
5. თანაზომიერების პრინციპიმაშინაც კი ,როდესაც არსებობს ლეგიტიმური მიზანი , სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა განხორციელებული ჩარევა იყოს შესაბამისი თანაზომიერების პრინციპთან, რომელიც „ სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს და მისი ძირითადი დატვირთვა არის ადამიანის უფლებების შეზღუდვისას სახელმწიფოსთვის ფარგლების განსაზღვრა. ის უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას , რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თანაზომიერების პრინციპი ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმია.“ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის # 1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „ საქართველოს მოქალაქეები - ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ §1 ). თანაზომიერების პრინციპი დგინდება დასაშვებობის , აუცილებლობისა და პროპორციულობის ელემენტების არსებობით. აღსანიშნავია ,რომ ხსენებულ კუმულაციურ ელემენტებს ერთმანეთის მიმართ სუბსიდური დამოკიდებულება გააჩნიათ, ერთერთი მათგანის დარღვევა ზოგადად თანაზომიერების პრინციპის დარღვევას გულისხმობს . სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია უფლების იმაზე მეტად შეზღუდვა , რაც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და დაუშვებელია შეზღუდვა , რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას არ ითვალისწინებს. ჩვენს შემთხვევაში , სადავო ნორმები ზღუდავს პირის კანონიერ ინტერესს იმისდა მიუხედავად ნორმის მოქმედების შეჩერება ლახავს თუ არა მესამე პირთა უფლებას. შესაბამისად , იძლევა საშუალებას მესამე პირების არარსებულ ინტერესებს შეეწიროს მხარის ინდივიდუალური უფლება. კანონმდებელს შეეძლო აერჩია ჩარევის ნაკლებად მტკივნეული ფორმა, მაგალითისთვის , დაედგინა გონივრული დროის შუალედი და მიეცა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეფასების უფლება - ილახებოდა თუ არა მესამე პირთა ინტერესები . განსაკუთრებით იმ ფონზე , როდესაც სასამართლოს პრაქტიკა აღნიშნული ინსტიტუტის გამოყრნებას ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა . გამომდინარე , სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა არის მეტი ინტენსივობის ვიდრე საჭიროა კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რაც ცალსახად თანაზომიერების პრინციპის დარღვევაა. შეჯამებამოსარჩელეები მიიჩნევენ , რომ სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში თანაზომიერების პრინციპის უგულებელყოფით და რიგ შემთხვევებში თვით ლეგიტიმური მიზნის არსებობა ხდება სათუო , რაც იწვევს მათი უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე , გთხოვთ არაკონსტიტუციურად ცნოთ „ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ „ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-4 პრიმა პუნქტი და ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პრველ პუნქტთან მიმართებით. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა