საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/1/565 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 3 აპრილი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ბ) საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპის კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №565) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ილია ლეჟავამ და ლევან როსტომაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2013 წლის 18 ოქტომბერს.
2. №565 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 3 აპრილი.
3. №565 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს დასაქმებულის სამუშაო დროის დასაშვებ ხანგრძლივობას, რომელსაც კანონის შესაბამისად განსაზღვრავს დამსაქმებელი. სადავო ნორმის მიხედვით: „დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო”.
5. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ლევან როსტომაშვილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მთაწმინდა– კრწანისის რაიონული განყოფილების მორიგე ცვლის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. ხოლო ილია ლეჟავა არის ელმავლის მემანქანის თანაშემწე თბილისის მახარისხებელ სალოკომოტივო დეპოში. ორივე მოსარჩელის სამუშაო განეკუთვნება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის ისეთ კატეგორიას, სადაც შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს.
6. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა და აწესებს განსხვავებულ მოპყრობას სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ, ვინაიდან მათი სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 8 საათით აღემატება ორდინალური ტიპის დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა სამუშაო დროის ხანგრძლივობას. გარდა ამისა, მოსარჩელეების განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი” მე-17 მუხლის მე-3 პუნქტისა და სადავო ნორმის სისტემური ანალიზის შედეგად დგინდება, რომ სპეციფიკური რეჟიმის საწარმოებში დასაქმებულ პირთა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ითვლება ისეთი შესრულებული სამუშაო, რომელიც კვირაში 48 საათს აღემატება, რაც ნორმის დისკრიმინაციულ ხასიათს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, რომელიც კანონის წინაშე ყველას თანასწორობას უზრუნველყოფს.
7. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტს. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, სადავო ნორმა სპეციფიკური რეჟიმის საწარმოებში დასაქმებულ პირებს ავალდებულებს, იშრომონ კვირაში 8 საათით მეტი, სხვა დაწესებულებებში მომუშავე პირებთან შედარებით, რის შედეგადაც, მათ აღარ რჩებათ შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენენ ეს დრო, მათ შორის, იზრუნონ პირად ცხოვრებაზე.
8. მოსარჩელეები ითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპის კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებითაც, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას.
9. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმის – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ნორმა მთელ რიგ ორგანიზაციებში დასაქმებულთა კონკრეტულ ნაწილს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს განსახილველად, თუ მასში მითითებული საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
2. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობას „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპის კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, „საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა მაქსიმალური რესპექტირებით, მდიდარი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის №2/6/465 საოქმო ჩანაწერი, „საქართველოს მოქალაქე პაატა დობორჯგინიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), თუმცა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისობა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებით (გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 412 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა). შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
3. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა სარჩელის დასაბუთებულობა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
4. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეს საერთოდ არ წარმოუდგენია არგუმენტაცია აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, №565 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით, კერძოდ, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
6. №565 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ლევან როსტომაშვილის მიერ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი არის ნორმა, რომელიც იცავს შრომის უფლებას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-23). ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, “სახელმწიფო სამსახურში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით ქმნის კონსტიტუციურ გარანტიებს. მოცემული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, მცდარი იქნებოდა შრომითი ურთიერთობის სრული სპექტრის კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ სფეროში მოქცევა. ცალსახაა ის გარემოება, რომ კონსტიტუცია შრომითი ურთიერთობების გარკვეული სეგმენტის მოწესრიგებას, კერძოდ, საქმიანობას სახელმწიფო დაწესებულებებში, მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნული თავისი არსით წარმოადგენს შრომით საქმიანობას, უკავშირებს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/9/556 საოქმო ჩანაწერი საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
8. ,,იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ადგენს, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა შეფასებული უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე თუ 29-ე მუხლთან.
9. №565 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ლევან როსტომაშვილი მუშაობს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მთაწმინდა–კრწანისის რაიონული განყოფილების მორიგე ცვლის უფროსის თანამდებობაზე. ქალაქ თბილისის მთავრობის №31.19.1451 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო (შემდგომში სააგენტო) არის ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ხოლო ამავე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. აღნიშნული სააგენტოს უმთავრესი ფუნქციაა სახანძრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება შესაბამისი ძალებით. მოყვანილი ნორმებისა და სსიპ – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს სამართლებრივი ბუნების ანალიზი ცხადყოფს, რომ სააგენტო არ შეიძლება განხილულ იქნეს კერძო ინიციატივის საფუძველზე შექმნილ სამართლებრივ ინსტიტუტად. იგი შექმნილია კანონმდებლობის და არა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, ხოლო სააგენტოს თანამშრომლის საქმიანობა ექვემდებარება მკაცრ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. სსიპ – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ საჯარო უფლებამოსილებას, რაც გამოიხატება სახანძრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებაში, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების ორგანიზებაში, ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით, მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე სამაშველო ღონისძიებების განხორციელებასა და სხვა საჯარო ფუნქციების შესრულებაში. ამრიგად, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამდებობა განხილულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო თანამდებობად, რომლის დაკავებისა და განხორციელების კანონით განსაზღვრული პირობები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ ნორმას. შესაბამისად, მოსარჩელე ლევან როსტომაშვილის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხი ვერ შეფასდება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №565 კონსტიტუციური სარჩელი, ლევან როსტომაშვილის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №565 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
12. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, „თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ–ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა, ისევე, როგორც, რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს არ წარუდგინა სარწმუნო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. შესაბამისად, მოსარჩელის ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №565 (საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით და ილია ლეჟავას სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის `საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №565 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობას „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპის კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართები.
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №565 (საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ლევან როსტომაშვილის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი