საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარალამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/569 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 19 თებერვალი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტების და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია), ასევე ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების (2013 წლის 12 ივლისის რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (2013 წლის 12 ივლისის რედაქცია) და ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე, მამუკა ფაჩუაშვილი და მათი წარმომადგენელი ტარიელ ჩოჩიშვილი; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ზურაბ მაჭარაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N569) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - დავით კანდელაკმა, ნატალია დვალმა, ზურაბ დავითაშვილმა, ემზარ გოგუაძემ, გიორგი მელაძემ და მამუკა ფაჩუაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2013 წლის 12 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2014 წლის 6 თებერვალს.
2. N569 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. მოსარჩელე სადავოდ ხდის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (20.11.2013 რედაქცია) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (12.07.2013 რედაქცია) მე-2 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით ყალიბდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 25 ნოემბრიდან. ცვლილების თანახმად, სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან - მეურვისგან, რომელთაგან საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
აღნიშნული ცვლილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარულ დღეში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს კონკურსს სამეურვეო საბჭოს წევრების ასარჩევად. ახალი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საბჭოს არანაკლებ 7 წევრის არჩევისთანავე, რის შედეგადაც უფლებამოსილება უწყდებათ მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრებს. ამასთან, მოქმედი სამეურვეო საბჭო ახალი საბჭოს უფლებამოსილების დაწყებამდე შეზღუდულია, მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, გარდა სარეკომენდაციო გადაწყვეტილებისა.
7. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ისინი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები, უფლებამოსილი არიან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით იდავონ საკონსტიტუციო სასამართლოში. მათი განმარტებით, მართალია, კანონმდებლობის მიხედვით, მაუწყებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით გენერალური დირექტორია აღჭურვილი, მაგრამ არსებული პრაქტიკული და ნორმატიული სინამდვილიდან გამომდინარე, ისინი მიჩნეულ უნდა იქნენ მაუწყებლის სახელით მოდავე სუბიექტებად. ამასთან, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მათ ინდივიდუალურად, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, როგორც სპეციალური სტატუსის მქონე პირებს, შეუძლიათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით, იდავონ საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს სარჩელი არსებითად განსახილველად.
8. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საკუთარ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედმა სამეურვეო საბჭომ დაკარგა გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო კვორუმი, არ აქვს შესაძლებლობა, გაათავისუფლოს იგი დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დირექტორი არ იცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესს, მოსარჩელეების აზრით, აძლევს მათ უფლებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით იდავონ საკონსტიტუციო სასამართლოში.
9. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად, მოქალაქეების მიერ ფინანსდება. აღნიშნული გარემოება ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს უფლებას, იყოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების სუბიექტი და დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესი.
10. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების გარანტს წარმოადგენს მაუწყებლის ფინანსური, პროგრამული და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. სადავო ნორმებით კი პარლამენტმა დაარღვია მაუწყებლის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, ვინაიდან ტელევიზიას არ მიეცა საშუალება, შეენარჩუნებინა ინსტიტუციური განგრძობადობა ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად. მათი განმარტებით, სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური მოტივით მოხდა. ყოველივე ეს, მოსარჩელეთა აზრით, „მსუსხავი ეფექტის“ მატარებელი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი ფუნქციონირებისთვის, ვინაიდან იარსებებს სახელმწიფოს მხრიდან „აგრესიული ჩარევის“ საფრთხე, რაც შორეულ პერსპექტივაში სამაუწყებლო საშუალების პოლიტიკურ მონოპოლიზაციაში აისახება. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს.
11. კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით აღნიშნულია, რომ სადავო ნორმების მოქმედებამ, მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებთან დაკავშირებით, შესაძლებელია გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები. კერძოდ, საფრთხე ექმნება მოსარჩელეთა, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით და, ასევე, 29-ე მუხლით დაცულ უფლებებს, ვინაიდან სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების შემთხვევაში დაირღვევა როგორც ახლადარჩეული, ისე მოქმედი საბჭოს წევრების თანამდებობის დაკავების უფლება. ამიტომ, მოსარჩელე აყენებს შუამდგომლობას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება.
12. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა დამატებით გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში დავობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები და, ასევე, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით. მათი აზრით, სადავო ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული მოქალაქის უფლება, თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია, ვინაიდან სახელმწიფო ხელყოფს მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ახდენს მის მონოპოლიზაციას. რაც შეეხება მაუწყებლის წარმომადგენლობას, მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მთელ რიგ უფლებამოსილებებს ანიჭებს სამეურვეო საბჭოს მაუწყებლის ფინანსური კონტროლისა და მართვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებში. შესაბამისად, მეურვეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საზოგადოებრივი მაუწყებელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ამასთან, ის გარემოება, რომ სამეურვეო საბჭოს წევრებს სადავო ნორმებმა უფლებამოსილება შეუზღუდა, დამატებითი არგუმენტი უნდა იყოს მოსარჩელეთა სუბიექტის სახით კვალიფიკაციისთვის.
13. მოსარჩელე მხარემ ასევე მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაზე და აღნიშნა, რომ მოცემულ კონსტიტუციურ ნორმებს თითქმის ანალოგიური ხასიათი აქვთ. ისინი იცავენ პირის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა, თავისუფლად განახორციელოს მისთვის მინიჭებული სამსახურებრივი ფუნქციები და არ იქნეს გათავისუფლებული დასაბუთების გარეშე. ამასთან, მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი სახელმწიფო თანამდებობის და, ასევე, იმ პირებს მიემართება, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. საბოლოოდ, მოსარჩელეებმა ხაზი გაუსვეს გარემოებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ისინი დავობენ როგორც სამეურვეო საბჭოს წევრები, ხოლო 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით - როგორც მოქალაქეები.
14. მოსარჩელე მხარემ თავისი შუამდგომლობის დასაბუთებისას დამატებით განმარტა, რომ იგი ყველა სადავო ნორმის შეჩერებას ითხოვს, ვინაიდან გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა სადავო ნორმების ერთიანი მოქმედებით შეიძლება მოხდეს. მოსარჩელეების აზრით, არსებობს საფრთხე, დაირღვეს როგორც მოქმედი მეურვის, ისე ახლადარჩეული მეურვის თანამდებობის დაკავების უფლება. კერძოდ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს სადავო ნორმებს, ხოლო ახალი სამეურვეო საბჭო უკვე არჩეული იქნება, მაშინ აწ უკვე ძველ წევრებს ექნებათ კანონიერი შესაძლებლობა, მოითხოვონ მეურვის პოზიციაზე აღდგენა. ამგვარად, უფლების დარღვევის რისკი არსებობს როგორც მოქმედი, ისე პოტენციურად ახალი სამეურვეო საბჭოს წევრებთან მიმართებით.
15. მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობის დასასაბუთებლად ასევე განმარტა, რომ სადავო ნორმების მოქმედებით არსებობს საფრთხე, დაირღვეს მოქალაქის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებული უფლება. კერძოდ, ახალი სამეურვეო საბჭოს ფორმირება გამოიწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის და, აქედან გამომდინარე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონოპოლიზაციას. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს არ ექნება ეფექტური ბერკეტი, რაიმე გავლენა მოახდინოს აღნიშნულზე, რაც გამოუსწორებელ შედეგს მოუტანს მის კონსტიტუციურ უფლებას.
16. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხემ განაცხადა, რომ მოსარჩელეებს არ აქვთ უფლება, იდავონ სამეურვეო საბჭოს სახელით, ვინაიდან კანონით, მაუწყებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გენერალურ დირექტორს აქვს მინიჭებული. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ სამეურვეო საბჭოს აქვს მაუწყებლის წარმომადგენლობის უფლებამოსილება, მოსარჩელეები მაინც ვერ გამოვლენ მისი სახელით, რადგან მათ არ აქვთ საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმი.
17. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის სადავოდ გამხდარი რიგი ნორმები 2013 წლის ნოემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად განსხვავებულად ჩამოყალიბდა და, შესაბამისად, სასამართლომ არსებითი განხილვისას არ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს ცვლილებებს ნოემბრის რედაქციით, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ძველი ნორმების ამოქმედება, რაც ასევე არაკონსტიტუციური იქნება. ამიტომ, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად იმსჯელოს დავის საგანზე.
18. მოპასუხე მხარემ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებაში განაცხადა, რომ ნორმის პირველ და მე-3 პუნქტებთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ცალსახად დაუსაბუთებელია და სასამართლომ ამ ნაწილში არ უნდა მიიღოს სარჩელი არსებითად განსახილველად. რაც შეეხება მე-2 პუნქტს, მოპასუხის აზრით, ამ მხრივ შეიძლება არსებობდეს მიმართება მოქალაქის უფლებასთან, იდავოს, რამდენად დაცულია მასობრივი ინფორმაციის საშუალება სახელმწიფოს ჩარევისგან, თუმცა, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, მოსარჩელე მხარეს აქაც აკლია არგუმენტაცია საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.
19. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებზე საუბრისას მოპასუხემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმებს 29-ე მუხლთან შემხებლობა ცალსახად არ აქვთ, ვინაიდან მოსარჩელეები არ წარმოადგენენ სახელმწიფო თანამდებობის პირებს. რაც შეეხება შრომის თავისუფლებას, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ამ ნაწილში შესაძლოა არსებობდეს მიმართება სადავო ნორმებთან, რადგანაც შრომის უფლება ყველას უფლებაა და თითოეულ მოქალაქეს მიემართება. თუმცა, მისი აზრით, მოსარჩელე მხარეს აქაც აკლია ჯეროვანი არგუმენტაცია.
20. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ არ უნდა მოხდეს მოსარჩელეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილება და სადავო ნორმების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული უფრო მწვავე შედეგებს გამოიწვევს. კერძოდ, ამ დროისთვის ახალი წესით არჩეული სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წევრი ვერ შეძლებს შეუდგეს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას დიდი ხნის განმავლობაში, ვინაიდან საკონკურსო კომისიას არ ექნება კანონიერი საფუძველი, დააკომპლექტოს სამეურვეო საბჭო იმ ოდენობამდე, რომელიც საჭიროა მისი საქმიანობის დასაწყებად. ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უუნარო ორგანოდ გადააქცევს, რაც, საბოლოოდ, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებასთან დაკავშირებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის N1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1).
2. საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“. ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის მიხედვით, შესაბამის სუბიექტებს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე“.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა ეხებოდეს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 12 მარტის N2/124/3, 2005 წლის 11 ოქტომბრის N1/17/345 და 2008 წლის 4 აპრილის N1/1/426, 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინებები). შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს, ვინაიდან ნორმატიული აქტი, რომელიც აღარ მოქმედებს, ვერ შეფასდება როგორც ადამიანის უფლების შემზღუდველი ნორმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება, II-9).
4. N569 კონსტიტუციურ სარჩელში, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ არის გამხდარი ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების (2013 წლის 12 ივლისის რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, ასევე ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (2013 წლის 12 ივლისის რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის N1628 კანონით ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ცვლილებები შევიდა,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის N833-რს კანონში და ახლებურად ჩამოყალიბდა ამ კანონის მე-2 და მე-7 პუნქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის (2013 წლის 11 დეკემბერი) კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები უკვე აღარ მოქმედებდა.
6. მოსარჩელეები ასევე სადავოდ ხდიან ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ასევე ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
7. აღნიშნული ნორმები ადგენს სამეურვეო საბჭოს ასარჩევად კონკურსის ჩატარების პირობებს და განსაზღვრავს, რომ ეს კონკურსი ცხადდება ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის (N833-რს) კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ. თავის მხრივ, ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2013 წლის 25 ნოემბერი. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადების ვალდებულებას 2013 წლის 25 ნოემბრიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
8. აღნიშნული სადავო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ნორმებს ახასიათებს ერთჯერადი მოწესრიგების ეფექტი და ისინი ადგენენ განსაზღვრულ ვადაში შესასრულებელ კონკრეტულ ვალდებულებას.,. მოცემულ ნორმებს არ გააჩნია განგრძობადი ხასიათი, მათი მოქმედება უკავშირდება კონკრეტულ ვადას და ამ ვადის გასვლის შემდეგ ისინი არ წარმოშობენ პირის უფლების შეზღუდვის რისკებს. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტში (2013 წლის 11 დეკემბერი), აღნიშნული ნორმების შინაარსი უკვე რეალიზებული იყო და ისინი ვერ შეფასდება მოსარჩელეთა უფლების შესაძლო დარღვევის წყაროდ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის.
9. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის მომენტისათვის ძალადაკარგული იყო. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N569 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების (2013 წლის 12 ივლისის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით და ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (2013 წლის 12 ივლისის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ასევე ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
10. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
11. აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა შეიტანოს უშუალოდ იმ ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა, ვინც მიიჩნევს, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მისი კონსტიტუციური უფლებანი და თავისუფლებანი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის N1/1/413 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. N569 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარებიდან და არსებული ნორმატიული სინამდვილიდან გამომდინარე, უნდა ჩაითვალონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით მოდავე უფლებამოსილ სუბიექტებად და სპეციალური სტატუსის და უფლებამოსილების მქონე პირებად, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად იდავონ საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით.
13. კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების მიხედვით, მოსარჩელეები წარმოადგენენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებს - მეურვეებს და მიიჩნევენ, რომ მეურვეთათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების გათვალისწინებით, ისინი უფლებამოსილი არიან, იდავონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით. ამავე დროს, N569 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეებად დასახელებული არიან ფიზიკური პირები და არა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
14. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ დასახელებული პირის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული საკითხები. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები მიუთითებენ ისეთ მოთხოვნაზე, რომელსაც არ გააჩნია საგნობრივი მიმართება უშუალოდ მოსარჩელის უფლებასთან. მოსარჩელენი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის, მისი გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით. აღნიშნული მოთხოვნა უკავშირდება არა მოსარჩელეებს როგორც ფიზიკურ პირებს, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელს. იმისათვის რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევასთან დაკავშირებით, აუცილებელია, რომ ის კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით მოსარჩელედ იყოს მითითებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი ვერ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის პირობებს, ის ფორმითა და შინაარსით არ შეესაბამება ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
15. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1), წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
16. მოსარჩელეები ასევე აპელირებენ საკუთარი უფლებების დარღვევაზე და ითხოვენ ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
17. ზემოთ მოყვანილი ნორმები შეეხება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრირების წესებს, კერძოდ, განსაზღვრავს აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესს, მის უფლებამოსილებას და ასევე ამ წესების ამოქმედების თარიღს. აღნიშნული ნორმების საფუძველზე დადგენილია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოქმედი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ფარგლები, ასევე შემდგომი საბჭოს უფლებამოსილების დაწყების თარიღი და ადმინისტრირების სხვა საკითხები.
18. საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მიზანია „დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრისა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის პროცესის უზრუნველყოფა და არა რომელიმე ორგანოს ან თანამდებობის სტაბილურობის გარანტირება“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-16).
19. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობაში ჩარევა შესაძლოა იწვევდეს ფიზიკური პირის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას, რომ სადავო ნორმებით დადგენილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრირების წესი იწვევს მოსარჩელეთა, როგორც ფიზიკური პირების კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განმტკიცებულ უფლებაში ჩარევას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი N569 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
21. მოსარჩელე ასევე ითხოვს ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
22. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შრომის თავისუფლების გარანტიას.
23. საკონსტიტციო სასამართლო არ დგას ზემოთ დასახელებული კონსტიტუციური ნორმების ფარგლების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი სპეციფიკურად უკავშირდება სახელმწიფო თანამდებობის დაკავების, საჯარო სამსახურის განხორციელების გარანტიებს. „მოცემული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, მცდარი იქნებოდა შრომითი ურთიერთობის სრული სპექტრის კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ სფეროში მოქცევა. ცალსახაა ის გარემოება, რომ კონსტიტუცია შრომითი ურთიერთობების გარკვეული სეგმენტის მოწესრიგებას, კერძოდ, საქმიანობას სახელმწიფო დაწესებულებებში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თავისი არსით წარმოადგენს შრომით საქმიანობას, უკავშირებს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2-9-556 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
24. ის გარემოება, რომ შრომითი საქმიანობის სპეციფიკური სეგმენტი დაცულია სპეციალურად კონსტიტუციის 29-ე მუხლით, გამორიცხავს ამ სეგმენტის დასაცავად კონსტიტუციის 30-ე მუხლზე აპელირების შესაძლებლობას. ,,იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც შეზღუდვა მიემართება სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას, მისი შეფასება მოხდება კონსტიტუციის 29-ე და არა 30-ე მუხლთან მიმართებით.
25. ამავე დროს, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული თანამდებობა სახელმწიფო თანამდებობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის, ასევე ამ თანამდებობასთან დაკავშირებული კონსტიტუციური გარანტიის ფარგლების განსაზღვრა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განხორციელებული ან განსახორციელებლი სამსახურის შინაარსის, მისი სპეციფიკისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით შეფასდება. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხეს, რომ სახელმწიფო თანამდებობა განიმარტება „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონებში არსებული ლეგალური დეფინიციების შესაბამისად. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ,,კონსტიტუციაში მოცემული ტერმინები ყოველთვის არ შემოიფარგლება კანონმდებლობით გათვალისწინებული დეფინიციით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე ,, საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო თანამდებობა“ არის კონსტიტუციური ტერმინი, რომელიც უნდა განიმარტოს მისი ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, მისი ბუნებისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი დატვირთვის გათვალისწინებით და საკანონმდებლო დეფინიციებს ამ თვალსაზრისით მხოლოდ დამხმარე ხასიათი აქვს.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე უნდა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, მეურვის საქმიანობა „სახელმწიფო თანამდებობას“ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის.
27. უპირველეს ყოვლისა, სასამართლომ უნდა დაადგინოს სამეურვეო საბჭოს დანიშნულება და მისი ბუნება, სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) უფლება-მოვალეობები, რომლებსაც ის ასრულებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით. განხორციელებული საქმიანობის ხასიათი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომელიც განსაზღვრავს საქმიანობის შინაარსობრივ მიმართებას „სახელმწიფო თანამდებობასთან“ კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის. სახელმწიფო თანამდებობის განსაზღვრის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, თუ როგორ ხდება ამ თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა), აუცილებელია შეფასდეს დანიშვნაზე (არჩევაზე) უფლებამოსილი პირის (ორგანოს) სტატუსი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია იმ ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი და ბუნება, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეები ახორციელებენ საქმიანობას.
28. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, „პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას“.
29. “მაუწყებლის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება; აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ; ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი, საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება; ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების შესაბამისი პროპორციით განათავსოს საბავშვო პროგრამები; გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები; ხელი შეუწყოს ქვეყნის თვითმყოფადობის, სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას; სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები; უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომ − ნატო) და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია; უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.
30. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭო, გენერალურ დირექტორთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს. ამავე კანონის 30-ე მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებს, გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მაუწყებლის დებულებას, მისი სტრუქტურული ერთეულების სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, უფლებამოსილია გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში და მის ბიუჯეტში, ამტკიცებს მაუწყებლის ბიუჯეტსა და მისი შესრულების ანგარიშს, ისმენს მაუწყებლის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, გენერალურ დირექტორს თანხმობას აძლევს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულებაც აღემატება მაუწყებლის ბიუჯეტის 1% და განსაზღვრავს გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას, გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებების ძირითად პირობებს. ამავე კანონის 35-ე მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო, ყოველწლიურად, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს ანგარიშს საზოგადოებრივი მაუწყებლის გასული წლის საქმიანობის შესახებ.
31. სამეურვეო საბჭოს კანონით დადგენილი ფუნქციების ანალიზი მიუთითებს, რომ აღნიშნულ ორგანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. სამეურვეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელობით და ადმინისტრაციულ ფუნქციებს, რაც გამოიხატება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრაში, მისი სტრუქტურული ერთეულების სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვაში. აღნიშნულ უფლებამოსილებას სამეურვეო საბჭო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლითა და ფარგლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრის, მეურვის შერჩევა და დანიშვნა ხორციელდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული წესითა და საფუძვლებით, საკანონმდებლო (ხოლო უკანასკნელი ცვლილებების განხორციელებამდე, ასევე აღმასრულებელი) ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით და ზედამხედველობით.
32. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ახორციელებს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, ზედამხედველობას უწევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და პროგრამული პრიორიტეტების დაცვას, რაც საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის განხორციელებას.
33. ამგვარად, მოსარჩელეთა უფლება, დაიკავონ და განახორციელონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობა, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით და ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობის საკითხი შეფასდება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით.
34. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ N569 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
35. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ N569 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
36. N569 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ასევე ითხოვენ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
37. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ–ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. აღნიშნული ნორმით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
38. მოსარჩელეები - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მათი უფლებამოსილების უსაფუძვლოდ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ვადამდე შეწყვეტას, რაც მათი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას გამოიწვევს.
39. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, შესაბამისად, არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ უფლებას შორის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე აღნიშნული უფლების კონტექსტში უნდა შეფასდეს.
40. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ადგენს, რომ ახალი წესით არჩეული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ სამეურვეო საბჭოს არანაკლებ 7 წევრის არჩევისთანავე. ეს, თავის მხრივ, მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი იქნება ახალარჩეული სამეურვეო საბჭო. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, მოსარჩელეებს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდებათ. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების და მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელეებს არ გააჩნიათ სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მათი კონსტიტუციური უფლების აღდგენას, სადავო ნორმით მოსარჩელეთა უფლებაში ჩარევის შედეგად გამოწვეული შედეგის გამოსწორებას.
41. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის N1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
42. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად, შესაძლებელია, დაირღვეს იმ პირთა უფლება, რომლებიც არჩეული იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებად, იღებენ (ან მომავალში მიიღებენ) მონაწილეობას კონკურსში სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად. სადავო ნორმის შესაბამისად, ახალარჩეული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ 7 წევრის არჩევისთანავე. კონსტიტუციური სარჩელის განხილვის მომენტისათვის საქართველოს პარლამენტს არ აურჩევია 7 ახალი წევრი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის შეჩერება არ გამოიწვევს მოპასუხის მიერ დასახელებული პირების უფლებრივი მდგომარეობის არსებით, შეუქცევად სახეცვლილებას, რამდენადაც ისინი, ვინც უკვე შერჩეულია და, მით უფრო, ისინი, ვინც მონაწილეობენ ან გეგმავენ კონკურსში მონაწილეობის მიღებას, არ სარგებლობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის უფლებამოსილებით. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში მონაწილეობა მათ აღნიშნული თანამდებობის დაკავების გარკვეულ მოლოდინს უქმნის, ასეთი მოლოდინი ვერ გახდება ისეთი სადავო ნორმის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველი, რომლის მოქმედებამ შესაძლოა მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს მოსარჩელეთათვის გამოუსწორებელი შედეგი და უნდა დაკმაყოფილდეს მათი შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N569 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ სამეურვეო საბჭოს არანაკლებ 7 წევრის არჩევისთანავე) (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N569 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების (2013 წლის 12 ივლისის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, ასევე, ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (2013 წლის 12 ივლისის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
დ) ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტების და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
3. შეჩერდეს ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ სამეურვეო საბჭოს არანაკლებ 7 წევრის არჩევისთანავე) (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
მაია კოპალეიშვილის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერზე
გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის N 1/1/569 საოქმო ჩანაწერზე.
1. წინამდებარე განსხვავებული აზრი ეთმობა იმის დასაბუთებას, რომ არ არსებობს N569 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტების (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. ამასთან, განსხვავებული აზრის განვითარება არ უკავშირდება ცალკეული სადავო ნორმის კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თითოეულ პუნქტთან შინაარსობრივი მიმართების საკითხის გარკვევას.
2. საოქმო ჩანაწერის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეთა უფლებაუნარიანობა, ედავათ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სახელით, შეაფასა საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის ფორმალური მოთხოვნების გათვალისწინებით და დაადგინა, „იმისათვის რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევასთან დაკავშირებით, აუცილებელია, რომ ის, კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელედ იყოს მითითებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის N 1/1/569 საოქმო ჩანაწერი, II-14).
3. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები. კანონის აღნიშნული ნორმა ემსახურება კონსტიტუციური დავის სუბიექტების - მოსარჩელისა და მოპასუხის ზუსტ იდენტიფიცირებას. შესაბამისი სუბიექტების იდენტიფიცირების გარეშე შეუძლებელია ამა თუ იმ კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის, როგორც კონსტიტუციური სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი პირის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ კონსტიტუციური სარჩელის შესაბამის გრაფაში არსებული ჩანაწერის შემოწმება. მოსარჩელე სუბიექტის დადგენა უნდა მოხდეს კონსტიტუციური სარჩელის სხვა ნაწილებისა და სასამართლოსათვის ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაციის სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაინახავს, რომ მოსარჩელე კონსტიტუციური სარჩელის ფორმალურ გრაფაში არასწორად მიუთითებს „მოსარჩელის დასახელებას“, თუმცა, კონსტიტუციური სარჩელის სხვა ნაწილებისა და სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ მას აქვს შესაბამისი უფლებამოსილება და სურს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლების მქონე პირის სახელით იდავოს, კონსტიტუციური სარჩელის არმიღების საფუძველი არ უნდა გახდეს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონის ფორმალური მოთხოვნები.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციების კონსტიტუციით გაწერის მიზანი ზუსტად ადამიანის კონსტიტუციური უფლებების სრულად დაცვა და უზრუნველყოფაა. ამიტომ მიზნის მიღწევის საშუალება ვერ იქნება თავად მიზნის მიღწევის საწინააღმდეგო, მისი გამომრიცხავი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 42-ე მუხლით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობა წარმოადგენს კონსტიტუციით სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილების, მათ შორის, ადამიანის ძირითადი უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის კომპეტენციის დადგენის როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). აქედან გამომდინარე, დაუშვებელია კონსტიტუციური სარჩელისათვის წაყენებული ფორმალური მოთხოვნა, რომელიც, თავის მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება, გახდეს მოსარჩელისთვის კონსტიტუციური სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ხედავს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნები შინაარსობრივად დაკმაყოფილებულია.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა როგორც კონსტიტუციური სარჩელის სხვა ნაწილებში მითითებული და განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია, ასევე უნდა მოეხდინა კანონმდებლობის სისტემური განმარტება და ამ გზით დაედგინა მოსარჩელე სუბიექტი. N569 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები უნდა განხილულ იყვნენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სახელით მოდავე უფლებამოსილ სუბიექტებად და ისინი როგორც სპეციალური სტატუსის და უფლებამოსილების მქონე პირები დავობენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით. ამასვე ადასტურებდნენ მოსარჩელეები განმწესრიგებელ სხდომაზე. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის, განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტაციისა და კანონმდებლობის სისტემური განმარტების გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა შეეფასებინა კონსტიტუციური დავის შინაარსობრივი მხარე და მოსარჩელედ მიეჩნია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
6. მოსარჩელე მხარის ზუსტი იდენტიფიცირების შემდეგ მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, რამდენად იყვნენ წარმოდგენილი პირები უფლებამოსილი ედავათ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სახელით. ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია ორი გარემოება: 1) რამდენად არის უფლებამოსილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სახელით; 2) რამდენად არიან წარმოდგენილი ფიზიკური პირები უფლებამოსილი, იდავონ როგორც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვო საბჭომ.
7. სამეურვეო საბჭოს სასარჩელო უფლებაუნარიანობის კონტექსტში გასათვალისწინებელია აღნიშნული ორგანოს სამართლებრივი ბუნება და სტატუსი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭო, გენერალურ დირექტორთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569საოქმო ჩანაწერში ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნულ ორგანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. სამეურვეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელობით და ადმინისტრაციულ ფუნქციებს, რაც გამოიხატება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრაში, მისი სტრუქტურული ერთეულების სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვაში. აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის დაცვის ფუნქცია აკისრია. ამასთან, ის გარკვეულწილად ზედამხედველობას უწევს სამეურვეო საბჭოს დირექტორის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობას. „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 30 დღის განმავლობაში სამეურვეო საბჭოში ან სასამართლოში.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი - დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე, ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. როგორც აღინიშნა, სამეურვეო საბჭო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტს, შესაბამისად, მას უფლება აქვს, იდავოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებლობის დასაცავად.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, წარმოადგინოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და დაიცვას მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი არაკონსტიტუციურად ზღუდავს მაუწყებლის დამოუკიდებლობას.
10. როგორც აღინიშნა, ასევე მნიშვნელოვანია იმ გარემოების გამორკვევა, რამდენად არიან წარმოდგენილი ფიზიკური პირები უფლებამოსილი, იდავონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში როგორც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვო საბჭომ. N569 კონსტიტუციური სარჩელი წარმოადგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა (მეურვემ). მიმდინარე კანონმდებლობის (მათ შორის, საოქმო ჩანაწერის საფუძველზე შეჩერებული ნორმის) თანახმად, სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრები ინარჩუნებენ (სადავო ნორმებით შეზღუდულ) უფლებამოსილებას, ახალი წესით, საქართველოს პარლამენტის მიერ 7 მეურვის არჩევამდე. ამგვარად, სამეურვეო საბჭოს მოქმედ წევრებს გააჩნიათ უფლებამოსილება, იდავონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
11. ამასთან, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას არ ცვლის ის გარემოება, რომ სამეურვეო საბჭო წარმოდგენილია მხოლოდ მისი ექვსი წევრით. N569 კონსტიტუციურ სარჩელში, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ არის გამხდარი იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც ადგენს სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის შეზღუდვას და აფერხებს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაუნარიანობას. ამ თვალსაზრისით, სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის იმ ფორმალური საფუძვლით არსებითად განსახილველად უარის თქმა, რომ წარმოდგენილი სამეურვეო საბჭო ამ შემადგენლობით არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, უარყოფითად აისახებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობაზე და ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა კანონმდებლის თვითნებობისათვის. პირის მიერ კონსტიტუციური უფლების დაცვის შესაძლებლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული მიმდინარე საკანონმდებლო პროცესზე და კანონშემოქმედებითი პროცესის კანონმდებლის მხრიდან საკუთარი მიხედულებით წარმართვამ კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა შეუქმნას ფორმალური დაბრკოლებები.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიჩნევ, რომ მოსარჩელე სუბიექტად უნდა განხილულიყო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ხოლო მის უფლებამოსილ წარმომადგენლად - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, წარმოდგენილი ექვსი მეურვით. შესაბამისად, არ არსებობს N569 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტების (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრი
მაია კოპალეიშვილი