საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერზე
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do1/1/569 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | მაია კოპალეიშვილი |
თარიღი | 19 თებერვალი 2014 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის N1/1/569 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის N 1/1/569 საოქმო ჩანაწერზე.
1. წინამდებარე განსხვავებული აზრი ეთმობა იმის დასაბუთებას, რომ არ არსებობს N569 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტების (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. ამასთან, განსხვავებული აზრის განვითარება არ უკავშირდება ცალკეული სადავო ნორმის კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თითოეულ პუნქტთან შინაარსობრივი მიმართების საკითხის გარკვევას.
2. საოქმო ჩანაწერის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეთა უფლებაუნარიანობა, ედავათ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სახელით, შეაფასა საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის ფორმალური მოთხოვნების გათვალისწინებით და დაადგინა, „იმისათვის რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევასთან დაკავშირებით, აუცილებელია, რომ ის, კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელედ იყოს მითითებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის N 1/1/569 საოქმო ჩანაწერი, II-14).
3. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები. კანონის აღნიშნული ნორმა ემსახურება კონსტიტუციური დავის სუბიექტების - მოსარჩელისა და მოპასუხის ზუსტ იდენტიფიცირებას. შესაბამისი სუბიექტების იდენტიფიცირების გარეშე შეუძლებელია ამა თუ იმ კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის, როგორც კონსტიტუციური სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი პირის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ კონსტიტუციური სარჩელის შესაბამის გრაფაში არსებული ჩანაწერის შემოწმება. მოსარჩელე სუბიექტის დადგენა უნდა მოხდეს კონსტიტუციური სარჩელის სხვა ნაწილებისა და სასამართლოსათვის ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაციის სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაინახავს, რომ მოსარჩელე კონსტიტუციური სარჩელის ფორმალურ გრაფაში არასწორად მიუთითებს „მოსარჩელის დასახელებას“, თუმცა, კონსტიტუციური სარჩელის სხვა ნაწილებისა და სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ მას აქვს შესაბამისი უფლებამოსილება და სურს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლების მქონე პირის სახელით იდავოს, კონსტიტუციური სარჩელის არმიღების საფუძველი არ უნდა გახდეს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონის ფორმალური მოთხოვნები.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციების კონსტიტუციით გაწერის მიზანი ზუსტად ადამიანის კონსტიტუციური უფლებების სრულად დაცვა და უზრუნველყოფაა. ამიტომ მიზნის მიღწევის საშუალება ვერ იქნება თავად მიზნის მიღწევის საწინააღმდეგო, მისი გამომრიცხავი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 42-ე მუხლით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობა წარმოადგენს კონსტიტუციით სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილების, მათ შორის, ადამიანის ძირითადი უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის კომპეტენციის დადგენის როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). აქედან გამომდინარე, დაუშვებელია კონსტიტუციური სარჩელისათვის წაყენებული ფორმალური მოთხოვნა, რომელიც, თავის მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება, გახდეს მოსარჩელისთვის კონსტიტუციური სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ხედავს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნები შინაარსობრივად დაკმაყოფილებულია.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა როგორც კონსტიტუციური სარჩელის სხვა ნაწილებში მითითებული და განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია, ასევე უნდა მოეხდინა კანონმდებლობის სისტემური განმარტება და ამ გზით დაედგინა მოსარჩელე სუბიექტი. N569 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები უნდა განხილულ იყვნენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სახელით მოდავე უფლებამოსილ სუბიექტებად და ისინი როგორც სპეციალური სტატუსის და უფლებამოსილების მქონე პირები დავობენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით. ამასვე ადასტურებდნენ მოსარჩელეები განმწესრიგებელ სხდომაზე. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის, განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტაციისა და კანონმდებლობის სისტემური განმარტების გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა შეეფასებინა კონსტიტუციური დავის შინაარსობრივი მხარე და მოსარჩელედ მიეჩნია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
6. მოსარჩელე მხარის ზუსტი იდენტიფიცირების შემდეგ მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, რამდენად იყვნენ წარმოდგენილი პირები უფლებამოსილი ედავათ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სახელით. ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია ორი გარემოება: 1) რამდენად არის უფლებამოსილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სახელით; 2) რამდენად არიან წარმოდგენილი ფიზიკური პირები უფლებამოსილი, იდავონ როგორც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვო საბჭომ.
7. სამეურვეო საბჭოს სასარჩელო უფლებაუნარიანობის კონტექსტში გასათვალისწინებელია აღნიშნული ორგანოს სამართლებრივი ბუნება და სტატუსი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭო, გენერალურ დირექტორთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569საოქმო ჩანაწერში ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნულ ორგანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. სამეურვეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელობით და ადმინისტრაციულ ფუნქციებს, რაც გამოიხატება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრაში, მისი სტრუქტურული ერთეულების სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვაში. აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის დაცვის ფუნქცია აკისრია. ამასთან, ის გარკვეულწილად ზედამხედველობას უწევს სამეურვეო საბჭოს დირექტორის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობას. „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 30 დღის განმავლობაში სამეურვეო საბჭოში ან სასამართლოში.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი - დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე, ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. როგორც აღინიშნა, სამეურვეო საბჭო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტს, შესაბამისად, მას უფლება აქვს, იდავოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებლობის დასაცავად.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, წარმოადგინოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და დაიცვას მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი არაკონსტიტუციურად ზღუდავს მაუწყებლის დამოუკიდებლობას.
10. როგორც აღინიშნა, ასევე მნიშვნელოვანია იმ გარემოების გამორკვევა, რამდენად არიან წარმოდგენილი ფიზიკური პირები უფლებამოსილი, იდავონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში როგორც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვო საბჭომ. N569 კონსტიტუციური სარჩელი წარმოადგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა (მეურვემ). მიმდინარე კანონმდებლობის (მათ შორის, საოქმო ჩანაწერის საფუძველზე შეჩერებული ნორმის) თანახმად, სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრები ინარჩუნებენ (სადავო ნორმებით შეზღუდულ) უფლებამოსილებას, ახალი წესით, საქართველოს პარლამენტის მიერ 7 მეურვის არჩევამდე. ამგვარად, სამეურვეო საბჭოს მოქმედ წევრებს გააჩნიათ უფლებამოსილება, იდავონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
11. ამასთან, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას არ ცვლის ის გარემოება, რომ სამეურვეო საბჭო წარმოდგენილია მხოლოდ მისი ექვსი წევრით. N569 კონსტიტუციურ სარჩელში, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ არის გამხდარი იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც ადგენს სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის შეზღუდვას და აფერხებს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაუნარიანობას. ამ თვალსაზრისით, სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის იმ ფორმალური საფუძვლით არსებითად განსახილველად უარის თქმა, რომ წარმოდგენილი სამეურვეო საბჭო ამ შემადგენლობით არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, უარყოფითად აისახებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობაზე და ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა კანონმდებლის თვითნებობისათვის. პირის მიერ კონსტიტუციური უფლების დაცვის შესაძლებლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული მიმდინარე საკანონმდებლო პროცესზე და კანონშემოქმედებითი პროცესის კანონმდებლის მხრიდან საკუთარი მიხედულებით წარმართვამ კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა შეუქმნას ფორმალური დაბრკოლებები.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიჩნევ, რომ მოსარჩელე სუბიექტად უნდა განხილულიყო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ხოლო მის უფლებამოსილ წარმომადგენლად - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, წარმოდგენილი ექვსი მეურვით. შესაბამისად, არ არსებობს N569 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტების (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
მაია კოპალეიშვილი